„წინა საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ თვეში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის გადარბენილ შავ კატასაც „უშიშროების საბჭო“ ეწერა ზურგზე“

„წინა საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ თვეში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის გადარბენილ შავ კატასაც „უშიშროების საბჭო“ ეწერა ზურგზე“

პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომებზე მუშაობას ითხოვს, რაზეც პარლამენტი უარს ამბობს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა და იქ პრეზიდენტი ვერ იქნება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის მონაწილეობის უზრუნველყოფის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტთან კონსულტაცია დაიწყო, თუმცა, უშედეგოდ დასრულდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ითხოვს კანონპროექტში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ექნება უფლებამოსილება უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ პარლამენტისგან ჯერ არავითარი დაპირება არ მიუღია, თუმცა, აცხადებს, რომ პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში გარკვეული ფორმით მონაწილეობა უნდა მიიღოს.

როგორც გაბუნია აცხადებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათვიცნობიერებს იმას, რომ ეს არ არის პრეზიდენტთან არსებული სათათბირო ორგანო და იზიარებენ იმასაც, რომ გარკვეულ უხერხულობას შექმნის კიდეც პრემიერის სათათბირო ორგანოში პრეზიდენტის, როგორც წევრის მონაწილეობა. თუმცა, ამის მიუხედავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია არის ცალსახა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გარკვეული ფორმით მიიღოს მონაწილება უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში.

„ჩვენთვის არის ამოსავალი, რომ პრეზიდენტმა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება. ამაზე ვთანხმდებით. მეორე – კონსტიტუციაში ზუსტად არის გაწერილი პრეზიდენტის უფლებამოსილებები. უსაფრთხოების საბჭოში, რომელიც განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, პრეზიდენტის ჩართვა აუცილებელია. მიდის მსჯელობა ფორმასა და შინაარსზე, როგორი ფორმით უნდა იყოს ჩართული პრეზიდენტი ამაში“, – აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

პოზიციას არ იცვლის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომლიც ამტკიცებს, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არანაირი გაუგებრობა, ან დაპირისპირება არ არსებობს. ამბობს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო არის პრემიერის სათათბირო ორგანო, ეს არის მთავრობის კომპეტენცია და ამ საბჭოს ფარგლებში არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მთავრობას აქვს თავისი კომპეტენცია, მთავრობის კომპეტენციაში ჩარევა გამოიწვევს ძირითადი პრინციპების დარღვევას. თუმცა მთავარი რაც არის, პრეზიდენტი იყოს ინფორმირებული თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, ეს ასე არის.

„იქ სადაც მთავრობაა, არის მთავრობის კომპეტენციები, იქ სადაც პრეზიდენტია, არის პრეზიდენტის კომპეტენცია. პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რა თქმა უნდა, არის და იქნება ინფორმირებული საფრთხეებთან და თავდაცვის საკითხებთან მიმართებაში, რისთვისაც მას აქვს პირდაპირი კომუნიკაცია პრემიერ–მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან. მაგრამ, ჩემი პირდაპირი პოზიცია არის, რომ თუკი პრემიერის სათათბირო ორგანოში წარმოვიდგენთ პრეზიდენტის, პარლამენტის მონაწილეობას, ამით შეიძლება დავარღვიოთ ჩვენი სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების განაწილების პრინციპი“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის როლს და ადგილს ვერ ხედავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომლის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ახალ მოდელში პრეზიდენტის გათვალისწინება კონსტიტუციურ უხერხულობას ქმნის.

„საკითხი ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, როლს, ასევე მთავრობის, მთავრობის მეთაურისა და პრეზიდენტის ფუნქციებს ეხება. ქვეყნებში, სადაც ისეთივე მოდელია, როგორიც ჩვენთან, ეს საბჭო პრემიერ–მინისტრის დაქვემდებარებაშია. აღნიშნულ მოდელში პრეზიდენტის გათვალისწინება მისი ფუნქციიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ კონსტიტუციურ უხერხულობას ქმნის.

არსებობს რაღაც პრინციპები, რასთან დაკავშირებითაც საკითხების გადაწყვეტა ხდება. პრემიერისა და პრეზიდენტის ფუნქციებიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რაც შეეხება კანონპროექტში რაიმე ჩასწორების შეტანას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრინციპული პოზიციის შეცვლას არ აპირებს. თუმცა კონსულტაციებს დაველოდოთ და შემდგომ შეგვიძლია დეტალებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასე არ ფიქრობს ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, იმაზე აპელირება, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს წევრი, უნდა ესწრებოდეს თუ არა ის საბჭოს სხდომებს, სკანდალის მაძიებელთა თემებია. ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის უსაფრთხოების საბჭოსთან ურთიერთობის რაღაც ფორმა უნდა არსებობდეს და პრობლემა არ იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისი ურთიერთობის ფორმა მოიძებნოს. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება ყოველდღიურად იქონიოს ინფორმაცია ნებისმიერ იმ საკითხზე, რაც პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებებით არის განსაზღვრული.

„ურთიერთობის გარკვეული ფორმა და არხი უნდა მოქმედებდეს ყოველდღიურ რეჟიმში და არა მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დღეს. პრეზიდენტი არ შეიძლება, პრემიერის სტრუქტურას ექვემდებარებოდეს, სადაც პრემიერია თავმჯდომარე და ისეთი ფორმა უნდა მოიძებნოს, რომ პრეზიდენტი თავისი უფლებების ფარგლებში სრულად იყოს ინფორმირებული.

პრეზიდენტის უსაფრთხოების საბჭოსთან ურთიერთობის რაღაც ფორმა უნდა არსებობდეს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტს საკუთარ უფლებამოსილებებში სამხედრო საკითხებზე გაწერილი აქვს გარკვეული ვალდებულბები და პასუხისმგებლობები. უსაფრთხოების საბჭო კი ის სტრუქტურა არ არის, რომელიც მხოლოდ სამხედრო საკითხებს იხილავს - მას განსახილველ საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი თვლის, რომ უსაფრთხოების საბჭოს უნდა ეწოდოს „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სათათბირო ორგანო“, სხდომებს უნდა გაუძღვეს პრემიერ–მინისტრი და სხდომებზე მოწვეული უნდა იყოს პრეზიდენტი. „შენების მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რისთვისაც უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე და ანალიტიკურ მასალაზე.

„უსაფრთხოების საბჭოს მდივანი უნდა იყოს პრემიერ–მინისტრის „ჩრდილი და აჩრდილი“ უსაფრთხოების სტრატეგიულ საკითხებში შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კომპლექსურ ურთიერთობაში. ამ საქმეს ყოველდღიურად სჭირდება მაღალი რანგის პროფესიონალის 24 საათი და არა რომელიმე მინისტრის გამოძებნილი 24 წუთი. წინა საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ თვეში პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკანმოუბრუნებლად გადარბენილ შავ კატას სწორედ „უშიშროების საბჭო“ ეწერა ზურგზე. იმედია, ვსწავლობთ გაკვეთილებზე“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

პრეზიდენტის ადგილს უშიშროების საბჭოში ხედავს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი, რომლის განცხადებით, პრემიერის მომავალ სათათბირო ორგანოში პრეზიდენტის ადგილი აუცილებლად უნდა იყოს და უკეთესი იქნება, თუ საბჭოს თავად პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

„იმის განცხადება, რომ საქართველოს მომავალ უსაფრთხოების საბჭოში არ არის პრეზიდენტის ადგილი, რომელიც ამავე დროს არის სახელმწიფოს მეთაური და მთავარსარდალი, შეცდომაა. პირიქით, პრეზიდენტი უნდა დაესწროს საბჭოს სხდომებს და უმჯობესი იქნება, თუ თავმჯდომარეც იქნება. ეს არის ხელოვნურად შექმნილი რელობა, რომელიც აცდენილია იმ საჭიროებებს და გამოწვევებს, რომელიც დღეს აქვს საქართველოს და პოლიტიკურ სისტემას.

ცხადია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით პრეზიდენტ მარგველაშვილის პერიოდში, შევთავაზეთ საუკეთესო პრაქტიკები, რომელიც არსებობს საერთაშორისო დონეზე, მათ შორის თურქეთში, ესტონეთში, ლიტვაში თუ სხვა ქვეყნებში, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაიზიარა ჩვენი შეთავაზებები“, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

 

გრიგორი აი, ესეც კობახიძის ქებული ყველაზე "კარგი" კონსტიტუცია !!! პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირი და მხედარმთავარია, მაგრამ უშიშროების საბჭოძე დასწრების უფლებაც კი არ აქვს!!! ეს პარადოქსი არაა?!
5 წლის უკან