რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში რუსეთი დაუყოვნებლივ უპასუხებს და იარაღს დაუმიზნებს არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც აშშ თავის იარაღს განათავსებს, არამედ თავად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ფედერალური კრების წინაშე განაცხადა.
„დღესვე ვიტყვი პირდაპირ და ღიად, მერე რომ არ გვისაყვედურონ, წინასწარ რომ გასაგები იყოს, რაზეა საუბარი. რუსეთი იძულებული იქნება შექმნას და განავითაროს იარაღის სახეობები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას არა მარტო იმ ტერიტორიების მიმართ, საიდანაც ჩვენს მიმართ შესაბამისი პირდაპირი საფრთხე წამოვა, არამედ იმ ცენტრების მიმართაც, სადაც ჩვენს წინააღმდეგ მომართული სარაკეტო კომპლექსების განთავსების გადაწყვეტილებებს იღებენ.“- განაცხადა პუტინმა საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებული ხელშეკრულებოდან აშშ-ის გასვლის კომენტირებისას.
პუტინის განცხადებით, საერთაშორისო მდგომარეობა დღესდღეობით ისეთია, რომ არ საჭიროებს დამატებით და უპასუხისმგებლო გამწვავებას:
„ჩვენ ეს არ გვსურს. მინდა დავამატო, რომ ამერიკელი კოლეგები უკვე შეეცადნენ მოეპოვებინათ აბსოლუტური სამხედრო უპირატესობა გლობალური სარაკეტო თავდაცვითი სისტემის დახმარებით. ასეთ ილუზიებს უნდა შეეშვან. ჩვენი მხრიდან პასუხი ყოველთვის იქნება ქმედითი და ეფექტური.“- განაცხადა პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ასევე განიხილავს სარკისებრ ზომებს, იმ შემთხვევაში თუ აშშ ევროპაში საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტებს განათავსებს. მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს პირველმა განათავსოს ევროპის ტერიტორიაზე ეს რაკეტები.