ბელგიაში, ემიგრანტებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა გადადო. სააკაშვილს „მშვიდობიანი ამბოხი“ ჩაეშალა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ემიგრანტებთან შემდეგი შეხვერა იტალიაში გაიმართება და ბელგიის მსგავსად ივანიშვილს, იტალიაში ბარდაგს აღარ მოაწყობინებს. უფრო მეტიც, სააკაშვილი საქართველოში „ქართული ოცნების“ თარეშის აღკვეთით იმუქრება.
მიშა მოდის!? მაგრამ კიდევ სჭირდება საქართველოს მიშა? - ანალიტიკოსი, აზიკო (ილია) სისვაძის აზრით, - არა, რადგან ქვეყანას რეფორმატორულად განწყობილი ახალი ტიპის ლიდერი ესაჭიროება და არა საკუთარ პოლიტიკურ წარსულს ჩაფრენილი, კონსერვატულად განწყობილი და ავანტიურიზმისკენ მიდრეკილი სააკაშვილი.
For.ge -აზიკო (ილია) სისვაძეს ესაუბრა.
ბელგიაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა უახლოეს ხანებში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა და „მშვიდობიანი ამბოხის“ სურვილი დააანონსა. თქვენი აზრით, რას მოუტანს ეს ქვეყანას?
- სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად მოგვევლინა მაშინ, როდესაც ქვეყანას ეს სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა და მან თავისი დროით ნაკარნახევი ფუნქციები წარმატებით შეასრულა - დაძლია კორუფცია და კრიმინალი, ფაქტიურად თავიდან შექმნა სახელმწიფო; ააღორძინა ქვეყანა როგორც ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ჩამოაყალიბა ეფექტიანად ფუნქციონირებადი სწრაფი ტემპით განვითარებადი საბაზრო ეკონომიკა. თუმცა, აქვე დაშვებული იქნა სერიოზული ფუნდამენტური შეცდომა - არ განახორციელა მთელ ევროპაში აპრობირებული სოციალური პოლიტიკა, რომელიც დაუპირისპირდებოდა თავისუფალი ბაზრის ისეთ უარყოფით თანამდევ ეფექტებს, როგორიცაა სოციალური უსამართლობა, უმუშევრობა და მოსახლეობის დიდი ნაწილის სიღარიბე. შესაბამისად, ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა ეკონომიკის შემდგომი რეფორმირების მიმართულებით.
ამ ფონზე განსაკუთრებულ შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მმართველ გუნდშიც მთელი ექვსი წლის განმავლობაში ჩამიჩუმიც კი არ ისმის ქვეყანაში სისტემური რეფორმების განხორციელების შესახებ. თუმცა, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს ამ გუნდის წევრის პარლამენტარ ბექა ნაცვლიშვილის შეუპოვარი პოზიცია საპენსიო კანონმდებლობის სრულყოფის აუცილებლობის შესახებ სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ქვეყნის პერსპექტიული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სასიცოცხლო აუცილებლობიდან გამომდინარე, საკუთარი შესაძლებლობები უკვე ამოწურა და ახალი პირობებისადმი შეუსაბამო გახდა. მის მიერ ლიეჟში წარმოდგენილი ხუთპუნქტიანი გეგმა თავისთავად საინტერესოა და პერსპექტული, მაგრამ სრულიად არასაკმარისი ქვეყნის სტაგნაციიდან გამოსაყვანად. მას და მის პარტიას არც წარსულში და არც ამჟამად არ წამოუყენებია ყოვლისმომცველი და სისტემური სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების იდეა, რამაც აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტური ქვეყნების არნახული პროგრესი განაპირობა.
საქართველოსათვის ამ რეფორმის არსი გამოიხატება ევროპული ყაიდის სოციალური, რეგულირებადი და ინოვაციურად განვითარებადი ეკონომიკის ფორმირებაში. ამდენად, ქვეყანას ესაჭიროება რეფორმატორულად განწყობილი ახალი ტიპის ლიდერი და არა საკუთარ პოლიტიკურ წარსულს ჩაფრენილი, კონსერვატულად განწყობილი და ავანტიურიზმისკენ მიდრეკილი სააკაშვილი.
თქვენი აზრით, რა ძირითადი შეცდომები დაუშვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, რის გამოც 2012 წლის არჩევნებზე მოსახლეობამ მას უარი უთხრა და რის გამოც მომავალში მიშას მატარებელი საქართველოში აღარ ჩამოივლის?
- იდეალური და უშეცდომო ხელისუფლება შეიძლება მხოლოდ თეორიულად არსებობდეს. რეალურად კი, თუ მას გააჩნია პროგრესული პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური მსოფლმხედველობა, კვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული და სწორი სტრატეგიითაა შეიარაღებული, ცოტა და უმნიშვნელო შეცდომებს უშვებს თვალშისაცემი წარმატებებით. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ხელისუფლება არაკვალიფიციურია, მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს და უპირატესად საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული - ბევრ გამოუსწორებელ შეცდომას სჩადის, რომლის შედეგები მიღწევებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ხელისუფლებაში ყოფნისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა ამ თვალსაზრისით თანაბრად გამოიჩინა თავი, როგორც წარმატებების, ისე შეცდომების მიმართულებით, რომლებიც შემდეგ დანაშაულებებში გადაიზარდა.
ამასთან, სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომები მხოლოდ მათთვის კი არაა დამახასიათებელი, არამედ მეტ-ნაკლები ზომით ყველა ხელისუფლებას ახასიათებდა და ამ თვალსაზრისით, მათი ანალიზი და გათვალისწინება, როგორც ამჟამად, სამომავლოდ სასარგებლო იქნება.
მკითხველისათვის უფრო გასაგებიც რომ იყოს, მათ შორის სამ ძირითად ჯგუფს გამოვყოფ: პარტიულ მენტალურ, სტრატეგიულ და ტაქტიკურ შეცდომებს.
პარტიულ მენტალური შეცდომები პოლიტიკური პათოლოგიის ბუნებისაა. ესაა „ბოლშევიკური სინდრომი“, „დღევანდელი კვერცხის სინდრომი“, „პოლიტიკური ყასბის სინდრომი“... თუმცა ეს ჩამონათვალი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.
„ბოლშევიკური სინდრომი“, როგორც ჩანს, რევოლუციით ან საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ყველა ხელისუფლების საერთო პათოლოგიაა. როგორი პროგრესულიც არ უნდა იყოს იგი, მეტისმეტი თავდაჯერებულობის გამო, ადრე თუ გვიან, იმდენ მიუტევებელ შეცდომას უშვებს, რომ საბოლოოდ თვით ყველაზე თავგამოდებულ მომხრეებსაც კი კარგავს. მათი პოლიტიკური დაავადების საერთო სიმპტომია მარადიულად ხელისუფლებაში ყოფნის, ყოვლის მცოდნეობის, ყოვლის შემძლეობის, დაუმარცხებლობის და დაუსჯელობის ურყევი რწმენა, რაც უდუნებთ ყურადღებას და შეცდომების, დანაშაულების და მარცხის მთელ კასკადი ედება საფუძვლად. ისტორიიდან პოლიტიკურ სანაგვეზე მოხვედრილი მრავალი მსგავსი პარტია და ლიდერია ცნობილი.
ასეთი პოლიტიკის უპირველესი შედეგი ძალადობრივ ავტორიტარული პოლიტიკის განხორციელებაა, რაც შიდა ეროვნული დაპირისპირების გამო, შესაძლოა, საქვეყნო მასშტაბის ტრაგედიის მიზეზად იქცეს. არანაკლებ დამანგრეველია საუკუნეთა განმავლობაში დაგროვილ ჭეშმარიტებათა, მარადიულ კულტურულ და ინტელექტუალურ ფასეულობათა უარყოფა და მათ მატარებელ ადამიანთა გამოთიშვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან. სწორედ ეს გარემოებაა მეცნიერების, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სტაგნაციის უპირველესი მიზეზი ამჟამადაც.
„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ეს გამოიხატა მეცნიერების, მწერლების, კომპოზიტორების და კულტურის სხვა მოღვაწეების შევიწროებასა და „ჩარეცხვაში“.
ხელისუფლების დასასრული იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მას „ბოლშევიკური სინდრომის“ ყველა სიმპტომი საბოლოოდ დაეუფლება და ყოველგვარ გადაწყვეტილებას საკუთარ ვიწროპარტიულ ეგოისტურ ინტერესებს უქვემდებარებს.
ჩვენში „გოდრის სინდრომი“ ჯერ კიდევ ბოლშევიკების დროიდან გენეტიკურ დაავადებად ჩამოყალიბდა. ყოველი ახალი ხელისუფლება ცდილობს წინამორბედისაგან, მისი ავკარგიანობის მიუხედავად, მტრის ხატის შექმნას, ამა თუ იმ „იზმის“ ან „ისტის“ სტატუსი მიაკეროს, მისი ყოველი მიღწევა კი არამარტო უარყოს, არამედ გაანადგუროს კიდეც და ისტორიის მოუსავლეთში მოისროლოს. მაგრამ ვერ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ მის მიერვე დანერგილი ტრადიციით, ადრე თუ გვიან, მისსავე გამზადებული „პოლიტიკური გოდრით“ კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ სანაგვეზე თვითონაც გაისტუმრებენ.
თუ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ხელისუფლებებს ობიექტურად შევაფასებთ, დავრწმუნდებით, რომ თითოეულს ჰქონდა თავისი წარმატებები და ჩავარდნები, რომელთა პირუთვნელი შეფასება და გათვალისწინება ყოველ მომდევნო ხელისუფლებას და ამდენად, ქვეყანას გაცილებით მეტ სიკეთეს მოუტანს, ვიდრე სრული უარყოფა და ღვარძლიანი ლანძღვა.
სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების დაუნდობელი, არაკონსტრუქციული დაპირისპირების შედეგად როგორც მათი, ისე საბოლოდ ქვეყნის სასიცოცხლო ენერგია ხმარდება არა სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას, არამედ ნგრევას. შედეგად კი უკვე ოცდაათი წელია რაც ერთ ადგილს ვტკეპნით და გასაკვირი არაა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნად ვიქეცით, მაშინ როდესაც წარმატებულთა რიგში ყოფნის რეალური შანსი გვქონდა.
„დღევანდელი კვერცხის სინდრომმა“ განაპირობა იმ გარემოებამ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება (ისევე როგორც მომდევნო) უპირატესად ორიენტირებული იყო მხოლოდ მოკლევადიან უმნიშვნელო სარგებელზე, რომელიც მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე მოიტანდა სარგებელს და გამორიცხავდა გრძელვადიან მასშტაბურ პრიორიტეტულ მიზნებს. შესაბამისად, მას ნაკლებად ჰქონდა სტრატეგიული ხედვა, რომელიც მომავალი მასშტაბური ეფექტის მქონე რადიკალურ რეფორმებზე იქნებოდა ორიენტირებული. შედეგად მივიღეთ ის, რომ მნიშვნელოვნად წინ წასულ აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეკონომიკის ზრდის არსებული ტემპით ვერასოდეს დავეწევით.
როგორც წარსულის, ისე თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება მეტყველებს, რომ ქვეყნის ცხოვრებაში პროგრესულ რევოლუციურ ნახტომებს, როგორც წესი, ის ხელისუფლებები ახდენენ, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის გრძელვადიან სისტემურ რეფორმებს ახორციელებენ, თუნდაც ისინი მიმდინარე კონიუნქტურის თვალსაზრისით მათთვის წამგებიანი იყოს.
ქვეყანას, რომლის მესვეურებს არ გააჩნიათ სტრატეგიული ხედვა, „დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს“ და მხოლოდ მიმდინარე მოკლევადიანი სარგებლის იმედად ცხოვრობს, მომავალი არ გააჩნია.
„პოლიტიკური ყასბის სინდრომს“ განაპირობებს სახელისუფლო ვერტიკალის ყველა დონეზე კადრების დაკომპლექტება არა განათლების, კვალიფიკაციის, პრინციპულობის და რეფორმატორული აზროვნების კრიტერიუმებით, არამედ უსახურობის, მონური მორჩილების, კონფორმიზმის, უპრინციპობის და ნეპოტიზმის ნიშნის მიხედვით. ამ პირობებში ეკონომიკის მინისტრი შეიძლება იყოს მეპურე, ბიოლოგი ან ექიმი და რა გასაკვირია, როდესაც „პოლიტიკურ და ეკონომიკურ ოპერაციებს“ ერთობლივად „პოლიტიკური ყასბები“ გვიკეთებენ.
გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ეკონომიკის მინისტრი და მთავარი იდეოლოგი ბიოლოგი იყო, ხოლო პარლამენტში ასეთივე ფუნქციას ექიმი ასრულებდა. ანალოგიური მდგომარეობა იყო სხვა სამინისტროებსა და სამსახურებში. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა შეიქმნებოდა ჯანდაცვის სისტემაში, მას ბუღალტერი ან არქიტექტორი რომ ხელმძღვანელობდეს და თანაც ამ სფეროს სტრატეგიასაც განსაზღვრავდეს. ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა ამჟამადაც - გვაქვს ბედნიერება ეკონომიკის მინისტრად გვყავდეს კარდიოლოგი, რომელიც ეკონომიკურ ტერმინოლოგიასაც კი ვერ ფლობს.
რას გულისხმობთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მსოფლმხედველობრივ-სტრატეგიულ და ტაქტიკურ შეცდომებში?
- ეს უპირველესად ულტრალიბერალური საბაზრო ეკონომიკის გაიდეალებაში გამოიხატა. მათ ვერ გააცნობიერეს, რომ ასეთი ეკონომიკა მხოლოდ ბიზნესის გამოცოცხლებისა და მომდევნო საფეხურზე - სოციალურ, რეგულირებად, ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის საშუალება და მისი საწყისი ეტაპია, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ხორციელდება. სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეცვლილა მეოცნებეთა ხელისუფლების პირობებშიც.
სტრატეგიული შეცდომებიდან თვალშისაცემია მეცნიერების როლის სრული იგნორირება. იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში მეცნიერება საზოგადოებრივი პროგრესის საფუძველადაა გადაქცეული და შესაბამისად სოლიდური თანხები ხმარდება მის განვითარებას, ჩვენთან სამეცნიერო კვლევა მხოლოდ ახირებულ ადამიანთა ჩვევად მიიჩნიეს. შესაბამისად, მათი ხელფასი, მათ შორის ახლაც დამლაგებლისას არ აღემატება.
2018 წლის მდგომარეობით აშშ-ში მეცნიერების განვითარებას ხმარდება მშპ-ს 2,9%, იაპონიაში - 3,4%, ისრაელში - 4,4%, ფინეთში 3,9%, ხოლო საქართველოში - მხოლოდ 0,3%. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე კარგა ხანია უახლეს ცოდნასა და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკონომიკა შექმნეს.
უხეში სტრატეგიული შეცდომა იყო კონსტიტუციის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მორგებაც, რითაც პირველ რიგში ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივები ჩაკლეს.
ტაქტიკური შეცდომებიდან განსაკუთრებით მტკივნეული იყო შევარდნაძის ეპოქიდან გადმოყოლილი დამახინჯებული ეროვნული მენტალობის წინააღმდეგ ბრძოლის დრაკონული მეთოდები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მემკვიდრეობით მიიღო საზოგადოება, სადაც სახელისუფლებო თუ საყოფაცხოვრებო კრიმინალი, კორუფცია, ქაოსი და უზნეობა ცხოვრების ნორმად მიიჩნეოდა, რომლის აღმოფხვრა მხოლოდ რადიკალური მეთოდებით იყო შესაძლებელი. თუმცა ამ მიზნით გამოყენებული იქნა, არა ფაქიზი „სამართლებრივ-ქირურგიული“ მეთოდები, არამედ ყასბის დანა და ცული, რამაც საზოგადოებაში მძლავრი საპროტესტო განწყობა გამოიწვია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება და შემდგომი დასუსტება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ წარსულში პრივილეგირებული კორუმპირებული პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოხელეების, ბიზნესს თავშეფარებული კრიმინალების და ქურდული სამყაროს მძლავრი საპროტესტო ტალღა არ გაანეიტრალა მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერამ, რადგან მათი ყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ანტი სოციალური პოლიტიკის გამო მთელი ცხრა წლის განმავლობაში საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა.
როგორ შეაფასებთ ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტების შეხვედრას?
- ამ მოვლენას ორი საპირისპირო თვალსაზრისით უნდა შევხედოთ. ერთი მხრივ, ეს უყო სავსებით ნორმალური კანონიერი პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ნებისმიერი დევნილი პოლიტიკოსი გამოიყენებდა. მეორე მხრივ, მასობრივი ემიგრაცია შედეგია სააკაშვილის ლიბერტარიანული იდეოლოგიის და მის მიერვე დამკვიდრებული ულტრალიბერალური საბაზრო ეკონომიკისა, რომელიც გარდაუვალად წარმოშობს დაუნდობელ სოციალურ უსამართლობას, უმუშევრობას, აღატაკებს მოსახლეობის დიდ ნაწილს და აიძულებს მათ გადაიხვეწონ იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური პრობლემები გაცილებით უკეთაა გადაწყვეტილი.
რამდენად რაციონალური იყო საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ამ შეხვედრაზე?
- ხელისუფლების მიერ შეხვედრის ჩაშლის მცდელობა ეს იყო კორცხელის დანაშაულებრივი ინცინდენტის განმეორება შუაგულ ევროპაში, რითაც ერთი მხრივ თავი წარმოაჩინა, როგორც ავტორიტარულმა რეჟიმმა, მერე მხრივ, სააკაშვილის წისქვილზე დაასხა წყალი და მისი ავტორიტეტი ევროპაში კიდევ უფრო აამაღლა.