საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველო ისეთ კამპანიაშია ჩაფლული, რომელიც მასშტაბური პარტიული მიკერძოებულობითა და განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა. ქვეყანა ქაოსთან მიახლოებულ ვითარებაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ვიდეოკადრების სერია გამოჩნდა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ სასტიკად სცემენ და აუპატიურებენ პატიმრებს ხელკეტებისა და ცოცხების საშუალებით ციხის მცველები ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. მას ვისაც მტკიცე ნერვები აქვს, ჩარლზ ფერბენქსმა Atlantic-ში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში ამ ვიდეოჩანაწერის ბმულიც მიუთითა. ქართველები ამ ვიდეომ ძალიან გასაგები მიზეზების გამო განარისხა და მათ უკვე გამართეს მთელი რიგი მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები და მოითხოვეს მინისტრების გადადგომა.
სააკაშვილმა ამას ჩვეულ სტილში უპასუხა. მან თანამდებობიდან გადააყენა რამდენიმე შედარებით დაბალი რანგის „განტევების ვაცი“ და იქვე შავბნელი პროგნოზი გააკეთა იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი რუსული შეთქმულების ნაწილია, რომლის მიზანიც ქართული რეფორმებისთვის ძირის გამოთხრაა (დიახ, „ეფესბე“-მ და „გრუ“-მ მართლაც საოცრება მოახდინეს, შეაღწიეს რა ასე ღრმად საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში). სამართლიანი იქნება ითქვას, რომ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება, ბრალის რამდენიმე ჩინოვნიკზე გადატანა, ასევე ანონიმური „უცხოელი აგენტების“ დადანაშაულება სკანდალის ფაბრიკაციაში – მამაცი დემოკრატი რეფორმატორისთვის შეუფერებელი საქციელია.
აღნიშნული სკანდალი არ წარმოადგენდა მოულოდნელობას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ რეგიონს ყურადღებით აკვირდებიან. სააკაშვილს დიქტატორული გამოხტომები თავიდანვე ახასიათებდა. მაგრამ დასავლური მედიის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომელიც იოლად წამოეგო სააკაშვილის ანკესს, რომელიც თავის მხრივ მამაცი, უკომპრომისო, დემოკრატიული, ლიბერალური და მტკიცე პროამერიკელი რეფორმატორის სახით წარმოჩინდებოდა, ციხის ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალი მადეზორიენტირებელი და ფაქტობრივად წარმოუდგენელი აღმოჩნდა.
მელიკ კაილანი Daily Beast-ში გამოქვეყნებული წერილის შესავალში გვთავაზობს სტანდარტული სიუჟეტური ხაზის გამორჩეულად ოსტატურ რეზიუმეს სააკაშვილის სასარგებლოდ:
„საქართველოს დედაქალაქში საყოველთაო მშენებლობა და რემონტებია გაჩაღებული. ეს არის ახალგაზრდა სახეების, ძველებური ქუჩების, მოდური კაფეების და გრძელფეხება ლამაზმანების ქალაქი. და ეს ყველაფერი გავს ნამდვილ წინასაარჩევნო რეკლამას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილზე მუშაობს“.
რემონტი და მშენებლობა მოსკოვშიც მასშტაბურად მიმდინარეობს, და გრძელფეხება ლამაზმანების ნაკლებობას არც ეს ქალაქი განიცდის, მაგრამ იქ ეს არანაირად არ მეტყველებს მისი პოლიტიკური სტრუქტურებისა და ჩინოვნიკების ძალისხმევაზე. როგორც ჩანს, კაილანს ძალიან უცნაური წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა არის ავტორიტარული სახელმწიფო. მან ისიც კი განაცხადა, რომ ერთი ციდა ჩინოვნიკის გადადგომა სააკაშვილის დემოკრატიულობას ადასტურებს (ვფიქრობ, ეს ნიშანვს იმას, რომ პუტინიც დემოკრატია).
თუმცა, სიტყვა გამიგრძელდა. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო (და ვფიქრობ, რომ ჩემი აზრი სადავო არ არის), რომ სააკაშვილი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა და ინგლისურ ენას თავისუფლად ფლობს, გამორჩეულად პოპულარულია ამერიკულ პრესაში და კიდევ უფრო პოპულარული მის კონსერვატიულ წრეებში. თუკი National Review-ს ჯეი ნორდლინგერი ვიღაცას პირდაპირ რონალდ რეიგანს ადარებს, ეს ვიღაც აუცილებლად კონსერვატიული პანთეონის ნაწილია.
საქართველო პოპულარულია კონსერვატორებში დიდწილად იმის გამო, რომ ის ღიად ანტირუსულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს და მზადაა უსიტყვოდ და უმალ შეასრულოს ამერიკის მოთხოვნები – მაგალითად გააგზავნოს ათასი სამხედრო მოსამსახურე ერაყში. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკა ვალდებულია მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და „დაიცვას ერთგული მოკავშირეები“, საქართველო გამორჩეულად კარგი ლაკმუსის ქაღალდია. ის ამერიკის არამხოლოდ მტკიცე მოკავშირე გახლდათ, როდესაც ვაშინგტონისგან მოკავშირეები გარბოდნენ, არამედ ხანგრძლივ წინააღმდეგობაშია ჩაბმული დიქტატორულ და ანტიამერიკულ კრემლთან (რომელიც ბოლოს და ბოლოს, ჩვენი „ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერია).
„მეგობრის“ სტატუსის მინიჭებამ საქართველოსთვის, რომელიც მტკიცედ ებრძვის საერთო მტერ რუსეთს, საბოლოო ჯამში მთელი ამ სიტუაციის უიმედო პოლიტიზაცია გამოიწვია. ნებისმიერ ვარაუდს იმის შესახებ, რომ სააკაშვილი არ არის ისეთი დიდი დემოკრატი, როგორადაც თავს წარმოაჩენს, ადრე უმალ დაგმობდნენ, ხოლო ამ ვარაუდის ავტორებს პუტინის და რუსების სამსახურში მყოფ იდიოტებად მონათლავდნენ. Washington Post-ის ჯენიფერ რუბინი განსაკუთრებით აქტიურად და აგრესიულად იცავს სააკაშვილს და მის მოღვაწეობას, მაგრამ აღნიშნულ საკითხში კონსერვატიული კონსენსუსის ტიპური წარმომადგენელია. საქართველო – დემოკრატიული მეგობარია. რუსეთი – ავტოკრატიული მტერი. თქვენ ან ჩვენთან ხართ, ან – მათთან.
მე, ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, რომელიც ზნეობრივი ორიენტირებით მუშაობს, ციხის ვიდეოს ხილვისას ზიზღის განცდა მიჩნდება. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღელვებს საქართველოს შიდაპოლიტიკური მოწყობა და იქ მიმდინარე მოვლენები. ყველა ამ საკითხზე გადაწყვეტილება თავად ქართველებმა უნდა მიიღონ. და იმის იმედით, რომ საბოლოო ჯამში ისინი შექმნიან დემოკრატიულ, ლეგიტიმურ და სტაბილურ სახელმწიფოს, ჩემთვის პრინციპში სულერთია, ვინ გაიმარჯვებს იქ – სააკაშვილი თუ ივანიშვილი. მაგრამ როგორც ეს ქართულ ციხეში ძალადობის სკანდალმა ცხადყო, ჩვენ სულ უფრო და უფრო დიდი სიფრთხილით უნდა დავუჭიროთ მხარი უცხო სახელმწიფოებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიცრუით, კორუფციითა და დარღვევებით გამოირჩეოდნენ. სააკაშვილის ყოველმხრივი მხარდაჭერით, მისი გაუთავებელი ქებით და დემოკრატ რეფორმატორად მოხსენიებით, ჩვენ, როგორც მინიმუმ, ნაწილობრივ მაინც მისი მთავრობის შეცდომების თანამონაწილეები ვართ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ციხის ძალადობასთან დაკავშირებული ეს დიდი სკანდალი სწორედ ასეთ შეცდომად უნდა მივიჩნიოთ.
ბევრს მიაჩნდა, რომ სააკაშვილის მხარდაჭერით ჩვენ ვიცავდით დემოკრატიას ვლადიმერ პუტინის თავდასხმებისგან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილე ზნეობრივი თვალსაზრისით გაცილებით რთული და არაერთგვაროვანია, ხოლო საქართველოს ხელისუფლება, სარგებლობდა რა ჩვენი მხარდაჭერით, ფარულად ამაზრზენ საქციელს სჩადიოდა. სინამდვილეში, მსგავსი საქციელისთვის ჩვენ ვიღებდით კანონებს, რომლითაც ჩვენს მიმართ ნაკლებად მეგობრულ ქვეყნებს ვსჯიდით.
დასკვნა? მე არ ვარ სპეციალისტი საქართველოს საკითხებში, ამიტომ არ დავიწყებ თავის მოკატუნებას, თითქოს კონკრეტული რეკომენდაციების დეტალური სია გამაჩნდეს თბილისთან ჩვენს შემდგომ ურთიერთობებზე. იმედი მაქვს, რომ მომავალში სააკაშვილს დიდი სკეფსისით და ნაკლები პიეტეტით მოეპყრობიან. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ამ ეპიზოდიდან უფრო ზოგადი გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ. ჩვენ უკიდურესი სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ურთიერთობების აწყობას უცხოურ სახელმწიფოსთან ზერელე და აბსტრაქტულ კონცეფციებზე ნაცვლად კონკრეტული თემებისა და საკითხებისა. საქართველოს სურს დაგვეხმაროს ავღანეთში? შესანიშნავია. საქართველოს სჭირდება შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე? ესეც შესანიშნავია. მაგრამ მას უნდა ასევე ყოველმხრივი დიპლომატიური საფარველი და კარტბლანში, რომ დემოკრატიული ძმა და ერთგული მოკავშირეა? როგორც ეს ბოლოდროინდელმა სკანდალმა ცხადყო – ეს ცუდი იდეაა, თანაც – ორივე ქვეყნისათვის. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივებათ ქვეყანას იმდენად, რომ კრიტიკა მისი მისამართით ერთგვარ ღალატად ითვლებოდეს.
foreignpress.ge