ყადაღადადებულ ქონებას პირდაპირ სახელმწიფო „ჩაიჯიბავს“

ყადაღადადებულ ქონებას პირდაპირ სახელმწიფო „ჩაიჯიბავს“

 

ბოლო დროს ხელისუფლება ყადაღადადებული ქონებით დაინტერესდა და ამ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ინიციატივა ინიციატივაზე მუშავდება. ამჯერად საუბარია იმაზე, რომ ეს ქონება პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადავა. ეს კი არამარტო ექსპერტებისთვის არის გაუგებარი, არამედ მოწინააღმდეგენი თავად ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ.

 

იურიდიული კომიტეტის წევრების, ლაშა თორდიას, კახა ანჯაფარიძის, ზვიად კუკავას და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი ცვლილების შეტანას ახალ საგადასახადო კოდექსში ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა ეძლევა. აღნიშნულ მოთხოვნას კი, იგი სასამართლოს წინაშე იმ შემთხვევაში დააყენებს, თუკი საგადასახადო მოთხოვნა ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინათ მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, ყადაღადადებული ქონების განკარგვის წესი შეიცვალა. აქამდე არსებობდა ნორმა, რომ ეს ქონება იყიდებოდა აუქციონზე და მიღებული თანხით პირველ რიგში, საგადასახადოს დავალიანება იფარებოდა და, თუკი რაიმე დარჩებოდა, შემდეგ სხვა მევალეები. ეს წესი გაზაფხულზე შეიცვალა და საგადასახადო ორგანოს პრიორიტეტი ჩამოერთვა, ანუ ქონების რეალიზაციის შედეგად პრიორიტეტი უკვე რიგითობას უნდა მინიჭებოდა. ახლა, როგორც ჩანს, ეს წესიც იცვლება და რეალურად პრიორიტეტულ მდგომარეობაში ისევ სახელმწიფო რჩება.

 

„აქ რამდენიმე პრობლემაა და პირველი არის თავად სამართლებრივი თვალსაზრისით. რატომ არ გადის ქონება ჯერ აუქციონზე? აუქციონი ხომ არის მექანიზმი საბაზრო ფასის განსაზღვრისთვის. ნებისმიერი ფასი, რომელიც დადგენილია ვინმეს მიერ და არა საბაზრო მექანიზმებით, არ შეიძლება ჩაითვალოს საბაზრო ფასად.  ხანდახან აუქციონზე გამოტანილი ქონება დადებულ ფასად არ იყიდება და აუქციონი იშლება. ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ეს არის აუქციონის მიერ დადებული ფასი და არის ნორმალური, მაგრამ თუ აუქციონი ჩაიშალა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარი ამ საქონელს ამ ფასად არ ღებულობს. ამიტომ განმეორებითი აუქციონები ტარდება და აქედან გამომდინარე, ჩანს, ამ პროექტის სისუსტე“, - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლადო პაპავა.

 

ამასთან, მისი თქმით, ინიციატივა კითხვებს აჩენს სამართლიანობის თვალსაზრისითაც, რადგანაც გაუგებარია, „თუ რატომ უნდა იქნას გამოტოვებული აუქციონის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ეკონომიკურადაც გამართლებულია და სამართლიანობის თვალსაზრისითაც მისაღები უნდა იყოს ყველა მოდავე მხარისთვის“.

 

გარდა ამისა, პაპავას თქმით, არსებობს ის პრობლემაც, თუ სად უნდა წავიდეს ის თანხა, რომელიც აუქციონის ჩატარების შემთხვევაში ამოღებული თანხით დავალიანებების დაფარვის შემდეგ შეიძლება დარჩეს.

 

„ესეც გასათვალისწინებელია იმიტომ, რომ როდესაც არის მოვალე, შესაძლოა, მისი ქონებაც ვერ ეყოს მისი ვალების გასტუმრებას, მაგრამ ერთ-ერთი ფორმაა ის, რომ ხდება მევალეების დაკმაყოფილება რიგითობის მიხედვით და იმ პროპორციით, როგორც ეს თანხა იქნება ამოღებული“, - აცხადებს პაპავა.

 

აღსანიშნავია, რომ იგივე მოსაზრებები გააჩნია პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანსაც. მისი თქმით, ასეთი მიდგომებით დეპუტატების ეს ჯგუფი საგადასახადო კოდექსს ძველ მდგომარეობამდე დააბრუნებს და აინტერესებს, თუ რატომ მოაფიქრდათ მსგავსი რამ ამ დეპუტატებს. 

 

პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის დასკვნაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტმა შეისწავლა ბულგარეთს, სლოვენიის, რუსეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ფინეთის, იტალიის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის საგადასახადო, სამოქალაქო და სააღსრულებო კანონმდებლობა და დაადგინა, რომ მსგავს ნორმას არცერთი მათგანი არ შეიცავს.

 

„ქონებაზე ყადაღის დადება განიხილება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება და ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია ხდება აუქციონის მეშვეობით, ასევე, შესაძლებელია ქონების აუქციონის გარეშე რეალიზება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე“, - ნათქვამია კვლევითი დეპარტამენტის შეფასებაში.

 

სწორედ ამიტომ პაპავა მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა არ შეიძლება ხელისუფლების გადაწყვეტილებად ჩაითვალოს.

 

„ნუ იტყვით, თითქოს, ეს ხელისუფლების ინიციატივაა.  მაჭავარიანიც ხელისუფლებაა და მაშინ ასეთ პოზიციას არ დააფიქსირებდა. გამოდის, რომ ეს უფრო იმ ხალხის თვითშემოქმედებაა, რომლებაც კანონპროექტი წარმოადგინეს. ეს რომ ხელისუფლების პოზიცია იყოს, მაჭავარიანი ხმას არ ამოიღებდა.  ხშირად ხელისუფლებას ბრალდება ის, რაც შეიძლება მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესში იყოს“, - აცხადებს პაპავა.