მამუკა ბახტაძის განცხადებით, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, ახლაც არის და მომავალშიც იქნება, რაც ნორმალურია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება და შესაბამისად, ამას უნდა მივეჩვიოთ. მთავრობის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ უმრავლესობაში შემავალ ადამიანებს ბევრი საერთო აერთიანებთ, თუმცა შესაძლოა, მათ შორისაც იყოს განსხვავებული აზრები, რაც ნორმალურია.
„სასამართლო რეფორმა არის ის რეფორმა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, ჩართულობას, პლურალიზმს მივესალმები იმიტომ, რომ ეს რეფორმა ამას ნამდვილად მოითხოვს. ამასთან, არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური შეფასებები და ესეც, ვფიქრობ, არის ძალიან ნორმალური და ლოგიკური.
რაც შეეხება პოლიტიკური გუნდის პოზიციას, რომელსაც მე სრულებით ვიზიარებ და ვუერთდები, გახლავთ ის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ჩამოყალიბდეს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები. ეს უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საზოგადოება უნდა საუბრობდეს“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.
პრემიერის განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ უნდა გაიწეროს კონკრეტული კრიტერიუმები მოსამართლეების შესარჩევად.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პოლემიკა ნორმალური პროცესია, მაგრამ ის რაც ხდება, ეს არაა პოლემიკა, რადგან პრემიერი ცდილობს, რომ პროცესი არ შეიმჩნიოს, თვალი დახუჭოს, რაც ბახტაძისგან გასაკვირი არ არის.
„ის არის პრემიერ–მინისტრი, რომელიც პოლიტიკაში არ ერევა, მაგრამ ზოგჯერ იძულებულია რაღაცა თქვას და ბუნებრივია, ასეც უნდა თქვას, სერიოზულს ვერაფერს ვერ იტყვის, იმიტომ, რომ აქ წითელი ხაზები აქვს ძალიან მკვეთრი დასმული. რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, ეს არის სისტემური პრობლემის გამოვლინება, რაც დაარსების დღიდან იყო, ეს არის შეუთავსებლობა. ამ ადამიანებს არაფერი არ აერთიანებთ, ერთადერთი ეს არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, მისი რესურსები და ავტორიტეტი, ამაზე იდგა და დგას ყველაფერი.
მაგრამ, ახლა, ივანიშვილის ფაქტორიც საგრძნობლად შეირყა, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რადგან ამ არჩევნებზე საკმაოდ მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია. უძლეველობის მითი დაინგრა, დარჩა ძალის ცენტრი და დღესაც თუ უმრავლესობა არსებობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გამორჩენას ელოდებიან. ივანიშვილის ავტორიტეტი არ არის განმსაზღვრელი ფაქტორი, უფრო მერკანტილური ურთიერთობები დაიწყო.
არის მეორეც, პრინციპში, რომ წავდინენ, სად წავიდნენ. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ხომ ერთგვარი პარაზიტული წარმონაქმნია, სადაც მკვებავ სხეულთან მოშორება კვდომას იწყებს. იქ არავიან არ არის ისეთი, ვისაც შეუძლია დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება. არავის არ სჭირდება ეს ადამიანები არც ერთ სფეროში“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
ამ ეტაპზე მმართველი გუნდის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომლის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემაში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რაც ჩანს ზედაპირზე, ყველა ხედავს.
„საერთო მიზანია, რომ უზენაეს სასამართლოში ღირსეული მოსამართლეები დავნიშნოთ და სასამართლო სისტემაში ისეთი რეფორმები განვახორციელოთ, რაც მართლმსასჯულების სისტემის მიმართ საზოგადოებას რწმენას გაუჩენს. ეს არის ამოცანა და საბოლოო მიზანი. ამ მიზნამდე როგორ მივალთ, ამის თაობაზე შეიძლება, სხვადასხვა წარმოდგენა იყოს და ამას ადამიანები სხვადასხვანიარად ხედავდნენ, მაგრამ უნდა შევჯერდეთ. გუნდის დაშლის საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“, –განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შენარჩუნდება თუ არა უმრავლესობა, ეს დამოკიდებულია როგორი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება 9 დეპუტატის ინიციატივაზე, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადავადებას ეხება. დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გამოითხოვა თეა წულუკიანმა, რომლიც ახლა დეტალებს ეცნობა. იუსტიციის მინისტრს იმედი აქვს, რომ როგორც კი ექნებათ მოსაზრებები, შენიშვნები, სამუშაო ჯგუფის პირობებში შეძლებენ ამ მოსაზრებებზე საუბარს.
„ამ კანონპროექტს ახლა ვსწავლობთ იუსტიციის სამინისტროში, რადგან გამოვითხოვეთ და გადმოგვეგზავნა და როგორც კი გვექნება ჩვენი მოსაზრებები, შენიშვნები, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს სამუშაო ჯგუფის პირობებში შევძლებთ ამ მოსაზრებებზე საუბარს, რადგან როგორც გუშინაც განვაცხადე, ძალიან ძნელია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხი განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ და ექსკლუზიურად პოლიტიკურ ჭრილში. ეს არ არის ჯანსაღი და არა მხოლოდ სასამართლოსთვის არის ცუდი, არამედ ჩვენივე პოლიტიკური გუნდისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის არგუმენტებს არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, რომლის განცხადებით, თეა წულუკიანს უნდა, სასამართლოში არსებული პრობლემები ლევან მურუსიძესთან ყავის სმით მოაგვაროს, რაც არ გამოვა. დოლიძე ამბობს, რომ საკითხის შებრუნება მხოლოდ იუსტიციის საბჭოში აღარ გამოვა და ის უკვე საერთო მსჯელობის საგანია, რაც შესაძლოა, წულუკიანს არ აწყობდეს.
„ჯინი უკვე ამოსულია ბოთლიდან, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი უკვე აღარ არის ერთი პატარა ჯგუფის კუთვნილება, როგორც იყო მანამდე. ის არის საერთო, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. ეს შესაძლოა, ძალიან არ გაუხარდეს თეა წულუკიანს იმიტომ, რომ ის სრულიად იზიარებს პასუხისმგებლობას იმ პრობლემებზე, რომელიც დღემდე არის შექმნილი.
სწორედ, იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწერილი კანონებით მოახდინა ძალაუფლების კონცენტრაცია იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების ჯგუფმა. თეა წულუკიანს ძალიან არ უნდა, რომ ახლა ეს საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი იყოს იმიტომ, რომ მას ერთ–ერთი მთავარი წვლილი აქვს იმაში, რა სიტუაციაც დღეს გვაქვს – ზურაბ ადეიშვილის ეს ნარჩენები რომ არიან გამაგრებულები სასამართლო სისტემაში.
ამ საკითხის შებრუნება ახლა, ბოჭორმის 12 ნომერში აღარ გამოვა. ეს ჯინი უკვე გამოსულია და ყველა, ექიმით დაწყებული და მასწავლელით დამთავრებული, ლაპარაკობს ლევან მურუსიძეზე და მიხეილ ჩინჩალაძეზე ანუ ახლა, მარტო ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯებით და არა კაბინეტში ყავის სმით მოხდება ამ თემების გადაწყვეტა“, – განცხადა ანა დოლიძემ.
აღმასრულებელი ხელისუფლება და მმართველი გუნდი ცდილობს არსებულ დაპირისპირებაზე საჯაროდ არ ისაუბრონ და პროცესები დიალოგის რეჟიმში გადაიყვანონ, თუმცა, ამის მიუხედავად დაპირისპირება უფრო მწვავდება. საკანონმდებლო ორგანიში არსებულმა დაპირსპირებამ საკრებულოში გადაინაცვლა. „ქართული ოცნების“ წევრი ვატო შაქარაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ახსენებს, რომ ყოფილი „კაგებეშნიკები“ არ არსებობენ, ისევე როგორც, არ არსებობენ ყოფილი ზონდერები, ყოფილი ნაცები და ასევე არ არსებობენ ყოფილი ცუდები.
„მძიმეა ამ ყველაფრის ყურება და საზოგადოების მოთმინება იწურება. გვრიტიშვილი რომ ამბობდა, დარწმუნებული ვიყავი ეკა ბესელია გაჩერდებოდაო, საინტერესოა რაზე დაყრდნობით აცხადებდა? მინდა მას და მის ჯამაათს ვკითხო – როდის დაასრულებთ თავხედობას და საზოგადოების შეურაცხყოფას?!“, – ამბობს ვატო შაქარაშვილი.
კანონპროექტის ავტორი ეკა ბესელია თვლის, რომ ჯანმრთელი პროცესია, როცა სასამართლოს რეფორმაზე მმართველ გუნდში სულ მცირე, ორ განსხვავებულ პოზიციას ხედავს. დეპუტატის განცხადებით, გია ვოლსკი მსაჯულის როლში ვერ იქნება.
„ამ როლიდან ერთმანეთს ნუ ველაპარაკებით, რადგან არის ეტაპი, როცა ჭკუის დარიგება არავის არ სჭირდება და საჭიროა, ყველამ აჩვენოს, ვინ რა პოზიციაზე დგას, რომელ პრინციპულ საკითხს იზიარებს და რატომ. უმჯობესია, არგუმენტების ჭიდილი იყოს და არა იმის, ვინ ვისზე უკეთესია. არ მგონია, ჩემთვის ან ჩემი მეგობრებისთვის საკუთარი თავის დემონსტრირებისთვის იყოს საჭირო, რადგან დიდი ხანია, პოლიტიკაში ვართ და კარგად გვიცნობენ. ვისაც გაცნობა სჭირდება, შეიძლება, ეს მათთვის იყოს პერსონალური ინტერესების საგანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
გია ხუხაშვილი თვლის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ფორმით მუშაობას ვერ გააგრძელებს, ნგრევის პროცესი დაწყო, თუმცა, ნგრევის ტემპრი დამოკიდებულია იმაზე, რამდენს გადაიხდის ბიძინა ივანიშვილი ამ არსებულ ერთიანობაში.
„ანუ, ყველა უნდა დააინტერესოს - რამდენად დააინტერესებს თითოეულის მოთხოვნებს, მერკანტილურს ან კარიერულს. ინდივიდუალურადაც კი დაიწყო დეპუტატებთან შეხვედრა და რაღაცა ვიზუალური მოლაპარაკებები. ვფიქრობ, რომ ეს არის შეცდომა, რადგან კონსტრუქცია იმდენად მახინჯი და ხელოვნურია, რომ ის მაინც დაინგრევა.
მცდელობა, რომ ბოძები შეუყენოს და ამით შეანელოს ნგრევის პროცესი, უპერსპექტივოა. საბოლოო ჯამში, შეიძლება, ზვავივით წამოვიდეს ყველაფერი და ერთ დღეში გასკდეს. ჯობდა, რომ სერიოზული რეორგანიზაცია დაეწყო, რომ გაჩნდეს იმის შანსი, რაღაცა შეინარჩუნოს. როგორც ჩანს, ამის სურვილი მაინცდამაინც არ აქვს“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.