„ამ გუნდში არც მდგმურები ვართ, არც ვიღაცის კაცის კაცები და ეს ადგილიც არავისგან წყალობით არ მიგვიღია“

„ამ გუნდში არც მდგმურები ვართ, არც ვიღაცის კაცის კაცები და ეს ადგილიც არავისგან წყალობით არ მიგვიღია“

დაიშლება თუ არა უმრავლესობა, ეს დღევანდელი კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ეკა ბესელიას განცხადებით, სწორედ ამ კენჭისყრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა და ეს დამოკიდებულია იმაზე, მხარს დაუჭერს თუ არა უმრავლესობა 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მართლმსაჯულების თემას ეხება. საკითხის კონსტიტუციურობას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ეს საბაბია. ამის შესახებ ხვალ გვექნება მსჯელობა. მე მოვისმენ არგუმენტებს. არანაირი გადაწყვეტილება და არც მითითება, რომ მე დავტოვო უმრავლესობა, ხელმძღვანელების მხრიდან არ ყოფილა.

პირადად ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას, დამოკიდებული იქნება ხვალინდელ კენჭისყრაზე. ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელსაც ვაკვირდებოდი. მე ეს პროცესი გავაანალიზე. ვნახოთ, როგორი იქნება განხილვის შედეგები. ამ შედეგებზე აისახება ჩემი გადაწყვეტილება. ახლა მთავარია, რას იზამს უმრავლესობა. დროებით შევაჩერებთ თუ არა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პოლიტსაბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ, ბესელიამ შეხვედრები გამართა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, თუმცა ვის შეხვდა და რა საკითხებზე ისაუბრა, ბესელიამ დეტალები არ დააკონკრეტა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მმართველი გუნდი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ბესელია–ფოფხაძის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით იმის მიუხედავად, რომ მმართველმა პარტიამ შეაჩერა მოსამართლეთა ათკაციანი სიის განხილვა, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიამ არაჯანსაღი ხასიათი მიიღო. კობახიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მომზადდა არაკოსტიტუციური კანონპროექტი.

„ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი მხარდაჭერას ვერ მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული.

ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და კიდევ უფრო პრობლემური გახდება სასამართლოში გადატვირთულობა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის არგუმენტები მიუღებელია ეკა ბესელიასთვის და კობახიძე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. დეპუტატი განმარტავს, რომ არასწორი დასკვნების გამოტანის მთავარი მიზეზი ის არის, რომ აღნიშნული პროექტის ირგვლივ უმრავლესობის შიგნით მსჯელობა არ ყოფილა.

„არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იყო ცნობილი უმრავლესობისთვის ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე, მათ შორის - ბოლო სხდომაზე საკითხი უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დავუჭერდით თუ არა მხარს, იდეას დაეთანხმა ყველა.

რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას, ეს არ არის სწორი, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, უმრავლესობის შიგნით და უმრავლესობისა და ფრაქციის შიგნით რომ არ მოხდა ამ დრომდე პროექტზე მსჯელობა, აი, ეს იწვევს ასეთ მსჯელობას“, – აცხადებს ეკა ბესელია.

მმართველი გუნდის ახალგაზრულმა ფრთამ კოლეგებს კარისკენ მიუთითა. ბესელია და მისი თანაგუნდელები პარტიიდან გასვლას ჯერჯერობით არ ჩქარობენ. თუმცა, ცნობილია, რომ ბესელიასთან ერთად უმარავლებას რამდენიმე დეპუტატი დატოვებს: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილს და ბიძინა გეგიძე. არ არის გამორიცხული, ამ გუნდში ვიხილით ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი.

მაშ ასე, ბესელია არ ჩქარობს, მაგრამ კოლეგებს გადაწყვეტილების დროულად მიღების რეკომენდაციას აძლევს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომლის განცხადებით, თუ ადამიანები, დეპუტატები, აცხადებენ, რომ თუ გუნდი არ მიიღებს ანტიკონსტიტუციურ კანონს და ისეთ კანონს, რომელიც გაანახევრებს მოსამართლეთა შემადგენლობას და შეაფერხებს მართლმსაჯულების პროცესს, მე გავდივარ გუნდიდან, ეს იმ დეპუტატის გადასაწყვეტია, რომლის მსჯელობაც აქამდე მიდის.

„ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში შესაძლებელია, რაღაც დროში ჩვენ მივიღოთ განახევრებული შემადგენლობა მოსამართლეებისა. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მთავარი პრეტენზიაა, რომ შენელებულია ძალიან მართლმსაჯულება და ტემპი არ მოსწონთ, ჩვენ განახევრებას უზრუნველვყოფთ განახევრებით. ასეთი კანონპროექტები არ უნდა დარეგისტრირდეს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მდინარაძის „მბრძანებლური“ ტონი მიღებელია დეპუტატ გედევან ფოფხაძისათვის, რომლის განცხადებით, ვიღაცის კაცის კაცები არ არიან და ეს ადგილი არავისგან წყალობით არ მიუღიათ. ფოფხაძე ამბობს, რომ პოლიტსაბჭომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„შეეშალა პოლიტსაბჭოს, არასწორ ნაბიჯს დგამენ და არასწორ განცხადებებს აკეთებენ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ჩემთვის არ არის უმაღლესი ინსტანცია მორალური თვალსაზრისით. ის ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივით გამოვდივართ, ამ გუნდში არც მდგმურები ვართ და არც შემთხვევით მოვხვდით და ვიღაცის კაცის კაცები არ ვართ.

ჩვენ ეს ადგილი არავისგან წყალობით არ მიგვიღია. ასე რომ, რა გადაწყვეტლებაც არ უნდა მივიღოთ, დარჩენის ან წასვლის თაობაზე, ეს გადაწყვეტილება იქნება ნაკარნახევი იმ მორალური ღირებულებებით, რომლითაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

trampi ვბალეშიკობ ბესელიას ..... აუცილებლად უნდა დაიშალოს ეს კომპარტია--- ოცნება ...
ასეც მოხდება
5 წლის უკან