პარლამენტში ახალი კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვის დროს სასიამოვნო სიურპრიზი იყო ძველი რესპოდენტების ნახვა, რომლებზეც ერთ-ერთ გაზეთში, 10 წლის წინათ ვწერდი, რომ “კორუფციულ ჭაობში ჩაეფლნენ”. ისინი ისევ მაღალ თანამდებობებზე არიან, მე – ისევ ჟურნალისტი. უბრალოდ, იცვლება კონსტიტუცია, საიდანაც ჩემი ძველი ნაცნობები “სარგებელს” ელიან და, როგორც თავად ამბობენ – უნივერსიტეტისთვის. თუმცა, საკითხავი ისაა, რა შუაში იყო ერთმანეთთან ახალი კონსტიტუცია და მათ მიერ დაყენებული საკითხი?
ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს, ერთ-ერთმა დამსწრემ პავლე კუბლაშვილს პრეამბულაში ცვლილების შეტანა სთხოვა. ის შემდეგი ფრაზის ცვლილებას ითხოვდა: “ღვთისა და ერის წინაშე, საქვეყნოდ ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას”. ერის წინაშე ისედაც საქვეყნოს ნიშნავს, რაში გვჭირდება ეს სიტყვაო, თქვა გამომსვლელმა და დარბაზიც გამხიარულდა. გულიანად გაეცინა ჩემს ძველ რესპონდენტს, ამჟამად სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ვადაჭკორიას.
მეც, მინდა საქვეყნოდ გაგახსენოთ, ის ისტორია, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში ყოფილ რექტორს, რამაზ ხეცურიანისა და პრორექტორ ზურაბ ვადაჭკორიას დროს ხდებოდა. მაშინ პრეზიდენტი იყო შევარდნაძე, რომლის ნათესავი ამ უნივერსიტეტში მუშაობდა და ხეცურიანის მისაღებში გავიცანი. იმ დროს იმასაც ვწერდი, როგორ ცდილობდა ვადაჭკორია უკვე სერიოზულ რეფრმატორ-პოლიტიკოსად ჩამოყალიბებულ და შევარდნაძესთან დაპირისპირებულ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებას.
სამედიცინო უნიერსიტეტის ელიტის მიერ უნივერსიტეტის კუთვნილი ორი ობიექტის, ერთის დაბალ ფასში, მეორის კი, გაუგებარი წინა საპრივატიზებო პროცედურებით შესყდვის ფაქტებზე 2000 წელს ვწერდი გაზეთ “რეზონანსში”. ერთიც და მეორე ობიექტიც უნივერსიტეტის სასწავლო და დასასვენებელ ბაზას წარმოადგენდა, რითაც როგორც სტუდენტები, ასევე – პროფესსორ-მასწავლებლები სარგებლობდნენ.
თუმცა, მერე ეს ობიექტები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მეზობლებისა და ნათესავების ხელში აღმოჩნდა. ისინი კი, ვინც ამ პროცესს შეეწინააღმდეგა, სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ზოგი – უბრალოდ, გაჩუმდა, რადგან თავს ზემოთ ძალა არ იყო, მაგრამ სულმოუთქმელად კითხულობდნენ მაშინდელ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც რამდენიმე ნაწილად გამოქვეყნდა. ვრცელდებოდა ხმებიც, რომ გაზეთის ტირაჟის დიდ ნაწილს სწორედ ხეცურიანის გარემოცვა ყიდულობდა, რათა ინფორმაციები ყველასთან არ მისულიყო. თუმცა, თბილისი ხომ პატარა ქალაქია…
არის, თუ არა ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველი?
ერთი სიტყვით, ვიდრე ძველ ისტორიაზე გადავალ, ვადაჭკორიასა და მისი მარჯვენა ხელის, ზურაბ ორჯონიკიძის მოთხოვნის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ახალი კონსტიტუციის პროექტის განმხილველი კომისიის სხდომაზე გააჟღერეს. მათი მოთხოვნა კი გასაგებია, მაგრამ ის ვერ გავიგეთ, რატომ დააყენეს ეს იმ კომისიის სხდომაზე, რომელიც ახალი კონსტიტუციის პროექტს განიხილავდა სამეცნიერო წრეებთან ერთად.
ზურაბ ორჯონიკიძემ სხდომის წამყვანს, დეპუტატ პავლე კუბლაშვილს მიმართა, ახალი კონსტიტუციის 34 მუხლში წერია, რომ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სპორტული გაერთიანებების თანამშრომლობა ხელს უწყობს მოზარდთა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას, სპორტში მათ ჩართვასო.
აქვე დაამატა – ექიმები აპოლიტიკური ხალხი ვართ, ეს ამბავი არ გამოვა, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი ბაზები არ ექნებათო. კუბლაშვილმა, რომელიც ბაზების ამბებით კი არა, კონსტიტუციის განხილვით იყო დაკავებული, რატომღაც უთხრა: “თქვენს მოსაზრებას აბსოლუტურად ვიზიარებ”.
ჩვენი იურისტები იქამდეც მივიდნენ, რომ სპორტულ თუ სასწავლო ბაზებს კონსტიტუციით უკანონებენ სასწავლო დაწესებულებებს? როდის აქეთაა, რომ კონსტიტუციის პროექტი, თანაც ახალი და თანაც ჯერ კიდევ ბევრი კითხვებით სავსე, არეგულირებს სასწავლო, თუ გამაჯანსაღებელი ბაზების დაკანონების საქმეს? ეს ხომ სხვა კანონებისა და სხვა საკანონმდებლო საქმიანობის საქმეა?
ამდენი ხანი იმიტომ იწვალა ოპოზიცია-პოზიციამ, რომ პარლამენტში გამართულ ამ სხდომაზე ბაზების საკითხი დაეყენებინა სამედიცინო უნივერსიტეტს? დავიჯეროთ, რომ ეს არ იციან ვადაჭკორიამ და ორჯონიკიძემ?! ფაქტია, მათ ეს ტრიბუნა ტყუილუბრალოდ არ გამოიყენეს კუბლაშვილისთვის ბაზების საკითხის შესახსენებლად. როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე რაღაც თემების ლობირება ხელისუფლებაში.
პრესა.გე ამ სხდომის შემდეგ ზურაბ ვადაჭკორიას გაესაუბრა, თუმცა, მას ჩემი დანახვა სულაც არ გახარებია.
ეს კომენტარი ზურაბ ვადაჭკორიამ სხვა ჟურნალისტებთან გააკეთა: “მე, როგორც ექიმი, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ვარ, ძირითადად ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ გაზიარებულია კონსტიტუციაში ადგილობრივი თვითმმართველობა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ბევრი პრობლემის გადასაწყვეტად, ჯანდაცვის საკითხების გადასაწყვეტად.
ბევრი რამ ვერ ხერხდებოდა და ასეთი მიდგომით უფრო სწრაფად გადაწყდება ეს საკითხები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონსტიტციაში ფიქსირდება, გაჩნდა ჩანაწერი, რომ სახელმწიფო, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, უზრუნველყოფს ახალგაზრდობის, ვთქვათ, ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში ჩართვას. ვეთანხმები ამ მიმართულებას. აქ რედაქციულ საკითხებზე მსჯელობა მიდის, ჩვენი მხრიდან ეს აბსოლუტურად მოსაწონია”.
როგორც ხედავთ, რექტორი თავადვე აღიარებს, რომ კომისია კონსტიტუციის პროექტის რედაქციულ საკითხებს განიხილავს და არა - ბაზების. სხვა ჟურნალისტებთან გასაუბრების შემდეგ კი, ჩვენ მოგვიყვა, რა ბაზაზეა საუბარი. ბაზების შესახებ, დაწვრილებით, სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ ვადაჭკორიას ინტერვიუს.
მანამდე კი, უბრალოდ, ინფორმაციას მოგაწვდით, თუ რაზეა საუბარი, მერე კი ის გავიხსენოთ, 12-14 წლის წინ როგორ აღმოჩნდა სასწავლო-გამაჯანსაღებელი ბაზები სამედიცინო უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის მეზობლებისა და ნათესავების, მათ შორის – ყოფილი პრორექტორის, ზურაბ ვადაჭკორიას მეუღლის ხელში.
ერთი სიტყვით, სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს სპორტული კომპლექსი, ვაჯა-ფშაველას გამზირზე. ვადაჭკორია ამბობს, რომ ეს ტერიტორია არასწორად იყო გაცემული იჯარით, 25 წლის ვადით, 2 წლის წინ საფეხბურთო სკოლაზე - “საბურთალო”. თურმე, საიჯარო ხელშეკრულებით, ერთი საათის ვადით უნდა შესულიყო ამ ტერიტორიაზე ეს საფეხბურთო სკოლა და უნდა მოეხდინა ბაზის რეკონსტრუქცია. რაც რექტორის თქმით, არ ხდებოდა და უნივერსიტეტმა დაარღვია ცალმხრივად ეს ხელშეკრულება. საქმე სასამართლოშია და უნივერსიტეტი “საბურთალოსგან” 165 ათას ლარამდე ითხოვს.
შემდეგ, მისივე განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროდან წერილი შევიდა უნივერსიტეტში, სადაც ნათქვამი იყო, რომ საფეხბურთო სკოლა თანახმა იყო 600 ათას ლარად შეესყიდა ეს ტერიტორია და 1 მილიონის ინვესტიცია განეხორციელებინა. “ეს ძალიან დაბალი თანხაა” - ამბობს რექტორი, მაგრამ მას, “ალბათ”, ავიწყდება, რომ უნივერსიტეტის ყოფილი ხელმძღვანელობის დროს ძალიან სასაცილო თანხებშია შესყიდული ამავე უნივერსიტეტის ქონება, თანაც – სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსიც.
მაგალითად, ეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - “ნექტარი”, ურეკში, მაგნიტურ ქვიშებზე, საერთო ჯამში 14 ათასი ჰექტარი, 2 ხუთსართულიანი კორპუსითა და 7 კოტეჯით, 5 ათას დოლარად შეისყიდეს. ერთი კორპუსი – 414,5 დოლარად არის შეძენილი, ერთი კოტეჯი კი – 109,7 დოლარად. მართალია, დრო შეიცვალა, მაგრამ ეს ქონება, იურისტ-ექსპერტისა და აუდიტორის თქმით, მაშინაც ჩალის ფასად გაიყიდა. თუმცა, ამას მაშინ ვადაჭკორია არ შეწინააღმდეგებია.
თუმცა, დროთა ცვლილების ბრალიცაა, ალბათ, რომ ამ ეტაპზე ვადაჭკორია თანახმაა, დღეს სადაო სპორტული კომპლექსი უნივერსიტეტმა უფრო დიდ თანხებში შეისყიდოს სახელმწიფოსგან. მაგრამ საკითხავი ისაა, რომც შეიძინოს უნივერსიტეტმა ეს ქონება, მერე რა მოუვა მას, დროთა განმავლობაში.
იქნებ, არსებობს საშიშროება, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ეს სპორტული კომპლექსიც ისეთივე გაუგებარი ქმედებებით აღმოჩნდება რექტორის გარემოცვის ხელში, როგორც ეს 1998 წელს მოხდა, უნივერსიტეტის ერთ-ერთი სასწავლო ბაზის შემთხვევაში. ეს ბაზა ხომ, დღემდე ვადაჭკორიას მეუღლის საკუთრებაშია.
კარგად დავიწყებული ძველი გადარბენები
ციტატა “რეზონანსის” მაშინდელი ჟურნალისტური გამოძიებიდან: “სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, რამაზ ხეცურიანმა და მისმა გარემოცვამ, საეჭვო მექანიზმებით ხელში ჩაიგდო ორი მნიშვნელოვანი ობიექტი: უნივერსიტეტის კუთვნილი სტომატოლოგიური კლინიკის ნაწილი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი “ნექტარი”, ურეკში, მაგნიტურ ქვიშებზე. (14 ათასი ჰექტარი, 2 ხუთსართულიანი კორპუსით და 7 კოტეჯით 5 ათას დოლარად შეისყიდეს. მაგალითად ერთი კორპუსი – 414,5 დოლარად არის შეძენილი, ერთი კოტეჯი კი – 109,7 დოლარად).
ორივე ქონების მესაკუთრე გახდა რექტორ ხეცურიანის საახლობლო: მისი ცოლისდა ქეთევან ჭაბაშვილი, პრორექტორი ზურაბ ვადაჭკორია და მისი მეუღლე მარინა მამალაძე, პრორექტორი გიორგი ავალიშვილი, ხეცურიანის მეზობელი რუსუდან დევდარიანი, რომლის მეუღლე გვარად ხეცურიანია, ფიზკულტურის კათედრის გამგე და ბათუმელი ბიზნესმენი აბაშიძე.
იურისტ-ექსპერტების თქმით, სტომატოლოგიური კლინიკის პრივატიზება კანონის უხეში დარღვევით მოხდა. უფრო მეტიც – ბევრი სტომატოლოგი (მათ სამართლიანად ჰქონდათ პრივატიზებს პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება) სხვადასხვა მაქინაციებით, ამ პროცესში პრაქტიკულად იგნორირებულები აღმოჩნდა.
იურისტ-ექსპერტების აზრით, სტომატოლოგიური კლინიკის ნაწილის პრივატიზებამდე დარღვეულია როგორც სამოქალაქო სამართლის ნორმები, ასევე – სხვა ნორმატიული თუ არანორმატიული ხასიათის კანონქვემდებარე აქტები”.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, როგორ მოხდა სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის ნაწილის (რომლის ამჟამინდელი ერთ-ერთი მფლობელი ვადაჭკორიას მეუღლე მამალაძეა) პრივატიზაციისთვის მომზადება 4 დღეში. კვლავ ციტატა ჟურნალისტური გამოძიებიდან:
“ახლა კი იმის შესახებ, თუ რა კატასტროფული სიჩქარით დაიწერა სამი წერილი კლინიკასთან დაკავშირებით ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამინისტროებში. სამივე სამინისტროს მესვეურებმა, რატომღაც, ერთ დღეს, 3 აგვისტოს მოაწერეს ხელი ამ წერილებს.
ჯანდაცვის მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ 1998 წლის 29 ივლისს ბალანსიდან ბალასზე ჩააბარა უნივერსიტეტს “ბ” კორპუსი (სტომატოლოგიური კლინიკა) და ოთხ დღეში, 3 აგვისტოს ქონების მართვის მინისტრს გაუგზავნა წერილი: “გთხოვთ, კანონის დადგენილი წესით მოახდინოთ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი შენობის პრივატიზება”.
ეს წერილი 3 აგვისტოსვე შევიდა ქონების მართვის სამინისტროში. იმ დღესვე ქონების მართვის მინისტრის მოადგილემ წერილი მისწერა ეკონომიკის მაშინდელ მინისტრს და ამ უწყებაშიც მაშინვე გაიცა თანხმობა “ბ” კორპუსის პრივატიზებაზე. ამონაწერი ჟურნალისტური გამოძიებიდან: “იმავე დღეს, ვიღაცამ ეს წერილი ეკონომიკის სამინისტროდან წაიღო და 4 აგვისტოს ქონების მართვის სამინისტროში აღმოჩნდა... 4 აგვისტოსვე ეს ობიექტი საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში იყო”.
საოცარია, რა სიჩქრით მუშაობდნენ მაშინდელი მინისტრები და ფოსტალიონები, რომ უამრავი წერილის მიტან-მოტანა სამ სამინისტროში და ობიექტის პრივატიზებაზე გადაწყვეტილების მიღება დღენახევარში მოხერხდა. თუმცა, ამ სიჩქარეში, ზოგიერთი დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროს კანცელარიაშიც არ იყო გატარებული, ზოგიერთი კი, ამავე სამინისტროში ერთიდაიგივე ნომრით გაატარეს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა უწყებებში იყო გაგზავნილი.
ასე იყო თუ ისე, ვადაჭკორიას ცოლი, მამალაძე, სულ მალე გახდა ამ ობიექტის ერთ-ერთი მეპატრონე. კლინიკის კოლექტივისთვის კი არავის უთქვამს, ამ ობიექტის პრივატიზება ხდება და მიიღეთ მონაწილეობაო. არადა, კლინიკის ნაწილის შესყიდვის უპირატესი უფლება სწორედ კოლექტივს ჰქონდა და არა - პრორექტორის ცოლს, მარინა მამალაძეს. სხვათა შორის, მაშინ ამ კოლექტივის წევრები აცხადებდნენ, რომ სცოდნოდათ, პრივატიზების პროცესში მონაწილეობას მიიღებდნენ.
თავად სტომატოლოგიური კლინიკა თავდაპირველად, ორი – “ა” და “ბ” კორპუსებისგან შედგებოდა და მარჯანიშვილზე მდებარეობს. “ბ” კორპუსი დაზიანებული იყო, მაგრამ ინვესტორ მამალაძის იქ შესვლის შემდეგ ისეთი გახდა, ავ თვალს არ დაენახვება. მეორე, გაურემონტებელი ნაწილის “უფროსი” კი, როცა მე გამოძიებას ვაწარმოებდი, სწორედ ის ზურაბ ორჯონიკიძე გახლდათ, რომელიც ახლა პარლამენტში ახალი ბაზების საკითხს აყენებს.
მახსოვს, შენობის მეორე ნაწილში, რომლის პრივატიზება არ მოხდა, უნივერსიტეტის თანამშრომლები ისხდნენ და საათობით ელოდებოდნენ სტუდენტებსა და პაციენტებს. ხოლო მეორე, აღდგენილი ნაწილში კი -ცნობილი სტომატოლოგიური კლინიკა “უნიდენტი”, რომელსაც ვადაჭკორიას მეუღლე მამალაძე ხელმძღვანელობდა, ვერც კლიენტებს აუდიოდა და ვერც რეზიდენტურის მოსურნე სტუდენტებს.
ბუნებრივია, რომ გარემონტებულ შენობაში სწავლა სტუდენტებისთვის უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე კლინიკის მეორე ნაწილის ჩამოფხავებულ კედლებში და თანაც – ძველ სტომატოლოგიურ აპარატურაზე. აქ არც ისაა დასავიწყებელი, რომ, სავარაუდოდ, გავლენიანი “მეპატრონეები” (უნივერსიტეტის პრორექტორი ვადაჭკორია და მისი სტომატოლოგიური კათედრის გამგე მეუღლე) მათთვის კარგი რეზიდენტურის გავლის გარანტორებიც იყვნენ. და არა მხოლოდ…
ერთი სიტყვით, “უნიდენტში” რეზიდენტურის გავლა დღემდე უფრო მიმზიდველია და რამდენიმე ათასი ლარი ღირს, ვიდრე იქვე, შენობის მეორე ნაწილში მდებარე, ჩამონგრეულ საუნივერსიტეტო ბაზაზე. “რეზონანსში” ამ გამოძიებას 2000 წელს ვაქვეყნებდი, საკუთარი სტომატოლოგიური ბაზის აღდგენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება კი, უნივერსიტეტმა 10 წელია ვერ მოახერხა. თუმცა, ვადაჭკორია ამბობს, რომ ამ ნაწილსაც გაარემონტებენ, გარემონტებულს შეისყიდიან თუ არა, ეს არ უთქვამს.
დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ვადაჭკორიასა და უნივერსიტეტის მის წინამორბედ რექტორ გია მენაბდეს შორის დაპირისპირება სწორედ “უნიდენტის” გამო დაიწყო. თუმცა, ამაზე სტატიის მეორე ნაწილში, უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ და ჩვენს კითხვებზე ვადაჭკორიას პასუხებსაც შემოგთავაზებთ.