დღეს „ქართული ოცნების“ აქცია ერთდროულად თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. თბილისში კი კოალიციის მომხრეები რამდენიმე ადგილას შეიკრიბნენ და შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გაემართნენ.
"თბილისში აქციაზე ხალხს სიტყვით ბიძინა ივანიშვილმა მიმართა, For.ge ბიძინა ივანიშვილის მიმართვის სრულ ტექტს გთავაზობთ:
მოგესალმები საქართველო ! მოგესალმები თბილისო! მოგესალმებით თბილისელებო!
მივესალმები ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ზეიმობს ამ დღეს!
ახლა, ამ წუთებში ათეულ ათასობით ადამიანია შეკრებილი ქუთაისში, სადაც გრანდიოზული აქცია ტარდება. იქ ხალხი შეკრებილია იგივე სულისკვეთებითა და იგივე შემართებით, რა განწყობითაც აქ ვართ მოსული და მოდით, ყველა ერთად მივესალმოთ მათ! მივესალმოთ ქუთაისს!
მოგესალმებით ქუთაისელებო, თბილისი მოგესალმებათ, საქართველო მოგესალმებათ!
საქართველოს გაუმარჯოს!
და აი, დგება საქართველოში დღე, როცა ხალხი ირჩევს ხელისუფლებას. დგება ახალი ხელისუფლების დაბადების დღე - 1 ოქტომბერი!
მე დღეს ძალიან ამაყი ვარ თქვენი სიმამაცის, ერთგულების და ერთიანობის გამო. ამაყი ვარ იმითაც, რომ ჩემი ერთი წინასაარჩევნო დაპირება უკვე შევასრულე.
მართლაც, შეხედეთ ერთმანეთს და დარწმუნდებით, რომ მთელი საქართველო ერთ მუშტად შეიკრა, ისე, როგორც 27 მაისს დაგპირდით აქ, თბილისში. და როგორც თქვენთვის მოცემული ეს სიტყვა შევასრულე, ზუსტად ასევე შეგისრულებთ ყველა სხვა დაპირებასაც!
მოვიდა „ქართული ოცნების“ გამარჯვების დღე! ხალხო, „ქართული ოცნების“ გამარჯვება მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური კოალიციის გამარჯვებას არ ნიშნავს. „ქართული ოცნების“ გამარჯვება ჩვენი ხალხის გამარჯვებას ნიშნავს! ჩვენი - ყველას ოცნების ახდენის დასაწყისს ნიშნავს!
რას არ ეცადა ეს ხელისუფლება, მაგრამ ხალხი ვერ დაიმორჩილა, ვერ შეაშინა, ვერ ჩაკლა ამ ხალხში ვერც თავისუფლების და ვერც სამართლიანობის განცდა. დღეს ეს ყველასთვის ნათელია! ხომ ხედავთ, რამდენი ვართ!
ვერავინ შეაჩერებს საქართველოს წინსვლას, ვერავინ შეძლებს მოწყვიტოს საქართველო ევროპულ ცივილიზაციას და კულტურას.
ამ ხალხის დამონება შეუძლებელია, ამ ხალხისთვის ღირსების აყრა შეუძლებელია.
უკვე დღესავით ნათელია: ჩვენ გავიმარჯვებთ და კიდევ ერთ გამარჯვებას ჩავწერთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩამოგვაშორონ ცივილიზაციას, ჩამოგვაშორონ თანამედროვეობასა და დემოკრატიას.
ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას იქ, სადაც მისი ადგილია - საქართველო იქნება იმ ქვეყნების გვერდით, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს შიშითა და სირცხვილით კი არ უყურებენ, არამედ ამაყად უდგანან გვერდში.
27 მაისს თბილისში ერთად დგომამ ჩვენ უდიდესი ძალა მოგვცა. იმ დღიდან მოყოლებული, ერთსულოვნებითა და თავისუფლების ზეიმით აივსო მთელი საქართველო და ეს განწყობა მთელ ჩვენს ქვეყანას მოედო.
არავინ შეშინდა, არავინ დაიხია უკან, არავინ გამოაკლდა თავისუფლების ზეიმს ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში და ყველგან, სადაც კი ვიყავით.
და დღეს კვლავ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ გავამხნევოთ ერთმანეთი, კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ, კიდევ ერთხელ ამაყად ვუთხრათ მთელ მსოფლიოს: გვიყურეთ და ნახეთ, რომ წამების, ტერორის, დაპატიმრებების, დაშინების, უბინძურესი პროპაგანდის მიუხედავად, ჩვენ ვერ გაგვტეხეს! ჩვენ ერთად ვართ და გარდაუვალი გამარჯვებისთვის ვემზადებით!
მთელმა საქართველომ ხმამაღლა უთხრა ხელისუფლებას - არა - უსამართლობას! არა - სიცრუეს! არა - ძალადობას!
ეს ხელისუფლება ბევრს ეცადა, მაგრამ ვერავინ დააჯერა, რომ მოძმის თანადგომა კრიმინალია, ბევრი ამტკიცა, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა უცხო ქვეყნის აგენტობაა, თუმცა არც ეს გამოუვიდა, და ვერავინ დაარწმუნა, რომ დემოკრატია ქართველებისთვის არ არის მოგონილი.
ჩვენმა ხალხმა ძალიან ხმამაღლა უთხრა მთელ სამყაროს, რომ დიახ, იმსახურებს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას.
მარტო სააკაშვილს და მის ხელისუფლებას არ უნდა ამის გაგონება, არ უნდა დაიჯეროს ეს, რადგან კარგავს შეურაცხყოფილი, დაჩაგრული და პატივაყრილი ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე მოპოვებულ განუზომელ ძალაუფლებას, კარგავს ჩვენი ღირსების ხარჯზე განცხრომაში ცხოვრების შესაძლებლობას.
სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ქვეყნის უსაფრთხოების სახელით სააკაშვილი შეეხო უმთავრეს ღირებულებას - ადამიანს.
ამ ხელისუფლებას უნდოდა საზოგადოება უსახურ მასად ექცია და თავისი იდეოლოგების ჭკუაზე, ძალადობითა და ტოტალური ტყუილის პროპაგანდით, გადაეგვარებინა ჩვენი ხალხი.
ხალხო, ჩვენ ამ დღეებში იმდენი შემზარავი ამბავი მოვისმინეთ, იმდენი გამწარებული დედა და ატირებული მამა ვნახეთ, რომ ამის ატანა ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია.
ხალხისთვის ღირსების აყრა არავის შერჩება! აღარავის უშველის იმის მტკიცება, რომ თითქოს ეს არ იცოდნენ. წლებია გვესმის მკვლელობებისა და ადამიანების წამების შესახებ. ყველამ კარგად იცოდა, რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში, რაც ხდებოდა საპატიმროებში, ყველამ!
ამ უსასტიკესი და დაუნდობელი სისტემის შექმნას ხელისუფლებამ 9 წელი მოანდომა. ახლა შეშფოთდნენ და გაბრაზდნენ. გაბრაზდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეგონათ, კადრები საჯარო რომ გახდებოდა და ყველა ნახავდა იმ არაადამიანურობასა და სადიზმს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში მათ მიერვე იყო დანერგილი და წახალისებული.
ვერც ერთი ვერ ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს, ვერც ერთი, ვინც საკუთარი დუმილითა და ამ რეჟიმისთვის ნამუსის მოწმენდით იყო დაკავებული! დამთავრდა!
ამ რეჟიმს აღარ შეიძლება ამ ქვეყნის ხელისუფლება ერქვას, ეს განაჩენი ხალხმა უკვე გამოიტანა და 1-ელ ოქტომბერს ამას კანონიერ ძალას მისცემს!
სააკაშვილის სისტემა უნდა დაინგრეს - ყველა დარწმუნდა ამაში! აღარც დასავლეთი დახუჭავს თვალს ამ უკანონობაზე, ამ გაუგონარ ძალადობაზე. ეს უკვე საერთაშორისო სკანდალია.
წარმოუდგენელია, დასავლეთმა სადისტური სისტემის შემქმნელებს დაუჭიროს მხარი, მხარი დაუჭიროს მათ, ვის წინააღმდეგაც ჩვენი ქვეყნის სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ქუჩები აავსეს თავდაჭერილი და ღირსეული პროტესტით!
ეს ხელისუფლება ბევრს ეცადა ჩვენი ახალგაზრდები იდეალებისა და ღირებულებებისაგან დაცლილ მომხმარებელ საზოგადოებად ექცია, რომლისთვისაც ყველაფერი სულ ერთია პირადი წარმატების გარდა.
ეს ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე საყურებელი იყო, და ახლა ერთი-ორად ამაყი ვარ, რადგან, როდესაც საჭირო გახდა, ახალგაზრდობამ მაშინვე დაიკავა სწორი, სამართლიანი პოზიცია, დადგა სიმართლის მხარეს, გააპროტესტა სისასტიკე, უსამართლობა, ადამიანის ღირსების შელახვა, უზარმაზარი საპროტესტო ტალღა ააგორა და ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში ვაჟკაცურად შემოაბიჯა.
დიახ შემოაბიჯა, რადგან ამ რეჟიმმა სხვა გზა აღარ დაუტოვა.
მე ახალგაზრდების ძალიან კარგად მესმის, რადგან ამ ერთი წლის წინ მეც ასეთივე აუცილებლობამ მაიძულა პოლიტიკაში მოსვლა.
დღეს, საქართველოში, ამ მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ ვინც ფეხზე დადგა, პარტიული თუ უპარტიო, ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის ბედის განსაზღვრაში ვმონაწილეობთ.
ქვეყნის ბედი წყდება 2 დღეში, 1-ელ ოქტომბერს - არჩევნებზე! ამ დღეს, ყველამ ერთად უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი ამ ხელისუფლებას და შემოვხაზოთ 41!
ვაფრთხილებ ყველას: არავინ გაბედოს ხალხის მოთმინების გამოცდა! არავინ გაბედოს! არაფერი შეგეშალოთ!
აღარ გამოგივათ შეთითხნილი ტყუილებით ხალხის დათრგუნვა და დაშინება.
ამ ბოლო დღეებში ჩვენ ხელისუფლების იმდენი უბადრუკი მცდელობის მოწმენი გავხდით, თავის დანაშაულსა და სისასტიკეს ისეთი უღირსებო და უსუსური ფარული ჩანაწერები დაუპირისპირეს, რომ ყველასთვის ნათელი გახდა - „წყალწაღებული ხავს ეჭიდება“.
სააკაშვილი ცდილობს საქართველოს მოსახლეობა იმაშიც დაარწმუნოს, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში კვლავ კრიმინალებისა და ქურდების დრო დაბრუნდება.
დარწმუნებული ვარ, ამის უკვე აღარავის სჯერა, ამ სისულელის არ სჯერა თავად ხელისუფლებას. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს:
წესრიგი მოაქვს სამართალს და სამართლიანობას. უსამართლობასა და ძალმომრეობაზე დამყარებულ წესრიგს მოაქვს ერთი მოძალადის მეორე მოძალადით შეცვლა.
საქართველოში ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი და ამას აღარავინ დაუშვებს.
ეს დრო საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება. მაგრამ ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ კანონიერი ქურდი „ქურდად მომჯდარმა“ ხელისუფალმა ჩაანაცვლოს!
როდესაც კრიმინალები მძლავრობენ, პატიოსანი მოქალაქე სახელმწიფოს იმედადაა, იმის იმედად არის, რომ სახელმწიფო მოძლიერდება და აღკვეთს უკანონობას, მაგრამ როდესაც თავად სახელმწიფო იქცევა როგორც ავაზაკთა ბანდა, ეს გაცილებით უფრო საშიშია და დამანგრეველია ქვეყნისათვის.
დიახ, ჩვენ მოვალთ და დავამყარებთ წესრიგს, მაგრამ ეს იქნება დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული წესრიგი!
ჩემო საყვარელო ხალხო!
მთელი საქართველო შემოვიარე და ყველას ვეუბნებოდი, რომ მწარე სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი. მაგრამ ასეთ საშინელებას არც მე ველოდი.
სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენს ქვეყანას წონასწორობა დააკარგვინა. წონასწორობა დააკარგვინა ადამიანებს! საქართველო შეარყია! მართლაც, ლამის გონება შეგვერყას ბოლოს ნანახის გამო!
მაგრამ ამ რეჟიმის საათები დათვლილია!
მე პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ მკაფიოდ დავინახე, რა დაემუქრა ადამიანს ჩვენს სამშობლოში, ასევე ნათლად დავინახე ისიც, თუ როგორ უნდა ვუშველოთ ამას, როგორ უნდა გადავარჩინოთ ადამიანი საქართველოში და როგორ უნდა გადავარჩინოთ საქართველო ადამიანის გულში.
ქვეყანაში დარღვეულია წონასწორობა ცხოვრების ყველა სფეროში. წონასწორობის დარღვევის ყველაზე მძიმე შედეგი კი ღირებულებების გაუფასურება და ზნეობრივი დეგრადაციაა.
წონასწორობა დარღვეულია სამართლებრივ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სხვა სფეროში - პროკურატურასა და სასამართლოში, ერთმანეთს არ შეესაბამება დანაშაული და სასჯელი, შრომა და ანაზღაურება, ადამიანის უნარი და მისი რეალიზაციის შესაძლებლობა, საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ექსპორტი და იმპორტი... რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ეს ხელისუფლება ადამიანების სულსა და გონებაშიც კი შეიჭრა და უიმედობის, შიშისა და სრული უსუსურობის დათესვას შეეცადა.
უამრავი ადამიანი ციხეში გამოამწყვდია, რომელთა დიდი ნაწილი ან საერთოდ უსამართლოდაა დაჭერილი, ან გაცილებით მსუბუქ სასჯელს იმსახურებს.
მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე უცხოეთშია გადახვეწილი, რათა იქ ლუკმაპურის ფული გამოიმუშაოს და აქ დატოვებული ოჯახი როგორმე შიმშილს გადაარჩინოს.
ჩვენი მოზარდები და ახალგაზრდები ცდილობენ სასწავლებლად უცხოეთში წასვლას და მერე იქ სამუშაოდ დარჩენას. არც გაემტყუნებათ, რადგან საქართველოში თითქმის შეუძლებელია ხარისხიანი განათლების მიღება.
ამას ჩვენ მივხედავთ! მთელ ქვეყანაში, ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში წონასწორობას აღვადგენთ.
ხელშეუხებელი იქნება სიცოცხლის, საკუთრების, ჯანმრთელობის, რელიგიური აღმსარებლობის, სიტყვის თავისუფლების, განათლებისა და სხვა ძირითადი უფლებები.
შესაბამისად, გაიზრდება მთელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ყოველი თავისი მოქალაქის წინაშე!
მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანას მივხედოთ, ჯერ იმ ცხრაწლიან ჭრილობას, იმ იარას უნდა ვუმკურნალოთ, რომელიც ასე სტკივა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს.
დღეს მე აქ, თბილისში, მთელი ქალაქის და საქართველოს გასაგონად უნდა გავიმეორო ის, რაც ერთხელ უკვე ვთქვი:
ჭრილობას სულის შებერვით ვერ მოაშუშებ. არც ტკივილის გაყუჩება კმარა. ამ ჭრილობას სასწრაფოდ უნდა ვუმკურნალოთ, რათა პირი შეიკრას და შეხორცდეს.
მაგრამ იმისთვის, რომ ჭრილობამ პირი შეიკრას, ჯერ ჩვენ შევკრათ პირი!
პირი შევკრათ, რომ ქართულმა პოლიტიკამ ადამიანური სახე მიიღოს და სახელმწიფოს მთავარი ღირებულება გახდეს ადამიანი!
სწორედ ამიტომ, თავს უფლებას მივცემ და ქართველი ბიზნესმენების გასაგონად ვიტყვი:
ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ მოგანიჭებს ბედნიერებას, როდესაც შენი ხალხი უბედურია, როდესაც მილიონნახევარზე მეტი კაცი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, როდესაც უამრავ ადამიანს ბანკის ვალი ახრჩობს, როდესაც გისოსებს მიღმა დაუცველ პატიმრებს არაადამიანურად აწამებენ და როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია.
ამიტომ, დაფიქრდით და ყველამ ერთად დავუსვათ წერტილი ასეთ ყოფას. ეს უნდა დამთავრდეს!
მინდა, მივმართო მასწავლებლებს!
თქვენმა უმრავლესობამ მოახერხა და ამ მძიმე წლებში არაფერი დაიშურა, რათა სათანადო ცოდნა და აღზრდა მიეცა ბავშვებისთვის. მასწავლებლის უპირველესი დანიშნულება ხომ ისაა, რომ თავისუფალი პიროვნება აღზარდოს, თავისუფალი მოქალაქეები აღუზარდოს თავისუფალ ქვეყანას.
დღევანდელი ხელისუფლება კი, მასწავლებლებო, თქვენგან მორჩილებას მოითხოვს! დაშინებული მასწავლებელი თავისუფალ მოქალაქეს ვერ აღზრდის. ამიტომ გთხოვთ, შეასრულეთ თქვენი მთავარი მოვალეობა და ნუღარ ჩაუდგებით ამ ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში, ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების საშუალებას!
ნუ შეგეშინდებათ! ჩვენ დაგიცავთ, დაგიცავთ ყველას, თითოეულ თქვენგანს. თქვენი სინდისის კარნახს მიჰყევით და აჩვენეთ თქვენს მოსწავლეებს, რომ თავისუფლება და ღირსება უმთავრესია ადამიანის ცხოვრებაში! ჩვენ ვენდობით თქვენს სინდისს, თქვენს პატიოსნებას!
მივმართავ საჯარო მოსამსახურეებს!
ყველას, ვისგანაც სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულში თანამონაწილეობას მოითხოვს! დადექით სიმართლის მხარეს, ყური დაუგდეთ თქვენს სინდისს. ამ დანაშაულებრივი რეჟიმის დღეები უკვე დათვლილია, ბოროტებას ამ ქვეყანაში გამარჯვება აღარ უწერია! გაემიჯნეთ ძალადობასა და უკანონობას და დადექით სიმართლის მხარეს!
თქვენ დაჟინებით გიმტკიცებენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყველას სამსახურიდან გაყრის და ანგარიშს გაუსწორებს.
მე პირდაპირ და გადაჭრით ვიტყვი: ჩვენ ამას არ დავუშვებთ! პირიქით - შეწყდება პოლიტიკური ანგარიშსწორება, არ დაიწყება წინა ხელისუფლების მომხრეების და სახელისუფლებო სტრუქტურებში ნამსახურები ადამიანების დევნა.
ჩვენ გავათავისუფლებთ საჯარო სამსახურს პოლიტიკური წნეხისაგან. საჯარო მოხელის დასაქმება და გათავისუფლება აღარ იქნება ვინმეს ნება-სურვილზე დამოკიდებული, მათ მხოლოდ პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება მოეთხოვებათ.
მე გპირდებით ყველას, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, მე გაძლევთ ამის პირობას, მაგრამ გაემიჯნეთ უკანონობას! გაემიჯნეთ დანაშაულს!
მივმართავ ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებს!
ჩვენ იმისთვის მოვდივართ ხელისუფლებაში, რომ დამსახურება არ დაეკარგოს არც ერთ ჩვენს მოქალაქეს, მით უფრო, სახელმწიფოსთვის თავდადებულ ჯარისკაცსა და პოლიციელს.
ოფიცერი თუ ჯარისკაცი ის ადამიანია, რომელიც მზადაა სიცოცხლე გაიღოს თავისი ქვეყნისა და ხალხის დასაცავად. ისინი თავს სწირავენ სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ქვეყნის გადასარჩენად.
ამაზე მეტი კეთილშობილება რა უნდა იყოს, ხალხო! და როგორ შეიძლება, ეს თავგანწირვა, ეს კეთილშობილება არ დავუფასოთ ჩვენს სამხედროებს!
ჩვენო საიმედო ოფიცრებო და ჯარისკაცებო, არასოდეს არ უნდა დაივიწყოთ, რომ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ხალხსა და ქვეყანას იცავთ და ემსახურებით, და არა რომელიმე ხელისუფლებას. პირიქით, ხელისუფლება თავად უნდა ემსახუროს თავის თავდადებულ მეომრებს და მათ ოჯახებს. და ეს ასეც იქნება, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში.
ამიტომ მე მჯერა თქვენი, მე მჯერა, რომ თქვენ ყოველთვის თქვენი ხალხისა და ქვეყნის სადარაჯოზე იდგებით და არასოდეს შეასრულებთ არც ერთ უკანონო ბრძანებას, არც ერთ დანაშაულებრივ დავალებას, ვისგანაც არ უნდა მიიღოთ ის.
ჩვენო პოლიციელებო! თქვენ ფიცი გაქვთ დადებული, რომ დაიცავთ საქართველოს - სახელმწიფოს და არა ამ ბინძურ ბანდას, სააკაშვილის ხელისუფლება რომ ჰქვია! ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს! ნუ აღმართავთ ხელს თქვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, თქვენ მაინც ნუ დაამცირებთ, ნუ აჰყრით ღირსებას თქვენივე ძმებსა და დებს!
ხომ ნახეთ, როგორც კი დასჭირდათ, სასწრაფოდ შეახოცეს ხელი შემსრულებლებს! არც თქვენ დაგინდობენ!
ნურაფრის შეგეშინდებათ! ეს ყველაფერი სადაცაა წარსულს ჩაბარდება, ცოტაც უნდა გავუძლოთ, ყველამ ერთად! თუ თქვენ არ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს, თქვენ მხარეს იქნება კანონი! თქვენ მხარეს იქნება სამართლიანობა!
მე მჯერა, რომ თქვენ იდგებით ხალხის სამსახურში, დაიცავთ მას, თქვენ ხომ სიცოცხლესაც არ დაიშურებთ მისთვის! ამას აუცილებლად დაგიფასებთ ჩვენ, თქვენი ხალხი! სწორედ ამის ეშინია სააკაშვილს, ეშინია, რომ, თუ საქმე საქმეზე მიდგება, პოლიცია კანონს, სამართლიანობასა და ხალხს დაიცავს. ჩვენ თქვენი გვჯერა!
მივმართავ ჩვენს ვეტერანებს!
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოვიჩენთ ვეტერანების მიმართ, იქნება ის მეორე მსოფლიო ომის, აფხაზეთის თუ აგვისტოს ომის მონაწილე, მათი ღვაწლი დაფასდება, დაწესდება სოციალური შეღავათები და მათ ღირსეულად ცხოვრების საშუალება მიეცემათ.
ვეტერანთა გარდა, გპირდებით, ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ სხვა სპეციფიკურ ჯგუფებსაც, რომლებიც დღეს ხელისუფლებისგან მიტოვებული არიან: I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მარჩენალდაკარგულებს, პოლიტრეპრესირებულებს.
მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს!
ჩვენ, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი დავღვარეთ. ამას გამართლება არა აქვს. ჩვენ აუნაზღაურებელი მსხვერპლი გავიღეთ.
მაგრამ ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას. ქართველები ვეფხისა და მოყმის შემქმნელი ხალხი ვართ - ჩვენ სამძიმარს ვეტყვით აფხაზ და ოს დედებს, მოვნახავთ ერთმანეთის გულებისკენ მიმავალ გზებს, აღვადგენთ ურთიერთობებს და საერთო მომავალზე ვიზრუნებთ.
მივმართავ ჩვენს დევნილ მოსახლეობას!
ჩვენ ყველა პირობას შეგიქმნით, რომ ღირსეულად ცხოვრება შეძლოთ, აღარ იყოთ ხელისუფლების შემწეობასა და მოწყალებაზე დამოკიდებული. ვეღარასოდეს და ვეღარავინ გაბედავს, რომ დევნილების ბედი მათ გარეშე, მათ დაუკითხავად გადაწყვიტოს! ვეღარავინ გაბედავს მათ დამცირებას და შეურაცხყოფას!
ყველას დავუკანონებთ იმ ფართობებს, რომლებშიც ახლა ცხოვრობენ და მათ მიეცემათ საშუალება, მშვიდად დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, თავიანთი მომავალი, მანამდე, ვიდრე დროებით დაკარგულ სახლ-კარს დაუბრუნდებიან.
მივმართავ ქართველ ემიგრანტებს!
გაჭირვება, უსამართლობა და უპერსპექტივობა გაიძულებდათ უცხოეთში გადახვეწას. ზოგი ლუკმაპურის საშოვნელად ხართ წასული, ზოგიც ღირსეული და თავისუფალი ადამიანის შესაფერის ქვეყანას ეძებთ, ისეთ ქვეყანას, სადაც ადამიანს პატივს სცემენ.
თქვენ უცხოეთში იმას ეძებთ, რაც სამშობლომ დაგაკლოთ. მაგრამ თქვენი სამშობლო, ჩვენი სამშობლო სულ მალე თქვენი ოცნების ასრულების გზას დაადგება, და მაშინ თქვენ დარწმუნდებით, რომ საქართველოს თქვენი ცოდნა, უნარი და გამოცდილება ჰაერივით სჭირდება.
ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ სამართლიანი, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის აშენება! თქვენ სამშობლოს სჭირდებით!
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ დაბრუნდეთ საშობლოში და აქ ღირსეულად იცხოვროთ! ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენი სახელმწიფოს მომავლის შექმნაში!
მე ვიცი, რომ 1-ელ ოქტომბერს ჩვენი ხალხი აირჩევს ხელისუფლებას, რომელიც ჩადგება მის სამსახურში.
როგორც ჩანს, ჩვენ ეს ოცი წელი უნდა გაგვევლო, ყველაფერი, რაც ჩვენს თავს დატრიალდა, უნდა გადაგვეტანა, რომ ახლა მაინც, პირველივე დღიდან მოვთხოვოთ ახალ ხელისუფლებას ანგარიში და მუდამ შევახსენოთ, რომ ხალხის სამსახურში დგომა ხელისუფლების მოვალეობაა!
საქართველო ახალ რეალობაში აღმოჩნდა, ეს რეალობა არის სასტიკი და უმძიმესი ყველასათვის. ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც თითქოს საღათას ძილს იყო მიცემული, საზოგადოებამ, რომელიც 9 წლის განმავლობაში უამრავი სისასტიკისა და დანაშაულის მოწმე გახდა, სწორედ ამ რეალობას გაუსწორა თვალი და გაბრაზდა, საშინლად გაბრაზდა!
მაგრამ მე არ მინდა გაბრაზებულმა საზოგადოებამ გამოიტანოს გადაწყვეტილება, არ მინდა თქვენი არჩევანით ანგარიში გაუსწოროთ ვინმეს. თქვენ არჩევანი გონების კარნახით უნდა გააკეთოთ, რადგან ვიღაცის ჯინაზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ტრაგიკული აღმოჩნდეს.
ამიტომ, მე გთავაზობთ, კარგად დააკვირდეთ ჩვენს გუნდს, კარგად გააანალიზოთ, ჩვენ რას გთავაზობთ. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც თქვენ შეიძლება ენდოთ, ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ხელში აიღებს ხელისუფლებას და რეალურად ჩადგება ხალხის სამსახურში.
ჩვენ არჩევნებით უნდა დავამარცხოთ სისტემა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე.
ჩვენ, ალბათ, კიდევ შევესწრებით ამათ უბადრუკ და უსუსურ გაბრძოლებას. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდებით! მხოლოდ ჩვენი კეთილგონიერებითა და მტკიცე ნებით გავუმკლავდებით და გავიმარჯვებთ!
მოგმართავთ ყველას!
მე ვიცი, რომ 1-ელ ოქტომბერს თქვენ ხმას მისცემთ ხელისუფლებას, რომელიც მართლა ხალხის დასაქმებაზე იზრუნებს, და არა ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.
ხმას მისცემთ ხელისუფლებას, რომელიც ხალხის ჯანმრთელობაზე რეალურად იზრუნებს, და არა ხელისუფლებას, რომლის მმართველობაშიც ადამიანები უექიმოდ და უწამლოდ კვდებიან.
ხმას მისცემთ ხელისუფლებას, რომელიც ყველა სოფელს უფასო სკოლასა და ბაგა-ბაღს გაუხსნის, და არა ხელისუფლებას, რომლის დროსაც ასეულობით დახურულმა სკოლამ ისტორიული კუთხეების დაცლა გამოიწვია.
ხმას მისცემთ ხელისუფლებას, რომელიც მართლა სოფელზე და გლეხკაცზე იზრუნებს და ამისათვის 1-მილიარდიან ფონდს შექმნის, და არა ხელისუფლებას, რომელმაც დააქცია ქართული სოფელი და წელში გაწყვიტა გლეხი კაცი.
ხმას მისცემთ ხელისუფლებას, რომელიც სამართლიან და რეალურ გადასახადებს გთავაზობთ, თუ ხელისუფლებას, რომელმაც ჯოჯოხეთური გადასახადები დაგიწესათ.
ყველამ იცოდეთ, რომ ღირსებისა და კეთილდღეობის საქმე სწორედ საარჩევნო ყუთებთან წყდება. იცოდეთ, რომ არჩევნებზე არმისვლა საკუთარ მომავალზე უარის თქმის ტოლფასი იქნება.
საარჩევნო ყუთთან თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი წილი საქართველო და ამ არჩევანით მომავლის იმედი შეუქმნათ საკუთარ თავს და მთელ სახელმწიფოს!
არჩევნებზე არმისვლა მოძალადეების მხარდაჭერას ნიშნავს, და სხვას არაფერს.
მე დღეს ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრს გაუძლეს და არ შედრკნენ; რომლებიც 1-ელ ოქტომბერს მივლენ საარჩევნო უბნებში და თავიანთი არჩევანით განაცხადებენ, რომ ისინი ქვეყნის კეთილ მომავალს ქმნიან, ქმნიან აქ და ახლავე!
მე ვიცი, რომ თქვენ დგახართ სამართლიანობისა და სიმართლის მხარეს და თქვენ ვეღარავინ მოგერევათ! ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება!
იმათაც მინდა მივმართო, ვინც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, მაგრამ რაიონებშია რეგისტირებული. 1-ელ ოქტომბერს ყველა უნდა ჩავიდეს თავის რეგისტრაციის ადგილას და აუცილებლად უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.
ნურავინ ნუ დაიზარებთ, თქვენ ერთ ხმასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს იცოდეთ კარგად. ამ ერთ დღეს საქართველოს სჭირდებით და მოუცლელობა გამართლება არ იქნება!
ხალხო!
იცოდეთ, რომ მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი არაა, რაგინდ კარგი სახელი ჰქონდეს, ნებით თუ უნებლიეთ, ნაციონალების სამსახურში დგას და მათ საქმეს აკეთებს.
ამიტომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს მიეცით ხმა, სხვას არავის, და შემოხაზეთ 41.
მჯერა, რომ საქართველოს ხალხი, როგორც თავისუფალი და თავმოყვარე ერი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ არის და უნდა იყოს თავისი ბედის ბატონ-პატრონი, აუცილებლად გაიმარჯვებს!
ბრძოლა ქვეყნისა და ხალხისთვის ჩვენი გამარჯვებით დასრულდება! ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლეა! თავისუფლებისთვის ბრძოლას ვეღარაფერი შეაჩერებს!
1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად გავაფორმებთ გამარჯვებას!
1-ელ ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს და ხალხი დაიბრუნებს მისთვის წართმეულ ხელისუფლებას!
მე ვიცი, რომ 1-ელ ოქტომბერს ჩვენი შვილების, ჩვენი საქართველოს მომავლისთვის ქუდზე კაცი გამოვა!!!
ამ დღეს ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას!
პირველ ოქტომბერს, ამომრჩეველო, შენი სიმართლე და შენი თავისუფლება შენს ხელში იქნება! სწორედ ამიტომ, მხოლოდ ამიტომ, ჩვენ გავიმარჯვებთ! შემოხაზეთ 41!
ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ვეღარავინ წაართმევს ხალხს თავის არჩევანს!
საქართველოში დაცული იქნება ადამიანის ყველა უფლება, დაცული იქნება აზრისა და სიტყვის თავისუფლება; სასამართლო იქნება სამართლიანი, მედია - დამოუკიდებელი, ბიზნესი - ხელშეუხებელი!
ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოში კულტურული ცხოვრების აღორძინებას, ჩვენი ხელისუფლება ქართული ტრადიციების პატივისმცემელი ხელისუფლება იქნება! ჩვენი ხალხი დაიბრუნებს ღირსებისა და სიამაყის განცდას!
თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში! აღარ ექნება დამცირებისა და წამების შიში.
ქართველები, აფხაზები, ოსები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ბერძნები და სხვები, ყველანი ერთად ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, რომელიც სამშობლო იქნება ყველასთვის!
ჩვენ ბევრი გვაქვს სასწავლი დასავლური დემოკრატიისგან, მაგრამ ტოლერანტობას, სხვა ერებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვერავინ გვასწავლის. ჩვენ ვაჟა-ფშაველას შთამომავლები ვართ და ამით ყველაფერია ნათქვამი.
ჩვენ ქვეყანას ოდითგან დასავლეთზე ეჭირა თვალი, ჩვენი წინაპრები, როგორც შეეძლოთ, მუდამ ამაზე ზრუნავდნენ და აქამდე მოგვიტანეს ქვეყანა, რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის საინტერესოა და მიმზიდველი. ეს ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ინტერესი და ურთიერთობები გაღრმავდეს და განვითარდეს. ჩვენს ქვეყანას შესწევს ამის ძალა და სწორედ ამიტომ, საქართველო გახდება თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი!
ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას!"