საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის 1096 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები ცნობილია. წინასწარი მონაცემების თანახმად, ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებას“ 53,11% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 41,57%. ამ დროის მონაცემებით კვლავ საარჩევნო ბარიერს მიღმა რჩება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 2,38%. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს. წინასწარი შედეგების მიხედვით, 32 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ლიდერობს, 29 ოლქში კი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არსებობს რამდენიმე სადავო უბანი, რომლის შედეგების გასაჩვრებასაც აპირებენ. მათ შორის არის დედოფლისწყაროს და ქედის უბნები. დედოფლისწყაროში „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატად ალექსანდრე თამაზაშვილი არის წარდგენილი, ქედაში კი - დავით ანანიძე. For.ge სადავო უბნებზე არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ორივე მათგანს ესაუბრა.
ალექსანდრე თამაზაშვილი მის ოლქში სერიოზულ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ სადავო უბნები აუცილებლად გასაჩივრდება. მისი თქმით, დედოფლისწყაროში ხელისუფლებამ გაყალბების ყველანაირი მექანიზმი გამოიყენა, მათ შორის - კარუსელები, ასევე ე.წ. სომხური კარუსელები, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველზე ზეწოლა, ბალანსის ვერ დასმა, იმ ბიულეტენების უსაფუძვლოდ გაბათილება, რომლებშიც 41 იყო შემოხაზული და ა.შ. ამიტომ, თამაზაშვილი ამბობს, რომ ამ უბნების გასაბათილებლად უამრავი სერიოზული საფუძველი არსებობს. მისი თქმით, დედოფლისწყაროში სულ 23 უბანია, საიდანაც „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით, სამ უბანს ასაჩივრებს. აღსანიშნავია, რომ ამ სამიდან თამაზაშვილს ორი მოგებული აქვს, მაგრამ ამბობს, რომ არსებობდა გათვლები, რომელთა თანახმადაც მას ეს უბნები გაცილებით უფრო მეტი უპირატესობით უნდა მოეგო, ეს ხელისუფლებისთვისაც ცნობილი იყო და ამიტომ იქ სერიოზული გაყალბება მოხდა. სწორედ ამიტომ თამაზაშვილი ამ მოგებულ უბნებსაც ასაჩივრებს.
„მოსახლეობისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნებზე უამრავი დარღვევა იყო. ახლა ჩვენ არჩევნების დღეს უბნებზე გაკეთებულ ვიდეოჩანაწერებს ვამოწმებთ, რათა დარღვევის ყველა ფაქტი დავაფიქსიროთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ არა მხოლოდ სომხური, არამედ ჩვეულებრივი კარუსელებიც იყო, მათ შორის ამ კარუსელებში სასაზღვრო ჯარის სამხედროები მონაწილეობდნენ“, - აცხადებს თამაზაშვილი.
მისი თქმით, ამჟამად ჯერ სამი უბანია გასაჩივრებული, მაგრამ ვიდეო-მასალის გაანალიზების შემდეგ იგი ვარაუდობს, რომ კიდევ სხვა უბნებიც გასაჩივრდება.
„ქართული ოცნების“ ქედის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ანანიძე კი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ არა ცალკეული უბნები, არამედ ქედის მთლიანი ოლქი სადავოა, რადგან მისი თქმით, ქედის ოლქში არჩევნებზე ამომრჩევლის მასობრივ მოსყიდვას ჰქონდა ადგილი.
„ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა მოხდა. გვაქვს ვიდეო-ჩანაწერები, სადაც ამომრჩევლები ღიად აფიქსირებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მათ ხმის სანაცვლოდ კონკრეტული თანხები მისცეს. ერთ-ერთი უბნიდან ახლა ველოდები მთელს სიას, რამდენ ადამიანს გადაეცა თანხა. ასეთი ფაქტები მთელი ოლქის მასშტაბით დაფიქსირდა, ანუ ამომრჩევლის მასიური მოსყიდვა განხორციელდა. ამიტომაც, ჩვენ ამ მასალებს შევკრებთ და მთლიანი ოლქის გაბათილებას მოვითხოვთ“, - აცხადებს დავით ანანიძე.
მისი თქმით, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები ამომრჩევლის მოსყიდვაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს და ამის დასამტკიცებლად ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს. ანანიძის განცხადებით, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები ჯერ იმ როლიდან ვერ გამოვიდნენ, როდესაც ისინი ხალხს აშინებდნენ და ფიქრობენ, რომ ახლაც შეძლებენ იგივეს გაკეთებას. დავით ანანიძე აცხადებს, რომ ქედაში ამომრჩევლის მოსყიდვას აჭარის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ედნარ აბულაძე ხელმძღვანელობდა და აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ქედის რაიონში ნოდარ ძნელაძეს პირადად ემუქრებოდა.
დავით ანანიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ქედაში ამომრჩეველს ხმის სანაცვლოდ 100, 200 ან 300 ლარს სთავაზობდნენ, ხოლო ქედაში „ქართული ოცნების“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს 8000 ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ მას დარღვევებზე თვალი დაეხუჭა.
For.ge აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატ ნოდარ ძნელაძესაც ესაუბრა. ძნელაძე აცხადებს, რომ აჭარის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ედნარ აბულაძე ამომრჩევლებს ფულს პირადად ურიგებდა და ამაში მას ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი იურისტი ეხმარებოდა. ნოდარ ძნელაძის განცხადებით ეს ადამიანები ქედის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში არჩევნების წინა საღამოს, დაახლოებით 20.00 საათზე მივიდნენ, შენობაში ჩაიკეტნენ და დილამდე იქ დარჩნენ. როდესაც ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გაიგეს, ისინი ადგილზე „ინფო9“-ს და ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტებთან ერთად მივიდნენ.
„ედნარ აბულაძე და ეს იურისტი, რომლის ვინაობაც ახლა არ მახსოვს, აცხადებდნენ, რომ თითქოს საარჩევნო უბნის შენობაში მუშაობდნენ, თუმცა არ ვიცი მთელი ღამის განმავლობაში რა სამუშაო უნდა შეესრულებინათ მათ იქ. თავიდან მათ კატეგორიულად უარჰყვეს ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემა, მაგრამ შემდეგ ჩვენ მათთან შევუშვით ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც აბულაძის მეგობარია, მათ ერთი ერთზე ისაუბრეს და ენდარ აბულაძემ აღიარა, რომ იმ უბანზე მთელი ღამის განმავლობაში ფული რიგდებოდა, მაგრამ განაცხადა, მე ამაში არ ვმონაწილეობდიო. აღსანიშნავია, რომ როდესაც მას ეს ჩვენი აქტივისტი ესაუბრებოდა, იმ ოთახში კი მარტოები იყვნენ, მაგრამ ჩვენ კარი ოდნავ გაღებული დავტოვეთ და „მეცხრე არხის“ ჟურნალისტმა მიკროფონი კართან მიიტანა და აბულაძის აღიარება ჩაიწერა“, - ამბობს ნოდარ ძნელაძე.
მისი თქმით, ედნარ აბულაძესაც და საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტსაც, რომელიც მას ახლდა, აშკარად ეტყობოდათ, რომ შარვლის ყველა ჯიბეში ბევრი ფული ჰქონდათ. ნოდარ ძნელაძე აცხადებს, რომ მას საპატრულო პოლიცია ჰყავდა გამოძახებული, რათა ეს უკანონობა დაეფიქსირებინათ, მაგრამ პოლიცია ადგილზე მხოლოდ იმის შემდეგ მივიდა, რაც საარჩევნო უბანი ედნარ აბულაძემ დატოვა. ამიტომ ნოდარ ძნელაძე აცხადებს, რომ ქართული პოლიცია და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სინქრონში მუშაობდნენ. მისი თქმით, მანაც და დავით ანანიძემაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატებს მოუგეს, მაგრამ ქედაში კარუსელები დატრიალდა და „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ნაკლები ხმები დაუწერეს. ამიტომ, ანანიძე და ძნელაძე ქედის ოლქს ასაჩივრებენ.
„მეც და დავით ანანიძესაც ხმების ზუსტად ერთი და იგივე ოდენობით გვიგებენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენების ოთხივე შეკვრას პირველი ნომრები აკლია. ეს უკვე იმას მოწმობს, რომ კარუსელები დატრიალდა. სხვათაშორის, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაჟორიტარულ ოლქებს ჩვენ მოვიგებთო, ქედაში სწორედ ამაზე დაიწყეს მუშაობა. პრეზიდენტის განცხადება მათ მითითებად მიიღეს და შედეგები გააყალბეს“, - ამბობს ნოდარ ძნელაძე.