იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი ახლოს არის ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც 52%–ია.
„ინტერვიუებმა, რომლებიც ჩატარდა პროფესიულ წრეებში, აჩვენა, რომ რეფორმები კარგად მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ადვოკატთა უმრავლესობამ შესაბამის კითხვებზე პასუხით რეფორმების უმეტესი ნაწილი დადებითად შეაფასა, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი. ადვოკატთა 57%–ის აზრით, სასამართლო პროცესის ღიაობის ხარისხი გაუმჯობესდა ხუთი წლის წინანდელ სასამართლო განხილვებთან შედარებით (პროკურორთა 74%)“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კვლევის შედეგებმა აჩვენა სამი მთავარი პრობლემა, რასაც გამოკითხული მოქალაქეები ხარვეზად მიიჩნევენ. როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, კვლევის მიხედვით, პირველი ხარვეზია ის, რომ სასამართლო არის ნელი. ასევე სასამართლო არის ძირითადად საადვოკატო ხარჯებისა და ხანდახან ბაჟის გამოც ძვირი სერვისი.
„სოფლად მცხოვრები მოსახლეობა კი ამბობს, რომ მათი დასახლებული პუნქტებიდან სასამართლოები არის შედარებით შორს. ეს სამი პრობლემა არის რეალურად გამოკვეთილი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სასამართლოში გატარებულმა რეფორმებმა მართლმსაჯულება წაიყვანა სწორი გზით. რაოდენობრივად ყველაზე მეტი, ვინც ასე ფიქრობს, არიან ახალგაზრდები. ძალიან მიხარია, რომ სწორედ ახალგაზრდები ხედავენ ამას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, კვლევისას გამოიკითხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და მათი 14% ფიქრობს, რომ სასამართლოში გატარებული რეფორმები მართლმსაჯულების გზაზე სწორად გადაგმული ნაბიჯებია.
„ჩემთვის, როგორც ევროსტრუქტურების ყოფილი ჩინოსნისა და იურისტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს სასამართლოებისადმი სანდოობის მაჩვენებელი – 51%, ახლოს არის ევროპულ მაჩვენებელთან, რომელიც 52%-ს შეადგენს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კვლევას ენდობა მმართველი გუნდი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სასამართლოს წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების შტურმი სრულიად აცდენილია საზოგადოების განწყობას. როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, საქართველოს მოსახლეობა ისეთივე მაღალ შეფასებას აძლევს სასამართლო სისტემას, როგორც ევროპის ქვეყნის მოქალაქეები თავიანთ სასამართლო სისტემებს.
„ჩანს, რომ არის გამოწვევები და ხარვეზები, რისთვისაც აუცილებელია მართლმსაჯულების სფეროს შემდგომი რეფორმირება. კვლევა ძირითადად ეფუძნება I, II და III ტალღას, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ხორციელდება. მთლიანობაში ეს კვლევა არის ძალიან პოზიტიური“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კვლევა არ ასახავს დღეს არსებულ აქტუალურ პრობლემებს. მისი თქმით, თუ სისტემაში შეიქმნა, ჩამოყალიბდა და შედგა გავლენიანი ჯგუფი, რომელიც მართავს სისტემას და რომელსაც აქვს სერიოზული ძალაუფლება სასამართლოში, ბუნებრივია, რეფორმები ვერ ჩაითვლება წარმატებულად.
„თავისთავად თუ დავუშვებთ, რომ სასამართლო დარბაზი გაიხსნა და პროცესები გახდა ღია, ეს კარგია, მაგრამ ჩვენ იმ კუთხით უნდა ვიმსჯელოთ, რა ვერ გაკეთდა ან რა გაკეთდა არასწორად, როცა სისტემაში გავლენიანი ჯგუფი მივიღეთ. გარდა ამისა, კვლევაში არ არის საუბარი, რამდენად არის სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკები, რომელიც ვფიქრობ, რომ დღეისთვის უნდა იყოს ყველაზე აქტუალური პრობლემა.
ამასთან, კვლევაში არ არის ასახული საბჭოს ახალი ფუნქციები, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, რომ ესეც შეფასებულიყო. ამ კვლევას რომ ვუსმენდი, დაახლოებით ისეთი წარმოდგენა გამიჩნდა, რომ სულ სხვა საბჭოს წევრი ვარ, სადაც ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. კვლევა ასე აჩვენებს, მაგრამ რეალობა არის სხვაგვარი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ამასთან, უმრავლესობა ამბობს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტმა კონსტიტუციურობის ტესტი უნდა ჩააბაროს. კანპროექტის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, ამის მიუხედავად ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დეპუტატი ითხოვს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი შემჭიდროვებულ ვადებში განიხილონ და მას იურიდიული კომიტეტის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
არსებული ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებიც ბესელიას მხარდაჭერას ხელმოწერით დაუდასტურებენ, მას გაყვებიან, რაც მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის შენარჩუნების რესურსი არსებობს, რაც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.
„ჯერ კიდევ არის რესურსი უმრავლესობის მთლიანობის შენარჩუნების და ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ 2020 წელს საზოგადოების წინაშე ერთიანი, მთლიანი გუნდით წარვდგეთ. კონკრეტული პირების გადაწყვეტილება, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ეს არის უკვე მათი გადაწყვეტილება“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
უმრავლესობის შენარჩუნების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდში. ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი დიდ ტრაგედიას ვერ ხედავს, თუ გარკვეული ჯგუფი გამოეყოფა იმ ხალხს, ვინც სხვანაირად ფიქრობს. დეპუტატი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ თუ ვინმეს გუნდიდან წასვლა უნდა და ამას აპირებს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იქნება და ეს გუნდს პრობლემას ვერ შეუქმნის.
„მსჯელობის პროცესში არც მსაჯული არავინ უნდა იყოს და არც არვინ არ უნდა ცდილობდეს, რომ რაღაც დამატებითი სარკასტული განცხადებებით შეაწუხოს საზოგადოება. თუკი აზრთა სხვადასხვაობა უკვე გადავა იმ სტადიაში, როდესაც შეუთავსებელი იქნება ადამიანთა ერთად ყოფნა, არც იმაში არ არის დიდი ტრაგედია, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყოს იმ ხალხს, ვინც სხვანაირად ფიქრობს.
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკითხის არსია თვითონ საინტერესო, მნიშვნელოვანი. თუკი ეს შედეგს მოიტანს იმისას, რომ ადამიანები ერთად ვერ იქნებიან გარკვეულ ფორმატში, ესეც არ არის დიდი ტრაგედია და ჩვეულებრივი ამბავია, პოლიტიკაა და ცხოვრება პოლიტიკური, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, რაღაც ასეთ მოულოდნელობებსაც გვთავაზობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს. სოფო კილაძე ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას მიერ წარდგენილ კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ეხება, უმრავლესობას ჯერ არ უმსჯელია.
„მე მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორც იურისტს. ნამდვილად არსებობს აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კონსტიტუციურობასთან მიმართებით. ჩვენ რაც არ უნდა კარგი მიზანი გვქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციას გვერდს ვერ ავუვლით. საკითხი ვინ წავა, წამოვა, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა და როგორც არაერთხელ ითქვა, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს“, – აცხადებს სოფო კილაძე.