შუა გაკაფულია

შუა გაკაფულია

მედიასაშუალებებით გავრცელებულმა ვიდეომასალამ, რომელშიც გლდანის საპყრობილეში პატიმრებისადმი არაადმიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული, თვისობრივად შეცვალა ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება და ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. რელობისა, როდესაც საქართველოს ყოველმა მოქალაქემ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან მარტივ კითხვას უნდა გასცეს პასუხი – მხარს უჭერს იმ არაადამიანურობასა და გარყვნილებას, რაც ვიხილეთ, თუ ემიჯნება მას?!                                                                                                                                                                                                                                                                მართალია, ხელისუფლება აცხადებს, რომ თავადაც შეძრულია გავრცელებული ინფორმაციით, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ფარისევლობს, რადგან ცდილობს, ყოველივე ისე წარმოაჩინოს, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა; რომ მსგავსი გადაცდომები სხვა ქვეყნებშიც არაერთი ყოფილა; რომ მიიღო მკაცრი ზომები, როდესაც თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მინისტრი და დააპატიმრა ციხის ბადრაგი; რომ აპირებს სამსახურიდან დაითხოვოს პენიტენციალური სისტემის ყველა თანამშრომელი და მოახდინოს ამ უწყების სრული რეორგანიზაცია...

პარალელურად, ფაქტების თავისუფალი ინტერპრეტაციის მეშვეობით, შეფარულად ახორციელებს მოსახლეობის მასირებულ პროპაგანდისტულ დამუშავებას, რათა დაარწმუნოს, რომ დანაშაული ჩადენილია რამდენიმე პირის მიერ; შესაძლოა, გასამრჯელოს მიღების მიზნით, რაც, მაქსიმუმ, წარმოადგენს უწყების, სტრუქტურის შიდა პრობლემას და არაფერი აქვს საერთო სისტემურ სახელმწიფო კრიზისთან.  

ამ მეთოდებით ხელისუფლებას სურს შეაჩეროს ან შეანელოს მაინც საზოგადოებისა და სტუდენტების საპროტესტო აქციები, არ დაუშვას საკუთარი რიგების რღვევა და როგორმე აღიდგინოს ადამიანური სახე. თუმცა, უდავოა, რომ ვიდეოფირებზე აღბეჭდილი კადრები სახელმწიფო მართვის სისტემაში წლობით დამკვიდრებული და თავად პრეზიდენტის მიერ ლეგიტიმირებული ძალადობის გამოვლინებაა, თანაც - ყველაზე მახიჯი და შემზარავი ფორმით. ამიტომ, ქვეყანაში, რეალურად, ხელისუფლების სისტემური კრიზისია და არა სტრუქტურული პრობლემა ან ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის გადაცდომა.   

გავრცელებული მასალების შემდეგ, პოლიტიკურად ისედაც გაკოტრებული ხელისუფლება, ზნეობრივადაც განადგურდა და ქვეყნის მართვის მორალური უფლება დაკარგა.

შეცვლილმა რეალობამ ახალი პრობლემების წინაშე დააყენა ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი. 

ხელისუფლებამ თვალნათლივ დაინახა და იგრძნო მოახლოებული გარდაუვალი კატასტროფა - 22 სექტემბერს, ზუგდიდში, “ქართული ოცნების” მიერ გამართული აქციის მასშტაბურობამ, რომელიც, ნაწილობრივ, ტელევიზიით გავრცელებულმა ვიდეომასალამაც უზრუნველყო, ცხადყო, რომ რეგიონში, რომელიც ხელისუფლებისადმი, რბილად რომ ვთქვათ, ლოიალურად იყო განწყობილი, ვითარება კარდინალურადაა შეცვლილი (შეგვიძლია, ვივარაუდოთ, თუ რა მდგომარეობა იქნება იმ რეგიონებში, სადაც ხელისუფლებას არც ვდეომასალის გამოქვეყნებამდე ჰქონდა სახარბიელო რეიტინგი!).

არანაირი რესურსი ვითარების შესაცვლელად, მათ შორის, არც “შავი პიარის” თვალსაზრისით, ხელისუფლებას არ გააჩნია. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ შეუძლია გამოიყენოს, არის ძალოვანი სტრუქტურები.

ხელისუფლება ისეთ აგონიაშია, რომ არც სტუდენტების პროვოცირებას მოერიდება, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა; თუმცა, როგორც ჩანს, ამას ვერ შეძლებს, რადგან, პროტესტის საჯაროდ გამოხატვის პროცესი კი არ ნელდება, უფრო და უფრო ძლიერდება და ისევე, როგორც სტუდენტებმა, საზოგადოებამაც, სხვადასხვა, მაგრამ არაპოლიტიკური, ნიშნით დაიწყო თვითორგანიზება და საპროტესტო პროცესებში ჩართვა.

ამიტომ, სავარაუდოა, რომ ძირითადი მოვლენები მაინც არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე განვითარდება და ხელისუფლებაც ეცდება, არჩევნების შედეგები საარჩევნო უბნებზევე გააყალბოს.

ნიადაგის შემზადება უკვე მიმდინარეობს - ერთის მხრივ, ხდება “ქართული ოცნების” აქტივისტების, ძირითადად, საარჩევნო კომისიის წევრების, იზოლირება, რათა ოპოზიცია კომისიის წევრების გარეშე დატოვონ, ხოლო, მეორეს მხრივ, ცესკოს გამოყენებით ცდილობენ, საარჩევნო უბნებზე მაქსიმალურად შეზღუდონ მედიისა და არასამთავრობო სექტორის მონიტორინგი, რათა საზოგადოებას არ ჰქონდეს დოკუმენტური ვიდეომტკიცებულება იმისა, თუ რა ხდებოდა უბნებზე.

ცესკომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო უბნებზე მონიტორინგის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, მხარი დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატებმა. ცხადია, გადაწყვეტილება პოლიტიკურია, მაგრამ მის მხარდამჭერებს ეს არ ათავისუფლებს პერსონალური პასუხისმგებლობიდან. თუ მათ არ იციან, უნდა იცოდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირეს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების დაწყებას. ვინც შექმნილ სიტუაციაში ოდნავ მაინც ერკვევა, მიხვდება, რომ ეს არ არის ლიტონი სიტყვები და არც ფანტასტიკური ჰიპოთეზა; საფრთხე უაღრესად რეალურია და ამ საფრთხის თავიდან აცილების ერთერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია უბნებზე საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და მონიტორინგი. ამიტომ, ცესკომ ან უნდა გააუქმოს თავისივე მიღებული გადაწყვეტილება, ან თითოეულ წევრს, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, პერსონალური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ღვთისა და ერის წინაშე!

22 სექტემბრის ზუგდიდის აქცია, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების რეალური რეიტინგი წარმოაჩინა, კიდევ ერთი რამითაა მნიშვნელოვანი - ცხადად გამოჩნდა, რომ ელექტორატის პოლარიზაცია, ფაქტობრივად, დასრულებულია და, რომ “შუა”, გაკაფულია. მოგვწონს თუ არა, ჩამოყალიბდა ორპოლუსიანი საარჩევნო გარემო; არცერთ სხვა საარჩევნო სუბიექტს, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნებისა”, ბარიერის დაძლევის შანსი არა აქვს.   

ამ რეალობას აცნობიერებს როგორც საზოგადოევბა, ასევე პოლიტიკური სპექრტი, რაც აისახა კიდეც მათ საარჩევნო კამპანიაზე - ნაწილი გააქტიურდა (მაგ. “ნაც. მოძრაობა” და “ქრისტიან-დემოკრატები”), ხოლო ნაწილი, უბრალოდ, დინებას მიჰყვება.

ხელისუფლება შეეცადა მყისიერი რეაგირებით გარდატეხა შეეტანა პროცესში; პრეზიდენტი სასწრაფოდ ჩავიდა ზუგდიდში, ხოლო ბოლოს მთელმა ნაც. ელიტამ ერთობლივი შეხვედრა გამართა გურჯაანში, მაგრამ, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო; ამიტომ ტაქტიკა შეცვალეს და ქრისტიან-დემოკრატებს გაურიგდნენ.

ტაქტიკის შეცვლა, ცხადია, არ შეცვლის საარჩევნო კამპანიის ფასადს. უბრალოდ, გულისხმობს რეპრესიების გაძლიერებას ქართული ოცნების წევრთა მიმართ, რაც უკვე დაწყებულია და ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად არჩევნების გაყალბებას, რისთვისაც აუცილებელია დამკვირვებელთა უფლებების შეზღუდვა, რაც ასევე უკვე განხორციელა ცესკომ ორივე პარტიის მხარდაჭერით.

სამსუბიექტიანი პარლამენტი, როდესაც ნაც.მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად ქმნის უმრავლესობას, ნებისმიერი კონფიგურაციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველ ადგილზე გავა “ქართული ოცნება”, მისაღებია ხელისუფლებისთვის, თუკი ამას არ მოჰყვება ქართული საზოგადოების და საერთაშორისო დამკვირვებლების მძაფრი პროტესტი; თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატებმა ბლოკი „ქართულ ოცნებასთან“ გააფორმონ, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით მათთვის გაცილებით მომგებიანი იქნება, და არა – ნაც. მოძრაობასთან (მადლობა უფალს, რომ ქრისტიან-დემოკრატებში ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდა, რომელმაც ამ სიბინძურეში გარევა არ ისურვა!).

არჩევნების მოახლოებასთან ერთად რეპრესიული ფონი კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო უბნებზე დამკვირვებელთა შეზღუდვა ბუნდოვანს გახდის საარჩევნო პროცესს, რაც ხელისუფლებას მანიპულირების საშუალებას მისცემს.

მანიპულირების ერთერთი მნიშვნელოვანი არეალი არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა სიმრავლეა. ცხადია, ხელისუფლება ამ არეალს გამოიყენებს, როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ არჩევნებში, რათა ხმები “გაფანტოს” და სასურველი პროპორციები დასვას. ამიტომ, დროის სიმცირის მიუხედავად, ვფიქრობ, აუცილებელია, “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ოპოზიციური ფლანგის უალტერნატივო ლიდერმა, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს უნდა შესთავაზოს ერთიანი ოპოზიციური პოლიტიკური კოალიციის შექმნა. რაც, მინიმუმ, გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკურ კოალიციაში შემავალი ყველა საარჩევნო სუბიექტი “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, საჯაროდ, არჩევნებიდან ხსნის როგორც პროპორციულ სიას, ასევე მაჟორიტარებს და მოუწოდებს ამომრჩეველს მხარი დაუჭირონ კოალიცია “ქართულ ოცნებას”. ამასთანავე, საარჩევნო კოალიცია “ქართული ოცნება” იქნება ერთიანი პოლიტიკური კოალიციის ნაწილი და მის მიერ მიღწეული წარმატება თანაბრად განაწილდება კოალიციაში შემავალ ყველა სუბიექტზე.

პოლიტიკური კოალიციის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ორსუბიექტიან არჩევნებს, რაც იქნება არსებული რეალობის ობიექტური ასახვა და საარჩევნო გარემოს იმდენად რელიეფური წარმოჩენა, რომ არჩევნების გაყალბება რიგითი ამომრჩეველიც კი გასაგები გახდება. ამგვარი ვითარება, ჩემი აზრით, მოხსნის დაძაბულობას საარჩევნო უბნებზე და მინიმუმამდე დაიყვანს სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობას.

ამასთანავე, რადგან ხელისუფლებამ საარჩევნო უბნებზე შეზღუდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა საქმიანობა, კარგი იქნებოდა, თუ თბილისში არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში შეიქმნებოდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა გაერთიანებული ცენტრი, რომელიც ყველა საარჩევნო უბნიდან მიიღებდა ინფორმაციას და მოახდენდა მასზე სწრაფ და ობიექტურ რეაგირებას განურჩევლად იმისა, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტი დაარღვევდა კანონს.

ამგვარი მეთოდებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ პოლიტიკაში ზნეობის დამკვიდრებას, მაგრამ, იქნებ ის მაინც მოვახერხოთ, რომ პოლიტიკიდან უზნეობა გავაძევოთ!