ოლიგარქის ოცნება

ოლიგარქის ოცნება

მილიარდერ ივანიშვილს პრემიერმინისტრობა სურს – პრეზიდენტ სააკაშვილისთვის კი საქმე პოლიტიკურ გადარჩენას ეხება

თბილისში ცოცხები იწვის. ერთ კვირაზე მეტია ათასობით ადამიანი საქართველოს დედაქალაქში პროტესტს მთავრობის მიმართ ცოცხებით გამოხატავს. ამის მიზეზი გასულ კვირაში გამოქვეყნებული წამების ამსახველი ვიდეომასალის გარშემო ატეხილი სკანდალია: სახელმწიფო ციხეებში პატიმრებს სახეში ურტყამენ და ფეხებით სცემენ. ერთ-ერთი ცოცხის ტარით გააუპატიურეს. ეს ნაჩვენებია ვიდეომასალაში, რომელიც ოპოზიციურმა სატელევიზიო არხებმა გაავრცელეს. ცეცხლწაკიდებული ცოცხი პროტესტის სიმბოლოდ იქცა. აქა-იქ უკვე “ცოცხების რევოლუციაზეც” საუბრობენ.

საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის ძალიან არახელსაყრელ პერიოდს დაემთხვა. 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. სააკაშვილი ცდილობს სკანდალს შეძლებისდაგვარად ეფექტურად გაუმკლავდეს: მან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრი და პასუხისმგებელი ჩინოვნიკები. თუმცა თბილისის ქუჩებში სიმშვიდემ მაინც ვერ დაისადგურა. ოდესღაც რეფორმატორად წოდებული 44 წლის სააკაშვილი ზეწოლის ქვეშაა.

ოლიგარქის ოცნება

სააკაშვილის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილია. 56 წლის მილიარდერმა გასულ ოქტომბერში დააფუძნა კოალიცია “ქართული ოცნება”. ის სააკაშვილს ძალაუფლების მოსურნე ავტოკრატს უწოდებს, რომელიც თუ არავინ შეაჩერა, ქვეყანას დიქტატურად აქცევს.

ივანიშვილი წარმოშობით ქვეყნის დასავლეთით მდებარე პატარა სოფელ ჭორვილადანაა. ის თბილისში მანქანათმშენებლობას და ეკონომიკას სწავლობდა. სადოქტორო ნაშრომზე სამუშაოდ 1982 წელს მოსკოვში გამგზავრა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო ივანიშვილის აღმავლობა. კომპიუტერების იმპორტმა ის მდიდარ ადამიანად აქცია, მან დააარსა ბანკი და პოსტკომუნისტურ რუსეთში დააგროვა კაპიტალი. ჟურნალ “ფორბსის” თანახმად დღეს ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 153-ე ადგილზეა.

აქამდე ივანიშვილს საჯაროობა საერთოდ არ აინტერესებდა. იგი ჩუმად აფინანსებდა ქართველ ხელოვანებსა და თეატრებს, დააგროვა ხელოვნების ნიმუშების შთამბეჭდავი კოლექცია და თბილისში აიშენა შუშის სასახლე. ახლა კი სურს გახდეს 4,5 მილიონიანი ქვეყნის პრემიერმინისტრი, თუმცა მხოლოდ ერთი-ორი წლით. ამის შემდეგ მას იმედი აქვს, რომ პოლიტიკიდან წავა და უფრო მეტ დროს დაჰყოფს შავ ზღვაზე თავის საზაფხულო რეზიდენციაში.

რუსეთის მარიონეტი

სააკაშვილი ცდილობს მისი მეტოქე რუსეთის მარიონეტად წარმოადგინოს და იმედი აქვს, რომ ამით თავისი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” ამომრჩეველთა ხმებს უზრუნველყოფს. 2008 წლის არჩევნების დროს 150 მანდატიდან 119 ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. აქტუალური გამოკითხვების თანახმად, სააკაშვილის პარტიას 36% უჭერს მხარს, “ქართულ ოცნებას” კი 22%. ამომრჩეველთა 40%-ს არ გადაუწყვეტია ვის დაუჭერს მხარს. სააკაშვილის მომატებულ ნერვიულობაზე მიუთითებს ისიც, რომ თითქოსდა საგზაო წესების დარღვევის გამო ოპოზიციის 20 აქტივისტი დააკავეს.

მომავალი არჩევნები სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალსაც გადაწყვეტს: ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის ვეღარ მიიღებს მონაწილეობას 2013 წლის არჩევნებში. ამავე წელს ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს პრეზიდენტის ძალაუფლებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ამის შემდეგ პრემიერმინისტრის თანამდებობა ხდება. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სააკაშვილი გეგმავდა სცენარს, რომელიც მას პრემიერის პოსტის დაკავების შესაძლებლობას მისცემდა.

დემოკრატია უგულებელყოფილია

დემონსტრანტებისთვის ელიტის ინტრიგები ყველაზე მცირე პრობლემაა. 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჩამოაშორა ძლაუფლებას, ზოგიერთი რამ მართლაც უკეთესობისკენ შეიცვალა: კორუფცია და კრიმინალი შემცირდა და საქართველომ კურსი ევროკავშირისა და ნატოსკენ აიღო. თუმცა ივანიშვილის თქმით, ქვეყანაში უგულველყოფილია დემოკრატიული განვითარება. გადაწყვეტილებებს იღებს სახელისუფლებლო ელიტა, რომელიც რეფორმებით დაინტერესებული არ არის.

სააკაშვილის აღმასვლა, როგორც ჩანს, 2008 წელს დასრულდა. მაშინ საქართველო შეეცადა სეპარატისტული რესპუბლიკები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სამხედრო ძალით დაებრუნებინა. რუსეთმა ორივე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და იქ თავისი სამხედრო დანაყოფები განათავსა. საქართველოს ამ კონფლიქტში ნატოს იმედი ჰქონდა, რადგან ქვეყანა ევროპის მიმართულებით ნავთობისა და გაზის ალტერნატიული ტრანსპორტირებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

საქართველო ეკონომიკური გამოწვევების წინაშეც დგას. სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით, უმუშევრობის დონე 15,1 % შეადგენს. თუმცა უმუშევართა რეალური რაოდენობა ამ რიცხვს ბევრად აღემატება. ნებისმიერი, ვისნც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა, თვითდასაქმებულად და არა უმუშევრად ითვლება. აღმშენებლობა განსაკუთრებით სოფლად არ შეიმჩნევა.

შიში როგორც მთავარი ფაქტორი

ციხეებში წამება იმ საზოგადოების სიმპტომია, რომელიც კონტროლით და დაშინებით იმართება, წერს ჩარლზ ფერბენქსი აშშ-ს ყოველთვიურ ჟურნალში Atlantic. ფერბენქსი აღწერს საქმიანი ქალის შანტაჟირებისა და მასწავლებლების დაშინების ფაქტებს, რომლებიც დაკარგავენ სამსახურს თუ გაბედავენ და პრეზიდენტ სააკაშვილს არ დაუჭერენ მხარს. ფერბენქსის თანახმად, დაშინება ახლა მეტია, ვიდრე 1980-იან წლებში. შიში მთავარი ფაქტორია, განსაკუთრებით საარჩევნო ბრძოლის დროს.

პოლიციის სისასტიკე საქართელოში სიახლეს არ წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები წერდნენ ამის შესახებ და აპროტესტებდნენ კიდეც. თბილისის ქუჩებში ცეცხლმოკიდებული ცოცხები მხოლოდ ციხის სკანდალის გამოხატულება არ არის. ეს არის იმ გზით უკმაყოფილება, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ აირჩია.
foreignpress.ge