„არ გამოვრიცხავ „ოცნების“ შიგნით იშვას ანგარიშგასაწევი ოპოზიცია“

„არ გამოვრიცხავ „ოცნების“ შიგნით იშვას ანგარიშგასაწევი ოპოზიცია“

„ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის თვამჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმით დამთავრდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდში არსებული უთანხმოების მოგვარება ვერ შეძლო. უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ახალგაზრდული ფრთა აცხადებს, რომ სჯობს გუნდის მთლიანობა იყოს შენარჩუნებული.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუნდში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თითოეული წევრი შენარჩუნდეს, მიუხედავად გუნდთან შეუთანხმებელი განცხადებისა და განსხვავებული პოზიციისა.

„არავის გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა, იყო გარკვეულ თემებზე საუბარი რისი პასუხიც იყო: „ჩვენ გადავწყვეტთ, რამდენიმე დღეში რა გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ - მაგრამ გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა... ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გუნდი იქნას შენარჩუნებული, გუნდის ყველა წევრი იქნას შენარჩუნებული. თუ გუნდის წევრი იღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, დაველოდოთ. მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ დღეს არავის გამოუცხადებია“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ბესელიაფოფხაძეგოგიჩაიშვილის გარიცხვის გარეშე დასრულდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. ძველი გვარდია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვეს. ეკა ბესელია აცხადებს, რომ დადგა გადაწყვეტილების ეტაპი და პირადად იღებს რამდენიმე დღეს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

„დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით. ჩვენ ერთ პოზიციაზე ვახერხებთ, რომ დავინახოთ ერთიანი სვლა თუ ვერა. ეს ეტაპი უკვე დღეს დავინახე, რომ ძალიან ახლოს მოვიდა. არ მინდა იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება.

ამიტომ, მგონია, რომ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე, პირადად, ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო – ჩვენ შევძლებთ თუ ვერა ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელიც ვარ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი“, – აცხადებს ეკა ბესელია.

საკუთარ თავში გადაწყვეტილება მიღებული აქვს „ქართული ოცნების“ წევრს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს, რომელიც სამომავლო გეგმებზე მომავალ კვირას ისაუბარებს. დეპუტატი აცხადებს, რომ ვერ გადალახავს იმ მორალურ ზღვარს, რომლითაც მასსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ზღვარი წაიშლება.

„მინდა დავინახო, ზუსტად სად დავშორდით და სად ვერთდებით. პოლიტსაბჭოს განცხადება არის, რომ ვშორდებით. ეს არაა ის დაკვეთა, რა დაკვეთითაც „ქართული ოცნება“ დღეს ხელისუფლებაშია. მე ვერ გადავლახავ იმ მორალურ ზღვარს, სადაც ჩემსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ზღვარი წაიშლება. ჩემთვის ისიც მიუღებელია კატეგოროულად, ვუთხრა ასი ათასობით ადამიანს, რომ შენ თუ არ მოგწონს მაგალითად, გვრიტიშვილი და ამას იტყვი, ხარ „ნაციონალური მოძრაობა“. ესაა კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

ბესელია–ფოფხაძე–გოგიჩაიშვილთან ერთად, მმართველი გუნდი შესაძლოა ლევან კობერიძემ დატოვოს. დეპუტატი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს იმისათვის, რომ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით იმგვარად წარიმართოს, რომ ქვეყნის ინტერესებს არ შეექმნას რაიმე პრობლემა.

„ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში იმართება. თემა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. მმართველ გუნდს აქვს, ალბათ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები ამ საკითხთან დაკავშირებით იმგვარად წარიმართოს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარ ღირებულებას - ქვეყნის ინტერესებს არ შეექმნას რაიმე პრობლემა“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუატებს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, განცხადების გაკეთებისთვის დროს ითხოვენ. ანალიტიკოსები თვლიან, რომ პარტიის ერთობის ხელოვნური შენარჩუნება დროებითი მოვლენაა. სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ადრე თუ გვიან უნდა დაწყებულიყო გამიჯვნის, ანუ თვითგამოკვლევის პროცესი. შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ წიაღში წარმოიქმნას ანგარიშგასაწევი ოპოზიცია.

„არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნების“ შიგნით იშვას ანგარიშგასაწევი ოპოზიცია „ოცნებისთვის“. რა მიზეზით მოხდება, როგორ მოხდება და როდის, ამას წლის ბოლომდე ვნახავთ. ეს პროცესი, დიდი ხანია მიმდინარეობს და ახლა კრისტალიზაციის ფაზაში შედის. არის ნაწილი, რომლებიც თავს მიიჩნევენ მოძრაობის ვეტერანებად, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას 2012 წლის ამ პერიპეტიებში და მანამდეც. ანუ წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, რომლებიც კონფლიქტში არიან ახლანდელ ხელმძღვანელოსთან, ანუ „ოცნების“ ახალგაზრდა გუნდთან, რომლებსაც თავისი ამბიცები აქვთ“, – ამბობს ვალერიან გორგილაძე.

მისი თქმით, პროცესი რომელსაც ვაკვირდებით, არ გამორიცხავს მესამე ძალის ფორმირებას და ეს შეიძლება იყოს ძალა, რომელმაც შეიძლება მოიზიდოს სხვა პოლიტიკური ძალები.

„მაგალითად - „პატრიოტთა ალიანსი“, ან სხვა ორგანიზაციები, რომლებიც „ქართული ოცნებისგან“ ელოდებოდნენ მოსაწვევებს სათანამშრომლოდ. რადგან „ოცნება“ ამას არ აკეთებს და აირჩია ავტონომიური მოძრაობა, შეიძლება ისარგებლონ ხისტი პოზიციით პარტნიორების არჩევისას და შეიძლება მოიზიდონ სხვა პოლიტიკური გარე ძალები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.

დარჩება თუ არა უმრავლესობა ერთიანი, ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ყველაფერს რამდენიმე თვე გადაწყვეტს, როდესაც ყველამ უნდა იცოდეს როგორი სახით მიდიან არჩევნებში. მისი თქმით, ბესელიას სჭიდრება გარანტიები, რომ მასაც არ გაუკეთებენ იგივეს, რაც თავის დროზე სააკაშვილმა გაუკეთეა ბურჯანაძეს, როდესაც სიების შედგენის პროცესში, მარტო ბურჯანაძე დატოვა სიაში და მისი გუნდი გაყარა. შესაბამისად, როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო დაიძაბება ვითარება.

„ამიტომ, დღეს, ამ ეტაპზე სიტუაცია გადარჩენილია ერთობისკენ, მაგრამ ერთობა არის ძალიან მყიფე. ყველამ იცის, რომ შემდეგ მოსახვევში ისევ დადგება ეს საკითხი, ვინ რჩება სიაში და ვინ არა. შესაბამისად, ეს მუდმივი თამაში იქნება. ივანიშვილის ამოცანა არის, მაქსიმალურად, რაც შეიძლება დიდ ხანს შეინარჩუნოს ერთობა. მაგრამ ყველა სხვა ჯგუფის ამოცანა არის, რაც შეიძლება სწრაფად გაიგოს, სად არის მისი ადგილი მომავალ სიაში. ამიტომ, ეს მერყეობა და ჭრიალი თან მიჰყვება ამ პროცესს. ადრე თუ გვიან, ვიღაცა იტყვის: გამაგებინეთ ჩემი გუნდი როგორ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. ეს პრინციპული საუბარი ჯერ არ დამდგარა „ოცნების“ შიგნით, მაგრამ უახლოეს 2–3 თვევში დადგება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.

 

გამი ზვიად გამსახურდიას განდევნის შემდეგ, ყველა ხელისუფლება თვითმკვლელობით ამთავრებს! იქნებ გაგეხსნათ გონება და 1991 წლის დეკემბრის გადატრიალება და პირველი პრეზიდენტის სიკვდილი შეაფასოთ სახელმწიფოებრივად და იურიდიულად!
5 წლის უკან