საქართველო

საქართველო "სტრატეგიულ მოთმინებას" მიმართავს

[რებეკა ვეისერი]

2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის შემდეგ, საქართველო კვლავ გამოწვევების წინაშეა.
ნატოს ლისაბონის სამიტზე გუშინ და დღეს, ავღანეთის შემდეგ საქართველო დღის წერსიგის ერთ ერთი წამყვანი საკითხია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ნალბანდოვმა Weekend Australian-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, რომ საქართველო იმედოვნებდა, რომ ნატო ხელახლა დაუბრუნდებოდა 2008 წლის ბუქრესტის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოს შესაძლო წევრობაზე.

”ეს იყო ალიანსის მიერ გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოს და უკრაინის ალიანსში შესაძლო წევრობის შესახებ, ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ამ პოზიციის და იმის გამეორება, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ძალიან მნიშვნელოვანია”.

თუმცა, ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ 2008 წელს ნატოს ამ პოზიციამ უბიძგა რუსეთს სასწრაფოდ გაეზარდა მისი სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიებზე – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რასაც აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, რონალდ ასმუსმა თავის წიგნში ”პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” დაწერა, რომ ”შესაძლოა, ბუქარესტის სამიტმა რუსეთი არამხოლოდ არ დაამშვიდა, არამედ პირიქით, წაახალისა ის. თუკი მოსკოვს საქართველოს წევრობის შეჩერება გადაწყვეტილი ჰქონდა, მას სწრაფად უნდა ემოქმედა”.

მაგრამ საქართველოს გადაწყვეტილი აქვს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებაც. ნალბანდოვმა Weekend Australian-ს უთხრა ”ჩვენს ევრო-ატლანტიკურ და ევროპულ მისწრაფებებს საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ფართო მხარდაჭერა აქვს. უახლესი გამოკითხვის თანახმად, 75% მტკიცედ უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას”.

ქართველები საკუთარ თავზე ამბობენ, რომ ფიცხი ხასიათი და კარგი მეხსიერება აქვთ. საბჭოთა ოკუპაციის ხსოვნა კარგად ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ ჰქონდა ასეთი ფართო მხარდაჭერა ამ ხუთმილიონიანი ერის მხრიდან რუსეთთან ომს, ქვეყანასთან, სადაც 142 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომლის სამხედრო ხარჯებსაც მხოლოდ შეერთებული შტატები აჭარბებს.

”ეს მესამე ოკუპაციაა რუსეთის მხრიდან”, – ამბობს თბილისის (საქართველოს დედაქალაქის) ოკუპაციის მუზეუმის გიდი, მიუთითებს რა რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციაზე.

პირველს ადგილი ჰქონდა მეფის რუსეთის მხრიდან მეცხრამეტე საუკუნეში, მეორეს – საბჭოთა კავშირის მხრიდან, რაც თითქმის მთელი მეოცე საუკუნე გაგრძელდა. ”70 წელი გახდა საჭირო იმისთვის, რომ რუსებისგან განვთავისუფლებულიყავით”, – თქვა მან.

მუზეუმი საბჭოთა რეჟიმის მხრიდან ქართველების დევნის სასტიკ ფაქტებს ინახავს. საქართველოს ნაციონალური ოპერის დირიჟორს, ევგენი მიქელაძეს, ლავრენტი ბერია (ისიც სტალინის მსგავსად ქართველი იყო) 48 დღის განმავლობაში აწამებდა. ბერიამ ეს ნიჭიერი მუსიკოსი ვიდრე სიკვდილით დასჯიდა ჯერ დააბრმავა, შემდეგ კი ყურში ნემსების გაყრით დააყრუა.

საბჭოთა პერიოდის (1921-1991 წლები) ქართველ მსხვერპლთა რიცხვი 880, 000-ა.

კითხვაზე, ეშინია თუ არა მას მორიგი რუსული აგრესიის, ნალბანდოვის პასუხი ასეთია, ”სიტუაცია რეგიონში, და არამხოლოდ საქართველოში, არმედ მის ირგვლივ უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ არასტაბილურია. როდესაც თქვენი დედაქალაქის გვერდით ასეთი მასშტაბური სამხედრო ძალაა კონცენტრირებული, როდესაც თქვენ ამ ტერიტორიებზე არ გყავთ არანაირი საერთაშორისო დამკვირვებელთა ძალები, იცით, რომ თქვენს მეზობლებს, სომხეთს და აზერბაიჯანს უზარმზარი სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებენ იმ ფონზე, როდესაც არსებობს კონფლიქტი მთიანი ყარაბახის ირგვლივ, რა თქმა უნდა ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით”.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, ნალბანდოვი დარწმუნებულია, რომ ერთადერთი რამ, რაც რუსეთს შეჩერებს, ეს არის ერთიანი გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ მას ძალიან ძვირად დაუჯდება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა”.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ძალიან ახლო კავშირები ჰქონდა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან. ნალბანდოვის თქმით, ქვეყნები მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობენ. სააკაშვილი და ობამა ლისაბონში პირველად გამართავენ პირისპირ შეხვედრას.

ცხადია, საქართველოს ძვირად დაუჯდა ის, რომ მან უარი განაცხადა რუსეთის ნებას დამორჩილებოდა. 2008 წლის ომის იარები მთელს ქვეყანაში იგრძნობა.

ასობით ახლად აშენებულ საცხოვრებლებში ათასობით დევნილი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც საკუთარი სახლებიდან ოსურმა მილიციამ და ეგრედწოდებულმა რუსმა სამშვიდობოებმა გამოყარეს.

მშვიდობისმყოფელები მშვიდად იდგნენ და გვერდიდან აკვირდებოდნენ იმას თუ როგორ ისროდნენ ოსები მათი ქართველი მეზობლების მისამართით, ვიდრე რუსეთის არმია ქართული ჯარით იყო დაკავებული.

რა თქმა უნდა, ეს ის ისტორია არ არის, რომელსაც რუსები ყვებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით, ქართველმა სამოქალაქო პირებმა გენოციდი წამოიწყეს და სამხრეთ ოსეთის 2 000 მცხოვრები მოკლეს. სინამდვილეში, კონფლიქტის ბოლოს დადასტურდა, რომ ამ ომში სამხრეთ ოსეთის მხოლოდ 162 მცხოვრები დაიღუპა. ნალბანდოვის თქმით, 500 000-ზე მეტი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 10% დევნილია – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ომების გამო.

მისი თქმით, საქართველო სამხრეთ ოსეთსა და აფხზეთზე საკუთარი სუვერენიტეტის აღდგენისთვის იყენებს ”სტრატეგიული მოთმინების” კონცეფციას. მოკლევადიან პერსპექტივაში, საქართველოს სურს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლები და მშვიდობისმყოფელთა ძალები განლაგდნენ ევროპაში თანამშრომლობის და უსაფრთხოების ორგანიზაციიდან და გაეროდან, მაგრამ რუსეთი ამაზე უარს აცხადებს.

მეორეც, მას სურს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების პირობები დაიცვას (ამ დოკუმენტს ხელი 2008 წლის ომის დროს მოეწერა) და ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაიყვანოს. რუსეთი ამაზეც უარს ამბობს.

ზოგიერთი რამ საქართველოს სასარგებლოდ ხდება. რუსეთი მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ ეკონომიკურად დასუსტდა და თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯები $50 მილიარდიდან $39-მდე შეამცირა. ასევე 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშები უბიძგებს რუსეთს რეგიონში მშვიდობიანი ქვეყნის იმიჯით წარსდგეს.

და ბოლოს, საქართველოს ხელთ აქვს ეკონომიკური კარტი. ის საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც საკვანძო ქვეყანას ენერგეტიკულ დერეფანში, რომელიც კასპიის რეგიონის ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს, თურქეთს და ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს. ამან არა მხოლოდ მისი შემოსავლები უნდა გაზარდოს, არამედ ხელი შეუწყოს მისი, როგორც იმ ალტერნატიული წყაროს მნიშვნელობის ზრდას ევროპისთვის, რომელიც რუსეთის მძევალი ვერ გახდება. 

რაც შეეხება ავსტრალიას, ნალბანდოვი ამბობს, რომ ის აღფრთოვანებულია ჩვენი მხრიდან გაეროში საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერით, რომლებიც ქართველი დევნილების უფლებებს იცავს და ჩვენთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ მიისწრაფვის.

საქართველო ტურიზმის განვითარებას ცდილობს და მხოლოდ წელს ამ ქვეყანაში, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპული კულტურის, განსაკუთრებით კი ღვინის წარმოების აკვანია, 713 ავსტრალიელმა იმოგზაურა. ნალბანდოვი ამბობს, რომ საქართველო ავსტრალიაში საელჩოს 2012 წელს გახსნის.

როდესაც შენ გყავს ისეთი დიდი მტერი, როგორიც რუსეთია არამხოლოდ მეზობლად, არამედ საკუთარ სახლში, რაც შეიძლება ბევრი მეგობარი გჭირდება.