„მათთვის, ვინც ხალხის რაოდენობას ითვლის და ვინც წარმოიდგინა, რომ საქართველოს მომავლის დამცველები დააშინა, გადახედოს ამ მოედანს და ნახოს, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
პარალელურად კი თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე ოპოზიციის აქციებზე საქართველოს ისტორიაში არნახული ოდენობის ხალხი იყო თავმოყრილი. წინა დღეს კი მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ამომრჩევლის გენერალურ დათვალირებაზე დინამოს სტადიონის შევსებაც ვერ მოახერხა, იმის მიუხედავად, რომ სკოლის მოსწავლეებიც კი იძულებით ჩამოიყვანეს რეგიონებიდან.
როგორც ექსპერტი კახა კახიშვილი ამბობს, „იმ კადრების შემდეგ მმართველმა პარტიამ ჩათვალა, რომ ისევ უნდა დაიბრუნოს საკუთარი ამომრჩევლის გული. ის ხალხიც კი ვინც ნაციონალებს მხარს უჭერდა დაბნეული იყო, ქალაქი თითქმის დაცარიელდა მათი საარჩევნო პლაკატებისგან და ხალხმა უბრალოდ, გაიხადა მაისურები. მათ ჩათვალეს, რომ ასეთი აქციებით და თავდასხმითი რიტორიკით მოეზიდათ ამომრჩეველი. ვიხილეთ კიდეც რამდენიმე პარალელური აქცია მათი ლიდერების მონაწილეობით, გვესმოდა კიდეც, რომ ბევრი ადამიანი სამსახურის დაკარგვის შიშით ძალით წაიყვანეს და საამისოდ მთელი მუნიციპალური ტრანსპორტი იყო გამოყენებული“.
როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, ძალიან საინტერესო იყო ორი დღის განმავლობაში თბილისში აქციების ხილვა.
„ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო დაპირისპირებულთა მარში - საზოგადოებას ნაკლებად აქვს ერთმანეთის მიმართ და ეს ძალადობა, რომელიც მჟღავნდება ხოლმე, მართულია ხელისუფალთა მიერ. ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ ცალ-ცალკე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარებული აქცია „ქართული ოცნებისა“, იყო უფრო მრავალრიცხოვანი და რაც მთავარია, დინამო სტადიონისგან განსხვავებით, აქ არავინ იყო მოსული რაიმე ვალდებულების გამო“,- აცხადებს ცისკარიშვილი.
კახა კახიშვილი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ აქციაზე ხალხი მთელი ამ წლების განმავლობაში დაგროვილი პროტესტისა და ბიძინა ივანიშვილის ნდობის გამო მივიდა.
„მთელი მუნიციპალური ტრანსპორტი, მეტროებიც კი გადაჭედილი იყო, ხალხი მიდიოდა საკუთარი სურვილით, რომ თავისი მხარდაჭერა და პროტესტი გამოეხატა. ეს ნიშნავს, რომ ხალხს იმედი აქვს ამდენი წლის განმავლობაში მათი არავის არ ესმოდა, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას. ამდენი ხნის განმავლობაში ხალხი მიტოვებული იყო საკუთარ პრობლემებთან. მათ ივანიშვილის სახით ნახეს ისეთი ადამიანი, რომელშიც დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლების სათავეში არ მოდის ბიუჯეტიდან თანხების მოპარვის მიზნით. ამიტომაც განსაკუთრებული მხარდაჭერა, ჩემი აზრით, მხოლოდ ივანიშვილს აქვს, რადგან მასთან კოალიციაში მყოფი ხალხი ადრეც იყო პოლიტიკაში, მაგრამ სამწუხაროდ, ხალხის დიდი ნაწილის ნდობას ვერ იღებდნენ. ივანიშვილის გამოჩენამ უცბად გამოაცოცხლა ხალხი. მათაც კი, ვისაც კოალიციაში შემავალი ხალხი არ მოსწონდა, გადაწყვიტეს, რომ დღეს არის არჩევის დრო. არანაკლები ხალხი იყო პარალელურ აქციაზეც ქუთაისშიც. ასე რომ, ეს ბევრის მიმანიშნებელია ხელისუფლებისთვის“, - აცხადებს კახიშვილი.
მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ მისი მხარდამჭერები საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქს გაავსებენ და ისინი ძალიან ბევრნი არიან.
„ხელისუფლებამ მაინც ხომ იცის, თვითონ როგორ შეაგროვა ხალხი და 29 სექტემბრის აქციაზე როგორ მივიდა. ქუჩაში ორგანიზებულად საკუთარი სურვილით გამოსული ხალხი ხელისუფლებისთვის, რომელმაც იცის, რომ მხარდაჭერა არ აქვს, ძალიან საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ ის ნელ-ნელა კარგავს ძალაუფლებას“,- მიიჩნევს კახიშვილი.
როდესაც ხელისუფლება ასეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, მისგან რაციონალურ ნაბიჯებს არ ელოდება და არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე სულ უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის განცხადებით, ხელისუფლება 2 ოქტომბერს საშინელი ციფრების გამოქვეყნებას გეგმავს და არეულობის ფონზე არ არის გამორიცხული, იერიში მიიტანონ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასა და თავად ივანიშვილზე.
„ამ ინფორმაციის წყაროა, ერთ-ერთი უცხოელი მაღალი თანამდებობის პირი. ეს ადამიანი ინტერპოლის სისტემაში დიდ თანამდებობებზე მუშაობდა. საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ თუ ხელისუფლებამ გადადგა ასეთი ნაბიჯები და შეეცადა ინსპირირებას, ის დაისახავს მხოლოდ ერთ მიზანს, როგორც ხალხის დაბეჩავებისა და კიდევ ერთხელ წელში გატეხვის მიზანს, ისე - ოპოზიციური ლიდერების და, პირველ რიგში, ბატონი ბიძინას ანგარიშსწორების მიზანს. ალბათ, დაცვის სამსახურები შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ“, - აცხადებს მოლაშვილი.
გაბედავს თუ ვერა ასეულ ათასობით ხალხის ქუჩაში გამოსვლისა და ოპოზიციური განწყობის დაფიქსირების შემდეგ ხელისუფლება გააყალბოს არჩევნები, ძნელი სათქმელია, რადგან ამ ხელისუფლებისგან რომ ყველაფერი მოსალოდნელია, მთელ საქართველოს არაერთხელ საკუთარი თვალით უხილავს.
ექსპერტი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ცუდის მოლოდინს ხელისუფლების აგრესიული განცხადებები ქმნის.
„ძალიან მაწუხებს ის ამბავი, ხელისუფლება რომ აცხადებს, თითქოს, ის იგებს არჩევნებს, როდესაც ამბობს, რომ მხარდაჭერა მათ მხარესაა. ასე რომ ამბობენ და საქმე საწინააღმდეგოდაა, ეს იწვევს ცუდი ამბების მოლოდინს, როგორ ჩატარდება არჩევნები, როგორ იქნება შედეგები გამოცხადებული და ამის შემდეგ რა მოხდება. ყველაზე ცუდი სამოქალაქო დაპირისპირებაა, იმდენად არის პოლარიზებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ეს ორი მხარე.
თბილისში განწყობა ოპოზიციის სასარგებლოდ იყო, ასეთივე განწყობა დაფიქსირდა ქუთაისშიც, მაგრამ არის რაიონები, სადაც არ მიიღება კრიტიკულად განწყობილი სატელევიზიო არხები და ხალხი მხოლოდ ნაციონალური არხების მიწვდილ ინფორმაციას ისმენს. ეს რაიონებია პრობლემა, რადგან ობიექტური ინფორმაცია არ აქვთ“, - ამბობს გოგი ხუციშვილი.
მისივე შეფასებით, თუ გაყალბება აქვს ჩაფიქრებული ხელისუფლებას, ისედაც გააყალბებს, „მაგრამ წელს ძალზე ბევრი დამკვირვებელია და ასეთი დაძაბული სიტუაცია არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ საქართველოში არ ყოფილა. ასეთ პირობებში ძალიან დიდი რისკია არჩევნების გაყალბება, ამას შეიძლება ხალხის აფეთქება მოჰყვეს“, - ამბობს ხუციშვილი.
პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე კი ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ქვეყანა ნორმალურად განვითარების შანსს არ დაკარგავს.
„ოპოპზიცია ამბობს დარწმუნებით, რომ არჩევნერბის გაყალბება შეუძლებელია, ამბობენ, რომ კონტროლის ისეთი მექანიზმები და სისტემები აქვთ შემუშავებული, რომ ვერ შეძლებენ, გააყალბონ. ამდენი დამკვირვებელია, დაახლოებით 2000 უცხოელი. მე მათ ვუსმენ და ისინი ამბობენ, რომ გაყალბება გამორიცხულია, ამბობენ, რომ ამისი შესაძლებლობა ტექნიკურად არ არის“,- ამბობს ზურაბ აბაშიძე.
ამის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ხელისუფლება:
„ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ხალხის მოთმინების გამოცდა, არაფერი შეგეშალოთ, შეთითხნილი ტყუილებით ხალხის დათრგუნვა აღარ გამოგივათ“, - განაცხადა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე.
ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ ყველა გონიერებას გამოიჩენს და საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად დასრულდება.
„მგონია, რომ მაინც ნორმალურად ჩაივლის ყველაფერი, არაერთხელ მითქვამს, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ რევოლუციური ცვლილებების, ყოველი რევოლუცია საბოლოო ჯამში არის რეგრესი, ვინც ისტორიას სწავლობს, ჩახედულია წარსულში, იცის რა ხდებოდა - ყოველთვის ასე იყო, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მიდიოდნენ წინ, გაცილებით წინ არიან წასული, ვიდრე ის ქვეყნები, სადაც რევოლუციები და ქარტეხილები ხდებოდა. ჩვენც ყოველვარი რევოლუციებისა და ცხვირპირის მტვრევის გარეშე უნდა გავაგრძელოთ, საკმარისია ის, რაც ვიხილეთ წინასაარჩევნოდ. ამდენი უმსგავსობა, ბრალდებები, სიძულვიული და ა.შ. ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი და წერტილი დაესვას“, - მიიჩნევს აბაშიძე.
რაც შეეხება ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ცუდი გამოცდილების მიუხედავად კარგის იმედი უნდა დავიტოვოთ.
„არ უთქვამს ბატონ სულხანს, ვინ ჩასჩურჩულა ეს ამბავი, არ დაუსახელებია. საქართველოშიც უამრავი ხალხი ვართ, ამდენი დელეგაციებია. ასე რომ მოხდება, ეს ერთმა ადამიანმა იცის მარტო? - ეს ძნელი წარმოსადგენია.
ალბათ, იმიტომაც ვართ აფორიაქებულები, რომ გამოცდილება გვაქვს, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარად იქნება, რადგან, როგორც იქნა, ხალხმა ირწმუნა არჩევნების.
ორი წლის წინ ეს არ იყო და ოპოზიციის დიდი ნაწილი ხალხს არწმუნებდა, რომ არჩევნები სისულელეა და არჩევნებით არაფერი არ მოხდება. საბოლოოდ, ხალხი შემოტრიალდა არჩევნებისკენ და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
თუმცა ისიც აშკარაა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების გადაბარებაზე დღევანდელი მმართველი პარტიის ლიდერი ნაკლებად ფიქრობს და როგორც ის აცხადებს „ვერანაირი ფული, შანტაჟი და ემოციებზე თამაში ვერ აგვაღებინებს ხელს უფლებაზე, გადავარჩინოთ საქართველო და მყარად დავაყენოთ ფეხზე“.
ამის პარალელურად ხალხს სთხოვს, ქვეყნის განვითარების საშუალება მისცეს და კვლავ ნატოსა და ევროკავშირზე ესაუბრება. თუმცა, ნიშნავს თუ არა ხალხის აზრი და ნება სააკაშვილისთვის რამეს, ამას მხოლოდ არჩევნების შემდეგ ვიხილავთ.