გერმანული კვლევითი ცენტრის, "FORSA"-ს მიერ წინასაარჩევნოდ ჩატარებულმა კვლევამ ნაციონალებისთვის სავალალო შედეგი აჩვენა. როგორც აღმოჩნდა, ციხის ამაზრზენმა კადრებმა იმდენად იმოქმედა ამომრჩევლის განწყობაზე, რომ „ქართული ოცნების“ შანსები თითქმის 40%-ით აღემატება ნაციონალებისას. "FORSA"-ს წარმომადგენელი პიტერ მატუშეკი აცხადებს, რომ იგი არ გაურბის პასუხისმგებლობას და ადასტურებს, რომ ეს საკმაოდ დიდი ციფრია, თუმცა საქართველოს რეალობა ასეთია და ამას ორიოდე დღეში არჩევნების მონაცემები დაადასტურებს.
რომელ პარტიას მისცემდით უპირატესობას, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს? 65% ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“, (რაც 16%-ით აღემატება აგვისტოს მონაცემებს, როცა „ოცნებას“ 49% აძლევდა ხმას). 25% ხმას აძლევს ნაციონალურ მოძრაობას (რაც 18 %-ით ნაკლებია აგვისტოსთან შედარებით, რადგან მაშინ ნაციონალებს 43% აძლევდა ხმას); ქდმ-ს ერგო 6%, ხოლო სხვა პარტიებს-4%.
თბილისში გამოკითხულთა 72% კი ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“, 14%-ნაციონალურ მოძრაობას, 6%- ქდმ-ს, ხოლო დანარჩენებს-4%.
ვის აირჩევდით საქართველოს პრემიერ-მინისტრად? - 52% ბიძინა ივანიშვილს ანიჭებს უპირატესობას (რაც 9%-ით მეტია აგვისტოსთან შედარებით), ვანო მერაბიშვილს ერგო 23% (10%-ით ნაკლებია აგვისტოსთან შედარებით), 25%-ს პასუხი არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ციხის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ერთსულოვანია და შეკითხვაზე, ციხის მოვლენებთან დაკავშირებით მთელმა მთავრობამ უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადადგეს, 80% აცხადებს- დიახ; 11%-არა, თავს იკავებს - 9%.
ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი იმ მოვლენებისთვის, რომლებიც გლდანის საპყრობილეში განხორციელდა. შეფასების 10 ქულიანი შკალის მიხედვით, 9,8% მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს; რაც შეეხება ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობას- ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობა ყველაზე დიდია-9,7 ქულა; ხათუნა კალმახელიძის-9,5; მთავრობის-9,0; მიხეილ სააკაშვილის- 8,7; ვანო მერაბიშვილის-8,7 ქულა.
როგორც კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ გამოკითხვიდან ნათელია, რომ იმის მიუხედავად, ესა თუ ის პერსონა რამდენად იყო უშუალოდ ჩართული ციხის მოვლენებში, მაინც ადამიანები პასუხისმგებლობას აკისრებენ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
შეაფასეთ ეკონომიკური მდგომარეობა და თქვენი ეკონომიკური მოლოდინები, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ამ მხრივ რა სიტუაციაა საქართველოში...
გაუარესდა - 41%, გაუმჯობესდა - 36% , არ შეცვლილა 21%, დანარჩენებმა პასუხი არ იციან ან უარს ამბობენ პასუხზე.
რას ფიქრობთ სამომავლო პერსპექტივაზე, გაუმჯობესდება თუ არა სიტუაცია - 67% ფიქრობს, რომ გაუმჯობესდება, 7% - გაუარესდება, 20% არ იძლევა პასუხს, 6% - არაფერი შეიცვლება.
საქართველოს მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან თუ არა პოლიტიკური მოვლენებით - 40% ძალიან არის დაინტერესებული, 39%-დაინტერესებულია, 18% რამდენადმე დაინტერესებულია და 3%-ს საერთოდ არაფერი არ აინტერესებს.
რამდენად ხშირად საუბრობთ პოლიტიკაზე თქვენს ახლობლებთან: ხშირად-45%, ხანდახან- 23%, იშვიათად - 25%, არასოდეს -7%. სხვათა შორის, ეს შეკითხვა ამ კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია და ამომრჩევლის განწყობას განსაზღვრავს.
რამდენად ესწრებიან ადამიანები პოლიტიკურ ღონისძიებებს? - დიახ - 29 % (რაც 8%-ით მეტია აგვისტოს კვლევასთან შედარებით), არა-70% (8 %-ით ნაკლებია აგვისტოს კვლევისგან), კითხვაზე პასუხი არ იცის ძალიან მცირე რაოდენობამ.
ვის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს დაესწარით?
- „ქართული ოცნების“ - 63%, (+10% -ით მეტია აგვისტოსთან შედარებით), ნაციონალური მოძრაობის - 22 % (16%-ით ნაკლებია აგვისტოსთან შედარებით), ხოლო სხვა ღონისძიებებზე დადის 8 %. კვლევის ავტორთა აზრით, ეს ბუნებრივი ციფრებია, რაც გვიჩვენებს, რომ ადამიანები უფრო მობილიზებულნი ხდებიან და პოლიტიკურ პროცესებში ერთვებიან.
რამდენად კომპეტენტურები არიან პარტიები დანაპირების შესრულებაში? რომელი პარტია გადაწყვეტს საქართველოში არსებულ პრობლემებს გაცილებით ეფექტურად?
- „ქართული ოცნება“ ამ გრაფაშიც ლიდერობს - 47%, (12 %-ით გაიზარდა მის მიმართ მოლოდინი აგვისტოსთან შედარებით), ნაციონალური მოძრაობა - 22 % (12 პროცენტით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით), 24% არცერთს არ ენდობა ან პასუხს არ იძლევა; 3 % ნაწილდება სხვა პარტიებზე; 4% მიიღო ქდმ-მ.
სხვადასხვა ყოფითი პრობლემების მოგვარების კუთხით, მოსახლეობას ისევ „ქართული ოცნების“ ეიმედება. საცხოვრებელი პირობები (52%- „ოცნებას“ ერგო; 22%- ნაციონალებს), გამოხატვის თავისუფლება (52-21), პენსიონერთა მდგომარეობა (53-23), სამუშაო ადგილები/დასაქმება (54-20), ჯანმრთელობა (53-23), განათლების ხელმისაწვდომობა (54-22), ახალი შესაძლებლობა ახალგაზრდობისთვის (52-22), კომუნალური გადასახადების სამართლიანი შეფარდება შემოსავალთან (56-18), კორუფციასთან ბრძოლა (50-25), მასმედიის თავისუფლება (52-19). ამ მხრივ, სექტემბრის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ დიდწილად უსწრებს ნაციონალებს და ეს არის ნახტომი გასულ თვესთან შედარებით. ეს მაშინ, როცა ზოგიერთი პარამეტრის მიხედვით, ამ ორი ძირითადი პარტიის მონაცემები აგვისტოში მსგავსი იყო. თუმცა, ისეთ პრობლემასთან გამკლავება, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაიხარა.
ღირსეული ხელფასები, ინფლაციისა და ფასების ზრდის მოთოკვა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო, ტერიტორიული მთლიანობა, დაზღვევა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, სიღატაკესთან ბრძოლა - ამ პარამეტრებით „ქართული ოცნება“ დიდწილად (ორჯერ მეტად) უსწრებს ნაციონალებს და ამომრჩევლები ბიძინა ივანიშვილის პარტიას ანდობენ ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამომრჩევლის 30 % თითქმის ყველა ამ პარამეტრთან მიმართებით, სკეპტიკურადაა განწყობილი.
როგორ აფასებთ „ქართული ოცნების“ გამოჩენას პოლიტიკურ არენაზე - რესპონდენტების 77% - დადებითად, 14 -უარყოფითად, 9% -თავს იკავებს.
თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს არჩევნებზე და უმრავლესობით მოვა პარლამენტში- ამას ამომრჩევლის 64% დადებითად უყურებს, 14% მიიჩნევს, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე, 22% კითვას არ პასუხობს ან არ იცის.
რამდენად კმაყოფილი ხართ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შესრულებული სამუშაოთი? კმაყოფილები ვართ - 34%, ძალიან უკმაყოფილი - 47%, არ ვიცით -19%.
რაც შეეხება დღევანდელ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს, კვლევის ავტორთა აზრით, ალბათ, იმის გამო, რომ მერაბიშვილი ჯერ კიდევ ახალია ამ პოსტზე, თითქმის თანაბარია კმაყოფილთა (34%) და უკმაყოფილოთა (38%) შეფარდება; 28%-მა კი არ იცის, მოსწონს თუ არა იგი ამ ამპლუაში; ამავე გრაფის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების 78% პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხმას მისცემდა მერაბიშვილს, ხოლო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 90 % ხმას მისცემდა ბიძინა ივანიშვილს.
ამ კვლევის ფარგლებში, მაინც რჩება ადამიანთა 28 პროცენტი, რომელთაც საკუთარი აზრი ჯერ არ გამოუხატავთ. თუმცა, კვლევის ავტორთა თქმით, ჯერ კიდევ ე.წ. გადაუწყვეტელ პირთა თემა იმიტომ არ გაშალეს, რომ ისინი, შესაძლოა, სულაც არ მივიდნენ არჩევნებზე ან ბოლო წუთს მიიღონ გადაწყვეტილება. ასევე ხდება გერმანიაშიც, როცა ამომრჩევლის 30 % არ შედის კონტაქტში ინტერვიუერთან და მიიჩნევს, რომ არავის საქმე არ არის მისი არჩევანი.
For.ge-ს შეკითხვაზე, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა რიცხვის ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ციხის შემზარავი კადრებით იყო განპირობებული თუ სხვა ინდიკატორიც მოქმედებდა, "FORSA"-ს სოციოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პიტერ მატუშეკმა განაცხადა, რომ აგვისტოს მონაცემებით, „ქართული ოცნება“ მაინც 6%-ით უსწრებდა ნაციონალურ მოძრაობას. თუმცა მოგვიანებით ამას დაემთხვა ციხის მოვლენები და ამან მობილიზირებული გახადა ამომრჩეველი.
„პროცენტული მონაცემების თანახმად, ადამიანები, რომლებიც მაინცდამაინც არ იყვნენ ნაციონალების მომხრენი, მაგრამ მაინც გადაწყვეტილი ჰქონდათ, მათთვის მიეცათ ხმა, რადგან საერთოდ არ იცნობდნენ „ქართულ ოცნებას“, ამ ვიდეოფირის გამო უცბად პირდაპირ გადაიხარნენ „ოცნების“ მხარეს. სწორედ ასეთი სურათი მივიღეთ. შესაბამისად, მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც 2008 წელს მხარს ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადმოვიდა“,-აღნიშნა პიტერ მატუშეკმა For.ge-სთან საუბრისას და ისიც დაამატა, რომ კვლევისას მათ დაინახეს ახალგაზრდების განწყობა. კერძოდ, ახალგაზრდების დიდმა რაოდენობამ გადაწყვიტა, „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა, შესაძლოა, ისევ და ისევ იმ დემონსტრაციების გამო, რომელიც გაიშალა ციხის მოვლენების შემდგომ.
მისივე თქმით, გამოკითხვის ფონზე ერთი რამ ნათელია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამომრჩევლები მისცემენ თუ არა ხმას „ქართულ ოცნებას“, მთავარია, რომ ისინი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ გამოჩენას ქვეყნისთვის დადებითად მიიჩნევენ.
„ჩვენი აზრით, ამომრჩევლის აზრის ფორმირების თვალსაზრისით, ცვლილებები გამოიწვია ერთიანი (და არა ფრაგმენტული) კოალიციის დაპირისპირებამ ერთიან პარტიასთან, მმართველ გუნდთან. სწორედ ამან გამოიწვია ეს შედეგები“,-აცხადებს პიტერ მატუშეკი.
ცნობისთვის, გერმანულმა კვლევითმა ცენტრმა "FORSA"-მ (რომელიც გერმანულ მოსახლეობაში სანდოობით სარგებლობს) მიმდინარე წლის 20-25 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გამართა. გამოიკითხა საქართველოს მოსახლეობის 1943 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოვლინდა, რომ 2012 წლის არჩევნებში ამომრჩევლის 88% აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. კვლევა დააფინანსა ამერიკულმა ორგანიზაციამ დემოკრატიულმა ფონდმა, ხოლო საველე სამუშაოები სპეციალურად "FORSA"-ს მიერ შექმნილი კითხვარით ჩაატარა ახალგაზრდა სოციოლოგთა ჯგუფმა.
"FORSA"-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აგვისტოს კვლევისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და "FORSA"-ს კვლევით ცენტრში მიიჩნევენ, რომ ამ კვლევის ძირითადი მიგნებებია, რომ
- წინა კვლევასთან შედარებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგმა 18%-ით იკლო, ხოლო „ქართული ოცნების“ რეიტინგი -16%-ით გაიზარდა.
-ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი 19-დან 25%-მდე მერყეობს, ხოლო „ქართული ოცნების“ 65-დან 70%-მდე.
- გამოკითხულთა 80% თვლის, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილ დანაშულებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა 46%-მა წინა არჩევნებში ხმა ნაციონალებს მისცა.