ივანიშვილი მოუწოდებს, ათიათასობით ადამიანი გამოდის

ივანიშვილი მოუწოდებს, ათიათასობით ადამიანი გამოდის

საქართველოს გაურკვეველი დღეები უდგას. ორშაბათს ახალი პარლამენტის არჩევნებია, გამოკითხვების თანახმად რბოლა ფეხდაფეხ მიმდინარეობს. ახლახანს გამოქვეყნებულმა ძალადობის ამსახველმა ვიდეომასალამ მთელს ქვეყანაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ოპოზიციის ლიდერის, ივანიშვილის მიტინგზე დღეს ათიათასობით ადამიანი მივიდა.

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ათიათასობით მომხრე სააკაშვილის მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილს შეძახილით ხვდება. საქართველოს დედაქალაქ თბილისში დღეს ლუჯი ფერის დღეა. ციდან გვიანი შემოდგომის მზე ლურჯ მაისურებში გამოწყობილ და ლურჯი დროშებით აღჭურვილ ათასობით ადამიანს ანათებს. მათ „ქართული ოცნების“ ვარსკვლავის მსგავსი სიმბოლიკიანი ყელსახვევები უკეთიათ. რუსთაველის გამზირი, რომელიც კილომეტრზე მეტი სიგრძისაა, ხალხით არის სავსე.

როდესაც სცენაზე ოპოზიციური პოლიტიკოსი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ადის, მოედანზე გაისმის შეძახილები „ბიძინა“. ის პასუხობს-„საქართველოს გაუმარჯოს!“, თუმცა შემდეგ ჩუმდება. დაცვის წევრები მას ისედაც დაჯავშნული მინის უკან ფარავენ. მისი ორივე ვაჟი და მეუღლე სცენას ტოვებენ. თავისუფლების მოედანს რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე უპილოტო თვითმფრინავი უახლოვდება, ტრიალდება და ცოტა ხნის შემდეგ ისევ ჩნდება – ეჭვგარეშეა, რომ ეს არის მოკითხვა მთავრობის მხრიდან.

„ძალადობა სისტემის ნაწილია“

მის შემდეგ ივანიშვილი თავის სიტყვას დაუბრკოლებლად განაგრძობს. ის მოქმედი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს და ორშაბათს საპარლამენტო არჩევნებში მისი კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში ხალხს უკეთეს ცხოვრებას პირდება. ბოლო დღეების გამნავლობაში განწყობა მართლაც კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამოტივტივდა ვიდეომასალა, რომელიც ციხეებში წამების შემთხვევებს ასახავს. ამ ვიდეომასალამ მოსახლეობა შოკში ჩააგდო. ხალხმა უცებ დაიწყო საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიჩუმათებულ თემაზე, თითქმის ყოველ დღე იკრიბებიან ისინი ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად.

“ძალადობა სისტემის ნაწილია. ის არა მარტო ციხეებშია, არამედ მთელი საზოგადოების წინაარმდეგ გამოიყენება. მაგალითად, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ სტუდენტებს სცემენ მთავრობასთან დაახლოებული სხვა სტუდენტები“, აცხადებს ხატია ნადარაია. ის სტუდენტური ჯგუფის „ლაბორატორია 1918“-ის წევრია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ორგანიზებას უკეთებს საპროტესტო გამოსვლებს. მთავრობამ ციხის სკანდალზე სწრაფი რეაგირება მოახდინა, დააკავა ეჭვმიტანილები, ყოფილი სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნა და შეცდომა აღიარა. თუმცა ამის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიცია ვიდეოების გადაღებისთვის ციხის მცველებისა და პატიმრების მოსყიდვაში დაადანაშაულა.

ივანიშვილმა ცოდნა გაიღრმავა

ზოგადად საჯაროობას მორიდებულმა ახალბედა-პოლიტიკოსმა ივანიშვილმა ამასობაში ცოდნა გაიღრმავა. მისი რიტორიკა გაუმჯობესდა. აპრილში საარჩევნო ბრძოლის დასაწყისში ის მორიდებით საუბრობდა, ხანგრძლივი პაუზების დროს თავისუფლების მოედანზე სიჩუმე დაისადგურებდა ხოლმე. თუმცა ახლა, ხუთი თვის შემდეგ ის ახერხებს ადამიანების აღფრთოვანებას. შიგადაშიგ წყვეტს თავის სიტყვას, აღმართავს მუშტს, დაიძახებს “საქართველოს!” და მოედნიდან მოდის მძლავრი პასუხი “გაუმარჯოს!“. პუბლიკასა და სცენას შორის ჩაკეტილ ზონაში მისი ამერიკელი მრჩეველები დგანან, მათ შორისაა აშშ-ს ყოფილი ელჩი ჯონ კორნბლუმი, რომელიც ივანიშვილის კოალიციას ევროპაში წარმოადგენს. აპრილში დაწყებულ საარჩევნო ბრძოლაში რაღაცეები შეიცვალა: მეტი ადამიანი მოვიდა და ისინი უმეტესად კოალიციის ლურჯ დროშებს აფრიალებენ. გაქრა ნატოსა და ევროკავშირის დროშები, იყო მეტი ქართული დროშა.

სააკაშვილი ცარიელ სკამებს ელაპარაკება

სამაგიეროდ წითელ ჯვრიანი თეთრი დროშები დომინირებდა სამთავრობო პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ შემაჯამებელ წინასაარჩევნო მიტინგზე. ის ამერიკული პარტიული ღონისძიებების სტილში თბილისის საფეხბურთო სტადიონზე ჩატარდა. აქაც ასევე ისმოდა შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს!“. მოზარდების მიერ შემოტანილი ორი უზარმაზარი ქართული დროშის დანახვაზე მაყურებლები გაშმაგებულები რეაგირებენ. როდესაც 80 წუთის შემდეგ, როგორც დაგეგმილი იყო, პრეზიდენტი სააკაშვილი ტრიბუნასთან მიდის, ბევრ ადამიანს მოთმინება ეწურება და სანამ ის სიტყვას წარმოთქვამს, სტადიონი დაცარიელებას იწყებს. სააკაშვილის მომხრეების გამოხედვაში დაძაბულობა ჩანს და არა გამარჯვების რწმენა.

ორშაბათს ქვეყანას არჩევნები ელოდება, რომლის შედეგიც გაურკვეველია. ბოლო, სადავო გამოკითხვის შედეგების თანახმად სამთავრობო პარტიისა და ივანიშვილის კოალიციის რეიტინგები ფეხდაფეხ მისდევს ერთმანეთს. ღიად რჩება საკითხი, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, აღიარებს თუ არა მოსახლეობა გამოცხადებულ შედეგს.
foreignpress.ge