რძის ნაწარმი ძვირდება, ხარისხი - ეცემა

რძის ნაწარმი ძვირდება, ხარისხი - ეცემა

მსოფლიოში რძის პროდუქტები ისევე ძვირდება, როგორც სხვა სასურსათო პროდუქტი, შესაბამისად, ეს ასახვას ქართულ ბაზარზეც ჰპოვებს. მიმდინარე წელს რძის გადამამუშავებელმა კომპანიებმა პროდუქცია უკვე ორჯაერ - აგვისტოსა და ოქტომბერში გააძვირეს. მაგალითად, თუ აგვისტომდე ერთი ქილა (0,5 კგ) მაწონი 1 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი უკვე 1 ლარი და 30-35 თეთრია.

 

მსოფლიოში რძის დეფიციტთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე თვის წინათ გავრცელდა. სწორედ იმ პერიოდში მოხდა საქართველოში რძის პროდუქტებზე ფასების მატება. დღესაც ფასების მატებას „საქრძეში“ სწორედ ამ პროცესს უკავშირებენ.

 

„მოუსავლიანმა პერიოდმა უცხოეთის რძის ბაზარზე მოთხოვნილების გაზრდა გამოიწვია, რის შედეგადაც აღნიშნულ პროდუქციაზე დეფიციტი წარმოიშვა და ფასები გაიზარდა. სწორედ ამიტომ ქართული კომპანიები, რომელთა უმრავლესობა ზოგადად და განსაკუთრებით მოუსავლიან პერიოდში უცხოურ ბაზარზე არიან დამოკიდებული, პროდუქტის იმპორტისგან დროებით თავს იკავებენ“, - აცხადებს „საქრძის“ ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი და დასძენს, რომ „ამ ჯაჭვური რეაქციის შედეგად რძის პროდუქციის დეფიციტი - არა, მაგრამ სიმცირე ნამდვილად შეიმჩნევა“.

 

„საქრძისგან“ განსხვავებით, ქართულ ბაზარზე რძის პროდუქციის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშე კომპანია „ეკო-ფუდში“ პროდუქციის გაძვირებას არ ადასტურებენ და არც სამომავლოდ პროგნოზირებენ.

 

„მიმდინარე წელს რძის პროდუქციაზე ფასებმა ორჯერ - აგვისტოსა და ოქტომბერში უკვე მოიმატა. პირველ ჯერზე მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, „ეკო-ფუდს“ პროდუქცია არ გაუძვირებია. ოქტომბერში კი იძულებული გავხდით, ფასები საშუალოდ 11%-ით გაგვეზარდა“, - განაცხადეს „ეკო-ფუდში“.

 

ფასების მატებასთან ერთად, ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ისმის პრეტენზიები რძის პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში. ამას თავის მხრივ, კომპანიები მაღაზიების დაუდევრობით ხსნიან და აცხადებენ, რომ პროდუქტი შენახვის ნორმების დარღვევის გამო ფუჭდება. 

საქმე ეხება ქსელში გასაყიდად გამოტანილ რძის პროდუქტებს, რომელთა ვარგისიანობის ვადა დარღვეული არ არის, თუმცა პროდუქტი უვარგისია. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს ადგილობრივი რძის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეუძენია, რომელიც გახსნისა ან დამშავებული ანდაც ობმოკიდებული ყოფილა.

 

ამ დროს კი მოსახლეობაში ჩნდება ეჭვი და თანაც არცთუ უსაფუძვლო, რომ კომპანია პროდუქციის გადამუშავებას ახდენს. თუმცა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე კომპანიების მიერ რეალიზაციიდან ამოღებული რძის პროდუქტების ხელმეორედ გადამუშავებას შეუძლებელს უწოდებს. მისი თქმით, რძე ისეთი პროდუქტია, რომ მისი გადამუშავებით ის გემოს დაკარგვა, რაც გაფუჭებულს აქვს, გამორიცხულია. რაც შეეხება ვადის „გადაწერას“, ამას არ გამორიცხავს, თუმცა თვლის, რომ ასეთი ფაქტები ქართული და თანაც დიდი კომპანიების მიერ თითქმის არ ფიქსირდება.

 

„ჩვენ ერთ-ერთი კვლევის დროს სხვადასხვა სუპერმარკეტებიდან ამოვიღეთ ერთსა და იმავე დღეს გამოშვებული ერთი და იგივე რძის პროდუქტი. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი კარგ მდგომარეობაში იყო, ზოგი კი გაფუჭებას იწყებდა. არის შემთხვევები, როდესაც მაღაზიები ამა თუ იმ პროდუქტს დიდი რაოდენობით იღებს, მას საწყობში აწყობს და სამაცივრო დახლზე მხოლოდ მაშინ გამოაქვთ, როცა წინა პარტიას ამოყიდის. ასეთ შემთხვევაში პროდუქტი ფუჭდება.

 

ასე რომ, ამ შემთხვევაში, შენახვის პირობები პროდუქტის ვარგისიანობის უმთავრესი ფაქტორია. რაც შეეხება გადაწერას, რძის პროდუქტებთან დაკავშირებით არა, მაგრამ ხშირია, რომ ვარგისიანობის ვადას აწერენ ძეხვეულს, ზოგჯერ პურსაც კი.

 

და კიდევ ერთი, ხდება თუ არა გადაწერა, ან ძველი პროდუქციის გადამუშავება, ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ქსელიდან ამოღებული პროდუქციის აღრიცხვა ხდებოდეს და ასევე დეტალურად იყოს აღწერილი, თუ რა პირობებში მოხდა ვადაგასული პროდუქციის განადგურება. როდესაც ასეთი აღწერა იქნება, მაშინ დამერწმუნეთ, რომ ყველა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიები საკუთარ პროდუქციას ვადას აწერენ, ანდა ხელმეორედ ამუშავებენ, გაქარწყლდება“, - განაცხადა მადონა კოიძემ.