ქუთაისი - თბილისი ქართული ოცნების ტელეხიდი

ქუთაისი - თბილისი ქართული ოცნების ტელეხიდი

დღეს „ქართული ოცნების“ აქცია ერთდროულად თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. თბილისში კი კოალიციის მომხრეები რამდენიმე ადგილას შეიკრიბნენ და შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გაემართნენ. მსვლელობები დინამოს სტადიონიდან, ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან და მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ მოეწყო.

 „ქართული ოცნების“ აქცია დაახლოებით 15.30 საათზე ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა მიერ შესრულებული სიმღერებით დაიწყო. გამომსვლელთა შორის იყვნენ ნატო მეტონიძე, ეკა კვალიაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ჯგუფი „ფორტე“, ჯგუფი „ქართული ხმები“.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, რომლებიც მსვლელობით ვაკიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდნენ, სასულიერო პირები შეუერთდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მოძღვარმა გიორგი დორეულმა განუცხადა, მწუხრის ლოცვები 16:00-ის ნაცვლად, 14:00 საათზე გადმოიტანეს, რომ აქციას დასწრებოდნენ. მისივე თქმით, ხალხის მოთმინების ფიალა აივსო.

"წმინდა მამები ამბობენ - სულ სხვაა სიმშვიდე, სულ სხვაა უგუნურება. მადლობა ღმერთს, ხალხი მიხვდა, რომ სიმშვიდის დრო აღარ არის", - განაცხადა მამა გიორგი დორეულმა. ასევე აქციას სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებმაც თავისუფლების მოედნის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მოაწყვეს მსვლელობა.

ქუთაისის აქციაზე „ქართული ოცნების“ დასავლეთ საქართველოს რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატები, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ალასანია, მანანა კობახიძე, ელისო ჩაფიძე, კახი კალაძე და ეკა ბესელია იმყოფებოდნენ. აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ პირდაპირი ჩართვის მეშვეობით საქართველოს მოსახლეობას კოალიციის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ მიმართა.

„სამწუხაროდ ეს ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში იქცა ციხედ, აღარავის ჰქონდა სასუნთქი ჟანგბადი, მოქალაქეობრივი უფლებები იყო წართმეული. პირველი ოქტომბრიდან, ჩვენი გამარჯვებიდან (რომელიც ხედავთ, რომ გარდაუვალია) დაიწყება სამართლიანობის აღდგენა, ღირსებას დავუბრუნებთ ყველა ღირსებაწართმეულ ადამიანს, და რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაში იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ხალხთან. არ იქნება არანაირი რევანში! არ იქნება არანაირი შურისძიება! მთელი ერი და ბერი გაერთიანდა და მე მინდა დღეს საქართველოს მივულოცო ასეთი ერთსულოვნება, ასეთი სოლიდარობა და წარმატება და გამარჯვება ვუსურვო ქართველ ხალხს“, - აღნიშნა ალასანიამ.

მისი თქმით, მთელი საქართველო ფეხზე დგას და ქუთაისის აქციას უერთდება. ალასანია ამბობს, რომ გამარჯვება გარდაუვალია.

16.00 საათზე კი ქუთაისსა და თბილისის აქციებს შორის პირდაპირი ჩართვა გაიმართა, როდესაც ქუთაისიდან თბილისში შეკრებილებს „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გუბაზ სანიკიძემ მიმართა.  

„მთელი ქუთაისი აქ არის, ასევე მთელი დასავლეთ საქართველოდან სტუმრები არიან ჩამოსულები. ქუთაისი ყოველთვის გვერდით იქნება და გჯეროდეს ქუთაისო, რომ თბილისი ყოველთვის გვერდით გეყოლება! საქართველოს დაბადებამდე ორი დღე რჩება. ქუთაისი ყოველთვის იყო, არის და დარჩება საქართველოს მედროშე ქალაქად. დავით აღმაშენებლის და სოლომონ პირველის ქალაქი მიესალმება ვახტანგ გორგასლის და თამარ მეფის ქალაქს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისი თქმით, ორი დღის წინ ქუთაისში სამოქალაქო გმირობა მოხდა და საერთოდ უკანასკნელ პერიოდში საქართველო სამოქალაქო გმირობის ასპარეზად იქცა. გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ გუშინწინ ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა „კი“ უთხრა მომავალს. სანიკიძემ აქციის მონაწილეებს ქუთაისის თეატრის მსახიობი მარიკა სამანიშვილი წარუდგინა, რის შემდეგაც ქუთაისში აქციის მონაწილეებს მსახიობმა მიმართა.

თბილისში კი აქციაზე ხალხს სიტყვით ბიძინა ივანიშვილმა მიმართა, რომელმაც სცენაზე „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები შეკრიბა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ თავისი დანაპირები, რომელიც მან ქართველ ხალხს 27 მაისის აქციაზე მისცა - ქვეყანა ერთ მუშტად შეეკრა, შეასრულა და განაცხადა, რომ სწორედ ასე შეასრულებს ყველა დაპირებას, რაც საქართველოს მისცა.

ივანიშვილის განცხადებით, "კანონიერი ქურდების" დრო საქართველოში არასდროს დაბრუნდება, მაგრამ არც იმას დავუშვებთ, რომ "კანონიერი ქურდი" ქურდად მომჯდარმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლოს".

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შეუძლებელია დასავლეთმა თვალი დახუჭოს და ამ სადისტური სისტემის შემქმნელებს მხარი დაუჭიროს.

"სააკაშვილის სისტემა უნდა დაინგრეს, ყველა დარწმუნდა ამაში, დასავლეთიც აღარ დახუჭავს თვალს ამ უკანონობაზე და გაუგონარ ძალადობაზე. წარმოუდგენელია, დასავლეთმა თვალი დახუჭოს და ამ სადისტური სისტემის შემქმნელებს დაუჭიროს მხარი, მხარი დაუჭიროს მას, ვის წინააღმდეგაც ქართველმა სტუდენტებმა ქუჩები გაავსეს. ეს ხელისუფლება ბევრს ეცადა ჩვენი ახალგაზრდები იდეალებისა და ღირსებისაგან დაცლილ საზოგადოებად ექცია, მაგრამ ვერ შეძლო. მე ამაყი ვარ, რადგან როცა საჭირო გახდა, ახალგაზრდობამ ძალიან კარგი  და სწორი პოზიცია დაიჭირა, სამართლიანი პოზიცია დაიჭირა და სისასტიკე დაგმო. ჩვენმა ახალგაზრდობამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში აქტიურად შემოაბიჯა. რადგან ამ რეჟიმმა სხვა გზა არ დაუტოვა. მათი კარგად მესმის, რადგან მეც ერთი წლის წინ სწორედ იძულებით აღმოვჩნდი პოლიტიკაში", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, განაჩენი გამოტანილია და ქართველი ხალხი მას ოფიციალურად პირველ ოქტომბერს გააფორმებს.

“დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ წამების, დაშინების, ტერორის, დაპატიმრებების, უბინძურესი პროპაგანდის მიუხედავად, ჩვენ ვერ გაგვტეხეს. მთელმა საქართველომ ხმამაღლა უთხრა ხელისუფლებას - არა უსამართლობას, არა სიცრუეს, არა ძალადობას. ეს ხელისუფლება ცდილობს, ხალხს დაუმტკიცოს, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა კრიმინალია, თავისუფლებისათვის ბრძოლა აგენტობაა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. ჩვენმა ხალხმა უთხრა მთელ სამყაროს, რომ დემოკრატიას იმსახურებს. სად გინახავთ მსგავსი ხალხნო, ნახეთ, რამდენი ვართ. აღარავის უშველის იმის მტკიცება, რომ ეს არ იცოდნენ. წლებია, გვესმის, მკვლელობებისა და ადამიანების წამების შესახებ. ყველამ კარგად იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში. ამ სასტიკი სისტემის შექმნას ხელისუფლებამ 9 წელი მოანდომა. ახლა შეშფოთდნენ და გაბრაზდნენ.  გაბრაზდნენ იმიტომ, რომ არ ეგონათ, რომ ეს ყველაფერი საჯარო გახდებოდა და ხალხი ნახავდა. ვერც ერთი ვერ ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს, ვერც ერთი, ვინც ამ ხელისუფლების სირცხვილის მოწმენდას ცდილობს. ამ რეჟიმს არ შეიძლება ამ ქვეყნის ხელისუფლება ერქვას. ეს განაჩენი გამოტანილია და ამას ოფიციალურად 1 ოქტომბერს გავაფორმებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მან მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისკენ და 41-ის შემოხაზვისკენ მოუწოდა. აქცის ტრადიციულად ბერა ივანიშვილის სიმღერებით დასრულდა.