პარლამენტის „გუდურიზაცია“

პარლამენტის „გუდურიზაცია“

90-იანი წლების მიწურულს ერთ-ერთმა მოქკავშირელმა დეპუტატმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საჯაროდ წარმოთქმული თავისი ერთადერთი, მაგრამ გენიალური ასეთი ფრაზით მოაწონა თანაგუნდელებს თავი: „მე არც არასდროს ვყოფილვარ, არც ახლა ვარ და არც არასდროს ვიქნები ოპოზიციონერი“. ქართული პარლამენტარიზმის ანთოლოგიაში შესატანმა ამ ქრესტომატიულმა ფრაზამ მაშინ ერთი ენამახვილი ოპოზიციონერის აღშფოთება გამოიწვია, რომელმაც მოქკავშირელ კოლეგას იმერული იუმორით მოახსენა, „გუდურასავით რომ მოგიტანეს და დაგდეს მაგ სკამზე, მაგიტომ არ გესმის და ვერც გაიგებ პოზიციის და ოპოზიციის მნიშვნელობასო“. ამ სიტყვების მთქმელი დეპუტატი მაშინ, ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ათიოდე წელიწადში საქართველოში პარლამენტის სრული ინსტიტუციური „გუდურიზაცია“ განხორციელდებოდა.

დღეს „გუდურიზაციის“ მსხვერპლია „აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა“, რომელმაც ეს მძიმე მემკვიდრეობა მოქკავშირისგან არათუ სრულად გადაიბარა, არამედ სულ სხვა ხარისხშიც კი აიყვანა. უმრავლესობასთან ერთად, „გუდურიზებულია“ პარლამენტის თავმჯდომარე და მისი ყველა მოადგილე, ყველა საპარლამენტო კომიტეტი და კომისია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „გუდურიზაციით“ ამაყად იწონებს თავს საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატების „ზეგუდურიზებული“ ფრაქციის თამადობით, ჯიუტად ცდილობს, დემოკრატიის ყველა სამეცნიერო თეორიის საწინააღმდეგოდ, ამ საქმეში შედარებით გამოუცდელ ქართველებს ოპოზიციის არსი და მისი კლასიკური დემოკრატიული ფუნქცია თავდაყირა დაგვიყენოს.

კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ნაციონალური მედია დღეს აქტიურად ცდილობს ოპოზიციის „გუდურიზაცია“ კარგ ტონად და პოლიტიკური წარმატებისკენ მიმავალ ერთადერთ რეალურ გზადაც კი წარმოგვიჩინოს. ასე მაგალითად, ნაციონალურმა არხებმა საახალწლოდ ოპოზიციური პარტიების მიერ გასულ წელს განვლილი გზა გაიხსენეს და მოგვახსენეს, რომ ქრისტიან-დემოკრატები, „გუდურიზაციის“ წყალობით, სტაბილურად ახერხებენ მათთვის მიკუთვნებული კომფორტული პოლიტიკური როლისა და ფუნქციის შენარჩუნებას, ხოლო ეროვნულ-დემოკრატებმა, ამავე დამსახურების გამო, მათთვისვე სრულიად მოულოდნელად, ერთ სადეპუტატო სკამსაც კი გამოჰკრეს ხელი. ქრისტიან-დემოკრატებისა და ეროვნულ-დემოკრატების „გამჭრიახობის“ ფონზე, „საცოდავად“ წარმოჩნდნენ ე.წ. რადიკალები, რომლებიც თავიანთი „უგუნურების“ და „გუდურიზაციაზე“ უარის თქმის გამო, მოწყალე მმართველ პარტიას დღემდე ვერაფერს გამორჩნენ. მოკლედ, საპარლამენტო პოლიტიკური სპექტრის, ანუ აგრესიულად მორჩილი უმცირესობის „გუდურიზაცია“ დღეს არა მხოლოდ შემდგარი ფაქტი, არამედ, ნაცმედიას თუ დავუჯერებთ, კარგი ტონი და პოლიტიკური წარმატების მიღწევის საუკეთესო საშუალებაცაა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ზემოთ ციტირებულ ენამახვილურ შეფასებას თუ გავითვალისწინებთ (გავიხსენოთ: „გუდურასავით რომ მოგიტანეს და დაგდეს მაგ სკამზე, მაგიტომ არ გესმის და ვერც გაიგებ პოზიციის და ოპოზიციის მნიშვნელობას“), შეგვიძლია მარტივად დავასკვნათ, რომ ქრისტიან-დემოკრატებისა და ეროვნულ-დემოკრატების „გუდურიზაცია“ მათი ბრალი სულაც არ არის და ეს ყველაფერი ამ ორი პარტიის პოლიტიკური წარმატების მიზეზს უკავშირდება: ქდმ და ედპ, რომლებიც გუდურასავით მოგვიტანეს და დაგვიდეს პარლამენტში, რაღა თქმა უნდა, იმთავითვე იყვნენ მოკლებული ყოველგვარ შესაძლებლობას, პარლამენტში რეალური ოპოზიციის ფუნქცია ეტვირთათ.

პარლამენტის „გუდურიზაცია“ საქართველოში უკვე საყოველთაოდ აღქმული მოვლენა და გაცვეთილი თემაა და მასზე შეიძლება აღარც გაგვემახვილებინა ყურადღება, რომ არა ის ოლიმპიური სიმშვიდე და მორჩილება, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტამდე საკმაო ხნით ადრე პარლამენტის შენობის ინტერიერის „პირისაგან მიწისა აღგვას“ შეხვდნენ. როგორც ჩანს, პარლამენტის ფიქტიურობა უკვე იმდენად ფართოდ გაცხადებული მოვლენაა, რომ უმრავლესობა-უმცირესობას მის შენიღბვაზეც კი აღარ უღირს წინასაარჩევნოდ ასე გაძვირფასებული დროის დაკარგვა.

მოქმედი პარლამენტი ჯერ მთლად ნაგვის ყუთში რომ არ იყო ჩასაგდები და მას რომ სექტემბერ-ოქტომბერშიც ესაჭიროებოდა სამუშაო ფართი (ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც), ამაზე მოქმედი კანონმდებლობა ნათლად მიგვანიშნებს: საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტის არჩევამდე პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი. შესაბამისად, პარლამენტს არა აქვს უფლება, რომელიმე სხვა ქალაქში წარმართოს სამუშაო პროცესი (ქუთაისში სხდომების ჩატარების შესაძლებლობას რეგლამენტში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს, თუმცა, ეს ცვლილება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას). აქედან გამომდინარე, პარლამენტის ინტერიერის ძირითადი ნაწილის განადგურებამ, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახადა საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება, რაც საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს.

მართალია, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი უფლებამოსილია საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში არ გამართოს პლენარული სხდომები, თუმცა, ეს თავისთავად არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, პლენარული და საკომიტეტო სხდომების ჩატარებას, და მით უმეტეს - დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის „კაბინეტურ“ მუშაობას. უფრო მეტიც, საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტისა და საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მოქმედი პარლამენტი საპარლამენტო არჩევნებამდე ვალდებულიცაა გამართოს საკომიტეტო სხდომები. კერძოდ, კონსტიტუცია ადგენს, რომ პარლამენტს არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა განსახილველად უნდა წარედგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.

პროექტის წარდგენიდან 20 დღის ვადაში (ანუ არა უგვიანეს 21 ოქტომბრისა) საპარლამენტო კომიტეტებმა, უმრავლესობამ, უმცირესობამ და ფრაქციებმა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის სიღრმისეული გაცნობის საფუძველზე, უნდა წარადგინონ საკუთარი დასკვნები და შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, შენობის არქონის პირობებში, აღნიშნული საპარლამენტო სუბიექტები (უპირველეს ყოვლისა, საპარლამენტო კომიტეტები) ჯეროვნად ვერ შეძლებენ თავიანთი ფუნქციის შესრულებას და მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძვლიანად განხილვას. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების 1 ოქტომბერს დანიშვნამ, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახადა საბიუჯეტო პროცესის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელება.

ამგვარად, საპარლამენტო არჩევნების 1 ოქტომბერს დანიშვნა და არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტის შენობის ინტერიერის ხელყოფა პარლამენტს არ აძლევს მისი ერთ-ერთი უმთავრესი კონსტიტუციური ფუნქციის შესრულების - სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ჯეროვანი განხილვის შესაძლებლობას. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ ამ ფაქტის არგაპროტესტება კიდევ ერთი უტყუარი დასტურია იმისა, რომ პარლამენტი, მისი თავმჯდომარე, მოადგილეები, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში სრულიად ფიქტიურ და ბუტაფორიულ, ანუ ვიღაცის მიერ მიტანილი და სკამზე (ან სკამებზე) დადებული „გუდურას“ როლს ასრულებენ. საერთო ჯამში კი, ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს სრული სითამამით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ჩვენი პარლამენტის სრული ინსტიტუციური „გუდურიზაცია“ შემდგარი ფაქტია.

ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ოპტიმისტური განწყობით დაველოდოთ 1 ოქტომბრის არჩევნებს, რომლის შემდგომაც საქართველოს პარლამენტის ესოდენ მძიმე მდგომარეობა წარსულის მოვლენად უნდა იქცეს. აქედან მორალი - ჩვენი ხმა პარლამენტის „დეგუდურიზაციას“!