ეკა ბესელია საკუთარ პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თებერვლის ბოლომდე მიიღებს. დეპუტატი ამბობს, რომ გადაწყვეტილება რაციონალური, ცივი გონებით მიღებული უნდა იყოს და არა ემოციებზე აგებული. ბესელიას თქმით, თუ პარლამენტი 2025 წლამდე არ შეაჩერებს მოსამართლეთა დანიშვნას, მაშინ ეს იქნება ახალი გამოწვევა და მიზეზი იმის, რომ გუნდი მან და მისმა თანამოაზრეებმა დატოვონ.
„გამოვრიცხავ, რომ ბრძოლა შევწყვიტო და გავჩერდე. შემდეგი გადაწყვეტილებაც და ნაბიჯიც უნდა იყოს არა ემოციური და გაბრაზებული გადაწყვეტილება, არამედ გათვლილი მომავლის შედეგზე. ეს დრო, რაც ჩვენ ავიღეთ საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ, სად ვაგრძელებთ და ვისთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისთვის, რომელზეც მე პირადად უარი არასდროს არ მითქვამს.
ზუსტად ვიცი, რომ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ, საქმისთვის რა იქნება საჭირო და რა იქნება უკეთესი სხვებისთვის. ისეთი ეტაპი დამიდგა, როცა ფასეულობების გამო ემოციური და პოლიტიკური ჭიდილი ხდება“, – აცხადებს ეკა ბესელია.
როგორც ცნობილია, ეკა ბესელია ერთ–ერთია იმ ცხრა დეპუტატს შორის, რომლებმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადეს. ცვლილებების გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.
for.ge–ს ინფორმაციით, ბესელია და მასთან დაახლოებული დეპუატატები, პარტიიდან გასვლას იმ მოტივით აფერხებენ, რომ მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოზიციების დაახლოებას ელოდებიან. როგორც for.ge–ს პარლამენტის კულუარებში უთხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ე.წ. ძველი გვარდია ითხოვს პოზიციების დაახლოებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ დაიშლება. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხი „ოცნების“ ახალ და ძველ გუნდს შორის პოლიტსაბჭოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. როგორ განვითრდება უმრავლესობის შიგნით პროცესები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, პროცესები ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ დაშლა გარდაუვალია.
დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ მთავარი არ არის დაპირისპირების თვითონ პროცესი, არამედ მთავარია შედეგი, რა შედეგი დადგება.
„ამიტომ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევჯერდეთ ისეთ პროცედურაზე, რომელიც თავიდან აგვაცილებს იმ მოსამართლეების გამწესებას, რომელთა მიმართაც ჩვენც კრიტიკული დამოკიდებულება გვაქვს და საზოგადოებასაც. ვისაც გვინდა, რომ ეს მოსამართლეები არ მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში, მათ მხარდაჭერა არ გამოუცხადონ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელიც ასევე „ამბოხებულთა“ ფრთას განეკუთნება, აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ბევრი რესურსი არის იმისათვის, რომ შეჯერდეს, დაახლოვდეს პოზიციები და გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა.
„გუნდის თითოეული წევრი არის ძალიან ძვირფასი ჩვენი მთლიანი უმრავლესობისათვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა არ დატოვოს უმრავლესობა, რადგან დღეს ძალიან ბევრი საქმე არის საკეთებელი ქვეყნისათვის. პირველ რიგში, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის სამართლიანი სასამართლოს თემა, ამიტომ თითოეული წევრის ყოფნა უმრავლესობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი მოსაზრებით, საკმაოდ ბევრი რესურსი არის იმისათვის, რომ შეჯერდეს, დაახლოვდეს პოზიციები და გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია სიტუაცია ჩიხში არ შევიდეს.
„გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს და გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში პოზიციები დაპირისპირებულია გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ რეალობაში ჩვენ უნდა ვიფიქროთ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გამოვიდეთ. არჩევანი დგას გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც უკავშირდება რევოლუციურ პრინციპულ გადაწყვეტილებას, რომლის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.
თუმცა, პოლიტიკურად საკმაოდ მომგებიან პოზიციაში შეიძლება ჩადგე და არსებობს მეორე საკითხიც, რომელიც კანონს ითვალისწინებს, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის გათვალისწინებას ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე. ჩიხში არ უნდა შევიდეს სიტუაცია და არავის, არც ერთ მხარეს არ აქვს ის აზრი, რომ რაიმე ზიანი მიადგეს ქვეყანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მმართველ გუნდში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების ლოგიკას რომ შევყვეთ, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს შეფასებით, ბესელიას და მისი თანამოაზრეებისთვის უმრავლესობიდან გამოსვლა ნიშნავს პოლიტიკის ახალი ასპარეზის შექმნას, პარტიის, ან ფრაქციის სახით, რაც მისი თქმით, გრძელი გზა არის. მით უფრო, თუ ამ გზაზე დაპირისპირებულნი იქნებიან მმართველ ძალასთან, გაუჭირდებათ ამ გზაზე გავლა „ქართული ოცნების“ საპირისპიროდ.
„ამიტომ ბუნებრივია, მათი მერყეობა. რა თქმა უნდა, ივანიშვილმა რომ თქვას ამ ჯგუფთან ვიქნებიო, ისინი თავისუფლად მიატოვებდნენ დანარჩენ უმრავლესობას. მაგრამ აქ ივანიშვილის ფიგურა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონისთვის. ივანიშვილის გარეშე ამ წონის მოკლება უდავოდ გაუჭირდებათ. ალბათ, ეს საკითხებიც აფიქრებთ გადაწყვეტილების მიღებამდე – წავლენ, თუ არ წავლენ“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდის შიგნითაც მიდოდეს პროცესები, არც ის არის გამორიცხული, რომ ბესელია და მისი თანამოაზრეების მიზანი იყოს მხარდამჭერების გაზრდა, რადგან ასეთ შემთხვევაში გაუადვილდებათ პოლიტიკაში ყოფნა.
„ასეთ მოსამზადებელ სამუშაოებს ალბათ ატარებენ. რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო კომფორმტული იქნება, თუ უმრავლესობა წავა ისეთ კომპრომისსზე, რომელიც მათ ათქმევინებს, რომ მეტ–ნაკლებად გაიმარჯვეს და ამიტომ დარჩებიან უმრავლესობაში, რადგან მათი სურვილები მიღწეულია. შეიძლება ამის თაობაზეც არის მოლაპარაკება, რომ მოიძებნოს ისეთი კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ამ ჯგუფის წევრებს მუნდირის პატივს შეუნარჩუნებს, რაც პრინციპში უმრავლესობისთვისაც მისაღები იქნება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის თხოვნა იყო, გუნდის შენარჩუნება. მისი თქმით, არის კიდევ ასეთი ვითრება, ბესელია დღეს წავა ამ გუნდიდან, თუ ხვალ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ განხეთქილება და პოზიციათა სხვაობა უკვე აშკარაა.
„გუნდში ფორმალურად იქნება, თუ არ იქნება, ბესელიასთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? დარჩება გუნდში და იტყვის, რომ გუნდში კი ვარ, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას გუნდის შიგნითო. პოლიტიკურად, ბესელიას და ამ გუნდს უჭირავთ წაუგებელი სიტუაცია. ამიტომ, შეიძლება მათთვის უკეთესიც იყოს, თუ მათ გარიცხავენ პარტიიდან, ან უმრავლესობიდან, რაც ამ გუნდისთვის მომგებიანი იქნება, ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ წამგებიანი. პოლიტიკური სიტუაცია ჯერჯერობით ითმენს იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც ისინი არიან.
ამ პროცესის მუდმივი აჟიტირება ბესელიას და მისი გუნდის სასარგებლოდ მუშაობს, მათთვის მოაქვს პოლიტიკური კაპიტალი და არა იმათთვის, ვინც მხარს უჭერს, ან მომავალში მხარს დაუჭერს მოსამართლეთა ამ კატეგორიას. ამიტომ, არ ჩქარობენ გუნდიდან გასვლას, მაგრამ კარი ფაქტიურად გამოიჯახუნეს, როდესაც საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. ჯერჯერობით 9 დეპუტატია, მაგრამ არიან ალბათ სხვა დეპუტატებიც, რომლებიც არ თვლიან, რომ უვადოდ მოსამართლეების დანიშვნა უნდა გაგრძელდეს“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.