„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსის დავით საგანელიძის განცხადებით არსებობს ფაქტები, რომლის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა, ზუგდიდში არჩევნები საერთოდ ჩაშლილად გამოცხადდეს და დაუჯერებელია, რომ ირაკლი ალასანიამ წააგო ისეთ ადამიანთან, როგორიც არის როლანდ ახალაია. მისივე თქმით, დავები არის მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით ყვარლის, ხაშურის, ქედის, წყალტუბოს და დედოფლისწყაროს ოლქებში. ამის მიუხედავად, საგანელიძე დარწმუნებულია, რომ ამ სადაო რაიონების ოლქების ნაწილში დადებითად გადაწყდება ჩვენი საქმე.
რა ხდებოდა ზუგდიდში, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას პრეს-სპიკერი ვაკო ავალიანი გვესაუბრება.
დავით საგანელიძის განცხადებით, დაუჯერებელია, რომ ირაკლი ალასანიამ წააგო ისეთ ადამიანთან, როგორიც როლანდ ახალაიაა, შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდებოდა არჩევნების დღეს?
-ჩვენი მონაცემებით ოქმების 40% უბრალოდ, არ ჯდება ბალანსში, ეს რაც არის ფაქტი, ახლა მიმდინარეობს ვიდეო კადრების დამუშავება, რომლითაც მტკიცდება, რომ იყო კარუსელი, ერთი სოფლიდან მიჰყავდათ ამომრჩეველი მეორე სოფელში და ა.შ.
გარდა ამისა, იყო ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენება და ეს პირველ რიგში კანონის დარღვევაა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე პირდაპირ არიგებდნენ ფულს.
ესეც დადასტურებული ფაქტია?
-ეს არის მოწმეების მონაყოლი, ზუგდიდში არის 111 საარჩევნო უბანი, ამ წუთებში მიმდინარეობს ვიდეო მასალის დამუშავება. თქვენ იცით, რომ ყველა უბანზე მიმდინარეობდა ვიდეო დაკვირვება. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლები ჯერ-ჯერობით მთლიანად გადართული არიან იმაზე, რომ დაადგინონ, რომელ უბნებზე მისცა ამომრჩეველმა განმეორებით ხმა.
საჩივრები უკვე დაწერილია თუ ამ ვიდეომასალის დამუშავების შემდეგ დაიწერება?
-საჩივრები ისედაც დაიწერება საოლქო კომისიაში, ვიდეო მასალა უფრო მეტად გაამყარებს ჩვენს პოზიციას - ირაკლი ალასანიას არჩევნები უბრალოდ, მოპარეს.
იმ ოქმების ასლების მიხედვით, რისი ნახვაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მცირე აქტივობა შეინიშნებოდა. ეს მართლაც ასე იყო თუ ზუგდიდშიც საკმაოდ აქტიური იყო ამომრჩეველი ისე, როგორც მთელ საქართველოში?
-ზუგდიდმა აირჩია თავისი მაჟორიტარი დეპუტატი და ეს არის ირაკლი ალასანია. ხელისუფლებას ეს უნდა თუ არა, ამისი აღიარება მოუწევს. გასაგებია, რომ ეს ახალაიას ოჯახისთვის იყო პრინციპული და სასიცოცხლო საკითხი, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ ყველგან დადგეს ის შედეგი, რაც სურს ქართველ ხალხს - ზუგდიდელებს სურთ ცვლილებები ზუგდიდელებმა ეს განაცხადი ოფიციალურად გააკეთეს, მთავარია ეს ახლა ოფიციალურად გაფორმდეს.
თვითონ ბაჩო და დათა ახალაიები თუ იყვნენ უშუალოდ ჩართული ამ პროცესებში?
-ბაჩო ახალაია ნამდვილად იმყოფებოდა ზუგდიდში, ქვედა ზონის სოფლებში, მეგის ქარდავაც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ საარჩევნო პროცესში, ისევე როგორც მათი მთელი ქვედანაყოფები. დათა ახალაიაზე ნამდვილად არ მაქვს არანაირი ცნობა.