ბოლო დღეების „კომპრომატების ომს“ საზოგადოება უკვე შეეგუა, თუმცა ერთი ტენდენცია აშკარად გამოიკვეთა - ის, რასაც ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ აქვეყნებს, ჭორაობად შეიძლება მივიჩნიოთ, ხოლო ის, რაც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იდება, საკმაოდ მძიმე და შემზარავი ბრალდებებია. ბოლო დღეებში ხშირად ისმის კითხვა, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი საზოგადოებაზე, როგორ აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე ის ყველაფერი, რასაც ბოლო ათი დღის განმავლობაში ისმენს და უყურებს ხალხი.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ექსეპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება
ბოლო მოვლენა არის კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების პირადი საუბრების გამოქვეყნება. ისინი ამბობენ, რომ ეს მონტაჟია, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საზოგადოების არჩევანზე?
- აღარაფერს ვამბობ, მორალურ მხარეზე, ყველა მიმართულებით ირღვევა ადამიანის უფლება, თითქოს, ერთ დიდ კამერაში ვართ მოქცეული, სადაც ადამიანს პირადი ცხოვრებაც კი აღარ აქვს, იმას, რასაც ჩვენ წლების მანძილზე ჭორის სახით გადავცემდით ერთმანეთს, რომ ყველა და ყველაფერი ისმინება, ახლა ეს ზედაპირზე ამოვიდა. ყველაზე ხელშეუხებელი რაც არის, პირადი ცხოვრება, გამოდის, რომ ადამიანს ამისი უფლებაც აღარ გაქვს.
როგორც ჩანს, ამ ყველაფრის მიზანი საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებაა, როგორ შეცვლის ეს საზოგადოების განწყობას თუ საერთოდ არ იმოქმედებს?
- კოალიციის წევრების უმეტესობის მიმართ საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება ამ წლების მანძილზე ისედაც გამოკვეთილი იყო. დღეს ყველაფერი ტრიალებს ივანიშვილის გარშემო. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხალხი ირჩევდა (თუ ფიგურაზეა საუბარი), ივანიშვილს და კოალიცია იყო მისი შლეიფი. თუ ეს იქნება ამოსავალი თეზა, ივანიშვილის რეიტინგს არაფერიც არ დაკლებია.
არის კიდევ მეორე და გაცილებით მნიშვნელოვანი, ის მასალები, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ დაიდო ათი დღის წინ, იმდენად შემზარავი იყო და იმდენად დეგრადირებული სახე წარმოაჩინა იმ ყველაფრისა, რაც დღემდე სახელმწიფოში ხდებოდა, რომ ვერანაირი კომპრომატი თავისი ძალით მას ვერ შეედრება. საზოგადოებამ იმ მასშტაბის შოკი მიიღო, რომ ვერც ერთი მათგანი თავისი ძალით ახლოს ვერ მივა.
საზოგადოების განწყობა ამ ხელისუფლების მიმართ იმდენად არის ჩამოყალიბებული, რომ დღეს არჩევანი არ კეთდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დღევანდელი განწყობა სულ ორი სიტყვით გამოიხატება - გამარჯვება ან ცოცხები.
ხელისუფლებამ საზოგადოებას სხვა ალტერნატივა არ დაუტოვა. არჩევანი შეიძლება გაკეთდეს კარგსა და ცუდს, ცუდსა და უარესს შორის, მაგრამ რა მოცემულობაც დღეს გვაქვს, ეს ალტერნატივა უკვე აღარ არის. ერთ მხარეს არის სიცოცხლის უფლება, მეორე მხარეს ცოცხი იმ დატვირთვით, რა დატვირთვითაც საქართველოს საზოგადოებამ იხილა. ამ არჩევანის გასაკეთებლად მიდის ამომრჩეველი პირველ ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან და არა რომელიმე პარტიის ან პერსონის მხარდასაჭერად.
ყველა კომპრომატი, რაც დაიდო, ან შეიძლება დაიდოს, უფასურდება ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან შედარებით. ამიტომ არის აზრს მოკლებული და სასაცილო ის, რაც ჩვენ ვიხილეთ. სხვა შემთხვევაში ამას შეეძლო რა თქმა უნდა, გარკვეული ზეგავლენის მოხდენა.
დღეს ისე გამოვიდა, რომ ადამიანი მიდის არჩევნებზე იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი სიცოცხლის უფლება. დარწმუნებილი ვარ, მოსახლეობის უმრავლესობას სჯერა, რომ თუ ის ვერ მოახერხებს პირველ ოქტომბერს ამ არჩევანის გაკეთებას და მის დაცვას, ორი ოქტომბრიდან თუ არა, ათი ოქტომბრიდან მაინც მას ეს ცოცხი არ ასცდება - ვგულისხმობ იმ პერსპექტივას, რაც უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შეიძლება მოხდეს.
ეს არის ხელისუფლების ყველაზე დიდი ტრაგედია. ხელისუფლება, რომელიც მოვიდა უდიდესი მხარდაჭერით, რომელსაც ჰქონდა უდიდესი პოტენციალი შენების (ყოველ შემთხვევაში, ვინც ეს ხელისუფლება აირჩია, მას ეს სჯეროდა), გარდა ამისა, ჰქონდა უდიდესი ფორა დასავლეთიდან და 8 თუ 9 წლის თავზე, ასეთი დილემით მიდის არჩევნებზე.
ვნახეთ არანაკლებ მნიშვნელოვანი კადრები ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით, სადაც ასევე აშკარად ჩანს, ის რაზეც წლების მანძილზე ჭორად დადიოდა, როგორ ნაწილდება ბიზნესები და გავლენები და როგორ იმართებოდა ქვეყანა ამ წლების მანძილზე...
- ეს ხომ ჩვენი ყოველდღიურობა იყო 2003 წლიდან მოყოლებული დღემდე. ამიტომაც არ მოჰყოლია ამ ვიდეოებს რეაქცია ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც, თითქოს, მის წისქვილზე უნდა დაესხა წყალი.
იმხელა სიმძაფრე ჰქონდა წამების კადრებს, რომ მასთან შედარებით ყველაფერი უფასურდება, იმის მიუხედავად, რომ ისიც ვიცოდით....
ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა კიდევ ერთ რამეს გაუსვა ხაზი - ხელისუფლება მოქმედებს შოკის პირობებში, აქედან გამომდინარე, შეცდომის დაშვების ალბათობა უფრო მაღალია, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ჩანაწერების სახით აშკარად ჩამოუვარდება ხელისუფლების კლასს, რასაც ამ წლების მანძილზე ვიყავით შეჩვეული.
მაშინ სხვა რეჟისორი ჰყავდათ ნაციონალებს?
- ასე მარტივად ასახსნელი არ არის. ბოლო ათი დღის მანძილზე ბევრი რამ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება შეგუებულია, რომ ვეღარ დარჩება სულ ცოტა, როგორც ერთპიროვნულად მმართველ ძალად ქვეყანაში. პირველი ორი დღე, როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო რაღაცეების გამოქვეყნება, გამიჩნდა განცდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიას დასცინოდა, იმდენად უსუსური იყო ის, რასაც აჩვენებდნენ. ზოგადად, ეს არც სააკაშვილის ხელწერაა და არც მისი გუნდის თავების.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ორი კითხვა, რომელსაც დღემდე არ აქვს პასუხი და რომელიც ძალზე ბევრ რამეს ახსნიდა. პირველი - როგორ გაიყვანა ბედუკაძემ ოჯახი და როდესაც დათო ბლიაძე, ციხის მეორე ოპერატორი, საზღვარზე გასვლისას დააკავეს, რატომ არ დააკავეს მაშინ ბედუკაძის ოჯახიც. მაშინ ეჭვებიც კი გააჩინა, როგორ გაუშვეს, ხელისუფლებისგან ხომ არ არის შემოგდებულიო.
ასეთი ეჭვი ისევ არსებობს...
- მესმის ხარაკირი, მესმის თვითმკვლელობა, მაგრამ ასეთი რამ თვითონვე გაეკეთებინა „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი თავისთვის, ამაში არც ლოგიკაა, არც ალოგიკურობა. გამორიცხულია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასე საჯაროდ საკუთარი თავი სისხლისგან დაეცალა.
რაც შეეხება ამ ადამიანების საქართველოდან უსაფრთხოდ გაყვანას, სავარაუდოდ, ეს არც ივანიშვილს შეეძლო...
- აქვე მოდის მეორე კითხვაც. რამდენიმე დღის განმავლობაში ისმოდა ტელევიზიით, რომ ირმა ინაშვილს ეს კადრები ჰქონდა ვანო მერაბიშვილისგან, ამას ამბობდა ბედუკაძეც და თუ არ ვცდები, ფოფხაძემაც გაიმეორა. არავის ხელისუფლებაში აზრად არ მოსვლია, რომ რამე აეხსნა საჯაროდ და კითხვა მაინც დაესვა, რა ხდება მერაბიშვილის თავს. არც მერაბიშვილს მოსვლია აზრად, რომ საზოგადოებისთვის რამე აეხსნა. ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლების მიერ დაიდო კომპრომატები, რომელიც მოკლედ, რომ ვთქვათ, გაშარჟდა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში მაფიქრებინებს, რომ ვიღაც ძალიან მწარედ დასცინის საკუთარ გუნდს.
თუმცა, ალბათ, ეს ასე არ არის, ყოველ შემთხვევაში საკუთარი გუნდის ოპონირება არავისგან მოგვისმენია...
- ეს გუნდი რომ ის აღარ არის, რაც ათი დღის წინ იყო, ეს ფაქტია. ის, რომ შიგნით მიმდინარეობს ხელისუფლების ერთი ჯგუფის თვითგადარჩენისთვის ბრძოლა, ვფიქრობ, რომ ესეც საკამათო არ უნდა იყოს. ეს რა ფორმით მოხდება, რაღაც დოზით ხელისუფლებაში დარჩენით თუ სამშვიდობოს გასვლით, ამაზე დაბეჯითებით საუბარი მიჭირს, მაგრამ ბევრი რამ მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლების ერთი ჯგუფი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს...
ვინ შეიძლება იყოს ეს ერთი ჯგუფი?
- ვფიქრობ, რომ თუკი ეს ასეა, ეს არის ქვეყნის გადარჩენის ყველაზე რეალური შანსი. თუ ეს ასეა, მაშინ ეს ჯუფი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სისხლი არ დაიღვაროს პირველი ოქტომბრის შემდეგ და ისეთი განცდა მაქვს, არც უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ გამწვავებას.
სხვათა შორის, ამ ხელისუფლების უდიდესი მეგობარი მეთიუ ბრაიზაც კი აღიარებს რომ ციხის ფაქტები ამ ხელისუფლებისთვის უდიდეს დარტყმას წარმოადგენს. როგორ ჩანს, მართლაც ცუდად აქვთ საქმე...
- იდეალური ვერსია იყო ის, რომ არა მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლილიყო ხელისუფლება, არამედ რაღაცა დოზით ხელისუფლებაში დარჩენილიყო კიდეც და ამით ორპარტიულ სისტემას საქართველოში საფუძველი ჩაყროდა, მაგრამ, რაც ვნახეთ, ამის შედეგად ყველა სასურველი თუ ოპტიმალური მოდელი ეჭვქვეშ დადგა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი მაჟორიტარი ხალხს ეუბნება, რომ „ოცნებასთან“ შეკრულია და მხარი მას დაუჭირონ, ეს ცრუ მანევრია თუ ერთი სული აქვთ, არჩევნები დასრულდეს რომ ახლანდელ ოპოზიციას შეუერთდნენ?
-ამ პროცესს ალბათ ვერ ავცდებით, მაგრამ ჯერ ის არის სასაუბრო თემა, ვინ შევა პარლამენტში. ამ კადრების გამოქვეყნებამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ძალიან დიდი შანსი, რომ ძალიან ბევრი მაჟორიტარული ოლქი მოეგო. თუ წავიდოდა სახეებს შორის ბრძოლა ცნობადობის, ქმედითობის მიმართულებით, ნაციონალებს ძალიან დიდი შანსი ჰქონდათ, მაგრამ საკითხი იდგა ასე, რომ თუ რაღაც ისეთი მოხდებოდა, რომ ყველა სახე თავის მნიშვნელობას დაკარგავდა, ასეთ შემთხვევაში პერსონალურ არჩევანს უკვე მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. დღეს სწორედ ეს საკითხი შეიძლება იდგეს დღის წესრიგში. დღეს პერსონიფიცირება უკანა პლანზე გადავიდა და სრულიად სხვა ტიპის არჩევანთან გვაქვს საქმე. ამ ყველაფერმა ძალიან გაურთულა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებს საქმე, მათაც კი, ვისაც რეალურად მოგების ძალიან დიდი შანსი ჰქონდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სტადიონი ძლივს შეავსეს, ისიც ნაწილობრივ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ელექტორატიც აღარ შერჩათ თუ მთლად ასეც არ არის საქმე?
- მინიმუმზე რომ დავიდა, ეს ფაქტია. პირველი აქცია რომ გამართა ივანიშვილმა, მაშინ ვთქვი, რომ თბილისმა უკვე გააკეთა არჩევანი, ჯერი რეგიონებზეა-მეთქი. დარჩენილ თვეებში ნაციონალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თბილისის არჩევანი რეგიონებსაც გაეზიარებინათ.
თუმცა საბედისწერო მაინც ის კადრები აღმოჩნდა, თითქოს, ამაში გაერთიანდა მთელი რვა წლის ტკივილი, წარუმატებლობა, ბოღმა, უმწეობა - ის ყველაფერი, რაც ამ საზოგადოებამ დაუმსახურებლად მიიღო ამ ხელისუფლებისგან. ამ ყველაფერმა ერთად ამოხეთქა. ამის უკან შეტრიალება უკვე წარმოუდგენელია. ადამიანურად მეცოდებიან კიდეც, რადგან თუკი კარგი რამ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ამით ესეც კი გადაიხაზა.
სხვათა შორის, ნიშანდობლივია ისიც, რომ პარტიარქის ლოცვა-კურთხევით სამღვდელოება მრევლთან ერთად არჩევნების წინა ორი დღე იქნება ქუჩაში და ლოცვით შემოივლიან ტაძრებს. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა, ეს არის საზოგადოებისათვის სოლიდარობის გამოცხადება?
- არც ყოფილა ასეთი არჩევნები საქართველოში აქ არის ორი თემა. ერთი, რომ ქვეყანას რეალურად საფრთხე ემუქრება და ამ საფრთხის თავიდან აცილება სასულიერო საზოგადოებას შეუძლია.
აქ ორი დაპირისპირებაა რეალურად, ყველა სხვა სუბიექტზე საუბარი სისულელეა, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება მართლაც ეკლესიას, მან ეს ტვირთი უნდა ზიდოს.
ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ვისმენდი, როდესაც ერთ-ერთი სასულიერო პირი ამბობდა, რომ უნდა აღიგავონ ისინი, ვინც ეს უმსგავსობა ჩაიდინა და აქ არ იგულისხმებოდნენ ის ჯალათები, ვინც ასრულებდნენ ამ დავალებას.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცალკეული კორუმპირებული ეპისკოპოსების გარდა სამღვდელოებამ თავისი ნება გამოხატა - პირველად საქართველოში. ის რაც არ გააკეთა და სწორად არ გააკეთა პატრიარქმა პიროვნულად, გააკეთა თავისი სამღვდელოების ხელით. ბოლო ორი დღე ის მომენტია, როდესაც ერი და ბერი გაერთიანდა.
ამითი ქართულმა სამღვდელოებამ საკუთარი თავი და ქართული ეკლესიის მომავალი გადაარჩინა. ეს ხმამაღალი ნათქვამი არ არის. იმას, რაც თქვა პარტიარქმა იმ დღეებში, როდესაც კადრები გამოქვეყნდა - რომ ყველა ქვეყანაში ხდება ეს, მაგრამ ისინი ფარავენო, ამას საზოგადოებაში მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. ადრე ძალიან ცოტა თუ ბედავდა ეკლესიის კრიტიკას და ეს ძირითადად, თავისუფლების ინსტიტუტთან ასოცირდებოდა. ძალიან ბევრმა სოციალურად აქტიურმა და ინტელექტუალურმა ადამიანმა თავს უფლება მისცა, არა მარტო სასულიერო პირები, არამედ პირადად პატრიარქი გაეკრიტიკებინა. თუ ეს ტენდენცია დარჩებოდა, ეს იქნებოდა ალბათ ყველაზე მძიმე დარტყმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში. როგორც ჩანს, ეკლესია ამ დარტყმასაც აიცილებს და ის იდგება იქ და იმგვარად, როგორც ის საჭიროა დღევანდელი საქართვეველოსთვის ისტორიულ მოცემულობაში.
კიდევ ერთს მინდა გავუსვა ხაზი. თუკი არის იმისი მცირედი შანსი, რომ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, ეკლესიამაც ეს ტვირთი საკუთარ თავზე უნდა აიღოს, ვგულისხმობ განეიტრალებას, თუნდაც შუაში ჩადგომას.
ის, რაც ეკლესიამ არა თუ ვერ მოახერხა 1992 წელს, ის უნდა მოახერხოს ახლა, თუნდაც იმიტომ, რომ დღევანდელი საქართველო იმ წლებიგან უკვე შორს არის და დღეს მისი ნგრევა და 90-იან წლებში დაბრუნება, ამ ქვეყანას 20 წლით უკან არ გადააგდებს, მინიმუმ, ორი საუკუნით უკან გადაისვრის და ასეთ შემთხვევაში, ამ ქვეყნისთვის ვერანაირ პერსპექტივას ვეღარ ვხედავ.
პირველი ოქტომბერი გაცილებით მძიმეა, ვიდრე აფხაზეთის ომის ან 2008 წლის ომის პერიოდი, მაშინ ყოფნა-არყოფნის წინ იდგა საქართველოს მეოთხედი, დღეს ყოფნა-არყოფნის წინაშეა მთელი ქვეყანა. ეს მართლაც ისტორიული არჩევანია და თუკი მიხეილ სააკაშვილი შეძლებს იმას, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში გადააბაროს ხელისუფლება სხვა პოლიტიკურ ძალას, უამრავი შეცდომის მიუხედავად, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაუშვა, ჩავთვლი, რომ ის იქნება საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მმართველი, რადგან სათავეს დაუდებს ქვეყნის რეალურად დემოკრატიული განვითარების ეპოქას.
სხვათა შორის BBC- ერთ-ერთ მნიშვნელოვან რუბრიკაში („პროფილი“) ამ დღეებში საუბარი იყო სწორედ იმაზე, რომ სააკაშვილს ყველაზე დიდი გამოცდა ახლა აქვს ჩასაბარებელი...
- შეიძლება ჩემი ეს მოსაზრება ბევრისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თუ უნდა მას, რომ დავით აღმაშენებელს შეედაროს, თუ ის შეძლებს და სამართლიანი არჩევნების შედეგებს აღიარებს, ეს იქნება ფაქტობრივად მისი „გალობანი სინანულისანი“. მართლა მიმაჩნია, რომ ეს ამ მასშტაბის მოვლენა იქნება.