ვახტანგ ყოლბაიას ლუკა კურტანიძე შეცვლის, ყოლბაია კი არსად წასვლას არ აპირებს

ვახტანგ ყოლბაიას ლუკა კურტანიძე შეცვლის, ყოლბაია კი არსად წასვლას არ აპირებს

დაანონსებული საკადრო ცვლილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის ცვლილებით იწყება - ვახტანგ ყოლბაიას, რომელიც 6 წელია მოვალეობის შემსრულებელია, ლუკა კურტანიძე შეცვლის. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება კურტანიძისთვის აფხაზეთის მთავრობის ჩაბარების შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. კურტანიძეს აქვს როგორც უმრავლესობის, ასევე პრეზიდენტის მხარდაჭერა.

ინფორმაციას არ უარყოფს თავად ლუკა კურტანიძე, რომელიც for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ გამოწვევისთვის მზად არის და ადასტურებს, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფში და საზოგადოების ნაწილში მისი კანდიდატურის შესახებ არის მსჯელობა. ამბობს, რომ ამ საკითხის მიმართ ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება აქვს. რაც შეეხება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას, ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან დიდი ძალაა.

„ბატონი ბიძინას ეს დამოკიდებულება ძალიან დიდი ძალა არის. ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა გამოხატა თავისი აზრი. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანების ნდობას ასე ვიმსახურებ. რაც შეეხება გამოწვევას, მე მზად ვარ ასეთი გამოწვევისთვის, მაგრამ ერთია, რომ ეს არის განხილვის თემა და თუნდაც, რომ განხილვის სტადიაში გაიჟღერა ჩემმა სახელმა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ნდობა და პატივია.

რაც შეეხება ჩემს მიდგომას, ეს დროის და პროცედურების საკითხია. მაგრამ ერთია, რომ აქ ყველა უნდა გაერთიანდეს რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს წარსულში. ამ მიმართულებით აფხაზეთის მოსახლეობის გაერთიანება, მათთან მისვლა და საუბარია საჭირო. ძალიან ბევრი სამუშაო არის.

ყველა, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, უნდა გაერთიანდეს, იმიტომ, რომ მათი გამოცდილება, ცოდნა, მათი შეხება აფხაზებთან, რუსებთან, ესტონელებთან, ბერძნებთან, ეს ყველაფერი ერთობლივად სამუშაო საკითხია და შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთობლივად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ერთ ბირთვად უნდა იქცეს აფხაზეთის მოსახლეობა დანარჩენი საქართველოსთვის, პირველ რიგში, იმ იდეისთვის, რასაც აფხაზეთში დაბრუნება ჰქვია“, – აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.

ვახტანგ ყოლბაიას განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდებოდა, თუმცა, აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, მმართველი გუნდი ყოლბაიას განთავიუსფლების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, ირკვევა, რომ მთავრობა წელიწადში რამდენჯერმე გასცემს სოციალურ დახმარებას ერთსა და იმავე პირებზე მაშინ, როცა მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ათასობით ადამიანს უარს ეუბნება. პირები, ვისზედაც სოციალური დახმარება გაიცა ყოფილი თანამდებობის პირებიც არიან. გარდა ამისა, დასკვნაში საუბარია მივლინების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზეც. საეჭვოა უცხოეთში განხორციელებული მივლინებების მიზნობრიობა.  

„2017 წელს მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სოციალური მდგომარეობის გამო, გაიცა 97,600.00 ლარის მატერიალური დახმარება. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მდგომარეობის გამო, მატერიალური დახმარებები 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ასიგნებებში.

გარდა ამისა, დადგინდა, რომ ერთი და იგივე პიროვნებები ყოველწლიურად და წელიწადში რამდენიმეჯერაც კი ფინანსდებოდნენ მაშინ, როდესაც მსგავსი პრობლემების მქონე პირების იმავე ტიპის რიგი განცხადებები არ დაკმაყოფილდა სარეზერვო ფონდიდან და გადაიგზავნა სხვადასხვა უწყებაში, ან არც დაკმაყოფილებულა და არც გადაგზავნილა. სარეზერვო ფონდიდან ფიზიკური პირების დაფინანსების პროცესში არ იყო დაცული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები“, – ნათქვამია აუდიტის დასკვანში.

გარდა ამისა, უწყების განმარტებით, კრაკოვში გამართულ კონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სპეციალისტი წარდგა მოხსენებითა და პრეზენტაციით, თემაზე: „საზოგადოებასთან ურთიერთობა და სახალხო მუსიკის სტილი შეერთებულ შტატებში“, ხოლო ქალაქ ელ–მაფრაკში გამართულ კონფერენციაზე თემის – „პიარი და თანამედროვე მუსიკა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი“ პრეზენტაციით. ჯამში ამ ორ მივლინებაზე ბიუჯეტიდან 2,357.6 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ფაქტობრივად ვერ დასტურდება კონკრეტულად რა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყო მივლინებული მთავარი სპეციალისტი, ვინაიდან აღნიშნული გამგზავრებები, მათი მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, საერთოდ არ ყოფილა მივლინება, შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრები გახარჯულია კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ.

თავად ვახტანგ ყოლბაია აუდიტის სამსახურის დასკვნაში საგანგანგაშოს ვერაფერს ხედვას და ამბობს, რომ უწყებაში დასაქმებული თანამშრომლების მივლინება ხდება იქ, სადაც აფხაზეთის თემა უნდა გაჟღერდეს. მისივე თქმით, თანამშრომელი, რომელიც მივლინებაში იმყოფებოდა, მივლინებაში დახარჯულ თანხას უკან დაუბრუნებს სახელმწიფო ბიუჯეტს.

რას შეეხება მოსალოდნელ საკადრო ცვლილებას, აფხაზეთის ა–რ მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი უარყოფს ინფორმაციას თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ. ამბობს, რომ ჯერ წასვლას არ გეგმავს.

„ვფიქრობ, რაღაც შეცდომას აქვს ადგილი. გადაადგილებები იგეგმება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში და არა აფხაზეთის მთავრობაში. ცვლილებები მთავრობაში არც დასტურდება და ამის შესახებ არაფერი ვიცი. შეიძლება ინფორმაცია ნებსით თუ უნებლიედ ვიღაცამ არასწორად გაიგო. არც მე მიმიღია წასვლის შესახებ გადაწყვეტილება და არც რაიმე სახის ზეწოლას ჰქონია ადგილი. ცვლილებები არ არის დაგეგმილი, საკმაოდ სერიოზული გეგმები მაქვს განსახორციელებელი ჩემ კოლეგებთან ერთად , ამიტომაც ჯერ არსად ვგეგმავ წასვლას“, – აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.

 

მერი ერისთავი თამთა, დაუბრუნდი ჩვეულ ამპლუას? დარწმუნებული ხარ კურტანიძე იქნება? :)
5 წლის უკან