გამოცემა "Проект"-მა ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ვლადიმერ ჟირინოვსკისა და მისი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მოღვაწეობას შეეხებოდა.
ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, დუმის დეპუტატები ЛДПР-დან სამ ნაწილად იყოფიან:
კრემლის მიერ დელეგირებულები;
პირადი გარემოცვა;
ე.წ. "კომერციული დეპუტატები"
პირველ კატეგორიაში შედიან ის პირები, რომელიც ჟირინოსვსკი უშუალოდ პუტინის მმართველი პარტიის მითითებით სვამს სიაში, ხოლო მეორე კატეგორიის დეპუტატები რუსეთის პირველი ლიბერალის პირადი სიმპატიით სარგებლობენ და ის მათ სრულიად ენდობა.
განსაკუთრებული ყურადღება ჟურნალისტებმა მესამე კატეგორიას - "კომერციულ დეპუტატებს" მიაქციეს და გაარკვიეს, რომ ეს ხალხი ვლადიმერ ვოლფოვიჩის, მისი ოჯახისა და პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსების ერთერთ მთავარ წყაროს წარმოადგენენ. თითოეული მათგანისგან იგი, 100-დან 400 მილიონ რუბლს იღებს. ამ თანხის ნაწილი პარტიის ყულაბაში ე.წ. შემოწირულობის სახით შედის, ნაწილს კი თავად ჟირინოვსკის აძლევენ. პოლიტიკოსობის მსურველი ბიზნესმენებისათვის გარკვეული გრადაციაა დაწესებული - ხელმეორედ არჩევის მსურველები 100-200 მილიონს, ხოლო ე.წ. "ახალბედები" - 300-400 მილიონს იხდიან.
ჟირინოვსკის პარტიის ერთერთ მთავარ სპონსორად ლეონიდ სლუცკის ასახელებენ, რომელიც ძირითადად პარტიის ლიდერთა საზღვარგარეთულ ვოიაჟებს აფინანსებს, ხოლო ერთხელ მან ჟირინოვსკის გრანდიოზული დაბადების დღეც გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის 450 კაციან რუსეთის დუმაში ЛДПР-ს 39 წევრი ჰყავს.
ჟირინოვსკის ოჯახის კიდევ ერთი შემოსავლის წყარო საბიუჯეტო სახსრებია - უკანასკნელ წლებში კომერციულმა სტრუქტურებმა, რომელბიც ჟირინოვსკისა და მის ოჯახს უკავშირდება ბიუჯეტიდან 1,3 მილიარდი რუბლი მიიღო.
"Проекта"-ის მონაცემებით, ЛДПР-ის ლიდერი და მისი ოჯახი უძრავი ქონების დაახლოებით 51 ობიექტს ფლობს, მათ აქვთ სასტუმროები ესპანეთში, მათ შორის იბიცაზე, ჰოსტელი კრემლის პირდაპირ და ძვირადღირებული ავტომობილების სატრანსპორტო ტაქსომოტორული კომპანია.