სააკაშვილის თქმით ქართულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება

სააკაშვილის თქმით ქართულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული დემოკრატია რისკის ქვეშ არის მანამ, სანამ საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ის ქვეყნის პოსტ-საბჭოთა ისტორიაში „ყველაზე საძაგელს“ უწოდებს, მისი პარტია უპირატესობას არ მოიპოვებს გამოწვევაზე, რომელიც მილიარდერმა შექმნა.

ორშაბათის საპარლამენტო არჩევნების კამპანია შეძრა შოკისმომგვრელმა ვიდეომასალამ, რომლიც გასულ კვირაში გავრცელდა და რომელიც თბილისის ციხეში პატიმრების ფიზიკურ და მენტალურ წამებას ასახავს.

ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ვიდეომასალა ადასტურებს ბ-ნი სააკაშვილის მთავრობისთვის დამახასიათებელ ავტოკრატიულ ტენდენციებს მას შემდეგ, რაც ის 2003 წელს დემოკრატიული „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოვიდა.

პრეზიდენტის პარტია „ქართულ ოცნებას“ იმაში ადანაშაულებს, რომ მან შეგნებულად გაავრცელა ეს ვიდეოები კამპანიის დესტაბილიზაციის მიზნით და წვლილი მიუძღვის მათ ორგანიზებაში – ივანიშვილის ალიანსი ორივე ამ ბრალდებას უარყოფს.

ბრალდებების და კონტრბრალდებების ომმა სიტუაცია გაამწვავა არჩევნების წინ, რომელიც ისედაც ყველაზე დიდ ტესტად ითვლებოდა 2003 წლის რევოლუციის შემდეგ. კამპანია მიმდინარეობს ისეთი პროცესის ჩრდილში, როდესაც რუსეთი ზრდის თავის სამხედრო ძალას საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, სადაც რუსეთის არმიის დანაყოფები არის დისლოცირებული საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემდეგ.

თავის საპრეზიდენტო თვითმფრინავში, გზად შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმისკენ, სააკაშვილმა Financial Times-ს უთხრა, რომ ვიდეოებმა ქართული საპატიმროების „სისტემური მარცხი“ ცხადყო, თუმცა გაიმეორა პირობა, რომ ორი მინისტრის დათხოვნის შემდეგ რეფორმებს განახორციელებს.

სააკაშვილმა, რომელიც პოლიტიკური აურზაურის მიუხედავად მოსვენებული ჩანდა, განაცხადა ასევე, რომ აღნიშნულმა საქმემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოპულარობას ავნო, მაგრამ სჯერა, რომ მისი პარტია ორშაბათის არჩევნებში მაინც გაიმარჯვებს.

“ხალხს აქვს ზიზღის განცდა, და ვფიქრობ ეს ეფექტი ორივე მხარეზე იქონიებს გავლენას. რადგან ადამიანები იმასაც ფიქრობენ, რომ ამასთან მეორე მხარეც დაკავშირებულია. ცხადია, ეს საარჩევნო კამპანიაა [ფანდი]”.

“აქამდე ეს ნორმალური, კარგი კამპანია იყო, მაგრამ ძალიან მახინჯი და საძაგელი გახდა, ყველაზე საძაგელი კამპანიაა, რაც კი საქართველოში მახსენდება”, თქვა მან.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ შეიძლება შეეცადოს ქუჩის საპროტესტო აქციების ორგანიზებას თუკი ის არჩევნებს წააგებს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ოთხასზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი შეაფასებს არჩევნებს დადებითად. მაგრამ ის ამტკიცებს, რომ 2007 წლის მოვლენები არ განმეორდება, როდესაც ოპოზიციონერი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.

„როდესაც არჩევნების დღეს დარღვევები არ არის, რაც არ უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ, თუკი ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა გვექნება, ეს იქნება ამბის დასასრული. შემდეგ შეგიძლია დემონსტრაციები აწყო… ჩვენ ძალას არ გამოვიყენებთ, ნამდვილად“.

მაგრამ იმეორებს რა იმ თემებს, რომელზეც მან ერთი საათით ადრე თავისი 20 000 მხარდამჭერის წინაშე ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ქუთაისში ისაუბრა, სააკაშვილი ამბობს, რომ მისი პარტია არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო დემოკრატიული და ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანა იქნება.

„სამწუხაროდ არჩევანი არ დგას წინსვლას და უძრაობას შორის“, თქვა მან. „დიდწილად არჩევანი არის წინსვლას და იმ ყველაფრისთვის ძირის გამოთხრას შორის, რაც მიღწეულია“.

საქართველოს პრეზიდენტი ოპონენტების მხრიდან მთელი რიგი ბრალდებების ადრესატია. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მისი საბაზრო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზაზე მისი მთავრობა ზოგჯერ ავტორიტარულ მეთოდებს იყენებდა.

თუმცა, მისთვის დამახასიათებელი სწრაფი ინგლისური მეტყველებით, სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ბრალდებები თითქოს მას დიქტატორული ჩვევები აქვს, უსამართლოა, პრეტენზიებს, თითქოს საქართველოში დამოუკიდებელი მედია შეზღუდულია „სისულელეს“ უწოდებს.

„ჩვენ რეფორმები განვახორციელეთ… მაგრამ განვაცხადეთ, რომ ყოველთვის ხელახლა მოვითხოვდით მანდატს. და ყველა წინა არჩევნების დროს ჩვენ ვაახლებდით ამ მანდატს“, განაცხადა მან. „ერთხელ გადადგომაც მომიწია. 2007 წელს ჩემი გადადგომის მიზეზი ხალხისთვის იმის კითხვა იყო, სურდათ მათ ჩვენი რეფორმების გაგრძელება თუ არა? მაშინ მცირე სხვაობით გავიმარჯვე“, დასძინა სააკაშვილმა.

სააკაშვილი იმეორებს მინიშნებებს იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი მოსკოვთან არის დაკავშირებული, ხაზს უსვამს რა ცნობებს, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარმა კაცმა მნიშვნელოვანი კორპორატიული წილები რუსეთში (სადაც მან თავისი ქონება დააგროვა) ნაღდ ფულად უჩვეულოდ მოკლე დროში გაყიდა. ივანიშვილი, რომლის ქონებასაც ჟურნალი Forbes-ი $6.4 მილიარდად აფასებს, უარყოფს მოსკოვთან კავშირებს, ამბობს რა, რომ მას სურს საქართველომ განაგრძოს ინტეგრაცია დასავლეთთან და იმავდროულად რუსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესოს.

„არ ვიცი არსებობს თუ არა იქ გარიგება [რუსეთთან]“, ამბობს სააკაშვილი. „მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ის გასცდა იმას, რასაც ვერ გასცდებოდა ვერცერთი მეინსთრიმული ქართველი პოლიტიკოსი იმაში, რასაც რუსეთის აბსოლუტური გამართლება ჰქვია.“

„ეს ძალიან ჭრელი კოალიციაა“, ამბობს სააკაშვილი „ქართულ ოცნებაზე“. „თუკი ისინი ვერ გაიმარჯვებენ, დაიშლებიან. ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, გადაწყვეტილებებს არა რომელიმე მათგანი, არამედ თავად ივანიშვილი მიიღებს.“
foreignpress.ge