მამუკა ხაზარაძის შემდეგ, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს. „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციაზე იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავმჯდომარის და მოადგილის პოზიციებს. გარდა ამისა, „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.
საკუთარი გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელის საშუალებით გაავრცელა. განცხადებაში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე წერს, რომ ბანკი იმყოფებოდა ძლიერი შეტევის მდომარეობაში, რის შედეგადაც საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ქვეყანამ სერიოზულად იზარალა.
ხაზარაძე საკმაოდ კრიტიკულია და ამბობს, რომ ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მიაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან დაკავშირებით, რომლის არარსებობა, მისი თქმით, საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.
„სამწუხაროდ, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.
მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. იმედია, ჩემი გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ წავიდა, სამშაბათს პარლამენტში კომიტეტის მოსმენაზე მიიღებს მონაწილეობას და ამ გზით შეეცდება საქმის დეტალები გააცნოს პარლამენტის წევრებს. ამავე დროს დამოუკიდებლად აგრძელებს მისი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში.
პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე.
„მოწოდება იყო „თიბისი ბანკის“ მიმართ, რომ მათ ეროვნულ ბანკთან ერთად სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოაგვარონ ის პრობლემა, რომელიც არსებობდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და სწორი. ვფიქრობ, რომ აქციონერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის გამართლებული, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე. ვერავინ ვერ უკარნახებს ბანკის აქციონერებს გადაწყვეტილების მიღებას, მით უმეტეს, რომ იქ არის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები, უპირველეს ყოვლისა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, J.P. Morgan და სხვები. ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს“, – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
ხაზარაძის გადაწყვეტილება მთავარი განხილვის თემა იყო პარლამენტში. ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, რომლის განცხადებით, „თიბისი ბანკზე“ სასამართლო შედგა ივანიშვილის შუშის სასახლეში და იმ „ქურდული გარჩევის“ დროს მამუკა ხაზარაძე 100:0 დამარცხდა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ აქვს ნდობის ვოტუმი, რომ გააგრძელოს დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა. დეპუტატი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი გადაიქცა ძალოვანი უწყების ქვე–სტრუქტურად და რეალურად, ის არაფერს წყვეტს. ამასთან, რომან გოცირიძემ ამავე კონტექსტში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხზეც ისაუბრა.
„ის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო სისტემა და მას არ ენდობა ჩვენს ქვეყანაში არავინ, ეს ყველამ იცის. მაგრამ გუშინ ლონდონში „თიბისი ბანკის“ მნიშვნელოვანმა აქციონერებმა, მსოფლიოში ცნობილმა უდიდესი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლო დავას წყვეტენ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით.
ეს არის პირდაპირი ვერდიქტი საქართველოს სასამართლო სისტემისადმი, რომ არავითარი აზრი საქართველოში სასამართლოში განხილვას არ აქვს, ვინაიდან სასამართლო „თიბისისთან“ დაკავშირებით შედგა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში, იმ ქურდული გარჩევის დროს მან 100:0 დაამარცხა მამუკა ხაზარაძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დარჩა 5 წელიწადი. ამ ნდობით და ამ რეპუტაციით მას საქართველოს ეროვნული ბანკის მართვა არ შეუძლია. როცა ვამბობდით, რომ ეროვნული ბანკი არის მთავრობის განყოფილება, ძალიან ვცდებოდით – ეროვნული ბანკი გადაიქცა შსს–ს ერთ–ერთ ქვესტრუქტურად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს გამორიცხავს ვიცე–სპიკერი, გია ვოლსკი, რომელმაც ბიუროს სხდომაზე უპასუხა რომან გოცირიძის ბრალდებას და მიმართა, რომ ქურდული გარჩევაც, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავსგასულობაც მისკენ მოიკითხოს. როგორც დეპუტატი ამბობს, გოცირიძემ მიზანმიმართულად გააკეთა განცხადება, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„ჯიმ მორგანის ხსენება იმ კონტექსტში, რომ შეეშინდა რაღაც ქურდული გარჩევის, არის არაკომპეტენტური განცხადება. მეორე საკითხი არის ის, რომ სასამართლოდან სარჩელი გამოაქვს, რადგან ზუსტად იცის რაც მოხდა, ხოლო მესამე არის ის, რომ თავად მამუკა ხაზარაძეც არ უარყოფს ამ თემას, ამბობს, რომ არ იცოდა. ფაქტი არის იმდენად ნათელი და თვალსაჩინო, რომ ამაზე კამათი არ შეიძლება.
საკითხის ასე შებრუნება თუ შეიძლებოდა, რომ თურმე აქციონერთა საბჭოს შეეშინდა და საქართველოს სასამართლოდან გამოიტანა საჩივარი არა იმიტომ, რომ ხედავს, რაღაცა არ არის წესრიგში, არამედ იმიტომ, რომ შუშის სასახლეშია საქმე, ძალიან გთხოვთ დაანებეთ ამას თავი. ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავსგასულობაც. მით უმეტეს, არ შეიძლება ასე ყველაფრის ჩამოკიდება იმაზე, რასაც თქვენი პოლიტიკური ინტერესი ჰქვია. არსებობს სახელმწიფო ინტერესი და ხანდახან ამაზე უფრო მეტად უნდა დაფიქრდეთ“, – მიმართა გოცირიძეს გია ვოლსკიმ.
სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში ხელისუფლების ინტერესებს ხედავენ ექსპერტები და მამუკა ხაზარაძისგან მეტ კონტკრეტიკას ითხოვენ. გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია გავიგოთ რამ მიაღებინა ხაზარაძეს წასვლის გადაწყვეტილება, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება დაისვას დიაგნოზი – რა სჭირს ამ ქვეყანას. მისი თქმით, თუკი სახელმწიფოებრივი პოზიციიდან შევხედავთ, გასაგებია მისი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ბევრად მეტი ღირებულებაა ის, რაც შეგვიქმნია ცხოვრებაში და ამ დროს სუბიექტური ინტერესები უკანა პლანზე გადადის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც კითხვის ნიშნები მოიხსნა.
რაც შეეხება ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივას, რომლის დასრულების სურვილზე საუბრობს ხაზარაძე, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს საკმაოდ რთული პერსპექტივაა, ვინაიდან განვითარებული მოვლენების ფონზე ეჭვქეშ დგება ინვესტორების მოზიდვა.
„როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ისმის, თვითონ ანაკლიის თემა წინასაკონტრაქტო ფაზაშია, რომელიც თავისთავად ძალიან სენსიტიური ფაზაა და ამ ტიპის ბრალდებები ეჭვქვეშ აყენებს იმ ინვესტორების მოზიდვას, ვისთანაც მოლაპარაკებები მიდიოდა. ანუ, რისკი ძალიან მაღალია და როგორ მოხერხდება ამ რისკის პრევენცია, ამას უნდა დავაკვირდეთ და შევხედოთ.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ კითხვის ნიშნები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მთლიანობაში ამ საქმესთან დაკავშირებით. რამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება, რა გახდა ბოლო წვეთი, ეს უნდა გავიგოთ. ეს უკვე აღარ არის პირადად მამუკა ხაზარაძის პრობლემა. სახელმწიფოებრივი განვითარების, საინვესტიციო გარემოს, ინტერეს ჯგუფების აქტიურობის და ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფოს სისტემურ პრობლემად იქცა ეს ყველაფერი“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ცხადია მამუკა ხაზარაძის სურვილით არ მომხდარა ბანკიდან ჩამოშორება და ამ იძულებითი ნაბიჯის ავტორი თავად უნდა დაასახელოს. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე განცხადებაშიც ამბობს, რომ „თიბისი ბანკიდან“ მისი წასვლა იძულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამ იძულებითი ნაბიჯის ავტორი თავად უნდა დაასახელოს.
„ბანკიდან წასვლით პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც, ფაქტობრივად, „თიბისი ბანკის“ და ზოგადად, ქვეყანაში ფინანსური სისტემის სატბილურობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. როგორც ჩანს, ეს საერთაშორისო დონეზე გადაწყდა. ასევე, როგორც ჩანს, თავად „თიბისი ბანკის“ დაცულობისთვის მიიჩნია საჭიროდ, ვინაიდან „თიბისი ბანკის“ სტაბილურობის შერყევა მთლიანად აისახებოდა ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემის მდგრადობაზე.
საინტერესოა, სად გააგრძელებს ის საქმიანობას. განაცხადების მიხედვით ამბობს, რომ მთლიანად გადაერთვება ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, თუმცა არ ვიცი, რამდენად არის იმის გარანტიები, რომ სტაბილურად გაგრძელდეს ანაკლიის პორტის განვითარება, პორტის სათავეში ხაზარაძის ყოფნით. იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის პორტიდანაც წავიდა, საინტერესოა სად წავა ის, წავა სახლში, თუ პოლიტიკაში, რასაც დღეს ამას ბევრი ელის?“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.