„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პრემიერ–მინისტრის სათათბირო ორგანოს – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განხილვა დაიწყო.
პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას გაუწევს კოორდინაციას და მის შემადგენლობაში შევა რვა მუდმივმოქმედი წევრი – თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები; ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაზვერვის სამსახური და თავდაცვის ძალების მეთაური, მათ შორის, პრემიერ–მინისტრი, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი საბჭოს ერთ–ერთი მუდმივმოქმედი წევრი იქნება.
გარდა ამისა, ინიცირებული კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სხვადასხვა კრიზისული ვითარების მართვას პრემიერ–მინისტრი ეროვნული სიტუაციური ოთახის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ პუნქტს წარმოადგენს. პროექტის თანახმად, საბჭოს ეყოლება ცალკე, დამოუკიდებელი აპარატი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით.
ამასთანავე, კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის პრეზიდენტის ადგილი, ფუნქცია–მოვალეობა. მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტის საბჭოს შემადგენლობაში მუდმივმოქმედ წევრად გათვალისწინება, დღევანდელი კონსტიტუციური მოდელიდან და უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, რაც პრეზიდენტს გააჩნია, ვერ იქნება გაზიარებული.
„ამ საკითხზე ყველა ვთანხმდებით და ახსნის შემდეგ კითხვის ავტორებისთვისაც ეს ნათელი გახდა. თავის დროზე, როცა ჩვენ ამ კანონპროექტს ვამუშავებდით, ეს საკითხი დასმული და განხილული იყო, თუმცა ის საკანონმდებლო სივრცე რაც დღეს გვაქვს, ამის საშუალებას არ იძლევა“, – აცხადებს ნათია მიქელაძე.
ასე არ ფიქრობს პრეზიდენტი, რაც უკვე გახდა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირების მიზეზი. პრეზიდენტი თვლის, რომ კანონში უნდა იყოს გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის მონაწილეობა. პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მონაწილეობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში აუცილებელია იმისათვის, რომ პრეზიდენტმა შეძლოს იმ უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც მას მინიჭებული აქვს კონსტიტუციით.
„ბუნებრივია, პრეზიდენტი ვერ იქნება მთავრობის სათათბირო ორგანოს წევრი, თუმცა, მისი კონსტიტუციური ვალდებულებების გათვალისწინებით, უნდა გამოინახოს სხდომებზე პრეზიდენტის დასწრების კანონით გაწერილი გზა. ამ საკითხებთან დაკავშირებით გავმართათ კონსულტაციებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მაშინ, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ–მინისტრის სათათბირო ორგანო, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო იმისათვის, რომ მთავრობის დონეზე მოხდეს უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია.
„ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ეს არის პრემიერ–მინისტრის სათათბირო ორგანო, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება. ეს ორგანო არ იღებს არანაირ გადაწყვეტილებას, ეს არის მხოლოდ სათათბირო ორგანო. ხშირ შემთხვევაში ეშლებათ ხოლმე ჩვენს ოპონენტებს, როდესაც საუბრობენ, რატომ არ არის ჩართული პრეზიდენტი. პრეზიდენტი ვერ იქნება ჩართული იქ, სადაც პრემიერი იღებს რჩევას, ან ხდება მსჯელობა და კოორდინაციის საკითხების განსაზღვრა. ეს არის მთავრობის უფლებამოსილება და საერთო ჯამში, გადაწყვეტილებებს ბუნებრივია, იღებს მთავრობა“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
ის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობის ფორმატში განსაზღვული არ არის პრეზიდენტის როლი, ამას მოქმედი კონსტიტუციით ხსნის „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურაბ აგლაძე, რომლის შეფასებით, პრეზიდენტს არავითარი უფლებები არ აქვს, მთავრობის ხელმძღვანელი არის პრემიერ–მინისტრი და ლოგიკურიც იყო, რომ უწყება პრემიერს დაქვემდებარებაში გადავიდა.
„ჩვენს ვარიანტში პრეზიდენტს არავითარი უფლება არ აქვს, გარდა იმისა, რომ მთავარსარდალი ჰქვია. ნომინალურია პრეზიდენტის უფლებები, თითქმის არავითარი უფლებები არ გააჩნია, მხოლოდ სახელი ჰქვია და წარმომადგენლობითი ადამიანია. ამიტომ, მისი ყოფნა-არყოფნა არც არაფერს დააშავეს და არც არაფერს შემატებს უშიშროების საბჭოს. პრეზიდენტი დატოვებულია ყველანაირი უფლების გარეშე. თუ ექნებოდა უფლებები, ასეთ შემთხვევაში აზრი ექნებოდა, მაგრამ რადგან უფლებები არ აქვს, აზრი არ აქვს მის ყოფნას, არაფრის გადაწყვეტის საშუალება არ ექნება.
ამიტომ ვთვლი, რომ სრულიად ნორმალურია პრემიერის დაქვემდებარებაში მისი გადასვლა. გაამართლებს თუ არა, რთულია ამის თქმა, ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. დიდი ხანი არაა რაც სახელმწიო გვაქვს, ინსტიტუტები არ არის დახვეწილი, ამიტომ გამიჭრდება ვთქვა ინსტიტუციურად გაამართლებს თუ არა. ჩვენდა სამწუხაროდ ამ ეტაპზე მაინც პიროვნებები წყვეტენ, პიროვნული გადაწყვეტილებები უფრო წონის, ვიდრე ინსტიტუციური“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემები საკმაოდ მრავლად არის. მათ შორის პრეზიდენტის ჩართულობასთან დაკავშირებით. როგორც აქუბარდია for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, არ არსებობს ლოგიკური არგუმენტები, თუ როგორ ურთიერთმოქმედებს პრემიერის სათათბირო უსაფრთხოების საბჭო პრეზიდენტის თავდაცვის საბჭოსთან, რადგან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთმოქმედება ჩანდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გავაგრძელოთ მავნე პრაქტიკა და უშიშროების საბჭო არ იქმნებოდეს პიროვნებებზე მორგებით. ეს უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული. დღეს იქნება პრემიერი ბახტაძე, ხვალ გახარია თუ ზეგ იქნება ვინმე სხვა, ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს.
სად იქნება, პრეზიდენტთან, თუ პრემიერთან, ამ შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკა არის განსხვავებული. ბევრ საპარლამენტო რესპუბლიკაში, უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტთან, არის რიგი ქვეყნები, მაგალითად, ჩეხეთი, სლოვანია, ისრაელი, ბრიტანეთი, სადაც პრემიერთან არის დაქვემდებარებული. ამ შემთხვევაში მთავარია ერთის მხრივ ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელის წინაშე ქვეყანა დგას და ამაზე უნდა იყოს მორგებული უსაფრთხოების საბჭოს ამოცანები.
კანონპროექტის განხილვის დროს ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის მოწვევა შეიძლება, მაგრამ კანონპროექტის ავტორებს მაგალითად მოჰყავთ ჩეხეთის და სლოვანიის მოდელი, სადაც ორივე შემთხვევაში საბჭოს წევრი კი არ არის, არამედ საბჭოს სხდომებს შეიძლება დაესწროს პრეზიდეტი და ისიც კანონით არის გაწერილია რა შემთხვევაში შეიძლება დაესწროს. ჩვენს შემთხვევაში არგუმენტი არის ის, რომ ეს არის პრემიერის სათათბირო ორგანო, სადაც პრეზიდენტის ადგილი არ არის. მაგრამ აუცილებელია ინსტიტუციური ადგილი ჰქონდეთ, სადაც ეს ორი თანამდებობის პირი დაილაპარაკებს“, – აცხადებს თეონა აქუბარდია.
რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, ის ერთ–ერთი მუდმივმოქმედი წევრი იქნება და მას პრემიერ–მინისტრი დანიშნავს. for.ge–ს ინფორმაციით, ამ თანამდებობას შს მინისტრი გიორგი გახარია შეითავსებს, რასაც არ ეთანხმება ზურაბ აგლაძე და ამბობს, რომ ჩვენ ვართ განვითარდებადი ქვეყანა, სადაც არის ჰიბრიდული დემოკრატია და თვლის, რომ იმაზე მეტი ძალა–უფლება იქნება კონცენტრირებული ერთი მინისტრის ხელში, ვიდრე უნდა იყოს.
„ჩვენს შემთხვევაში, ალბათ, ეს იქნება შს მინისტრი გიორგი გახარია, ამიტომ ვთვლი, რომ ერთი მინისტრის ხელში ამდენი ძალა–უფლება ნამდვილად არ არის სასურველი. უმჯობესი იქნება დეცენტრალიზაცია. არავითარი პრობლემა არ იქნებოდა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი რომ შემოეღოთ და დაენიშნათ არა მთავრობის წევრი. შს მინისტრი საკმაოდ დაკავებულია და შეთავსება უშიშრობის სამსახურის, ეს ძალა–უფლების გაზრდის გარდა, სხვა არაფერია, ამ ადამიანს შეექმნება პრობლემა. ამიტომ ჯობია ვიღაცა სხვა იყოს ამ თანამდებობაზე და ამ კუთხით გვაქვს ყურადღება გასამახვილებელი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.
საბჭოს გახარიას დაქვემდებარებაში გადასვლის შემთხვევაში საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას თეონა აქუბარდია, რომლის შეფასებით აქ არის რისკები, რადგან შს მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და დამატებით მისთვის უშიშროების საბჭოს ფუნქციების მინიჭება დააზიანებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ინტერესებს.
„ვერ აუვა ამ ორ საქმეს. მეორე მხრივ, ის მოჭარბებულ უფლებებს მოიპოვებს პრემიერზე. ის, რომ მდივანი იყოს მუდმივმოქმედი წევრი და ეფუძნებოდეს რომელიმე ნატოს წევრი ქვეყნის პრაქტიკას, ასეთი არ არსებობს. ერთი ქვეყნის მაგალითი დამისახელონ, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირი, ანუ მინისტრი, იმავდროულად არის მდივანი. ასეთი არ არსებობს, ამან შეიძლება პრობლემები წარმოშვას საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. ამიტომ, ბუნდოვანია, თუ არა პოლიტიკური კონტექსტი, რატომ აქვს კანონპროექტის ინიციატორს ეს სურვილი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას თეონა აქუბარდიამ.