მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროის მონაცემებით, ხმათა უმრავლესობით სოციალისტები ლიდერობენ. ამის შესახებ BBC წერს.
სოციალისტებს ხმების 30,13% აქვთ, მეორე ადგილზეა დემოკრატიული პარტია 29,60%-ით. ამ ეტაპზე ბიულეტენების მხოლოდ მეოთხედია დათვლილი.
რაც შეეხება აქტივობას, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობამ, ბოლო მონაცემებით, 49.17 პროცენტი შეადგინა. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში საერთო ჯამში მილიონ 450 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ქვეყნის დედაქალაქ კიშინიოვში ამომრჩევლების აქტივობა 49.64 პროცენტი იყო.
პარლამენტში ადგილებისთვის 14 პარტია და ერთი ბლოკი იბრძვიან. მთავარი ბრძოლა რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირის მომხრე სოციალისტების პარტიას და მმართველ დემოკრატიულ პარტიას შორის არის, რომელიც ევროინტეგრაციას ემხრობა.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით პირველად ჩატარდა. შერეული სისტემა 50 დეპუტატის პარტიული სიით არჩევას, 51-ის კი ერთმანდატიანი სისტემით არჩევას გულისხმობს. ახალი სისტემით აქტივობის ზღვარი გაუქმებულია.