„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ¾–იანი საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 115 კაციანი უმრავლესობიდან ჯერ ლევან გოგიჩაიშვილი წავიდა, მას მიყვნენ ეკა ბესელია და ბექა ნაცვლიშვილი. მმართველი გუნდი პარლამენტში 112 დეპუტატით დარჩა, რაც კონსტიტუციის ¾–ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.
ახალი კონსტიტუციით, მოქმედებს საკონსტიტუციო ცვილებების მიღების მეორე წესი, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ხმათა 2/3-ის უმრავლესობით განხორციელდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ის მას შემდეგ ამოქმედდება, თუ მომდევნო მოწვევის პარლმენტი მხარს დაუჭერს. უმრავლესობის დაშლის პროცესი სამი დეპუტატით გასვლით არ მთავრდება, უმრავლესობას კიდევ რამდენიმე დეპუტატი ტოვებს, მათ შორის არიან გედევან ფოფხაძე, ზაზა პაპუაშვილი და ნუქრი ქანთარია.
საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან 7–ზე მეტი დეპუტატის გასვლა „ევროპული საქართველოს“ უმცირესობის დაშლას იწვევს. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში შეიძლება შენარჩუნდეს, თუკი „ევროპული საქართველო“ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობის ფორმატში გაერთიანებას მოახერხებენ. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტის გაერთიანებით ხდება.
საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში ტრაგედიას ვერ ხედავს ვიცე–სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი და ამბობს რომ ეს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია.
„საკონსტიტუციო უმრავლესობას პირადად სულ არ გამოვეტირები, სულ არ მგონია სწორი და კარგი რამ. რაც შეეხება იმ დაძაბულობას, რომელიც დეკემბრის ბოლოდან განვითარდა, რომლის კულმინაციაც ალბათ, გუშინ იყო სხდომაზე, ვისურვებდი, მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის. ამისთვის ალბათ ორივე მხარის მხრიდან მზაობა არის საჭირო“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს რღვევა იწყება. მისი თქმით, სააკაშვილი–ბოკერიას რეჟიმი დამნაშავედ არის გამოსაცხადებელი და ეს ერთ–ერთი ფუნდამენტური საკითხია, რაზეც გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.
„ყველას ჩვენ ჩვენი სათქმელი გვაქვს ერთმანეთთან. შევაჯერებთ და შემდეგ ვნახოთ. მთავარია, რომ არათუ პოლიტიკური კურსი, არამედ ის, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ სწორ ნაპირზე. რა თქმა უნდა, გუნდში არის ამის რესურსი. ხელისუფლების დაცემა–გადაგვარება იწყება იმ პრინციპების რღვევით, რომლებზეც ეს ხელისუფლება აღმოცენდა“, – აცხადებს ოთარ ჩრდილელი.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ გუნდიდან წავლის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი მისი და მისი თანამოაზრეების მიერ წარდგენილი კანონპროექტის ჩავარდნა გახდა. ამასთან ერთად ბესელიას თქმით, წინა ხელისუფლების მმართელობა რეჟიმად უნდა გამოცხადებული და მან საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნული კანონპროექტის ჩაგდების გამოც გააკრიტიკა. ეკა ბესელია პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აანონსებს და საზოგადოებასთან კონსულტაციებს გამართვას იწყებს.
„გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება, ალბათ, უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. მიზნების მისაღწევად ის ყველა ღონეს მიმართავს თანაგუნდელებთან ერთად“, – ამბობს ეკა ბესელია.
პარლამენტის მიერ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის ჩაგდება გახდა ბექა ნაცვლიშვილის მიერ პარლამენტის დატოვება. დეპუტატი არავისთან ალიანსში შესვლას არ გეგმავს და დამოუკიდებლად გააგრძელებს საკანონმდებლო უმრავლესობაში მუშაობას.
„ალიანსში არავისთან არ შევდივარ, ამიტომ ვუსვამ ამას ხაზს, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას. უბრალოდ თუ იქნება ისეთი საკითხები, რომლებსაც მე მხარს ვუჭერ, შესაბამისად, მხარდაჭერა ექნება ჩემგან და მეც თუ ისეთი ინიციატივებს დავაყენებ, რომლის მხარდაჭერას მოიპოვებს, რა თქმა უნდა, აქ არ იქნება გარჩევა იმისა, ვინ რომელი პარტიის და ფრაქციის წარმომადგენელია. ჩემი ინციატივა სახელმწიფოებრივ ხედვას ეფუძნებოდა, რაც მმართველმა პარტიამ არ გაიზიარა“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
იმ შემთხვევაში თუკი დროზე არ მოხდა გადაწყობა გუნდის, ასეთ შემთხვევაში დეპუტატის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ბუნებრივია, რომ ეს შენჯღრევა გაგრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, თუ სმენა აქვთ, დაუგდონ ყური მომავალს, რადგან, მომავლიდან კარგი ხმები არ ისმის.
„თუ გარკვეული კონფიგურაცია არ მოხდა, გუნდში ისეთი პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდია შეუქცევად ხასიათს იღებს, გაგრძელდება. ეს არის ეკას გადაწყვეტილება და არ არის ნაუცბათევი, გამყოლად არ გამოვდგები, მაგრამ არის მთელი რიგი პრინციპული საკითხები, თუ დროზე არ დაიწყო ცვლილებები გუნდში და არ მოხდა გადაწყობა გუნდის ბუნებრივია, ეს შენჯღრევა გაგრძელდება. უმრავლესობასაც მოვუწოდე, რომ დაუგდეთ ყური მომავალს, რა ხმები ისმის მომავლიდან და ვთქვი, რომ არ ისმის სასიამოვნო ხმები, თუ გვაქვს სმენა“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.
ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ მმართველი გუნდის დაშლა გარდაუალი პროცესია. ეკა ბესელიას გულწრფელობის არ სჯერა „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს, რომლის განცხადებით, ძნელია ბესელიას დაჯერება მაშინ, როცა ის არ საუბრობს ვინ შეიყვანა ქვეყანა კრიზისში.
„ბესელია საუბრობს კობახიძეზე და ოხანაშვილზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, ვინც რეალურად არის ამ პრობლემების სათავე. თუ პოლიტიკოსი რეალურად აღწერს ქართულ ოცნებაში არსებულ პრობლემებს კობახიძისა და ოხანაშვილისკენ კი არ უნდა გაიშვიროს ხელი, უნდა დაასახელოს ამ პრობლემის სათავე. ვინ გააფორმა ეს კონტრაქტი მოსამართლესთან.
ვინ შემოგვთავაზა მურუსიძე და ჩინჩალაძე, კობახიძემ? კობახიძე საერთოდ არ იყო 2013 წლის პარლამენტში, მაშინ იყო ივანიშვილი. ქალბატონი ბესელია სანამ არ დაასახელებს ამ პრობლემის მთავარ სათავეს, ვინც ამ უმძიმეს კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემა მანამდე ვერ დავიჯერებთ მის გულწრფელობას“, – აცხადებს ოთარ კახიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ არამხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს, არამედ ძალიან მალე დაკარგავს ხელისუფლებას და ეს გარდაუვალია. მისი თქმით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ შიდა კინკლაობით არის დაკავებული.
„ვინმეს ახსოვს რომელიმე ლიდერის მხრიდან პენსიონერის ხსენება? ან მაგალითად, რა უნდა ვთქვათ, როცა კომუნალური გადასახადები თვიდან თვემდე მატულობს. ამიტომ ქართული ოცნების დაშლა არის გარდაუვალი, რომელიც დაგვირგვინდება მათი მარცხით უახლოეს პერიოდში.
რაც შეეხება ეკა ბესელიას, არამგონია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ან ნაციონალურ მოძრაობაში ვინმეს ჰქონდეს სურვილი ითანამშრომლოს იმ ადამიანებთან, ვინც უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ყველა უღირს საქციელზე საუბრობდა, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. შვიდი წლის განმავლობაში თავისუფლად თანამშრომლობდნენ მურუსიძეებთან და ჩინძალაძეებთან და ბოლო დღეებში გაახსენდათ, რომ ისინი არ არიან მისაღები“, – აცხადებს ნიკა მელია.
დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდება პარტიიდან რამდენიმე წევრის გარიცხვის საკითხი. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის სამდივნოს სხდომა გუშინ ჩატარდა, სწორედ ამ შეხვედრას ის დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
რაც შეეხება პარტიდან გარიცხვის კანდიდატებს, ესენი არიან – ოთარ ჩრდილელი; კობა ნარჩემაშვილი; ლევან კობერიძე; ზვიად კვაჭანტირაძე; გედევან ფოფხაძე; ბიძინა გეგიძე; რევაზ არველაძე და ალექსანდრე ერქვანია. როგორი იქნება პარტიის თავმჯდომარის საბოლოო ვერდიქტი, ეს დღეს პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ის, რომ მმართველი გუნდი „ურჩი“ დეპუტატების გარიცხვაზე მუშაობს, ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ფრაქცია „ქართული ოცების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.