ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რუსეთის მოქმედებების პასუხად, ალიანსის სამხედრო ძალები უფრო მძლავრადაა წარმოდგენილი შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონში. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ილაპარაკა.
"ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან ვხედავთ რუსეთის მნიშვნელოვან გაძლიერებას, ვხედავთ, რომ რუსეთი დიდ ინვესტიციებს დებს ფართო სპექტრის შეიარაღების სისტემებში, მათ შორის ბირთვულ იარაღში და ჩვენ რეალობაში ვხედავთ, რომ რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენებით მოახდინა ჯერ მეზობელი უკრაინის ყირიმის უკანონო ანექსია და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მანამდე იენს სტოლტენბერგი იმყოფებოდა სოფიაში, სადაც აღინიშნა ბულგარეთის ნატოში გაწევრიანების მე-15 წლისთავი. ნატოს გენერალურმა მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ ალიანსის კარი ღიაა და ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ შეძლებს გავლენა მოახდინოს კონკრეტული ქვეყნის არჩევანზე და ალიანსის გადაწყვეტილებაზე.