კომპრომატების ომი გრძელდება, Youtube-ზე ბესო სურმავას სახელით კიდევ ოთხი ახალი აუდიოჩანაწერი გავრცელდა: „კუსიანი და სანდრო ბრეგაძე კალაძის ქურდებთან შეხვედრის შესახებ“ , „ირაკლი ღარიბაშვილი და ზურა ბიგვავა მაია ფანჯიკიძის შესახებ“, „გია ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი „მე-9 არხის“ კონტროლის შესახებ“, „ირაკლი მელაშვილი და გუბაზ სანიკიძე „ქართული ოცნების“ შესახებ“.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრმა ბესო სურმავამ გუშინ სოციალური ქსელით ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილისგან კოალიციის წევრების ფარულად მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება ჰქონდა დავალებული.
გუშინვე მისი სახელით Youtube-ზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენლის საუბრის აუდიოჩანაწერიც დაიდო.
სურმავას ოჯახის წევრების განმარტებით, მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. ოჯახი ვარაუდობს, რომ სურმავა გაიტაცეს, მას არანაირი ჩანაწერები არ გაუკეთებია და არც კომპიუტერთან შეუძლია ურთიერთობა იმ დონეზე, რომ აუდიომასალა თავად ატვირთოს. სურმავას მეუღლე იმასაც ამბობს, რომ მასთან სატელეფონო საუბარში მეუღლე არაადეკვატური იყო. ბესო სურმავას გაუჩინარების ამბავი სავარაუდოდ გაირკვევა და ამ თემას კვლავ დავუბრუნდებით, საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ხელი ურევია. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა, რას ცდილობს ხელისუფლება ამ საუბრების გამოქვეყნებით.
„ბესო სურმავას მიერ ატვირთული ფარული აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულიც რომ არ იყოს, კატასტროფა არაფერია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა „მე-9 არხზე“ სტუმრობისას.
„მთელი დაცვა შოკშია. ვერ გაუგიათ, რა ხდება. ძალიან დიდი ეჭვია, რომ ეს ხელისუფლების ახალი ფანდია. რაც შეეხება ჩანაწერებს, სურმავა არაფერ შუაშია და ეს ჩვეულებრივია, ტიპიურია, რომ ისინი ყველაფერს უსმენენ და იწერენ. ეს კომბინაცია გაკეთებულია ხელისუფლების მიერ, რომ გადაკიდოს გუნდის წევრები ერთმანეთს. თუმცა ეს ყველაფერი დამონტაჟებულია და მსგავსი პრაქტიკაში არ ყოფილა, მაგრამ მთავარი ეს არ არის.
ასეც რომ ყოფილიყო, აქ საოცარი არაფერი არ ხდება, რომ საზოგადოება შოკში ჩავარდეს, აქ კატასტროფა არაფერია. ამით ცდილობენ, როგორმე გადაფარონ ის წამებები, რაც ჩვენ ვნახეთ და რამაც მთელი მსოფლიო შოკში ჩაგდო“, - განაცხადა ივანიშვილმა.
რას ცდილობს ხელისუფლება ამ ჩანაწერების გავრცელებით ამაზე ჩანაწერების ერთ-ერთი პერსონაჟი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
ბატონო გია, დღესაც მორიგი აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, ეს თქვენი საუბარია?
- როგორც ჩანს, კონვეირზე დააყენეს სიბინძურე, ამის კომენტირება უკვე შეუძლებელია, როდესაც ასეთ სიბინძურეშია ჩაფლული ხელისუფლება. ფაბრიკაციას აკეთებენ ჩემს შვილთან და ჩემს მეუღლესთან ლაპარაკისგან ამონტაჟებენ კომპრომატს, წარმოგიდგენიათ რაშია ეს ხელისუფლება გახვეული?
თუმცა, შესაძლოა, საზოგადოებისთვის ეს არც იყოს გასაგები...
- ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი გასაგებია, ამ ხელისუფლების დიაგნოზი დიდი ხანია დასმულია და ორ დღეში გამოუტანენ ვერდიქტს.
როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება სერიოზულ გასაჭირშია ჩავარდნილი, მონტაჟიც რომ არ იყოს, ბევრს არაფერს ცვლის, როგორ ფიქრობთ, უფრო სერიოზული კომპრომატების მოფიქრება არ შეუძლია ხელისუფლებას თუ რა ხდება, რბილად რომ ვთქვათ, ეს არც თუ ეფექტური ჩანაწერებია...
- აგონიაში მყოფი ადამიანი რას გააკეთებს, ამაში ლოგიკის პოვნა ძალიან ძნელია. რაც ჩანს, აშკარად ის არის, რომ გათვლაა ასეთი, თითქოს ჩვენ, შიგნით დავიჯერებთ, რომ ერთმანეთზე რაღაცას ვლაპარაკობთ და შიდა არეულობას გამოიწვევენ. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ასეთ იაფფასიან პროვოკაციას წამოვეგოთ.
ანუ მიზანმიმარულად მუშაობენ კოალიციის დაშლაზე?
- რა თქმა უნდა, თითქოს არეულობას გამოიწვევს რომ ამან იმაზე ის თქვა, და ა.შ.
თვითონვე არ იციან, რომ ამას კოალიციის დაშლა არ მოჰყვება? ეგებ საზოგადოებაში სურთ ეჭვების გაჩენა?
- რაღაც ხომ უნდა აკეთონ, მოქმედების დიაპაზონი, პოზიტიური, რეალურ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმის რესურსი არ აქვთ, ამიტომ, რაც იციან და რაც მათ მახინჯ გონებაში იხარშება, იმას აკეთებენ. სხვა არაფერი არ იციან, რომ იცოდნენ ხომ გააკეთებდნენ.
შესაძლოა, ადრე ამ საქმით სხვა იყო დაკავებული, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი?
- საქციელი აქვთ ეტყობა წამხდარი. პროფესიონალი ადამიანი ჭკვიანიც არის, ის მშვენივრად ხვდება, რომ სისტემა დანგრეულია. წავიდნენ პროფესიონალები და ახლა ამუშავებენ არაპოფესიონალებს და შედეგიც შესაბამისია.
შესაძლოა, ამ აუდიომასალით ხაზგასმა სურთ, რომ „ქართული ოცნება“ იშლება თვითონ კი ისეთი ძლიერები არიან, სტადიონს ავსებენ?
- რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანებით სტადიონს ძლივს ავსებენ, თან ხალხი ხალვათად დასვეს, რომ ბევრნი გამოჩნდნენ. თავიანთი მხარდამჭერები თავისი შვილებიანად მოიყვანეს ეს არის მათი ელექტოლარული რესურსი. ამას ვადასტურებთ კიდეც, 3% რომ აქვთ, მაგას ისედაც ვაღიარებთ. რომც არ მიიღონ ამ 3%-ს ჩვენ ვაჩუქებთ, არ არის პრობლემა, ნუ ნერვიულობენ.
ელოდებით რომ დარჩენილ ორ დღეში კიდევ რაღაცას მოიფიქრებენ?
- ამათგან ნებისმიერ სიბინძურეს ველოდებით, მაგრამ ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენ ვმუშაობთ და ვემზადებით ხელისუფლების გადასაბარებლად. ნაციონალების საქციელს დიდ დროსა და რესურსს არ დავუთმობთ.ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი განუკითხაობა ასეთი სიბინძურით გადაფარონ...
გადაფარონ რა?
- ის კადრები, ის შემაძრწუნებელი კადრები, რაც ციხეში ხდებოდა. ის, თუ რა ბიზნესგარიგებებს, მედიაგადანაწილებებს ახორციელებდნენ - პარატკაციშვილის კადრები მაქვს მხედველობაში და ა.შ. ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ.
ვინ სად და რა თქვა კოალიციის შიგნით, რაც გამოქვეყნდა, ფაბრიკაცია რომ არ იყოს და სიმართლეც კი იყოს, მერე რა! ჩემს უახლოეს მეგობარზე რომ გავმწარდები, შეიძლება რამე ვთქვა კიდეც, მაგრამ მერე, რა იცვლება ამით, ჩვენ მეგობრებად ვრჩებით.
მაგალითად, ჩემს ჩანაწერში გოგა ხაინდრავაზე დავუშვათ, რაღაც არის, ვნახე დღეს ხაინდრავა და სიცილით მოვკვდით ორივე, ასე იქნება ყველა სხვა შემთხვევაში.
ანუ არ გამოუვათ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ კოალიცია ინგრევა და იშლება?
- არც არის მე მგონი ეს მათი მიზანი, თუ ეს მიზანი აქვთ, რომ საზოგადოება რამეში დაარწმუნონ, სრული იდიოტები ყოფილან. რაში უნდა დაარწმუნონ საზიოგადოება, საზოგადოებას ისინი აღარ უნდა და ერთი სული აქვს, როდის მოიშორებს ამ სადისტებს.