მოქალაქეების ნაწილი არჩევნების შემდეგ ფასების ზრდას წინასწარმეტყველებს და ამიტომ, ზოგიერთ პროდუქტს წინასწარ იმარაგებენ. ისინი ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, პროდუქტების ფასი იგივე დარჩეს, მაგრამ წაგებულები მაინც არ იქნებიან. ფასების შემცირება ხომ საქართველოსთვის უჩვეულო და არადამახასიათებელი ფაქტია. ზოგიერთი კი იმდენად არის პოლიტიკაში თავით-ფეხებამდის გადაშვებული, რომ არაფრის გაგონება (მით უფრო ყოფითი საკითხების მოგვარებისა) არ სურს.
წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ მომგებიანია ტარიფებზე ყურადღების გამახვილება. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ თუ ის პარტია ვერ გაიმარჯვებს, რომელიც ტარიფების შემცირებას გვპირდება, კომუნალური გადასახადები უფრო მეტად გაიზრდება. შესაბამისად, ყოველთვიურად უფრო მეტი ფული იქნება საჭირო. კომუნალური მოსახურების მომარაგება შეუძლებელია, მაგრამ თანხების დაზოგვა სხვა მიმართულებით შეიძლება, ხოლო დანაზოგი კი მომატებული ტარიფების დასაფარად შეიძლება მიმართო.
თუმცა, ჯერჯერობით ხალხი იმდენად არის პოლიტიკით აღტკინებული, რომ სხვა არაფრის თავი არ აქვს. არც მარაგები ახსოვთ და არც დანაზოგები. უცნაურია, მაგრამ უშუალოდ არჩევნების წინ მომხმარებელი გადამეტებულად პასიურიც კი იყო.
სამომხმარებლო ბაზრებში და სავაჭრო ქსელებში ამბობენ, რომ ბოლო 3-4 დღეა, რაც რეალიზაცია შემცირდა. სავაჭრო სექტორის წარმომადგენლები მომხმარებლის პასიურობას მოსახლეობის ზედმეტად პოლიტიზირებას მიაწერენ და ფიქრობენ, რომ მათი ყურადღება მთლიანად საარჩევნო პროცესებისკენ არის მიმართული.
„მართალია, წლეულს მეტი დაძაბულობაა, მაგრამ მთავარი იმდენად მაღალია პოლიტიკით დაინტერესება, რომ მყიდველი სხვა პრობლემებით ნაკლებად ინტერესდება. საბითუმო ბაზრობაც კი, რომელიც მთელი გასული კვირეების განმავლობაში აქტიური იყო, რეალიზაციის კლებას უჩივის. ამ ქსელში ჩემი მეგობრები მუშაობენ და ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ.
ასეთი ცარიელი ჩვენი ბაზარი დიდი ხანია არ ყოფილა. დაძაბულობა წინასაარჩევნოდაც იყო, მაგრამ მაშინ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. ხალხი მარაგების შეძენასაც ცდილობდა, რაც ამ პერიოდში არ შეიმჩნევა“, - ამბობს მოვაჭრე.
მომხმარებლის დეფიციტი კიდევ უფრო მწვავედ იგრძნობა საყოფაცხოვრებო და ელექტროტექნიკის სექტორში.
„ბოლო 1 კვირაა რეალიზაციამ იკლო და არჩევნების წინა დღეს საერთოდაც შეჩერდა. 1-ელ ოქტომბერს ვისვენებდით, მაღაზიის გახსნას აზრი არ ჰქონდა. უკვე 2 ოქტომბრიდან მუშაობას გავაგრძელებთ. ეს დროებითი მოვლენაა.
იმედია, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა არ იქნება დაყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. ცხადია, სავაჭრო სექტორიც აღიდგენს დაკარგულს. დღეს ტექნიკაზე იმდენადაა მოთხოვნა გაზრდილი, რომ მომხმარებლის აქტიურობა, ძალიან სერიოზული მიზეზი თუ არ გაჩნდა, არ შემცირდება. ასე რომ, ჯერაც იმედიანად ვარ განწყობილი“, - ამბობს გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიის დირექტორი.