ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ინიციატივას, რომელსაც სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას ითვალისწინებდა, მხარი 45 კანონმდებელმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი წავიდა, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა. კანონის თანახმად კი, კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღებისთვის 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.
ბესელია–ფოფხაძის კანონპროექტს „პატრიოტთა ალიანსის“ 6–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი „ევროპულმა საქართველომ“; რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 დეპუტატმა დაუჭირა მხარი ესენი არიან: თინა ბოკუჩავა, ნიკა მელია, რამაზ ნიკოლაიშვილი, სალომე სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი. ინიციატივა გაიზიარა ასევე ფრაქციის გარეშე დარჩენილმა 2–მა დეპუტატმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წევრს, კანონპროექტს მხარი 17–მა დეპუტატმა დაუჭირა – რევაზ არველაძე, ეკა ბესელია, გიორგი მოსიძე, კობა ნარჩემაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან პოღოსიანი, გია ჟორჟოლიანი. კენჭისყრაში საერთოდ მონაწილეობა არ მიიღო – მამუკა მდინარაძემ, გუგული მაღრაძემ, ენძელა მაჭავარიანმა, გიორგი ვოლსკიმ, გივი ჭიჭინაძემ და ერეკლე ტრიპოლსკიმ.
კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა – სოფო კილაძემ, ირაკლი კობახიძემ, ვანო ზარდიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, ირინა ფრუიძემ, ნინო წილოსანმა, თამარ ხულორდავამ.
კენჭისყარმდე საკანონმდებლო ორგანოში მთელი დღის განმავლობაში მწვავე დებატები იმართებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ კანონპროექტის ავტორები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში დაადანაშაულა, თავის მხრივ დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კობახიძე, რომელიც თურმე კონსტიტუციას იცავს, რეალურად ზარდიაშვილს და ჩინჩალაძეს იცავს.
როგორც მოსალოდნელი იყო, უმარვლესობამ ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ უმრავლესობა დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.
„გიდასტურებთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. „ოცნებამ“ დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში იურიდიულად უფორმებდნენ ყველაფერს, რასაც ის ქვეყნის წინააღმდეგ სჩადიოდა.
კობახიძის პირით „ოცნებამ“ მახინჯი ფორმულა გაახმოვანა - „ადრე ცუდს აკეთებდნენ და დღეს კარგად იქცევიან“. მთელი არსებით ვეწინააღმდეგები ამ სიმახინჯეს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
რაც შეეხება ეკა ბესელიას, ის გუნდის დატოვების საკითხზე განცხადების დღეს 12:00 საათზე გააკეთებს. ბესელია საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს, მასთან ერთად პარტიას ტოვებს გედევან ფოფხაძე, არსებული ინფორმაციით, უმარვლესობას ტოვეს ზაზა პაპუაშვილი, ნუქკრი ქანთარია, ბექა ნაშვილიშვილი, ბიძინა გეგიძე.
კენჭისყრამდე კოლეგებს ტრიბუნიდან მიმართა ეკა ბესელიამ და ყველას, ვინც იბრძოდა და დღესაც იბრძვის იმ იდეალებისთვის, რითიც პირველი ოქტომბერი მოვიდა ამ ქვეყანაში, მადლობა გადაუხადა და ბოდიში მოუხადა ირაკლი კობახიძის ნაცვლად, რომელმაც ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსენსუსში დაადანაშაულა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლა მისი კოლეგების შეურაცხყოფა იყო.
„ის არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, მან ვერ შეძლო ამ პარლამენტის ღირსების დაცვა. ის შეშინებული იყო დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც ვერ ბედავდა ხმა აემაღლებინა და ეთქვა, რომ არ შეიძლება იმ კომიტეტის სხდომის დანიშვნა და არ შეიძლება იმ 10 კაცის, სააკაშვილის ჯალათების დანიშვნა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტის თავმჯდომარე ან ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, მე მის მაგივრად მოვუხადე ბოდიში კოლეგებს, რაც მან აქ იკადრა, ან ის ზუსტად იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც ის გახდა სწორედ ამ თანამდებობაზე გამწესებული. თუ მან არ იცის, ეს რას ნიშნავს, ჩვენ ვაჩვენებთ, ეს როგორ ხდება. მე ამ ბრძოლას, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია, გავაგრძელებ იმ ხალხთან ერთად, ვისაც სჯერა ამის და ყველა ნახავთ იმ შედეგს, რა იქნება საბოლოოდ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
თუ ვინმე გადაწყვეტს გუნდიდან წავლას, პარლამენტის იურდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არ იქნება პრობლემატური და არ შექმნის პრობლემას. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, პარლამენტი არის ადგილი, სადაც საკითხი, ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც განიხილება, სულ მცირე კონსტიტუციის მინიმალურ სტანდარტს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს, რაც ამ კანონპროექტის შემთხვევაში არ იყო.
„არ იყო დასახული მიზანი, რომ გაუმჯობესებულიყო სასამართლო სისტემაში მდგომარეობა. ვერ უზრუნველყოფდა კიდევ უფრო უკეთესი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას და მთავარი – წინააღმდეგობაში იყო საქართველოს კონსტიტუციასთან, ასეთი კანონების მიღება კი, დაუშვებელია. თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ, ვფიქრობ, ეს არ იქნება პრობლემატური ჩვენი გუნდისთვის და არანაირ პრობლემას არ შექმნის’, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„როგორი ინტერესიც არ უნდა გქონდეს კონკრეტული საკითხების მიმართ, სახე არ უნდა დაკარგო“, – ასეთია მამუკა მდინარაძეს პოზიცია ეკა ბესელიას მიერ უმრავლესობის დატოვების შესახებ.
„ბესელიას მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია და არც მიზანშეწონილია. თუ გვაქვს კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი – სასამართლოს დამოუკიდებლობა, მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება, ამისკენ უნდა ვიაროთ კონსტიტუციისა და კანონის გზით. რაც შეეხება ემოციებს, არ მინდა დეტალებში შესვლა და ყოველთვის თავს ვიკავებ ამისგან, რაც უნდა ხდებოდეს, როგორი ინტერესიც უნდა გქონდეს კონკრეტული საკითხების მიმართ, სახე არ უნდა დაკარგო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კრიტიკულია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის განცხადება, რომელიც არ გამორიცხავს პარლამენტში იარკლი კობახიძის იმპიჩმენტის დაყენების საკითხს. ირმა ინაშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ამ ადამიანების მიმართ საზოგადოებაში ნდობა არ არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი მაინც ცდილობენ, გახდნენ უვადოდ დანიშნული მოსამართლეები.
„საკუთარი ნებით არ ფიქრობენ, რომ წავიდნენ სისტემიდან და გზა გაუხსნან ახალ მოსამართლეებს, რომ ახალი კლასის ფორმირება მოხდეს მოსამართლეების. მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე, ხედავენ, რა მაღალია უნდობლობა მათდამი ქართული საზოგადოების და ქართველი ხალხის მხრიდან, მაგრამ მაინც ჯიქურ, რქებით გვაწვებიან, რომ დარჩნენ სისტემაში. აქვთ იმედი იმისა, რომ პარლამენტში ჰყავთ ლობისტები, პარლამენტს გარეთ ჰყავთ ლობისტები და ჰგონიათ, რომ მარადიულები იქნებიან. დღეს ამ ტრიბუნიდან მე მინდა, ვუთხრა მურუსიძესაც, ჩინჩალაძესაც, ყველა სხვა დანარჩენს, თქვენ ამ სისტემიდან წახვალთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დეპუტატი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს ასეთ ცალსახა ვითარებაშიც კი გადახედოს იმ კურსს, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, ეს ვითარება ქვეყანაში დიდხანს ვერ გაგრძელდება.
„ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს, რომ ასეთ ცალსახა ვითარებაშიც კი, როდესაც საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის სრული კონსენსუსია, ამ საკითხშიც კი სერიოზულად მზად იყოს, რომ გადახედოს იმ კურსს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ჩიხში და რომელიც ანგრევს ჩვენს ინსტიტუტებს. აქაც კი ასე უტიფრად იქცევა. მაგრამ დღევანდელმა დღემაც გვაჩვენა და კონკრეტულმა ციფრებმაც, რომ ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის უმრავლესობამ განაცხადა ღიად, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე და ა.შ. არიან ამ ქვეყნის მომავალი მართლმსაჯულება“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, რომლის განცახებით, „ქართული ოცნების“ წევრების უმარვლესობა გულით ეთანხმებოდნენ ბესელიას კანოპროექტს, მაგრამ ვერ გაბედეს მხარი დაეჭირათ.
„გვითხრეს, რომ ამ მოსამართლეებით უნდა ავაშენოთ ქართული დემოკრატიაო, ეს იყო და ეს. ასეთი მეტამორფოზა განიცადეს. 9 წლის წინ აგინებდნენ, აძაგებდნენ, დღეს რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თუ არ ვცდები „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატის გამოკლებით, რაც მიღწევაა ნამდვილად, დანარჩენებმა, უბრალოდ, ვერ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილება. არადა მთელი უბედურება რაშია იცით? გულით ეთანხმებოდნენ ქალბატონ ბესელიას, მაგრამ ვერ გაბედეს მხარი დაეჭირათ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.