„პოლიტიკაში ხაზარაძე? რატომ უნდა აიტკიოს აუტკივარი თავი? იბრძოლოს ტორტის ნაჭრისთვის, რაც ისედაც აქვს?!“

„პოლიტიკაში ხაზარაძე? რატომ უნდა აიტკიოს აუტკივარი თავი? იბრძოლოს ტორტის ნაჭრისთვის, რაც ისედაც აქვს?!“

მამუკა ხაზარაძე მის მიერვე დაფუძნებული ბანკიდან მიდის. ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ პოლიტიკაში ხაზარაძის მოსვლის შანსები გაზრდილია. გია ხუხაშვილის აზრით, ხაზარაძე ანაკლიის პორტისთვის ბრძოლას აპირებს, მაგრამ, სანამ ბოლო იმედი არ გადაეწურება, მანამდე პოლიტიკაში მისი ინტეგრაცია მოსალოდნელი არ არის. მაგრამ, თუკი ანაკლიის პორტშიც იგივე რისკები განვითარდა, რაც ბანკთან მიმართებით, გამოსარიცხი არაფერია.

ანალიტიკოსთა ნაწილი მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში შემოსვლას არ ურჩევს, მათი აზრით, არ ღირს აუტკიებელი თავის ატკიება. თანაც, ხაზარაძემ არც ის უნდა დაივიწყოს, რომ საზოგადოების ის სეგმენტი, რომელთაც ბანკებთან ურთიერთობამ დაღი დაასვა და ბანკმა მათ ბინა გაუყიდა, პოლიტიკაში მის შემოსვლას დიდად არ მოიწონებს. ჩვენში მაინც ბანკირები მევახშეებთან ასოცირდებიან. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ ისეთნიც, რომლებიც მამუკა ხაზარაძეს აფასებენ, როგორც ლიტერატურისა და კულტურის ქომაგს და შეიძლება მამუკა ხაზარაძემ ამ სეგმენტზეც გათვალოს. ყოველ შემთხვევაში, ხაზარაძის ოპოზიციაში გამოჩენა ნაკლებ მოსალოდნელია, ის მაინც ბიზნესმენია, ეს კი ნიშნავს, რომ იგი ფრთხილია და ზედმეტად არავის გააღიზიანებს.

საბანკო სფეროს ექსპერტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როგორც წესი, ბიზნესმენები მაშინ მიდიან პოლიტიკაში, როდესაც მათ ბიზნესს პრობლემა ექმნება, რათა დაიცვან თავიანთი ბიზნესი. ეს მანკიერი პრაქტიკაა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი პრაქტიკა არსებობს. აქედან გამომდინარე, თუკი საქართველო არ მიდის ცივილიზებული განვითარების მიმართულებით და ბიზნესის დატერორების ძველი ტრადიციები კვლავაც ცოცხალია, მაშინ არ გამოირიცხება, პოლიტიკური პარტია, ან რაღაც ამდაგვარი შექმნას მამუკა ხაზარაძემ, მით უმეტეს, ფული არ უჭირს.

„ხაზარაძეს „თიბისი“ არ დაუთმია, „თიბისიში“ წილი ჯერ კიდევ მისია. ის ჯერ კიდევ მესაკუთრეა და, როდესაც პროკურატურა ბოლოს და ბოლოს დახურავს საქმეს, რადგან ხაზარაძეს ვერ დაუმტკიცებს ფულის გათეთრებას, ხაზარაძე ისევ დაუბრუნდება თავის ფუნქციებს. დათმობაზე ჯერ ადრეა საუბარი. პოლიტიკაში მის წასვლასაც ვერავინ გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში, ხაზარაძეს ეს არ გაუჭირდება, რადგან დიდი პოლიტიკა დიდი ფულია“, - აღნიშნა ლია ელიავამ და შეკითხვის საპასუხოდ, იქნება თუ არა ხაზარაძე წარმატებული პოლიტიკოსი, რადგან საზოგადოების თვალში ბანკირები და მევახშეები მაინც ერთნი არიან, ანალიტიკოსმა განმარტა, „მოდით, ერთი - თხისკენ, ერთი-მგლისკენ“.

ლია ელიავა შეგვახსენებს, რამდენი პროექტი ჰქონდა „თიბისი ბანკს“ ლიტერატურის მხარდასაჭერად, ხელოვნების მხარდასაჭერად, კონკურესები, სპონსორული საქმიანობა, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ამას აკეთებდა „საქართველოს ბანკი“. თუმცა რატომღაც ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ვერ ხედავს კარგს და რაც არ უნდა კარგი გაუკეთო, თუ რაღაც ერთი ცუდი არ მოეწონა, ყველაფერს გადახაზავს ხოლმე.

„არ შეიძლება ჯავრის ამოყრა მხოლოდ ერთ ბანკზე, როდესაც, პრაქტიკულად, ყველა ბანკი ასე მუშაობს. უკმაყოფილო კლიენტები „თიბისის“ ბევრი ეყოლება, რადგან იგი მაინც დიდი ბანკია. ზოგიერთებს ბანკმა ბინა გაუყიდა, რადგან სესხი დროულად ვერ დააბრუნეს, მაგრამ სესხიც ბანკის ფული არ არის, ის ნასესხებია ბანკის მიერ. უბრალოდ, აქ პროცენტებია მთავარი, ეს პროცენტები კი ისე კოლოსალური არ უნდა იყოს, რომ ბანკმა ვალებში ჩაახრჩოს ადამიანი“, - აღნიშნა ლია ელიავამ.

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე საკმაოდ მდიდარი ადამიანია, იგი მილიარდერი არაა, მაგრამ არც ბევრი უკლია მილიარდი დოლარის ქონას. ამიტომ ასეთი ადამიანის პოლიტიკაში შემოსვლა გარკვეულ ძალთა გადანაწილებას გამოიწვევს.

„თუ ფული აქვს ადამიანს, განურჩევლად იმისა, იგი მევახშეა, თუ ბანკირი, პოლიტიკაში შემოსვლისას მისმა წინანდელმა რეპუტაციამ შეიძლება უკანა პლანზე გადაიწიოს. ფული ბევრ რამეს წყვეტს პოლიტიკაში. შესაბამისად, ხაზარაძე თუ გადაწყვეტს, თავისი ფული ჩადოს პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, მას შეუძლია პარლამენტშიც შესვლა. 3%-იანი ზღვარიც არაფერია, თუკი ფული გაქვს. უფრო მეტის მიღწევაც შეუძლია ხაზარაძეს, მაგრამ მე როგორც ვუყურებ, პოლიტიკა არ არის ბიზნესმენის საქმე, რომელიც ფულის შოვნითა და ბიზნესითაა დაინტერესებული. პოლიტიკაში მის ადგილს ვერ ვხედავ“,-აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

მანვე განმარტა, ხაზარაძეს შეუძლია, დაიმკვიდროს გარკვეული ადგილი, თუმცა მისთვისაც და ქვეყნისთვისაც უფრო სასარგებლო იქნება, თუკი ის თავის რესურსს განვითარებისკენ მიმართავს, რომელიც ქვეყანას ახალ სამუშაო ადგილებს შეუქმნის. მას პირადად აქვს „ლისი დეველოპმენტი“, სამშენებლო კომპანია, ასევე, მეღვინეობის კომპანია, სადაზღვევო კომპანიებში თავისი წილი და სხვა. ხაზარაძეს აქვს, ასევე, ანაკლიის პორტი, რომელიც ბანკის პროფილი არ არის.

„როდესაც ფული აქვს ადამიანს, ის მთავრობის სატელიტი შეიძლება იყოს, ან არ იყოს, მაგრამ მას თავისი დღის წესრიგი აუცილებლად ექნება. ფულის მეშვეობით მას შეუძლია ხალხი დაიქირავოს, წარმომადგნელობები გახსნას რეგიონებში, თავის პიარზე იმუშაოს. არა მგონია, თუკი ამ დოზით ჩაერთვება პოლიტიკაში, ვიღაცის ინტერესების გამტარებელი იყოს. დიდი ალბათობით, ის თავისი პოლიტიკით მოვა, შეიძლება, მისი პოზიცია ცალსახად კრიტიკული ოპოზიციური არ იყოს, მაგრამ არც ხელისუფლების თავგადაკლული მომხრე იქნება. თუმცა მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის და აკეთოს ის საქმე, რომელიც გამოსდის“.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის ადგილას პოლიტიკაში არავითარ შემთხვევაში არ მოვიდოდა.

„პოლიტიკაში ხაზარაძე? რატომ უნდა აიტკიოს აუტკივარი თავი? ანაკლიის პორტზე ფიქრობს კაცი და იმაზე იფიქროს. მას შესანიშნავი ასპარეზი აქვს, ასევე, აქვს გამოცდილება, ფინანსები, უამრავი რამის გაკეთება შეუძლია და პოლიტიკაში რატომ უნდა შემოვიდეს? რა მიზანი უნდა ჰქონდეს? იბრძოლოს ტორტის ნაჭრისთვის, რაც მას ისედაც აქვს? თანაც, საკმაოდ მსუყე ნაჭერი აქვს. იქნებ, მას სურს იბრძოლოს არა ნაჭრისთვის, არამედ მთლიანად ტორტისთვის და მთელი ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში? ეს დრო დამთავრდა. ასეთი ბოლო მაგალითი იყო ბიძინა ივანიშვილი. თუ ამას ხაზარაძე დააპირებს, ცუდად დაამთავრებს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

 

სოციალისტი მამუკა ხაზარაძის (და ბადრი ჯაფარიძის) მოკვეთა მის მიერ არაფრიდან შექმნილი წარმატებული ბანკის ხემძღვანელობიდან დიდი უსამართლობაა! მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში!
5 წლის უკან