„რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს“, – ასეთია „საერთო სასამართლოების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დარეგისტრირდა. კანონპროექტს ხელს აწერს 9 დეპუტატი: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.
კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი ეკა ბესელია აცხადებს, რომ კანონპროექტი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში გაწერილ მუხლს ეფუძნება, რომლის მიხედვით, შესაძლებელია 2024 წლის 31 დეკემბრამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი არ გამოიყენოს და გამოსცდელი ვადის გამოყენება მოხდეს.
მისი თქმით, საჭიროა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და რეფორმის შედეგად სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები შევიდნენ. დეპუტატის განმარტებით, აღნიშნულ ინიციატივას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ ჩაიკეტოს და მოსამართლეთა უვადოდ გამწესება სრულად არ მოხდეს.
„ინიციატივა ეფუძნება როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ასევე საქართველოს კონსტიტუციას. იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა უნდა ჩატარდეს და ამის საფუძვლზე უნდა მოხდეს ახალი მოსამართლების შერჩევა. დროებით უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნა და უნდა დავიწყოთ მუშაობა ორგანულ კანონზე, რითაც მოხდება ღიად დარჩენილი საკითხების გადაწყვეტა.
იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს, რაზეც საუბარი უმრავლესობის სხდომაზეც გვქონდა“, – აცხადებს ეკა ბესელია.
ყოფილი შს მინისტრი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ასევე უმრავლესობის გარეთ შეიძლება აღმოჩნდეს, აცხადებს, რომ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.
„საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, 2024 წლის 31 დეკემბრამდე ქმნის მოსამართლეთა უვადო გამწესების შეჩერების შესაძლებლობას. ჩვენ კოლეგებს სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენებას ვთავაზობთ. იმისათვის, რომ მივიღოთ სასამართლო კორპუსი როგორც ორგანიზაციულად ასევე პროფესიულად მაქსიმალურად გამართული, ჩვენ გვინდა ეს პროცესი 2024 წლამდე გადავდოთ. ჩვენი ინიციატივა მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება და მე მხარს ვუჭერ ამ საკითხში ჩემს კოლეგებს“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
კანონპროექტს ხელს არ აწერს ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, თუმცა, ამბობს, რომ სადავო ბიოგრაფიების მქონე მოსამართლეებს მხარს არ დაუჭერს და ასეთ შემთხვევაში მან შესაძლოა, პოლიტიკაში საკუთარი თავი ვეღარც დაინახოს.
„ჩემთვის შესაძლებელია წითელი ხაზები მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით დადგეს – წასვლა მარტივია, რთულია დარჩენა და საქმის გაკეთება. თუ არ გამართლდა ჩემი მოლოდინი, მერე ვნახავთ რა გადაწყვეტილებას მივიღებ. მაქვს მოლოდინი, რომ პროცედურები, რომელიც დაიწერება პარლამენტის მიერ, იქნება ღია, გამჭვირვალე და კონკურენტული შერჩევის პროცესის საფუძველი. მაქვს სრული მოლოდინი, რომ მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნებიან, იქნებიან მაქსიმალურად საუკეთესო. ამ ეტაპზე მთლიანად ამაზე ვარ ორიენტირებული.
არ მინდა ლაპარაკი შიდა დაპირისპირებაზე, კონფლიქტებზე და ა.შ. დროის ხარჯვაა იმიტომ, რომ ეს პროცესია მნიშვნელოვანი, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი, მძიმე აღმოჩნდა, რომ ეს სიმძიმე გამოიწვია იმ ფორმამ, რა ფორმითაც იუსტიციის საბჭომ სია შემოგვთავაზა. გვინდა, ეს პროცესი დასრულდეს იმ შედეგით, რა შედეგიც ჩვენს ქვეყანას აწყობს. თუ არ გამართლდა ჩემი მოლოდინი, მერე ვნახავთ რა გადაწყვეტილებას მივიღებ. სასამართლო რეფორმის თემა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხი ჩემთვის არის ყველაზე პრინციპული საკითხი“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
ეკა ბესელიას კანონპროექტს არ ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა. უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი, რომელიც უმრავლესობის იმ ფრთას მიეკუთვნება, რომელიც მოსამართლეთა 10-კაციან სიას ლობიერებს, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესია სასამართლო სისტემა იყოს უფრო უკეთესი.
„საპარლამენტო უმრავლესობას და საზოგადოებას გვაქვს ერთიანი ინტერესი. ნებისმიერ ინიციატივას სჭირდება შესაბამისი პროცედურული გავლა. ჩვენ გავივლით სამართლებრივად და პროცედურულად ამ საკითხებს. თუკი გუნდი მივა იმ აზრამდე, რომ კონკრეტული ინიციატივა ემსახურება სასამართლო სისტემის ეფექტიანობის გაზრდას, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას მოემსახურება. უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ სამართლებრივი მოცემულობით, რაც გაგვაჩნია. თუკი ჩვენი აზრების გაცვლით, სამართლებრივი არგუმენტაციით გუნდი მივა ამ დასკვნამდე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პირის ინიციატივა, ვინც არ უნდა იყოს, იქნება მხარდაჭერილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს კონსტიტუციონალიტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს, ანუ მას არ ეყოლება დეპუტატთა 76 მხარდამჭერი. მისი თქმით, შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ისე დაშლა, რომ არ ჰყავდეს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციონირებას.
„შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგოს პარლამენტში. რაც შეეხება შექმნილი ვითრებიდან გამოსავალს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საზოგადოებრივი აზრი ცალსახად არის ჩამოყალიბებული და ეს აზრი უპირისპირდება სწორედ მოსამართლეთა ამ კატეგორიას და ზოგადად, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, მაშინ კანონპროექტი, რომელიც 9 დეპუტატის სახელით დარეგისტრირდა, ერთ–ერთი ყველაზე კარგი გამოსავალია.
თუ მოხდება გადავადება 2024 წლამდე, ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუ ასეთი გადავადება მოხდება, ეს საშუალებას მისცემს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის უპრობლემოდ შევსებას. ასე რომ, ამ მხრივ ეს არის კარგი გამოსავალი“, – აცხადებს ძაბირაძე.
მისი თქმით, კანონპროექტისთვის მხარდაჭერა შეიძლება ცუდი ვარიანტი იყოს უმრავლესობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, მაშინ თავს ჩათვლიან დამარცხებულად. მაგრამ ამ შემთხევავში, ძაბირაძის განცხადებით, მოსამართლეთა ამ ჯგუფის გატანა და უვადოდ დანიშვნები „ქართული ოცნების“ რეიტინგისთვის იქნება მნიშვნელოვანად დამაზიანებელი.
„მაისში, როდესაც მეორედ დაბრუნდა ივანიშვილი, თქვა, რომ პარტიაში არის უწესრიგობა და დავაყენებ წესრიგსო. 10 თვე გავიდა მას შემდეგ, პარტიაში არაფერი არ მომხდარა, ახლა დაიწყო რაღაცა რყევები, მაგრამ არა მარტო პარტიაში, არამედ საპარლამენტო უმრავლესობაში. ივანიშვილს კი არა, ნებისმიერს, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, მანამდე უჭირავს სადავეები, სანამ ის მეტ–ნაკლებად აკმაყოფილებს იმ ჯგუფის ინტერესებს, რომელსაც ხელმძღვანელობს. თუ ამ ჯგუფის ინტერესები არ იქნება დაკმაყოფილებული, მაშინ რით შეუძლია ივანიშვილს მართოს ეს გუნდი? – არაფრით. ეს ხალხი დაიხურავს ქუდს და გადავა ოპოზიციაში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
მმართველ გუნდში დაპირისპირება პიკს აღწევს, რაც ანალიტიკოსების შეფასებით შეიძლება იმით დასრულდეს, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით შეიქმნას „ოცნების“ ოპოზიცია. for.ge–სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს კლასიკური სქემაა და ასე ხდება, როდესაც მონოპოლისტი ჩნდება პოლიტიკურ ბაზარზე და, როგორც წესი, მისი ოპოზიცია შიგნით იბადება.
„ეს კანონზომიერი პროცესია. კი ბატონო, ასეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს, მაგრამ თვითონ ამ ჯგუფის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ვუყურებ ლამაზ ფერებში. ამ ჯგუფისგან ახალი პოლიტიკური გუნდის ფორმირებას ძალიან სკეპტიკურად შევხედავდი. ადამიანურად, ბესელიას თანავუგრძნობ, რომ ასეთი ბინძური შეტევის მსხვერპლი აღმოჩნდა, შეიძლება იმაზეც თანახმა ვიყო, რომ მივიღოთ ამ ბრძოლაში, რომელსაც ახლა შემოუერთდა. ბესელია არ არის მედროშე, როგორც უნდათ დახატონ. შემოუერთდა ბრძოლას, რომელსაც წლებია ჩვენ ვახორციელებთ. ეს მურისიძე დღეს და გუშინ ხომ არ გაჩენილა „ოცნების“ სისტემაში?! აქედან გამომდინარე, ფასეულობათა სისტემაზე მათი რიტორიკა დამაჯერებელი არ არის. ეს უფრო საბაბია, ვიდრე რეალური მიზეზი“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.