„არადამაჯერებელია, რომ რაღაც წერილის გამო იყვნენ შეშინებულნი და ამის გამო არ იწყალებენ გიორგი მამალაძეს“

„არადამაჯერებელია, რომ რაღაც წერილის გამო იყვნენ შეშინებულნი და ამის გამო არ იწყალებენ გიორგი მამალაძეს“

ციხის საავადმყოფოში მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა განაცხადა, რომ საპატრიარქო მზადაა, დეკანოზის შესაწყალებლად ნაბიჯი გადადგას და პრეზიდენტს ამ თხოვნით მიმართოს. თავად მეუფე ანტონი მიიჩნევს, რომ დეკანოზი უდანაშაულოა.

„თქვენც იხილავთ მალე, ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ დეკანოზი იქნება შეწყალებული და მოთხოვნა გაკეთდება. ვფიქრობ, პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

გიორგი მამალაძის გულშემატკივრებისთვის მეუფე ანტონის სიტყვა დამაიმედებელი აღმოჩნდა. თუმცა კითხვა კითხვად დარჩა, რა შეიცვალა და საპატრიარქომ რატომ აქამდე არ ისურვა დეკანოზის შეწყალება? გახდა თუ არა გადამწყვეტი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის გაუარესება? თუ საპატრიარქო მიხვდა, რომ ციანიდის საქმე არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ საპატრიარქოს ავტორიტეტისთვისაც დაღდამსმელი იყო?!

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - მომხდარი ასე შეაფასა მეუფე პეტრე ცაავამ და განმარტა, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ასეთი საიმედო ფინალი მოამწიფა.

„ამიტომაც ვურჩევდი სასულიერო პირებს, შესულიყვნენ მამალაძესთან, რადგან, ვინც შევიდა და თვალებში ჩახედა მას, დაუსვა კითხვები... ჩემთვის ერთი შესვლაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ყველა შეკითხვაზე მიმეღო პასუხი. სადაც სიმართლეა, იქ არის ღმერთი, სიმართლე და სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე“,-აცხადებს პეტრე ცაავა და იმასაც იხსენებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ცრემლით ითხოვდა სასამართლო პროცესები არ დახურულიყო. შესაბამისად, საპატრიარქოსაც შეეძლო, ამ პროცესების გასაჯაროება მოეთხოვა პროკურატურისგან.

მეუფე პეტრეს თქმით, მართლმადიდებულური, სარწმუნოებრივი და ქრისტიანულია დეკანოზის შეწყალების მოთხოვნა, თუნდაც მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რადგან მარჯვენა კიდურები უფუნქციო აქვს ადამიანს. ამ მდგომარეობაში რომ შუამდგომლობა კიდევ არ დააყენონ, ეს შეცდომა იქნება, რადგან საკმარისია შეცდომები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო დაშვებული.

პეტრე ცაავა 1983 წელთანაც ავლებს პარალელს და ამბობს, „უდანაშაულო მღვდელი დაგვიხვრიტეს და ხმა არ იყო ამოღებული, დღეს სხვა რეალობაში ვართ და მადლობა უფალს“.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ დამაიმედებელი ნოტის შემდეგ განსხვავებული პოზიცია გაისმა საპატრიარქოსგან.

„შეწყალების მოთხოვნა ასე უპირობოდ არ იქნება“, - ამბობს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც კიდევ ერთხელ განმარტავს, თუკი მოინანიებს დეკანოზი, ვის წინაშეც ჩაიდინა ცილისწამება და ცრუ ბრალდებები, საპატრიარქო იფიქრებს მის შეწყალებაზე.

ამ განცხადებას მეუფე პეტრე უპასუხისმგებლოს უწოდებს და მიიჩნევს, ეს არის მცდელობა, გადაიფაროს ის შეცდომა, რაც 2 წლის წინ იყო დაშვებული, რადგან ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა შეეწყალებინათ გიორგი მამალაძე.

„ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს პირობა. პირობა არის საზოგადოებრივი მდგომარეობა, რომ უდანაშაულო ადამიანი ზის საპყრობილეში, რამაც დააფიქრა საპატრიარქოც და ხელისუფლებაც“, - ასეთია პეტრე ცაავას პოზიცია.

როგორც ამბობენ, პატრიარქი დეკანოზ მამალაძის შეწყალების მომხრე იყო, მაგრამ შემდეგ რა შეიცვალა, არავინ იცის. არის სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქომ დეკანოზის შეწყალება არ ისურვა მუქარანარევი წერილის გამო, რადგან სასულიერო პირები თვლიდნენ, რომ ციხეში მყოფი დეკანოზი ამით აშანტაჟებდა საპატრიარქოს.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანის შეწყალება დაგვიანებული არასოდეს არ არის, რადგან ციხეში გატარებული ყველა წუთი და საათი ნებისმიერი პიროვნებისთვის მძიმეა. ადრე რომ გაკეთებულიყო ეს, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ დღესაც თუ შეიწყალებენ, ამას მხოლოდ პოზიტიურად უნდა შევხედოთ.

„არადამაჯერებლად მიმაჩნია, რომ რაღაც წერილის გამო იყვნენ შეშინებულები და ამის გამო არ იწყალებდნენ გიორგი მამალაძეს. არა მგონია, ასე იყოს. უბრალოდ, საპატრიარქო მიხვდა, რომ მათი მხრიდან ამ ტიპის ჰუმანურობის გამოჩენა საზოგადოებისა და მრევლის თვალში უფრო აამაღლებს. ასე რომ, კარგია, თუ ამ მიმართულებით გადადგამს ნაბიჯს საპატრიარქო“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბარში გია ხუხაშვილმა და განმარტა, რომ

სკანდალური წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების მორალურ მხარეს შეეხება, სინოდის სხდომაზე უნდა განიხილონ და ეს საკითხი გარეთ გასატანი არ არის.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ მსჯელობა რთულია. შესაძლოა, პატრიარქმა და საპატრიარქომაც ჰუმანურობიდან გამომდინარე, მიიღონ შეწყალების გადაწყვეტილება, მაგრამ ვის შეწყალებაზეა საუბარი და რა დანაშაულისთვის, ეს მკაფიოდ არ არის გარკვეული.

„გამოკვეთილად ისიც არ ვიცით, დამნაშავეა თუ არა დეკანოზი. თვითონ გიორგი მამალაძეს მიაჩნია, რომ ციანიდი არც კი ჰქონია, მეუფე ანტონიც ამბობს, რომ მამალაძე დამნაშავედ არ მიაჩნია. თუ ეს ასეა, მაშინ, პრინციპში, თავიდან ისმის ეს საკითხი და აქ შეწყალებაზე კი არა, ძიების შეწყვეტაზე უნდა იყოს საუბარი, რადგან შეწყალება უკვე იმას გულისხმობს, რომ იგი დამნაშავეა. ასე რომ, ორივე ამ შემთხვევაში ბევრი რამ ძიების თვალსაზრისითაა დასადგენი იმისთვის, რომ გადაწყვეტილება იყოს გამამართლებელი, ან მკაცრი დამოკიდებულების გამომხატველი. რაც შეეხება სკანდალურ წერილს, რომელიც გიორგი მამალაძემ დაწერა, ეს ის საკითხია, რასაც გარედან საერო გარემოცვა ვერ მოახვევს თავს ეკლესიას. თუმცა ჯერ გასარკვევია ის ძირითადი საკითხი, რასაც ციანიდის საქმე დაერქვა. იმისდა მიხედვით, ციანიდის საქმე როგორ გაირკვევა, ეს წერილიც სხვადასხვაგვრად შეიძლება იყოს წაკითხული“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

 

გამი ხუხაშვილი, საყვარელიძე... ხუხაშვილი, საყვარელიძე.... ხუხაშვილი, საყვარელიძე.... და ასე უსასრულოდ! ნუთუ ეს "ჭკვიანი ექსპერტები" ვერ ხვდებიან რომ არ შეიძლება ყოველ დღე ყველაფერზე ლაპარაკი და კომენტარები.... ეს მდაბიო გორსალები!
5 წლის უკან