ე.წ. ამბოხებულებთან კოაბიტაცია არ ხერხდება. მათთან არც დაზავება გამოდის და არც გუნდიდან გაშვება. ამბოხებულებს წასასვლელი გზა ღია აქვთ, მაგრამ წასვლას აქამდე არ ჩქარობდნენ. სავარაუდოდ, ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ და ან „ოცნებას“ აიძულებენ გარიცხვას, ან თავად დატოვებენ საკუთარ გუნდს.
ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ზოგისთვის ბესელია სამართლიანობისთვის მებრძოლად იქცა, ზოგისთვის კი სამართლიანობას ამოფარებულ პოლიტიკოსად.
„ვისაც წასვლის სურვილი აქვს, ძალით ვერ დავაკავებთ“, - ასეთია „ოცნების“ ვერდიქტი. „ოცნების“ წევრები ე.წ. ამბოხებულებს არაგუნდურობაში სდებენ ბრალს და აცხადებენ: „გაუგებარია, გუნდის შიგნით იყო და გუნდს გარედან ურტყამდე“.
რა უფრო მომგებიანია „ოცნებისთვის“: ბესელიას, გოგიჩაიშვილის, ფოფხაძის გარეშე, თუ მათთან ერთად ნაძალადევი ერთობა? სად იქნება ბესელიასა და მისი თანამოაზრეების ადგილი ქართულ პოლიტიკაში?
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის არ არის საინტერესო, სად იქნება შემდგომში ბესელიასა და მისი თანამოაზრეების ადგილი, ეს მათი არჩევანია. უბრალოდ, გია ხუხაშვილი ბესელიას ადამიანურად თანაუგრძნობს, რადგან ბესელია ბინძური შეტევის მსხვერპლი აღმოჩნდა, მაგრამ მისი პოლიტიკური პერსპექტივა მნიშვნელოვანი არ არის.
ანალიტიკოსის აზრით, შესაძლოა, ბესელიამ სიმართლისთვის მებრძოლის მანტია თავის სასარგებლოდ გამოიყენა, შესაძლოა, მან სცადა გმირად წარმოეჩინა თავი, მაგრამ ბესელიას გმირობა ერთჯერადი გმირობაა, ორ კვირაში მისი გმირობა აღარავის ემახსოვრება და, ცხადია, ბესელია არ გახდება ბრძოლის მედროშე.
„გასაგებია, რომ პოლიტტექნოლოგიურად ბესელია მიება გარკვეულ თემებს, მაგრამ ბესელია რომ პოლიტიკურ ლიდერად წარმოვიდგინოთ, ეს ღრმად არასერიოზულია. ჩემთვის არ არის საინტერესო, ბესელია და მისი თანამოაზრეები დატოვებენ თუ არა გუნდს. ეს არ არის სახელმწიფოებრივი პროცესი. ეს არის შიდა გარჩევები და ამით ბევრი არაფერი იცვლება. მანკიერება „ქართულ ოცნებაში“ სრულიად აშკარაა. ამ მანკიერების თანამონაწილე იქნება ბესელია, თუ არ იქნება, ეს საერთო სურათს მაინც ვერ შეცვლის.
მთავარი ტრაგიკომედია პოლიტსაბჭოს წერილია, რითაც, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ ელიტამ გადაკვეთა წითელი ხაზები ქართულ საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან შევიდა კონფლიქტში. მათ თქვეს: ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრეები, ჩვენ ვართ უკვე „ნაციონალური მოძრაობა“, კონტრაქტს ვაფორმებთ სააკაშვილის მანკიერ სისტემასთან და არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. ფაქტობრივად, მათ გუშინ ხელი მოაწერეს ცხრაწლიანი რეჟიმის სამართალმემკვიდრეობას. ამ ხელისუფლებას პრეტეზია აქვს ღვთაებრივ სასწაულზე, რომ სავლესგან პავლე შექმნეს. განა შეიძლება ასეთ ხელისუფლებას ადეკვატური ვუწოდოთ?
ეს ხელისუფლება თვითონვე აღიარებს, მურუსიძე ძაან ცუდი ბიჭი იყო, მაგრამ ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და ბიძინა ივანიშვილმა მასზე სასწაული მოახდინაო. მურუსიძეს თურმე ივანიშვილი გამოეცხადა და ახლა უკვე ჭეშმარიტ რელიგიას ქადაგებს მურუსიძე. სწორედ ეს თქვა ანანია (ირაკლი) კობახიძემ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ანალიტიკოსი განმარტავს, რომ პირადად მას სააკაშვილის ჯინი არ სჭირდა, როდესაც მაშინდელ რეჟიმს ებრძოდა, უბრალოდ, იმდრონდელი სისტემის შენარჩუნება არ შეიძლებოდა, ახლანდელმა ხელისუფლებამ კი თქვა, ჩვენ მაშინდელ სისტემას ვინარჩუნებთ, ოღონდ მინუს სააკაშვილიო.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ეჭვობს, ბესელიასა და მის თანამოაზრეთა გუნდიდან წასვლით რაიმე არსებითად შეიცვალოს. უბრალოდ, არასასიამოვნო ფაქტია, როცა „ოცნების“ ძველი სახეები, რომლებიც „ოცნების“ დაფუძნებისთანავე იყვნენ აქტიურნი და გარკვეული ავტორიტეტიც ჰქონდათ, ახლა პარტიას ტოვებენ. For.ge-სთან საუბარში დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ამის გამო „ოცნება“ არ დაიშლება, რადგან ამის საფრთხე არ არსებობს.
„არც ისე ტრაგიკულია ეს მოვლენა, ჩვეულებრივი ამბავია პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ პარტიას ტოვებენ გარკვეული მოსაზრებების გამო. ამ შემთხვევაში, ეს უკმაყოფილება სასამართლო სისტემასთან იყო დაკავშირებული. ახლა ბესელია იძახის, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნორმა უნდა შეჩერდესო, რასაც ვეთანხმები, მაგრამ კითხვა მიჩნდება, 2013 წელს, როცა ეს ნორმა შემოვიდა, ეკა ბესელიამ რატომ დაუჭირა მას მხარი, თუკი ასე ფიქრობდა?! რა მიზეზით არ აპროტესტებდა მოსამართლეთა იმ შემადგენლობას, რომელიც 2013 წელსაც იყო და დღესაც არის?! ეს გაურკველობას წარმოშობს. აქ მე ვხედავ არა იმდენად შიდა პარტიულ დაპირისპირებას, რომელიც ღირებულებითი არჩევანითაა გამოწვეული, არამედ ეს დაპირისპირება გამოწვეულია ბესელიას კონკრეტული ადგილით ამ პარტიაში. როგორც ჩანს, ბესელიამ ეს ადგილი დაკარგა და ამას მოჰყვა მერე ეს დაპირისპირება“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
თუ სად ესახება ამბოხებული დეპუტატების ადგილი, დავით ზარდიაშვილი განმარტავს, რომ ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, ვინ სად და როგორ იქნება. საერთოდ, ჩვენი ამჟამინდელი პარტიულ-პოლიტიკური სისტემა არ ვითარდება ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს და ეს არის ყველაზე სამწუხარო. ირაკლი კობახიძის ინტერვიუშიც გამოჩნდა, რომ, თუ პერსონალიზაციაზე მიდგება საქმე, ეს სისტემა კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილის კლიენტელად და არ გამოხატავს მოსახლეობის ფართო ჯგუფების ინტერესებს.
ანალიტიკოსის მოსაზრებით, მოვლენები ისე ვითარდება, რომ, სავარაუდოდ, ე.წ. ამბოხებული დეპუტატები პარტიიდან გავლენ, თუმცა მათი რეაქცია სასამართლოს ფორმასთან დაკავშირებით ცოტა დაგვიანებულია. ამ შემთხვევაში, ირაკლი კობახიძის სპეკულაციასაც აქვს საფუძველი, რომ ეს არის კარგად ორკესტრირებული შეტევა სასამართლოზე, რომლის მონაწილენიც შეიძლება უნებლიედ გახდნენ გოგიჩაიშვილი, ბესელია და სხვები. საუბარია ისევ და ისევ 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეთა შემადგენლობის ცვლილება კი არ მოხდება, არამედ მოხდება სისტემური ცვლილება მოსამართლეთა ამ შემადგენლობით. სწორედ 2013 წლის ეს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად სასამართლო რეფორმას და, კონკრეტული დეპუტატები თუ ამას აპროტესტებდნენ, ეს თავის დროზე უნდა ეთქვათ.