შემორჩენილ ტურისტებს საშემოდგომო წიწილებივით დაითვლიან

შემორჩენილ ტურისტებს საშემოდგომო წიწილებივით დაითვლიან

ტურიზმის ეროვნული სააგენტო შემორჩენილი ტურისტების თვლას იწყებს. სავარაუდოა, რომ სიდამონიძის უწყება ბევრი საქმე არ ექნება, რადგანაც ასეთ ვითარებაში საქართველოში მოგზაურობას რომელი ჭკუადამჯდარი ტურისტი გარისკავს? საბოლო ჯამში, სააკაშვილის მორიგი ტურისტული გეგმა ჩასავარდნად არის განწირული.

ტურიზმის ეროვნული სააგენტო საქართველოს ტურისტული იმიჯის შესამოწმებლად კვლევას იწყებს. შემცირდა თუ არა საქართველოში ტურისტების რაოდენობა და გააუქმეს თუ არა უცხოელმა ვიზიტორებმა ჯავშანი ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ცნობილი ოქტომბერში გახდება, ანუ მაშინ, როდესაც არჩევნები ჩავლილი იქნება, ხოლო პოლიტიკური ვითარება ან შედარებით დასტუბილურებული, ან კიდევ უფრო გამძაფრებული.

როგორც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძე აცხადებს, სააგენტო სხვადასხვა სასტუმროსა და ტურისტული კომპანიის მონაცემებს აჯამებს, ოქტომბრამდე კი ქვეყნის ტურისტული იმიჯის შესაძლო ცვლილების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ის კონკრეტული ტურისტების განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, კვლევის დასრულების შემდეგ კი შედეგებს საზოგადოებას გააცნობს. 

ჯერჯერობით კი ტურისტული სააგენტოები უცხოელი ტურისტების მიერ ჯავშნების გაუქმების ფაქტებს უარყოფენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, უახლოეს პერიოდში დაიწყოს. საერთოდ, ტუროპერატორები კომენტარებში ზედმეტად ფრთხილობენ, თორემ ნამდვილი ტურისტების რიცხვი საქართველოში კარგა ხანია შემცირებულია. წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში სტუმრობისგან ბევრი ადამიანი თავს იკავებს და მით უფრო ისეთი დაძაბულობის ფონზე როგორიც დღესდღეობით საქართველოშია.

ერთ-ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა „კომერსანტს“ დაუფარავად განუცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოსვლას როგორც ტურისტი ვერ გარისკავს.

„ქართველი პატიმრების წამების კადრები თურქეთში ყოფნისას, თურქ და გერმანელ მეგობრებთან ერთად ვნახე. გაოცებული ვარ.  როგორც გერმანელი ტურისტი საქართველოში ჩამოსვლას, ალბათ, გარკვეული დროის განმავლობაში ვერ გავრისკავ. მე თქვენი ქვეყნის კანონებს არ ვიცნობ და შეიძლება ისინი ჩემდა უნებურად დავარღვიო. ასე რომ მოხდეს, საქართველოს ციხეში ამგვარად უნდა გამისწორდნენ?

გაოცებული ვარ იმით, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება. როდესაც გერმანიაში დამნაშავეს აპატიმრებენ, გვიჩნდება განცდა, რომ ის პიროვნება იქიდან აუცილებლად შეცვლილი გამოვა. საქართველოს ციხეში არსებული ვითარების ამსახველი კადრები რამდენიმე მეგობართან ერთად ვნახე, ყველანი შოკში ვართ. მე ვიხილე კადრები, სადაც ადამიანებს უფლებები, უბრალოდ, არ გააჩნიათ“, - განაცხადა გერმანელმა ჟურნალისტმა. 

ტურიზმის ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ტურისტული მიმართულებით ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა აუცილებლად ექნება. ექსპერტი მარინა მეტრეველი თვლის, რომ ჯერჯერობით ტურიზმის განვითარების შეზღუდვასა და ტურისტთა ნაკადის მნიშვნელოვან შემცირებაზე საუბარი რთულია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში პროცესები გრძელდება, ამას უარყოფითი შედეგები აუცილებლად ექნება.

მეტრეველის თქმით, საერთაშორისო მედია მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს და ძნელი წარმოსადგენია ტურისტმა იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა, მოგზაურობა გადაწყვიტოს.