ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 43% საკვების ნაკლებობას განიცდის. ამის შესახებ სააგენტო ANI გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაზე (FAO) დაყრდნობით წერს.
ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველი მეოთხე ადამიანი კვების უსაფრთხოების არარსებობის გამო კრიზისულ სიტუაციაშია. გარდა ამისა, დაახლოებით 19 მილიონი ჩრდილოეთკორეელი საკვების განაწილების სახელმწიფო პროგრამაზეა დამოკიდებული.
ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებული პრობლემა ბავშვების შიმშილია: მოზარდების 30%-ზე მეტი აუცილებელი კალორიების რაოდენობას ვერ იღებს.
ქვეყანაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებაზე გავლენა გვალვამ, წყალდიდობამ და სხვა სტიქიურმა უბედურებებმაც იქონიეს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს უანგაროდ 50 ათასი ტონა ხორბალი სთხოვა, რათა „სტიქიური უბედურებისგან გამოწვეული ზარალი“ აენაზღაურებინა.