„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიას მიმართავს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე კონსულტაციებში ჩაერთოს. გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი იმით ხსნის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს.
პარლამენტის თავჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი აცხადებს სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მოამზადონ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან.
„შესაბამისობაში იქნება ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ, ვენეციის კომისია მზად არის, „ქართული ოცნების“ შეთავაზება მიიღოს და მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმების შემუშავების პროცესში ჩაერთოს. ვენეციის კომისიის მდივანი, ტომას მარკერტი განმარტავს, რომ ზოგადად, ვენეციის კომისია მხარს უჭერს იმას, რომ მოსამართლეები პენსიაზე გასვლამდე უვადოდ ინიშნებოდნენ. მისი თქმით, ეს ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და საჭიროა მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის.
„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია მოთხოვნა მმართველი პარტიის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მოსამართლეების უვადო დანიშვნის საკითხზე რაიმე მოსაზრებას ვერ გამოვთქვამ. როდესაც მოგვმართავენ, შემდეგ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ პროცესში, თუ საკითხი შეეხება მოსამართლეების დანიშვნის წესების, კრიტერიუმების გამომუშავებას და არანაირად არ იქნება ფოკუსირებული კონკრეტულ პირებზე, მოსამართლეებზე“, – აცხადებს ტომას მარკერტი.
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ დისკრედიტირებულ მოსამართლეებთან მიმართებაში უცხოური ელემენტების შემოყვანა, გამოცნობადია. თუმცა, ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ჯგუფს მოუწევს დაფიქრება სახელმწიფოებრივად რამდენად სწორი შეიძლება იყოს ვენეციის შემოყვანა პროცესში.
როგორც ალაფიშვილი აცხადებს, საზოგადოების დიდი ნაწილი კონსოლიდირებულია, რომ არსებული სასამართლო სისტემა ცუდია, მასში არსებული და დომინირებული ჯგუფი არ უნდა იყოს სასამართლოში.
„ამ კონტექსტში უცხოური ელემენტის შემოტანა, მით უმეტეს ვენეციის კომისიის შემოყვანა შემუშავების პროცესში, უცილობლად გამოიწვევს რას? – სკეფტიციზმს ვენეციის კომისიის და ევროპული ინსტიტუტებისადმი. ხელისუფლება საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გადასარჩენად მიდის ევროპული იდეების დისკრედიტაციასთან. წარმოიდგნიეთ, ვენეციის კომისია არის მომხრე, მოსამართლეების მაქსიმალურად დამოუკიდებლობისა და უვადოდ გამწესების ჩათვლით სრული ავტონომია ჰქონდეს სასამართლო სისტემას.
ოღონდ მათი მცდელობა არ არის ქართული რეალობიდან ნასაზრდოვები, მათ არ იციან, რომ ამ სისტემაში უვადოდ გამწესება, მით უმეტეს პარლამენტის მონაწილეობის როლის შემცირება, საზოგადოებისგან ვერ მიიღებს მხარდაჭერას. ანუ, რეალურად, ვენეციის კომისია და „ქართული ოცნების“ მცირე ჯგუფი ერთად აღმოჩნდება ქართული საზოგადოების წინააღმდეგ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
ამ პოზიციას იზიარებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომლის განცხადებით, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ იყენებს ვენეციის კომისიის ავტორიტეტს. მისი თქმით, ვენეციის კომისია არის საკონსულტაციო ორგანო, მისი გადაწყვეტილება არ არის სავალდებულო არავისთვის. თუმცა, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს დროის გაჭიანურებას და ერთ–ერთი არგუმენტი არის კენჭისყრაზე არ დადგეს ეკა ბესელიას კანონპროექტი, რომელიც საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
„მე რამდენადაც ვიცი, ბესელია ითხოვს უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას და არა კრიტერიუმების დადგენას, როგორც ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ეს ხომ სხვადასხვა საკითხია? ამიტომ ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა უბრალოდ დრო მოიგოს. ვენეციის კომისიაზე აპელირებით გადადოს ამ საკითხის საბოლოოდ განხილვა, ალბათ, დროის გაწელის მიზნით პრობლემა შემოდოს თაროზე, როგორც მისთვის არის ჩვეული და დაელოდება ამ სტანდარტების დადგენას. მერე იტყვის, კი ბატონო ამ სტანდარტების გამოყენებით ვიფიქროთ, რომ ჩინჩალაძე და მისი ჯგუფი უნდა გამწესდეს მოსამართლედ“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.
ანალიკიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძეს შეფასებით, ვენეციის კომისია მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს და მის მოსაზრებს, რა თქმა უნდა, ანგარიშს გაუწევს როგორც ერთი, ისე მეორე მხარე. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხრიდან ვენეციის კომისიისათვის მიმართვა ნიშნავს იმას, რომ გამოიყენოს ვენეციის კომისიის ავტორიტეტი, რადგან, საზოგადოებაში საკითხისადმი არის მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება და ამ გზით ცდილობს გადაწყვეტილება თავად არ მიიღოს.
„მგონია, რომ ვენეციის კომისიის ავტორიტეტი იქნება გამოყენებული არგუმენტად, როგორც საზოგადოებრივი აზრის, ისე ამ ოპონენტების წინააღმდეგ, თუ, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისია გამოთქვამს მოსაზრებებს, რომელიც თანხვედრაში იქნება ხელისუფლების მოსაზრებებთან. ცოტა რთულია შეეწინააღმდეგო ვენეციის კომისიას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიასთან წვდომა ექნება როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. მე უფრო მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში არა ვენეციის კომისიისთვის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ, მაგრამ არც ეს არის ცუდი ვარიანტი.
საინტერესოა, რას იტყვის ვენეციის კომისია. ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებამ მოძებნა გამოსავალი არსებული სიტუაციიდან. ის ასე ფიქრობს, მაგრამ რამდენად მიიღებს საზოგადოება ვენეციის კომისიის ამ გადაწყვეტილებას, ან რამდენად იქნება შესაბამისობაში იმ მოთხოვნებთან, რაც დღეს ქართულ საზოგადოებას აქვს სასამართლოს მიმართ, ეს ცალკე თემაა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოსავალი ამ შემთხვევაში სწორია, პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.