რატომ აჭიანურებს ცესკო, როდესაც „ნაციონალებმა“დამარცხება უკვე აღიარეს

რატომ აჭიანურებს ცესკო, როდესაც „ნაციონალებმა“დამარცხება უკვე აღიარეს

ცესკო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას აგვიანებს, რასაც ტექნიკური გაუმართაობით ხსნის, თუმცა გამარჯვებული კოალიციის წარმომადენლები ფიქრობენ, რომ  ცესკოს დრო სჭირდებოდა იმისათვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი გეგმების განხორციელება მოესწრო. დროდადრო იცვლება არჩევნების შედეგები და რაც მთავარია, ცესკოს საიტზე ზოგიერთი მაჟორიტარი ხან მოგებულია, ხან - წაგებული. საზოგადოება საკმაოდ დაძაბულია და უკვე აღარ იცის, უნდა გააპროტესტოს ცესკოს მოქმედება თუ დაელოდოს.

ჩვენს კითხვებს კოალიცია „არჩევანი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ირაკლი მელაშვილი პასუხობს.

მართალია ცესკოს თავმჯდომარე პირობას დებს, რომ უახლოეს მომავალში დაიდება ძირითადი შედეგები, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა, რაც ეჭვებს აჩენს, თქვენი შეფასებით რა ხდება?

- რაღაც-რაღაც გადასწორება-გადმოსწორებების მცდელობები პირველივე საღამოს იყო. გვაქვს ყვარლის მაგალითი, როდესაც უბანზე დამოწმებული ოქმი, ხელმოწერილი შეცვალეს.

ახლა რატომ ჭიანურდება, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ აღიარა დამარცხება, ამას ვერ გეტყვით, რთული გასაგებია. ერთს გეტყვით, რომ ყოველთვის ეჭვს ბადებს, როდესაც  ყველაფერი ცხადია და ოქმები მაინც დროულად არ ქვეყნდება.

არ ქვეყნდება შედეგები, მაშინ, როდესაც დამკვირვებლებსა და პარტიების წარმომადგენლებს ხელთ აქვთ ოქმები, ეს უბრალოდ ზედმეტად ანერვიულებს საზოგადოებას და თავად ცესკოსთვის არის ცუდი.

ძალიან საინტერესოა საგარეჯოს მაგალითი - თინა ხიდაშელი ამბობდა, რომ კონკურენტმა გამარჯვება მიულოცა, მეორე საღამოს კი ცესკოს მონაცემებით ხიდაშელი არჩევნებს აგებს, სავარაუდოდ, ბოლომდე არ არის დათვლილი და მონაცემები კვლავ შეიცვლება?

- თუ ზედიზედ შემოვიდა რამდენიმე ისეთი ოქმი, სადაც ერთი სუბიექტი იგებს, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს და პროცენტი შეცვალოს, თუ ახლო-ახლოს არის შედეგები. ამიტომ არის საჭირო, რომ დროულად დაიდოს მაჟორიტარული არჩევნების შედეგები, განსაკუთრებით, იქ მცირე რაოდენობაც კი ახდენს გავლენას შედეგზე და იწვევს სრულიად ზედმეტ და არასაჭირო აჟიოტაჟს.

თან უცნაური იყო, თინა ხიდაშელს უკვე საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ჰქონდა, შეჯამებული იყო ოქმი და ამ დროს სხვა შედეგები ქვეყნდებოდა ცესკოს საიტზე, შესაბამისად, ტელევიზიებითაც. ეს აბსურდია და ბოლო უნდა მოეღოს.

ამ ყველაფერმა საკმაო დაბნეულობა გამოიწვია, გაჩნდა მოლოდინი, რომ ის შედეგები რაც უკვე გამოცხადდა, შესაძლოა, შეიცვალოს და ის, ვინც თითქოს მაჟორიტარული მანდატი მოიპოვა, აღმოჩნდეს საბოლოოდ წაგებული...

- ეს არის აბსურდი, რაღაც რაოდენობის ოქმებს ატვირთავენ ხოლმე ამ საიტზე, შემდეგ ეს შედეგს ცვლის,  ამ დროს ყველა მაორიტარმა 2 ოქტომბერს, დილისთვის უკვე იცოდა საკუთარი შედეგი, ყველამ იცოდა, ვინ გაიმარჯვა და ვინ მარცხდებოდა.

ასე ატვირთვა, ხან ხუთ უბანს რომ ატვირთავენ ერთი მაჟორიტარული ოლქიდან, მეორეგან სამს, მერე უეცრად ათს, ეს ყველაფერი სერიოზულ გავლენას ახდენს იმ ციფრებზე, რომელიც მერე ტელევიზიით გადის და უმჯობესია, მოყვნენ და ოლქების მიხედვით დაასრულონ მაჟორიტარების შედეგების შეჯამება, ვიდრე ამ უაზრო ნერვიულობაში ამყოფონ საზოგადოება, რომ არიქა, აქ იცვლება, ხელისუფლება იგებს თუ სხვა კანდიდატი და ა.შ.

უმჯობესია ყოველთვის გარკვეული პროცენტებით განათავსონ შედეგები - 25, 50, 75 პროცენტი. როდესაც დიდი პროცენტები განთავსდება ერთდროულად ეს უკვე შედეგზე ვეღარ ახდენს გავლენას.

დავით საგანელიძემ გააკეთა განცხადება, რომ ექვს უბანზე, მათ შორის ზუგდიდში სერიოზული დარღვევებია და მისი დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს შედეგები შეიცვალოს. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდებოდა ამ სადავო ოლქებში?

- დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რაც ვიცი, ერთია დედოფლისწყაროს, მეორე ყვარლის ოლქი, სადაც სერიოზულად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია. ყვარელში საერთოდ ერთი უბნის ორი ოქმი არსებობს, განსხვავებული შედეგებით. ერთია უბნიდან მოსული, მეორე საოლქოს მიერ გაცემული. სამეგრელოს ინფორმაციები ჯერ არ მაქვს და ახლა ვცდილობ, ბოლომდე მოვიპოვო.

არჩევნების დასრულებისთანავე ტელეკომპანიამაესტრომშემოგვთავაზა ეგზიტპოლის შედეგები. როგორც ჩანს, ის შედეგები რასაც ცესკო აქვეყნებს ჯერჯერობით მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ელოდებით, რომ საბოლოო შედეგი ეგზიტპოლის შედეგებს მიუახლოვდება? ის კომპანიები ვინც გამოკითხვა ჩაატარეს, ამტკიცებდნენ, რომ განსხვავება იქნებოდა მინიმალური - 1%- კი არა.

- ფაქტია, რომ შედეგები საკმაოდ განსხვავებული იქნება, პროპორციულში იქნება 53%-დან 60%-მდე, თუმცა მათ დაახლოებით 65% დაასახელეს. რაც შეეხება გამოკითხვას, არ ვიცი მათი მეთოდოლოგია, ამდენად ვერაფერს ვიტყვი, როგორ იყო ჩატარებული. მგონია, რომ თვითონ უნდა გასცენ პასუხი, რატომ დაჯდა ასეთი სხვაობა.