ბესელია–ფოფხაძის კანონპროექტს მომდევნო მარცხი სესიაზე ელოდება

ბესელია–ფოფხაძის კანონპროექტს მომდევნო მარცხი სესიაზე ელოდება

როგორც მოსალოდნელი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე ჩავარდა, მისი განხილვა პლენარული სხდომის ფორმატში მოხდება. ხმაურიანი განხილვა დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი ეკა ბესელია განმარტავს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად და სამართლებრივად მცდარი. ამბობს, რომ მოსახლეობის აზრის გამოკითხვა იქნება ერთ–ერთი გზა, რომლითაც კონსტიტუციური ცვლილებების აუცილებლობას ხედავს. დეპუტატის თქმით, თუკი მმართველი გუნდის წევრები მის ინიციატივას საპარლამენტო განხილვაზე ჩააგდებენ, ეს საზოგადეობის ნების წინააღმდეგ წასვლა იქნება. ბესელია ამბობს, რომ ის იმ გუნდის წევრი არასდროს იქნება, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის.

„ამ წინადადების ჩაგდების პოლიტიკური ფასი საკმაოდ მძიმე იქნება. კომიტეტის ის წევრები, რომლებიც იმეორებენ იგივე არგუმენტებს, რასაც ვისმენ მე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრთაგან და მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფისგან, ეს ნიშნავს, რომ მიდიხარ შენი საზოგადოების და მოსახლეობის წინააღმდეგ. სამართლებრივ ჭრილში ეს იყო ძალიან სუსტი, ძალიან უარგუმენტო და, პრაქტიკულად, არაფერზე დაფუძნებული პოზიცია.

არასოდეს არ ვიქნები ჩემი ხალხის წინააღმდეგ და არასოდეს არ დავდგები მეორე მხარს, სადაც ერთ მხარეს იქნება ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა. თუ ადამიანს, რომელიც პოლიტიკაშია, ხელისუფლებაშია, განსაკუთრებით მმართველ გუნდშია, არ აქვს განცდა და მაჯისცემას ვერ გრძნობს საკუთარი ამომრჩევლის, ეს არის მარცხი, ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი პოლიტიკური არჩევანი და მე არასდროს ჩემი ხალხის საპირისპირო მხარეს არ ვმდგარვარ და არ ვიდგები“, – აცხადებს ეკა ბესელია, რომელიც იმედოვნებს, რომ უმრავლესობა, რომელიც სესიაზე მოისმენს ინიციატივას, იგივე პოზიციას არ აირჩევს, როგორც ეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა.

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას ღიად უპირისპირდება და ამ ამბობს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირდაპირ ეთერში საკუთარი რეპუტაცია „ააორთქლა“. დეპუტატი განმარტავს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აღარაფერი არ არის და მიმდინარეობს იუსტიციის საბჭოს ფილიალიზაცია.

„უნიკალური შემთხვევა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ხმალამოღებით ამბობდნენ, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თავი შეიკავეს. ეს თავშეკავებულობა უკვე ახალი მიმდინარეობაა. როდესაც არ შეგიძლია პოზიციის დაფიქსირება, თავს იკავებ. ცოტა ხანში ძალიან ბევრი თავშეკავებული დეპუტატი გვეყოლება. ეს თავშეკავებულობა გამომდინარეობს იქიდან, რომ არ შეგიძლია გამბედავი ნაბიჯი გადადგა, არ შეგიძლია წახვიდე იმ ცუდის წინააღმდეგ, რაც რეალურად ახლა ხდება.

იგონებ რაღაც აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილ არგუმენტს, რომ ეს თითქოს რაღაც ანტიკონსტიტუციურია, როდესაც ერთი წინადადებითაც კი არ მტკიცდება, რომ პროექტი ანტიკონსტიტუციურია. მოქალაქეები, პროფესიული წრეები, სტუდენტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია არის იმ აზრზე, რომ სასამართლოში სერიოზული პრობლემებია. მხოლოდ იუსტიციის საბჭო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გარკვეული ჯგუფი, ვერ ხედავს ამას, მაგრამ გინდა, არ გინდა, ამის დანახვა ყველას მოუწევს. ეს გარდაუვალი პროცესია“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

კოლეგების პრეტენზიებს არ იზიარებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორთა პოზიციები დაცლილი იყო სამართლებრივი არგუმენტებისა და მსჯელობისგან.

„საზოგადოება დააკვირდება და ნახავს, ვის რა ინტერესი ამოძრავებდა რეალურად. პირველი და მთავარი საკითხი, რომელიც მე და ჩემმა კოლეგებმა გავაჟღერეთ, ის იყო, რომ

დავსვი შეკითხვა, აღნიშნული კანონპროექტი უზრუნველყოფდა თუ არა, რომ კიდევ უფრო კვალიფიციური მოსამართლეები შესულიყვნენ სისტემაში და კიდევ უფრო სწრაფად მომხდარიყო მართლმსაჯულების წარმართვა სასამართლოში. მარტივ შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. ეს იყო დაცლილი ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტებისა და მსჯელობისგან“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი კანონპროექტის ინიციატორებიდან ორი დეპუტატი ერთი წლის წინ იყო უშუალო ხელმომწერი, რომ ორგანულ კანონში შესულიყო ცვლილება და იუსტიციის საბჭოს კონსტიტუციის შესაბამისად მისცემოდა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის უფლება.

„მე არ მახსოვს ასეთი საჯარო დისკუსია მათი მხრიდან და ღრმა განხილვა, ამ საკითხს შეეძლო თუ არა შედგომში შეექმნა რაიმე სახის პრობლემა. ეს არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხები ვერ მივიღეთ. საზოგადოება თავად ნახავს, ვის რა ინტერესი ამოძრავებდა რეალურად. არის ეს მართლაც მართლმსაჯულების ინტერესი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სწრაფი მართლმსაჯულება მიიღოს უფრო კვალიფიციური მოსამართლეებისგან, თუ ეს არის სხვა რაიმე ინტერესი, ამას საზოგადოება თავად ნახავს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის შემდეგ ბესელია–ფოფხაძის კანონპროექტს მომდევნო მარცხი პარლამენტის სესიაზე ელოდება. რაც ნიშნავს, რომ ხელოვნურად შენარჩუნებული ოპოზიცია დაიშლება. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გუნდის ყველა წევრი მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული

„ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად შევინარჩუნით ყველა ის ადამიანი და ჩვენი გუნდის წევრი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ საქმიანობა. ასევე, ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესების სათავესთან იდგა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდის ყველა წევრი მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული. ჩვენ თვითონ განვაცხადეთ, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული თემა არის რთული პოლიტიკური თემა. როგორც ყველა რთულ საკითხს, ამასაც მოჰყვებოდა რა თქმა უნდა, აქტიური განხილვები.

მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მოსამართლეების შერჩევა და დამტკიცება უვადოდ მოხდება გამჭვირვალედ, სასამართლოს გარედანაც ექნებათ ადამიანებს მონაწილეობის შესაძლებლობა და პარლამენტი, ამერიკის კონგრესის სტანდარტით, ზუსტად ისე, როგორც ეს არის ამერიკის კონგრესში, ანუ კანდიდატებთან პირდაპირი ინტერვიუების, შეკითხვების გზით, მოახდენს კანდიდატურების განხილვას და კენჭისყრაც მოხდება ინდივიდუალურად“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.