წინასაარჩევნო გარემო აგრესიული შეჯახებების ფონზე

წინასაარჩევნო გარემო აგრესიული შეჯახებების ფონზე

დღეს „ქორთიარდ მარიოტში“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელი შეფასება გაავრცელეს.

აღნიშნული ორგანიზაციები, წინასაარჩევნო პერიოდის ადგილობრივი დამკვირვებლების სტატუსით, აცხადებენ, რომ მათი დამოუკიდებელი ხედვა ერთმანეთს დაემთხვა. კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ მაღალი კონკურენციით გამორჩეული წინასაარჩევნო პერიოდი საქართველში დაძაბული ატმოსფეროთი და მრავალრიცხოვანი დარღვევით აღინიშნა. საარჩევნო პროგრამების განხილვისა და  თემატური დისკუსიების ნაცვლად, საარჩევნო კამპანია უხვი კომპრომატების, სიძულვილის ენის, ძალადობრივი და აგრესიული შეჯახებების ფონზე მიმდინარეობდა.

„წინასაარჩევნო გარემო მკვეთრად უთანასწორო იყო. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კონკურენცია მიმდინარეობდა არა პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ სახელმწიფოსა და ოპოზიციას შორის, რაც განპირობებულია მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ფუნქციას შორის ზღვარის არარსებობით. აღნიშნული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს და თითქმის შეუძლებელს ხდის ჯანსაღ კონკურენციას“, - მიიჩნევენ აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის თქმით, საარჩევნო პროცესში გამოიკვეთა სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება.

თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება კანონის შერჩევით აღსრულებაზე გაამახვილა. მისი განმარტებით, სახელმწიფო უწყებების, განსაკუთრებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან ხშირად შერჩევით ხდებოდა რეაგირება მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ ჩადენილ გარკვეულ ქმედებებზე, რაც „ნაციონალური მოძრაობისადმი ლოიალობასა“ და ოპოზიციური პარტიების მიმართ გადამეტებულ სიმკაცრეში გამოიხატებოდა. ჩუგოშვილი არაპროპორციულ ჯარიმებსაც გამოეხმაურა, რამაც, რიგ შემთხვევებში, ოპოზიციური პარტიების საქმიანობის პარალიზება შეძლო.

„გამოვლინდა სახელმწიფო სახსრების საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვა, როცა ბიუჯეტის სახსრები ამომრჩეველთა გულის მოგებისკენ მიემართებოდა. ასეთი გახლდათ სტუდენტური დასაქმების პროგრამა, სტუდენტური ფესტივალი და სხვა, ასევე, სამსახურებში მოკლევადიანი დროით თანამშრომელთა აყვანა“, - აცხადებს ჩუგოშვილი.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუციური რესურსის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ამ რესურსებით მმართველი პარტია ხშირად სარგებლობდა. უფრო კონკრეტულად, საჯარო მოხელეებზე კანონშეუსაბამო პარტიულ დავალებებს გასცემდნენ, მოქალაქეთა პერსონალურ ინფორმაციას გაურკვეველი მიზნით აგროვებდნენ, დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზირებას ცდილობდნენ და სხვა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, მუქარა და ძალადობა. ამ ფორმულირების ქვეშ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება-დაპატიმრება იგულისხმება. მართალია, ეს უკანონობა მთელი წლის განმავლობაში იშვიათად ხდებოდა, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაკავებებმა იმატა, სექტემბრის ბოლოს კი უპრეცენდენტო რიცხვს და საგანგაშო მასშტაბს მიაღწია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, არა მარტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ სამოქალაქო აქტივისტებიც დააკავეს, მათ შორის, დაჩი ცაგურია და ალექსანდრე ცაგარელი.

„19 სექტემბრის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების დაახლოებით 40-ზე მეტი აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს, რასაც თითქმის არცერთ შემთხვევაში არ ახლავს სათანადო მტკიცებულებები და დარღვეულია ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები. გარდა ამისა, პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების ხშირი შემთხვევები დაფიქსირდა, როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორშიც,“ - აღნიშნა ეკა გიგაურმა და ამ ფაქტის დასადასტურებლად 57 შემთხვევა მოიყვანა.  

მანვე ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური ნიშნით ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, რასაც პარტიული აქტივისტების მიმართ თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ახორციელებდნენ. ასეთი 50 შემთხვევა დაფიქსირდა, რეგიონებში კი ძალადობამ და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა იმატა, განსაკუთრებით, - სექტემბრის მეორე ნახევარში.

„მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გამოიჩინეს სათანადო და დროული რეაგირება აღნიშნული ინციდენტების დროულად გამოძიების თვალსაზრისით,“ - განმარტა ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება მედიაგარემოს, არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ Must Carry-სა და Must Offer-ის პრინციპების დამკვიდრება თავისთავად დადებითი მოვლენაა, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს პრინციპი მოქმედებას წყვეტს კენჭისყრის დღეს, რამაც, შესაძლოა, ამომრჩევლის ინფორმირების კუთხით, ნეგატიური გავლენა იქონიოს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, მედიაგარემოს მიმართ რამდენიმე კანონდარღვევა აღინიშნა - სატელიტური თეფშების დაყადაღება, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა. სხვათა შორის, არცერთ ამ შემთხვევაზე ეფექტური გამოძიება არ წარმართულა.

ამასთან, ნინო ლომჯარიას თქმით, ცესკოს დადგენილებამ საარჩევნო უბნებზე აუდიო-ვიდეო გადაღებები უკანონოდ შეზღუდა, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ნინო ლომჯარიამ საარჩევნო სიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სიები უფრო მეტადაა დაზუსტებული, ვიდრე წინა არჩევნების დროს, თუმცა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციიდან მოხსნილი და რეგისტრაცია გაუქმებული ამომრჩევლების საარჩევნო სიაში დაბრუნების შესახებ, რამაც ამომრჩეველთა რიცხვი კიდევ უფრო გაზრდა და არჩევნების დღეს აღნიშნული ამომრჩევლებით უკანონო მანიპულირების საშუალება დატოვა.

აღნიშნულის მიუხედავად, სამივე ზემოხსენებული ორგანიზაციის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ კენჭისყრის დღე მაინც მშვიდ გარემოში ჩაივლის.                 

For.ge-ს შეკითხვაზე, თუ რა რეაგირება მოჰყვება არასამთავრობოების დასკვნას საერთაშოროსო საზოგადოებისგან, ნინო ლომჯარიამ განაცხადა: „ამ შეფასებებს ჩვენ ვაცნობდით არა მარტო საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ ჩვენს საზოგადოებას და ხელისუფლებასაც. როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენს დასკვნებს საკუთარი ანგარიშების დროს იყენებენ. თუ როგორი იქნება მათი საბოლოო შეფასება, ეს მათზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.