ვანო ზარდიაშვილი იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარისგან განმარტებას ითხოვს, რატომ მოახდინა ისეთი პროექტის ინიცირება, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. დეპუტატი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას ინიციატივა პოლიტიკური წინადადება უფროა, რასაც არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს. ზარდიაშვილი ამბობს, რომ ინიციატივა არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერაც ვერ ექნება.
„ჩემი აზრით, არა მხოლოდ მან, არამედ პროცესში ჩართულმა ყველა იურისტმა უნდა უპასუხოს კითხვას – კონსტიტუციას შეესაბამება თუ არა ეს ინიციატივა. აქ გამოჩნდება, ვის აინტერესებს კანონი და ვინ არის სუბიექტურად დაინტერესებული ამ საქმეში“, – აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს, სავარაუდოდ ჩავარდება, რასაც ზარდიაშვილის განცხადება და შემდეგ უკვე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ადასტურებს. თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ საერთოდ შეუძლებელი გახდება სასამართლოს ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს განცხადებით, რთული იქნება კანონპროექტის მხარდაჭერა.
„ჩვენ უნდა ჩავიხედოთ სიღრმეში, რას გამოიწვევს ამ კანონპროექტის ამოქმედება სასამართლო სისტემაში. ერთ–ერთი მთავარი პრობლემა რაც იკვეთება მართლმსაჯულებაში მდგომარეობს იმაში, რომ საქმეების განხილვას სჭირდება დიდი დრო, რადგან მოსამართლეთა რაოდენობა არის საკმაოდ მცირე. ვნახოთ, რას გამოიწვევს ეს კანონპროექტი მისი მიღების შემთხვევაში. ყველაფერს განვიხილავთ და ამის საფუძველზე კოლეგებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბესელიას და მისი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილიც, რომლის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. როგორც დეპუტატი აცხადებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ინიციატივამ პასუხი უნდა გასცეს მათ, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს გამოცდები და გასული აქვს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა.
„რა არის მათთვის პასუხი? მათ ლეგიტიმური მოლოდინი აქვთ, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, უნდა წარდგნენ საბჭოს წინაშე და დაინიშნონ უვადოდ. ეს საკითხი გადადის იურიდიულ ჭრილში. სულ მცირე ამ საკითხმა უნდა ჩააბაროს კონსტიტუციურობის ტესტი. ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ინიციატივა უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ჩვენი ამოცანა იქნება ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ უკეთესი სასამართლოს ინტერესით იქნება ნაკარნახევი, ვნახოთ, აქვს თუ არა ამ ინიციატივას მიზნად დასახული უკეთესი სასამართლო სისტემა. დაუშვებელია, კონსტიტუციის მიღმა გავიდეთ“, – ამბობს ანრი ოხანაშვილი.
დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ცვლილებების აუცილებლობას ყველა ხედავს, თუმცა დროის სიმცირის გამო მხოლოდ ცხრა ხელმოწერა დაფიქსირდა. რაც შეეხება ზარდიაშვილის ულტიმატუმს, ბესელიას განცხადებით, როცა ვინმე, როგორც იურისტი, რანგით და კვალიფიკაციით არც ერთ კლასში და კურსზე არ არის, ნაკლებად შეუძლია შეაფასოს ასეთი პროექტები.
მეტიც, დეპუტატი პარლამენტს ახალ ინიციატივას წარუდგენს, რომელიც უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს შეეხება. ინიციატივა რიგ რეგულაციებს ისახავს მიზნად, რომლისთვისაც კონსტიტუციური ცვლილებებია საჭირო.
„ამ ცვლილების საჭიროებას ყველა ხედავს. ეს არის მორატორიუმი, რომ არ ჩაიკეტოს სასამართლო სისტემა და მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო სისტემაში, რადგან არასწორად ხდება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების არსებული ნორმების გამოყენება და პრაქტიკაში არის ხარვეზები.
იმისთვის, რომ მოვამზადოთ ინიციატივები, პარლამენტს ჰქონდეს სამუშაო დრო, საჭიროა შევაჩეროთ უვადო დანიშვნა პირველ და მეორე ინსტაციის სასამართლოში. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, პარლამენტის წევრებს, რომ მათ დაიცვან საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციური სტატუსი, ჩვენს გადაწყვეტილებებში ნუ ჩაერევიან ისინი, ვისაც ამის უფლება არ აქვთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კოლეგა დეპუტატების და მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას არ იზიარებს ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი, რომლის შეფასებით, თუკი მას და უმრავლესობის გარკვეულ წევრებს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა ეჩვენება, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოvუსმინოთ ამ კანონპროექტის ავტორთა არგუმენტებს.
„აღნიშნული კანონპროექტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ მოსამართლეთა მიმართ, რომლებსაც კონსტიტუციით უკვე შეუძლიათ, რომ უვადოდ გამწესდნენ. არც ვანო ზარდიაშვილისთვის და არც ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორი იქნება ამ კანონპროექტის შეფასება. ისე, ჩემი პირადი აზრია, რომ კონსტიტუციური ნორმა მნიშვნელოვანწილად გასათვალისწინებელია.
არის კიდევ რაღაც თემა, რომელიც დისკრიმინაციულ ვითარებაში აყენებს მოსამართლეებს, რომლებსაც კონსტიტუციის მიხედვით, უკვე შეუძლიათ უვადოდ დანიშვნა მიიღონ. არის საკითხები, რომელსაც სიღრმისეულად სჭირდება ჩაყოლა. თვითონ ეკა ბესელია და ამ კანონპროექტის სხვა ავტორები არ არიან ის ადამიანები, ვინც არ იცის კონსტიტუცია ან კანონები. ასე რომ, მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები და ეს მოსაზრებები აუცილებლად უნდა მოვისმინოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კანონპროექტის ერთ–ერთ ავტორს ლევან კობერიძეს უკვირს რატომ მისცა ვანო ზარდიაშვილმა მსგავსი ტიპის შეფასების უფლება თავს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ უფრო სწორია მსგავსი საკითხის განხილვა მოხდეს არა მედიის ფორმატში, არამედ იმ ფორმატში, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული.
„კანონპროექტი, რომელსაც ცხრა დეპუტატმა მოვაწერეთ ხელი და მას კიდევ ჰყავს მხარდამჭერები სხვა დეპუტატების სახით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიუროზე დარეგისტრირდება და გაივლის შესაბამის პროცედურებს. ვფიქრობ, აჯობებს, რომ ყველა ვინც მოწინააღმდეგეა ან მომხრეა ამ კანონპროექტის, ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე იქ მოახდინოს ამ კანონპროექტის განხილვა და თავისი აზრის დაფიქსირება. აღნიშნული მორატორიუმი, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებელია“, – ამბობს ლევან კობერიძე.
უმრავლესობის უმცორესობა 9 დეპუტატის სახით თვლის, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეჩერება, სასამართლოში არსებული სისტემის გაჯანსაღების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ ნაწილში მათ მხარს უჭერს „ევროპული საქართველო“. როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, ის ფაქტი, რომ უმრავლესობა უარს ამბობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე, ცალსახად ადასტურებს, რომ მათ კლანური მმართველობის შეცვლის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ.
„დანიშვნების შეჩერება არის მხოლოდ ნაწილი, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობითაც კი, ვადით დანიშნული მურუსიძე ძალიან წარმატებით ახერხებს სისტემის კონტროლს კლანის მეშვეობით. აუცილებელია სისტემის გახსნა, დისკუსია საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორის. სისტემის შესაცვლელად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების და ხელისუფლების პოლიტიკური იძულების გარეშე, ჩვენ წინ ვერ წავალთ“, – ამბობს დავით ბაქრაძე.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს, თავისი განმარტებითი ბარათით გაეცნო კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენამდე, ბევრი შეკითხვა აქვს კანონპროექტის ნამდვილ აზრთან დაკავშირებით. ამბობს, რომ მისთვის ბოლომდე ნათელი არ არის, რომელ ჯგუფს მიემართება, ან საერთოდ რა ტიპის რეგულაციაა, რას მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან. შებამისად, მენაბდე თვლის, რომ ამ ინიციატივის მიზანმიმართულობა, უფრო მეტად უნდა განგვიმარტონ ავტორებმა.
„დამატებით განმარტებას საჭიროებს. ბოლომდე ნათელი არ არის, არსებობს კითხვები და არსებობს ბევრნიაირი ინტერპრეტაციის საშუალება. რა თქმა უნდა, მათ შორის არსებობს კითხვები ამ იდეის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია შევაფასოთ ინიციატივა, როცა გვეცოდინება ყველა არგუმენტი და სურვილი, რის მიღწევას მისი ინციატორები გეგმავენ. იმიტომ, რომ ეს არის სულ ერთი წინადადება და ძალიან ძნელია გავიგოთ იდეა რაში მდგომარეობს“, – ამბობს მენამდე.
კონსტიტუციონალისტი ფიქრობს, რომ ამ იდეას სჭირდება მეტი დამუშავება, მეტი განმარტება და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება იმის თქმა, ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას.
„თუმცა, ისევ და ისევ ვიმეორებ, კი ბატონო, კონსტიტუციორობის თვალსაზრისით მეც გამიჩნდა კითხვები, მაგრამ დასკვნის საბოლოო გამოტანამდე მაინც დაველოდებოდი ავტორების კონკერეტულ განმარტებას. შეიძლება იდეა ისე არ ჩაუდიათ როგორც მე ვკითხულობ, შეიძლება სხვა ფორმულირება გაკეთდეს, ეს სხვა ფორმულირება უკეთესი იყოს და უფრო ნათლად წარმოაჩენდეს ავტორთა იდეას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახუშტი მენაბდე.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განმარტებით, რა უნდა გაკეთებულიყო სასამართლო სისტემაში და მათ შორის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 2013 წელს მიიღო. მისი თქმით, ბესელიას და ფოფხაძის მიმართ ჩნდება კითხვა, რატომ არ ჰქონდათ პროტესტი 2013 წელს, როდესაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემის ისე გარდაქმნას, რომ არსებული მომსამართლეები დატოვეს და დაიწყეს მათი უვადოდ დანიშვნის პროცესი.
„და რა მოუვიდათ დღეს, რითია განპირობებული მათი პროტესტი დღეს? მოსამართლეთა ამ კორპუსის წევრი იყო მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და ყველა. მაშინ თუ დათანხმდნენ ამას, ბესელიასაც ვგულისხმობ და ფოფხაძესაც, დღეს რა სჭირთ? ჩვენ, რასაკვირველია მაშინაც გვქონდა რეაქცია, რომ მათი უვადოდ დანიშვნა არ შეიძლებოდა.
2013 წელს დადგა ეს საკითხი პრინციპების დონეზე. მაშინ თუ ასე გადაწყვიტეს, დღეს რატომ ითხოვენ სხვა გადაწყვეტას? ვფქრობ, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივი ლოგიკა მოსამართლეების მხარეს არის. ეს არის სადავო საკითხი. ამ ეტაპზე ჩანს, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა ამ კანონპროექტს არ ექნება.
საკითხი უნდა დავსვათ ესე – 2013 წელს, როდესაც მივიღეთ კანონი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ, რაც ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას გულისხმობდა, რატომ მიიღეს მაშინ ეს კანონი? როგორ, მაშინ აწყობდათ და ახლა არ აწყობთ? გაუგებარი პროცესია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.