სამშენებლო ბიზნესი არჩევნების გადაგორების იმედით სულდგმულობს

სამშენებლო ბიზნესი არჩევნების გადაგორების იმედით სულდგმულობს

უძრავი ქონების ბიზნესს არჩევნების უშფოთველად ჩათავების ეიმედება. თუკი ასე მოხდა დეველოპერები და ექსპერტები ნაარჩევნებს სამშენებლო ბაზარზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ.

როგორც „არსის“ გენერალური დირექტორი თორნიკე აბულაძე აცხადებს, ამჟამად უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები შეჩერებულია, ყველა არჩევნების შედეგებს ელოდება. აბულაძე განმარტავს, რომ სანამ სიტუაცია გაურკვეველია, სამშენებლო ბაზარზე სტაგნაცია იქნება. დეველოპერი ფასების ზრდის კონკრეტულ პროცენტს ვერ ასახელებს და აცხადებს, რომ უძრავი ქონება არჩევნებიდან ერთ კვირაში არ გაძვირდება. მისი აზრით, ფასები დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება.

უძრავი ქონების ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ ფასების ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება, თუმცა ზრდის კონკრეტულ მაჩვენებელს ვერ ასახელებენ. მათივე განმარტებით, სწორედ არჩევნების შემდეგ, დედაქალაქის გარდა უძრავი ქონების ბიზნესი საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში გააქტიურდება, მათ შორის, ბათუმში.

უახლოეს პერიოდში პარლამენტის გადატანის გამო, მნიშვნელოვნად გამოცოცხლდება უძრავი ქონების ბაზარი ქუთაისში. ეს კი, ექსპერტთა ვარაუდით, ფასების ზრდას გამოიწვევს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოს თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების ზრდა დაფიქსირდა, თუმცა დეველოპერების განმარტებით, ეს ნაწილობრივ საცხოვრებელი ბინების განვადებით შეძენას უკავშირდება, ნაწილობრივ კი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების უსასყიდლო რეგისტრაციის პოლიტიკამ განაპირობა.

ეს ყველაფერი მომავლის პროგნოზებია და უფრო უძრავი სფეროს ბიზნესით დაკავებული ადამიანების სურვილია, ვიდრეა რეალობა. სინამდვილეში კი წინასაარჩევნოდ უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება საგანგაშოა. მოთხოვნა განახევრებულია და არც მყიდველი ჩანს და არც გამყიდველი. ყველა ელოდება როდის და როგორ დასრულდება არჩევნები.

უძრავ ქონებაზე მოთხოვნის განახევრებაზე საუბრობენ უძრავი ქონების სააგენტო „ბერუკაში“. გაყიდვების მენეჯერის დავით ბერელიძის განმარტებით, გაყიდვების რაოდენობა 50-60 პროცენტითაა შემცირებული.

„არჩევნებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია უძრავი ქონების ბაზარზე. გაყიდვების რაოდენობა 50-60 პროცენტითაა შემცირებული.  მოთხოვნა თითქმის აღარაა. რაც შეეხება ფასებს, ამ თვალსაზრისით ბაზარზე ვითარება არ შეცვლილა, არც შემცირებულია და არც გაზრდილი. საერთოდ, პოლიტიკური პროცესები ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამიტომ სწორედ არჩევნების შემდეგ გამოჩნდება უძრავი ქონების ბაზარზე როგორ განვითარდება მოვლენები, კარგად თუ ცუდად“, - ამბობს დავით ბერელიძე.

უძრავი ქონების ბაზარზე არჩევნების გავლენაზე მიუთითებს დარგის სპეციალისტი გიორგი ბარვენაშვილი. მისი თქმით, მოსახლეობაც და სამშენებლო კომპანიებიც მოლოდინის რეჟიმში არიან.

„არჩევნები უძრავი ქონების ბაზარზე დიდ გავლენას ახდენს.  მაგალითად, ბოლო თვენახევრის პერიოდში უძრავი ქონების გაყიდვები და ტრანზაქციები თითქმის გაჩერებულია. ხალხს მოლოდინი აქვს ფასების შემცირების ან გაზრდის, ამიტომ მყიდველი ფიქრობს, რომ ბინას უფრო დაბალ ფასში იყიდის, გამყიდველი კი, პირიქით, ცდილობს ძვირად გაყიდოს. აქედან გამომდინარე, საარჩევნოდ ტრანზაქციების რაოდენობა ძალიან შემცირდა, დაახლოებით, 30 პროცენტით“, - ამბობს გიორგი ბარვენაშვილი და იქვე დასძენს, რომ მოთხოვნის შემცირებას უძრავი ქონების ფასზე გავლენა არ მოუხდენია და ბოლო დროს სტაბილურად შენარჩუნებულია.