ახლა ყველაფერი დასწრებაზეა დამოკიდებული. გარიცხავენ, თუ თავად მიიღებენ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას. „ქართული ოცნების“ პოლიტისაბჭოს განცხადების შემდეგ, სადაც აღნიშნულია, რომ მათი მიზანია, დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული „ურჩი“ სასამართლო კორპუსი, აქტუალური გახდა ინფორმაცია გედევან ფოფხაძისა და ეკა ბესელიას უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ.
უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ შესაძლოა, მათი გარიცხვის საკითხზე იმსჯელოს. ჯერ კიდევ ურავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ შეიძლება გუნდიდან წასვლის ნაბიჯი არ გადადგას, მაგრამ იცის, რომ მაინც გარიცხავენ.
დეპუტატის განცხადებით, აქ საუბარია იმაზე, ვინ ვის დაასწრებს. ფოფხაძე ადასტურებს, რომ უმრავლესობის რიგებიდან წასვლის შესაძლებლობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გაეცნო, რომლის შინაარსსაც არ ეთანხმება.
„საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ ჩემს მეგობრებთან ერთად. მგონია, რომ ჩვენ ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს. ეს რეალობაა და ფაქტობრივად, ეს ასეც ფიქსირდება უმრავლესობის სხდომებზე მათი მხრიდან, ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდეციების მიმართ, რომლებიც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში. ამ ეტაპზე ჩემი განწყობა იხრება იმისკენ, რომ ხალხთან ბოლომდე ვისაუბრო ყველაფერ იმაზე, რაზეც გუნდურობის პრინციპის დარღვევის გამო ვერ ვსაუბრობ.
მგონია, რომ თუ ჩვენ მორალური არჩევანის წინაშე ვდგებით, ეს არჩევანი გასაკეთებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესი იყოს სწორი. უნდა ჩამოვყალიბდეთ ბოლოს და ბოლოს ვინ სად რჩება, ვის რა ღირებულებები გვაქვს და მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები. შეიძლება წასვლის ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. აქ საუბარია, ვინ ვის დაასწრებს“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ.
პარტიიდან გარიცხვას არ ელოდება ეკა ბესელია, თუმცა, ამბობს, რომ მისთვის არ არის საინტერესო, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი პარტია. როგორც დეპუტატი აცხადებს, ახლა მთავარია სასამართლო ხელისუფლებაში არსებული გამოწვევების მოგვარება და იმ მოსამართლეთა სიის შეჩერება, რომელთა საქმიანობა კითხვებს აჩენს.
„აღნიშნულთან მიმართებაში თავი გადავდე და გაჩერებას არ ვაპირებ. როცა მივიღე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის გადაწყვეტილება, მთავარი იყო იმ სიის შეჩერება და ახლა მთავარია მივიღოთ კარგი სია, მოსამართლეები, რომლებიც ღირსეულად შევლენ სასამართლოში. გვინდა, კანონში შევიდეს კარგი ცვლილებები და ეს ცვლილებები არ დაგვიწეროს ვინმე სხვამ პარლამენტს გარეთ.
გვინდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, ვიდრე არ გატარდება რეფორმა და არ იქნება მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები. ეს გვინდა ჩვენ და აქ არავითარი პიროვნული ინტერესები არავის აქვს. მე არ მაინტერესებს და არ ვფიქრობ იმაზე, გუნდი მიიღებს თუ არა გარიცხვის გადაწყვეტილებას. რაღა დროს პარტიიდან გარიცხვებზე ლაპარაკია. ვფიქრობ, სხვა პოლიტიკური პროცესია ქვეყანაში და სხვა ეტაპზე გადავედით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელიც უმრავლესობის დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.
მართალია ბესელიას ჯერ კიდევ აქვს მოლოდი, რომ გუნდი შეინარჩუნებს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც უმრავლესობის სხდომაზე პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე დატუქსა იმ განცხადებების გამო, რაც მან ბესელიასთან დაკავშირებით გააკეთა და ბოდიშიც მოახდევინა, თუმცა, როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბესელია–ფოფხაძის გარიცხვის შესახებ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბესელია–ფოფხაძის ბედს გაიზიარებს უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც ასევე ღიად უპირისპირდება პარლამენტის მიერ ლობირებულ მოსამართლეთა გუნდს და უშუალოდ დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს, რომელსაც თავის მხრივ მხარს უჭერს კობახიძე–მდინარაძე–თალაკვაძის ფრთა.
ის, რომ გოგიჩაიშვილი შესაძლოა „ურჩი“ დეპუტატების რიგებში აღმოჩნდეს, ამას მისივე ქმედება ადასტურებს, როდესაც მან ირაკლი კობახიძის სიტყვის გამოსვლის დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა, რაც ცუდი აკუსტიკით ახსნა. რაც შეეხება უმრავლესობის დატოვებას, როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, ის ამ საკითხზე საუბარს დღეს არ აპირებს.
„ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გვექნება პოზიცია. მესმის, გედევან ფოფხაძემ სხვანაირად თქვა, მაგრამ მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ამას დავიცავ ბოლომდე. მთავარი საკითხი საგაზაფხულო სესიაზე არის სასამართლო და ამას ვერაფერი გადაფარავს. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ მურუსიძე იყოს უკუნითი უკუნისამდე სასამართლოს წევრი“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
უმრავლესობის წევრებს აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე და აცხადებს, რომ ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა, შეუძლიათ გუნდი დატოვონ. კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვისაც პარტიის დატოვების სურვილი აქვს, მისი ნებაა და ამ კონტექსტში ისიც გაიხსენა, რომ ერთ დროს „ქართული ოცნება“ კოალიციის შემადგენლობაში იყო, მაგრამ შემდგომში პარტიამ დამოუკიდებლად გააგრძელა საქმიანობა.
„პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას არავინ ზღუდავს – შეუძლებელია ყველას ყველა თემაზე ერთნაირი მოსაზრება ჰქონდეს. როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება არასწორად მიმაჩნია. ეს ხელს უწყობს გუნდის რღვევას – ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი არის ღია – შეუძლიათ დატოვონ გუნდი!“,– განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
კალაძის კრიტიკა მიუღებელია ეკა ბესელიასთვის და კალაძეს ურჩევს, გამოვიდეს მშობლის როლიდან.
„გედის და ლევანს დღეს არ გაუღვიძია, როგორც ზოგიერთებს, რომლებსაც დღეს გაახსენდათ, რომ არსებობს სამართლიანობა და ადამიანის უფლებები. ყველას ვურჩევ, გამოვიდეს მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით გვესაუბროს – მე მგონია, რომ კალაძის განცხადებაც მშობლის როლია და არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი ერთმანეთთან. გავიარეთ ის გზა, რომელიც გვაძლევს უფლებას ცოტა უფრო მაღალ რეგისტრში ველაპარაკოთ მეორეს, რომლებმაც გუშინ გაიღვიძეს და გაახსენდათ, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დაიცვას“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
გედევან ფოფხაძის განცხადებამ გააკვირვა უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე და აცხადებს, რომ თუ რომელიმე ადამიანს გარკვეული მიზეზი სჭირდება გარკვეული გადაწყვეტილების მისაღებად, ეს მათი არჩევანია.
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გუნდის თითოეული წევრის გაფრთხილებას, მოფრთხილებას, მათი აზრების გათვალისწინებას... თუმცა როდესაც ადამიანს აქვს საკუთარი პოზიცია, ეს პოზიცია გამომდინარეობს კონკრეტული საკითხიდან თუ ზოგადად, თავის განწყობიდან, ეს მისი გზაა, მისი არჩევანია. თუმცა, დღევანდელმა განცხადებამ, ნამდვილად გამაკვირვა.
ერთია – სასამართლოს თემა და აქ უდავოა, რომ ჩვენ კრიტერიუმებზე, პრინციპებზე, პროცედურაზე უნდა შევთანხმდეთ და ეს გავწეროთ კანონში, მეორეა – თუ რომელიმე ადამიანს გარკვეული მიზეზი სჭირდება გარკვეული გადაწყვეტილების მისაღებად, ეს მათი არჩევანია“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მაშ ასე, „ქართული ოცნება“ პარტიის წევრების გარიცხვისთვის ემზადება, თუმცა, ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის დაკვირვებით, ფაქტი არასასიამოვნოა, მაგრამ პარტიის დაშლას არ ელოდება. მისი თქმით, პარტია ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და რასაკვირველია, ვისაც წასვლა უნდა, ძალით ვერ გააჩერებ.
„არ არის სასიამოვნო ფაქტი. მე არ ველოდები, რომ ეს პარტია დაიშლება. ბოლო კვლევის მიხედვით მაღალი ნდობა არ აქვს, მაგრამ არსებითად უსწრებს ყველა პარტიას. ნაკლებად მოსალოდნელია პარტიის დაშლა და როგორც პოლიტიკური სუბიექტი გაქრეს, ამის საშიშროება არ არსებობს. ვიღაცა გავა, ვიღაცა დაემატება, ჩვეულებრივი პროცესია.
რასაკვირველია, არ არის ჯანსაღი პროცესი, იმიტომ, რომ ფოფხაძე და ბესელია იყვნენ ის ფიგურები, რომლებიც თავიდან მოდიან, ანუ 2012 წლიდან მოდიან და გარკვეული ისტორია აქვთ ამ პარტიაში ყოფნის, არ არის სასიამოვნო ფაქტი, როდესაც ასეთ წევრებს კარგავს „ქართული ოცნება“. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტია დაიშლება“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
„პარტიაში, რომ არაჯანსაღი პროცესები ვითარდება, ეს ფაქტია. არის შიდა დაპირისპირება, სხვადასხვა დამოკიდებულება, სხვადასხვა საკითხებზე და უკვე არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს დაპირისპირება შეიძლება უფრო მკვეთრი გახდეს, მაგრამ კატასტროფული პროცესების მოლოდინი არ მაქვს.
პარტიის დაშლა მარტივი მოვლენა არ არის“, - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და დასძენს, რომ უმეტესობა პარტიებისა იშლება პოლიტიკური მარცხის შემდეგ და არა იქამდე. მარცხი ძალიან ხშირად კი, უკავშირდება იმას, რა მხარეს იჭერს ხალხი.
„როცა პოლიტიკოსი ხედავს, რომ შეიძლება მას ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს, შეიძლება მან დამოუკიდებელი ნაბიჯი გადადგას იმ გუნდისგან, ვისაც ადრე მხარს უჭერდა. ასეთი ნაბიჯები ჩვენ გვინახია, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი გუნდი გადადის ოპოზიციაში, ვგულისხმობ „ვარდების რევოლუციას“, რაც საკმაოდ სერიოზულ სირთულეებს უქმნის შემდეგ ხელიუფლებას. უბრალოდ, ამ სცენარით თუ განვითარდა მოვლენები, ველოდები არა „ქართული ოცნების“ დაშლას, არამედ სერიოზული მესამე ძალის გამოჩენას პოლიტიკურ სპექტრში, რომელმაც შეიძლება სირთულეები შეუქმნას „ქართულ ოცნებას“ მომავალ არჩევნებში. ანუ, თუ „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის მესამე ალტერნატივა შეიქმნა, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება, როგორც აქამდე“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
...მერე კი უცებ დაიშლება ოცნება....
ნამეტანავად ამ კამსამოლების(პავლიკ მოროზოვების) ჯავრი მჭირს.....