გაახალისა თუ არა აჭარლები სააკაშვილისეულმა ე.წ. ალტერნატიული მთავრობის იდეამ და რატომ არ აღიქვამენ ექსპრეზიდენტის კონცეფციებს აჭარაში სერიოზულად?
თითქმის ერთი თვე გახდება, რაც ბათუმში ე.წ. „ალტერნატიული მთავრობა“ შექმნა საკაშვილმა და აღნიშნული „მთავრობის“ პერსპექტივის შესახებ ჯერ კიდევ 30 იანვარს ალაპარაკდა.
„აი, ეს არის ნამდვილი ახალი ხელისუფლება საქართველოში-ჭკვიანები, ლამაზები, მომართულები, პატრიოტულები. ძალიან კრეატიული აზრია ეს ალტერნარტიული მთავრობა და ალტერნატიული მერი იმიტომ, რომ რეალურად ჩვენს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება“, - მიმართა ბათუმის პარტიის ოფისში შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოჩართვის დროს და ტრადიციულ მაშველად „რუსთავი 2“ იხმო - „გააკეთეთ თქვენი პროექტები, წარმოადგინეთ კონკრეტული პროექტები და მე ჩაგერთვებით. ამას „რუსთავი 2“ გააშუქებს და „იუთუბზე“ დავდებთ“.
როგორც „ნაციონალები“ ირწმუნებიან, ე.წ. ალტერნატიული მთავრობა თანამდებობისთვის არ შექმნილა, უბრალოდ, ალტერნატიული პროექტების იდეა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთას ეკუთვნოდა.
სკაიპით დანიშნული აჭარის ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შექმნის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი ეხმაურება და ამბობს, „მაგ თქვენი გადარეულისთვის ერთი კარგი ფსიქიატრიული ააშენეთ და ყველაზე საუკეთესო პალატაში დააწვინეთ! თქვენც შეგიძლიათ განთავსდეთ გვერდითა პალატებში“.
For.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ აჭარლები სააკაშვილის ინოვაციურ იდეებზე, მით უფრო იმ ფონზე, როცა აჭარაში „ნაციონალებს“ დიდი დასაყრდენი არ აქვთ, რაც „ნაციონალების“ წინააღმდეგ ერას მოედანზე მოწყობილმა საპროტესტო მუხტმა გამოავლინა.
აჭარის მკვიდრი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ალტერნატიული მთავრობის“ შექმნის იდეა პირდაპირ სახელმწიფო წყობილების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რომლის სერიოზულად აღქმა ლიეჟში გამართული შეხვედრის შემდეგ შეუძლებელია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ „ალტერნატიული მთავრობის“ შექმნით სააკაშვილი თამაშობს, თუმცა ამ ყველაფერზე მაინც უნდა დაფიქრდეს საქართველოს ხელისუფლება.
„ალტერნატიულ მთავრობაში“ ყველაზე ცუდი ის არის, რომ სააკაშვილმა უკვე მეორედ მოუწოდა ბიზნესმენებს, არ გადაიხადოთ გასადასახადებიო. ასეთივე განცხადება გააკეთა მან 2003 წელსაც, როდესაც თვითონ მოდიოდა ხელისუფლებაში. მაშინაც ბიზნესმენებს მოუწოდა, არ გადაიხადოთ გადასახადიო, თუმცა ხელისუფლებაში რომ მოვიდა, საურავები და ჯარიმები დააკისრა გადაუხდელი გადასახადების გამო. ვთქვათ, ახლაც ვიღაცამ დაუჯერა და არ გადაიხადა გადასახადი, ღმერთმა ყველა დაიფაროს და სააკაშვილი რომ მობრუნდეს უკან, როგორ გგონიათ, იმ გადასახადს არ მოითხოვს, რომლის გადაუხდელობასაც ახლა ითხოვს ბიზნესმენებისგან? მაშინ საგადასახადო კოდექსში უნდა შეიტანოს ცვლილება. 2004-ში აჭარის საგადასახადო სამსახურის უფროსი გახლდით და ვიცი, რა სიტუაციაც იყო აჭარაში. ამიტომ სააკაშვილის მოწოდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რაც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტალურ პრინციპს, ანუ გადასახადის გადახდას ეხება“,-აღნიშნა პაატა აროშიძემ და დასძინა, რომ ე.წ. ალტერნატიული მთავრობის იდეა აჭარაში სერიოზულად არავის მიუღია, უფრო მეტიც, ადგილობრივი მთავრობა ისევე მუშაობს, როგორც ადრე მუშაობდა.
კერძოდ, აჭარაში ერთი დიდი პრობლემა გადაიჭრა, ე.წ. ოცნების ქალაქი დაარსდა, რომელიც თვითჩასახლებულებით იყო სავსე. ამ ადამიანებს დაუკანონდათ მიწები და ახლა მიმდებარე ტერიტორიებზე იწყება მრავალსართულიან კორპუსთა მშენებლობა, სადაც მოსახლეობა იცხოვრებს. ეს პრობლემა 10-15 წლის განმავლობაში გადაუჭრელი იყო, ახლა კი ამისთვის 10 მილიონი ჩაიდება აჭარის ბიუჯეტიდან, დანარჩენის სუბსიდირებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მოახდენს.
ასე რომ, მიშას „ალტერნატიულ მთავრობას“ ერთადერთი მიზანი აქვს, არიოს სიტუაცია საქართველოში და ვიღაცას ნერვები მოუშალოს.
პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აჭარელი მედეა ვასაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ალტერნატიული მთავრობა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიობის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რადგან მოქმედ ლეგიტიმურ ხელისუფლებას ქვეყნის მართვა უჭირს.
„პირადად ჩვენი, ანუ „ემსახურე საქართველოს“ ჩართულობა ამ საკითხში არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ, თუკი მესამე პრეზიდენტს ამის სურვილი ექნება და, თუკი რაიმეში ვიქნებით საჭირო, მას მხარს დავუჭერთ, ხელს შევუწყობთ“, - აღნიშნა მედეა ვასაძემ და შეკითხვის საპასუხოდ, პირადად მას მოენატრა თუ არა სააკაშვილის რეჟიმი, აღნიშნა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ოპონენტი იყო 9 წლის განმავლობაში. როგორც კი ასლან აბაშიძე აჭარიდან წავიდა და დასრულდა სეპარატისტული გამოვლინებები, მან ჩათვალა, რომ „ნაცმოძრაობის“ პოზიტიური გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე დასრულდა და მაშინვე დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა დღეს, როდესაც გაემიჯნა „ქართულ ოცნებას“, საკუთარი ადგილი „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ დაინახა.
„ვადასტურებ, რომ „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ დომინანტი „ნაციონალური მოძრაობაა“. 5-იანი ციფრი ძალიან მიყვარდა სკოლაში, მაგრამ მერე მქონდა საშინელი ანტიპათიური დამოკიდებულება. ახლა ჩემი შემობრუნება 5-იანისკენ და ის, რომ 800 ათასმა ადამიანმა დაუჭრა მხარი „გაერთიანებულ ოპოზიციას“, ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება თავისი საქმიანობით თვითონვე უწყობს ხელს „ნაციონალებისკენ“ საზოგადოების შემობრუნებას. ეს არ არის ჩემი დაბრუნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არის „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ ჩემი ადგილის პოვნა საიმისოდ, რომ არ დავიკარგო პოლიტიკისთვის“.
მედეა ვასაძის აზრით, მომავალმა ხელისუფლებამ უნდა გადმოიღოს ის კარგი, რაც „ნაცმოძრაობის“ დროს კეთდებოდა, ქვეყანა შენდებოდა, სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსა ინსტიტუციონალურად, მაგრამ „ნაციონალების“ მეორე ნაწილი, როცა ადამიანის უფლებები სრულიად ფეხქვეშ იყო გათელილი, არ უნდა განმეორდეს.
მაინცდამაინც აჭარას რატომ მიაპყრო ყურადღება სააკაშვილმა, ამის შესახებ მედეა ვასაძემ აღნიშნა, რომ ეს მაინც ავტონომიური რეგიონია და უფრო მეტი ნიადაგი არსებობს ალტერნატიული მთავრობის შესაქმნელად. თორემ საეჭვოა, გურიაში, იმერეთში ან კახეთში ასეთი მთავრობის ჩამოყალიბების ნიადაგი არსებობდეს. გარდა ამისა, არსებობს ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც აჭარაში ალტერნატიული მთავრობა შეიქმნა, კერძოდ, მედეა ვასაძის აზრით, სააკაშვილს ძალიან უყვარს აჭარა, მან ხელი დაატყო ამ რეგიონს და, თუ რაიმე მხარდაჭერას ელის, ელის ისევ აჭარისგან. ეს სურვილი კი მიშას არაერთხელ გაუმჟღავნებია.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიშას აჭარა კი არა, საკუთარი შვილები და დედა არ უყვარს. მას საკუთარი ხუშტურების და მანიაკალური მიდრეკილებების აღსრულების გარდა არავინ უყვარს. სხვათა შორის, ვინც არიან მისი მომხრეები, ისინიც არაადეკვატურნი და სულიერად ავადმყოფები არიან. მაგალითად, ლიეჟში შეხვედრიდან გამოსულმა ქალებმა ვახტანგ მაისაიას მოაგონა ფილმი „ივან ვასილევიჩი იცვლის პროფესიას“. ამ ფილმში ძალიან კარგი ფრაზაა, „თქვენ რომ ჩემი ცოლი იყოთ, თავს ჩამოვიხრჩობდიო“.
„თუ აჭარაშიც ასეთივე ფანკლუბი ჰყავს სააკაშვილს, მაშინ უნდა მივულოცოთ და ვუსურვოთ, კიდევ უფრო გაუმრავლდნენ ასეთი ფანკლუბის წევრები. მარტო „ბეტეერა ქალი“ რომ ჰყავს, ფანკლუბის პრეზიდენტი - გოცირიძეა თუ ვიღაც, ისიც კმარა, ამაზე უნდა გაგეცინოს. ამით ვხალისობ კიდეც, რითაც რეაბილიტაციის კარგ საშუალებას მივაგენი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.