უმრავლესობის რიგებიდან ბესელიას გასვლის გამო გია ვოლსკი პრობლემას ვერ ხედავს, უბრალოდ, გული წყდება ყველა იმ წუთსა და წამზე, რომელიც ერთად გაატარეს, გული წყდება არა მარტო ეკაზე, არამედ სხვებზეც.
მმართველ გუნდში ყოფნის ბოლო წუთებში ეკა ბესელიამ დაიქადნა, რომ მალე მოყვება იმას, რასაც „ოცნება“ მორჩილი სასამართლოს შესაქმნელად აკეთებდა. უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნასთან ბოლო გამოსვლა ჰქონდა ლევან გოგიჩაიშვილსაც, რომლისთვისაც ზღვარი წაიშალა, რადგან „ოცნებამ“ დაკარგა მორალური უპირატესობა, როცა ბესელიასა და მის თანამოაზრეთა მომზადებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, უმრავლესობის რიგებს გამოეთხოვა ლევან გოგიჩაიშვილიც.
„ქართულ ოცნებას“, ასევე, შეელია ბექა ნაცვლიშვილიც, რომლის ინიციატივამაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით კოლეგების თანადგომა ვერ ჰპოვა და ბექა ნაცვლიშვილმაც დაასკვნა - „ჩვენ ვერ დავამარცხეთ „ნაცმოძრაობა“.
თუკი 9 დეპუტატი საკუთარ გუნდს დატოვებს, მაშინ „ქართული ოცნება“ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩეს. უმრავლესობაში თანხმდებიან, რომ 9 ადამიანის გუნდიდან მოწყვეტა რთულია, მაგრამ ასეთი რიტორიკით ერთად ყოფნის პერსპექტივა ნაკლებად ჩანს.
რა პროცესები მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“ და სად გადაინაცვლებენ „ოცნებიდან“ გარიყული დეპუტატები?!
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩენილ „ოცნებას“ მეტი დრო დასჭირდება იმ გადაწყვეტილებების პარლამენტში გასატანად, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ცხადია, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვს, ეს პრობლემა მოხსნილია. თუმცა ამ დეპუტატების გასვლის მიუხედავად, „ოცნება“ უმრავლესობას მაინც შეინარჩუნებს და საკითხების გატანას მაინც მოახერხებს.
„არა მგონია, დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნებიდან“ გავიდნენ, ან გასვლას აპირებენ, მაინცდამაინც დიდ ოპოზიციაში ჩაუდგნენ თავიანთ ყოფილ პარტიას. რასაკვირველია, იქნება რაღაც საკითხებში განსხვავება, მაგრამ შეიძლება იყოს თემატური თანამშრომლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მათ პოზიციების თანხვედრა გააჩნიათ. აქ მეორე საკითხია, თუ როგორი სიგნალია ეს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის. მე მგონი, ეს არ არის მაინცდამაინც კარგი სიგნალი. ამ დეპუტატების ნაბიჯმა „ქართულ ოცნებას“ ამიერიდან მაინც უნდა მისცეს იმის მოტივაცია, რომ როდესაც დაიწყება მუშაობა მომავალ საპარლამენტო სიაზე, „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდეს იდეოლოგიასა და ღირებულებებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალად და არა ისეთ ეკლექტურ გაერთიანებად, როგორც აქამდე გვევლინებოდა.
ამ ჭრელი შემადგენლობის საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელიც ახლა გვყავს, ინტერესთა კონფლიქტისა და ღირებულებითი შეუთავსებლობის წარმოქმნა გარდაუვალი იყო. შესაბამისად, ეს პროცესი, რომელიც ახლა დაიწყო, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაწყებულიყო“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ და გაიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ არავითარი აზრი არ აქვს ასეთი რიტორიკით გუნდში დარჩენას.
ანალიტიკოსის მოსაზრებით, კრიტიკას ვერ უძლებს ის არგუმენტი, რასაც ე.წ. ამბოხებული დეპუტატები იშველიებენ. კერძოდ, სჯობს, გუნდში ვიყოთ და შიგნიდან მოვახდინოთ პროცესებზე ზეგავლენა, იქნებ, გადავარწმუნოთ და ჩვენს პოზიციაზე გადმოვიყვანოთ ჩვენივე თანაგუნდელებიო. სინამდვილეში, როდესაც პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეუთავსებლობაა, მაშინ უნდა დატოვო გუნდი, საკუთარი გზა და ადგილი იპოვო პოლიტიკურ ველზე.
ზაალ ანჯაფარიძის განმარტებით, რთულია იმაზე საუბარი, შექმნიან თუ არა ცალკე ფრაქციას წასული დეპუტატები. თუკი „ქართული ოცნების“ უმრავლესობას დატოვებს დაახლოებით 7-8 დეპუტატი, მაშინ ფრაქციის შესაქმნელად საჭიროა 6 დეპუტატი. მაგალითად, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ბესელიასთან ერთად ვერ ხედავს თავის ადგილს და ის იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი.
ანალიტიკოსი ეჭვობს, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები „პატრიოტებთან“ გაერთიანდნენ. უბრალოდ, მათ შეიძლება, „პატრიოტებს“ ერთი დეპუტატი აჩუქონ იმისთვის, რომ მათ ფრაქცია არ დაეშალოთ.
„სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ამ ჯგუფში მყოფი დეპუტატები: ბესელია, გოგიჩაიშვილი რაღაც განსაკუთრებული მიზიდულობის ცენტრი გახდნენ და ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბონ. დამოუკიდებლად მათი რესურსები, ანუ ახალი პოლიტიკური ძალის რესურსები აშკარად არასაკმარისია. ისინი, ალბათ, იქამდე იქნებიან პარლამენტში, სადამდეც იქნებიან და ამის შემდეგ უკვე დრო დაგვანახებს, რომელ პოლიტიკურ ძალასთან მოახერხებენ საერთო ენის გამონახვას, თუკი საერთოდ დარჩებიან პოლიტიკაში. ეს კიდევ ცალკე საკითხია“.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 9 ადამიანის გუნდიდან მოწყვეტა პოლიტიკური პროცესის განვითარების თანმდევი მოვლენაა და ზოგი წავა გუნდიდან, ზოგიც მოვა.
„9 ადამიანის ბედი ამ ქვეყნის ბედთან შედარებით იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. ამ ვითარებაში მათ, ცალკე აღებულთ, პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. ერთადერთი, შეიძლება, მიეკედლონ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. მე მგონი, „ნაციონალებთან“ არ წავლენ. ინაშვილის პარტიას რომ მიეკედლონ, რაც დღეს გავლენა აქვთ, იმის ნახევარიც არ შერჩებათ. ღმერთმა ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ არ ველოდები ისეთ რადიკალურ პოლიტიკურ ქარტეხილებს, რომელიც არსებულ ლანდშაფტს დაანგრევს და რაღაც ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას შექმნის. ისევ მგონია, მომავალი საპარლამენტო არჩევნების მთავარი პოლიტიკური ძალების ლიდერი „ქართული ოცნება“, ხოლო მეორე მხრივ - „ნაცმოძრაობა“ იქნება“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
მისივე განმარტებით, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩება „ქართული ოცნება“, მას არანაირად არ გაუჭირდება პროცესების მართვა, რადგან საკონსტიტუციო რეფორმა უკვე დასრულებულია, „ოცნებას“ აღარ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. რაც უფრო დიდია ეს უმრავლესობა, მით უფრო მეტი რისკი და პასუხისმგებლობაა. ამდენად, შეიძლება გამოსავალიც იყოს იმაში, რომ, ვინც წასასვლელია, წავიდეს.
ანალიტიკოსი ყოველგვარ პოლიტიკურ კრიზისს გამორიცხავს. ის არ ფიქრობს, რომ უმრავლესობა დაკარგავს კონტროლს მთავრობაზე, ან აღარ შეეძლება მთავრობის ფორმირება, ან დღეს მოქმედი მთავრობა პარლამენტში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, ნდობას დაკარგავს. დავით ზარდიაშვილის აზრით, მომავალ არჩევნებამდე „ოცნება“ სტაბილურ უმრავლესობას შეინარჩუნებს, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, რადგან რიგგარეშე არჩევნები რომ დაინიშნოს, მთავრობამ აუცილებლად უნდა დაკარგოს ნდობა და ვერ მოხერხდეს პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის ფორმირება. ეს კი არ მოხდება, გინდაც ტანზე ყველაფერი შემოიხიოს „ნაცმოძრაობამ“, ან შიმშილობა გამოაცხადოს. ეს ყველაფერი პოლიტიკურ მასხარაობას დაემსგავსება.